USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
«Foreign Affairs» (აშშ): „საუკეთესო გზა უკრაინისა და ნატოსათვის“
Date:  

 „ჩვენ ზუსტად ვიცით, თუ რა არ მოხდება ნატოს ორდღიან საიუბილეო სამიტზე, რომელიც ვაშინგტონში 9 ივლისს გაიხსნა, სამხედრო ბლოკის შექმნის 75-ე წლისთავთან დაკავშირებით: უკრაინა ალიანსის 33-ე წევრი არ გახდება. სამაგიეროდ, კიევს, როგორც კომუნიკეს პროექტშია მითითებული, შესთავაზებენ ნატოში შესასვლელ „ხიდს“, რომელიც ნამდვილად არ არის ის, რაც უკრაინას სურს (ალიანსის წესდების მე-5 პუნქტი - კოლექტიური თავდაცვის პრინციპი). თანაც არის იმის საფრთხე, რომ „ნატოსთან დამაკავშირებელი ხიდი“ შეიძლება იქცეს „ხიდად არსაით“, თუ აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპი იქნება არჩეული.“, - ასე იწყება ამერიკულ ჟურნალ „ფორინ ეფეარსში“ (Foreign Affairs) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „საუკეთესო გზა უკრაინისა და ნატოსათვის“ (ავტორი - მერი ელიზ საპოტე, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი).

„როგორ შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს უკრაინის მიღება ალიანსში უახლოეს პერსპექტივაში იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ჯარებს ქვეყნის ტერიტორია ხანგრძლივი დროის განმავლობაში ექნებათ დაკავებული?, - ასეთი კითხვაა დასმული პუბლიკაციაში.

„ისტორიაში არის პრეცედენტები იმისა, თუ როგორ ხდებოდნენ ნატოს წევრებად ორად გაყოფილი სახელმწიფოები და უფრო მეტიც, სპეციფიკურ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნები. რა თქმა უნდა, ისტორიული მოდელები ზუსტად არ ესადაგება უკრაინის შემთხვევას, მაგრამ მაინც ღირს მათი განხილვა სიტუაციის უკეთ გაცნობიერების მიზნით.

ნორვეგია: ნატოში, მაგრამ ნატოს ბაზების გარეშე

70 წლის წინათ ნორვეგიასაც იგივე სურდა, რაც დღეს უკრაინას სურს - ნატოში გაწევრიანება. ნორვეგიას მეორე მსოფლიო ომამდე ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსი ჰქონდა, მაგრამ გერმანელი ფაშისტები ამ სტატუსმა ვერ შეაჩერა და ვერმახტმა ნორვეგიის ოკუპირება განახორციელა. ომის შემდეგ ოსლომ გადაწყვიტა უფრო მტკიცე მფარველი ეძებნა, რომ მეტი გარანტიები ჰქონოდა სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად. ნორვეგია გახდა ნატოს წევრი, მაგრამ გარკვეული პირობით: მისმა მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე უცხიეთის სახელმწიფოების ჯარები (ბაზები) არ იქნებოდა მანამდე, სანამ ნორვეგიაზე უშუალო თავდასხმის საფრთხე არ შეიქმნებოდა. მოგვიანებით ნორვეგიელებმა ასევე მიიღეს გადაწყვეტილება არ განლაგებულიყო ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი. აქვე გავიხსენოთ ერთი მომენტი: ნორვეგია მაშინ საბჭოთა კავშირს, ახლა კი რუსეთს ესაზღვრება.

რა თქმა უნდა, მოკავშირეებს (ამერიკას და სხვებს) იმ დროსაც და მოგვიანებითაც ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილებები არ მოსწონდათ. როცა ნატოს გაფართოების პირველი ტალღა დაიწყო, აშშ-ის პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა განაცხადა, რომ ნორვეგიის სპეციფიკური სტატუსი ახალ წევრებზე არ გავრცელდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ცივი ომის დროინდელ ნორვეგიის ნატოურ სტატუსსა და დღევანდელ უკრაინას შორის საკმაოდ ბევრი განსხვავება არსებობს, ნორვეგიული მოდელი შეიძლება აქტუალურად ჩავთვალოთ. ის აჩვენებს, რომ რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფო, ანუ ისეთი, როგორიც უკრაინაა, შეუძლია ნატოს წევრი გახდეს ისე, რომ მოსკოვის მწვავე უკმაყოფილება და მტრობა არ გამოიწვიოს: არ განალაგოს თავის ტერიტორიაზე ალიანსის წევრი სხვა ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფები და სამხედრო ინფრასტრუქტურა (ბაზების სტატუსით). ნორვეგიის უნიკალურმა სტრატეგიამ თავის მიზანს მიაღწია: მართალია, მის ტერიტორიაზე არსებობს ნატოს ჯარების ჩრდილოევროპული სარდლობის შტაბი და იარაღის საწყობები, მაგრამ ალიანსის სხვა წევრების ჯარები იქ არ იმყოფებიან. შესაბამისად, ნორვეგია და რუსეთი ერთმანეთის ანტაგონისტები არ არიან.

გერმანია: „ნატოს ნაწილობრივი წევრი“

1955 წელს ნატო წევრი გახდა დასავლეთი გერმანია - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი ოკუპირებული იყო საბჭოთა კავშირის მიერ [იგულისხმება გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც „ოკუპაციის“ მიუხედავად, გაეროს სრულუფლებიან წევრს წარმოადგენდა]. უკრაინის აღმოსავლეთი ნაწილიც ოკუპირებულია და კიევს აქვს იურიდიული უფლება 1991 წლის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები აღადგინოს, მაგრამ რეალურად მას ამის ძალა არ შესწევს. სხვათა შორის, უკრაინის სახმელეთო საზღვარი აღიარებული ჰქონდა რუსეთსაც 2003 წლის ხელშეკრულებით (ვლადიმერ პუტინისა და ლეონიდ კუჩმას ხელმოწერებით), თუმცა შემდეგ კრემლმა დაარღვია.

კიევს შეუძლია დასავლეთგერმანული მოდელით სხვა მიმართულებითაც ისარგებლოს. 1955 წლის შემდეგ, როცა გერმანიის დასავლეთი ნაწილი - გფრ ნატოში გაწევრიანდა, მან მიიღო დასავლური დახმარება, თავისი ეკონომიკა ააღორძინა და დიდ წარმატებას მიაღწია.

მოკლედ, ნატოში უკრაინის ნაწილობრივი გაწევრიანებით მისი ტერიტორიის დიდ უმეტესობაზე - ცენტრალურ და დასავლეთ უკრაინაზე ნატოს გარანტიები გავრცელდება, რაც ძლიერ კოზირს წარმოადგენს. კიევს შეუძლია დასავლეთთან ინტეგრაცია ისე განახორციელოს, რომ ვლადიმერ პუტინისგან დათმობებს არ ელოდოს.

წყარო: https://www.foreignaffairs.com/ukraine/better-path-ukraine-and-nato

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way