USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
«Colorado Springs Gazette» (აშშ): „მივიწყებული ფრონტი: რუსი ემიგრანტები საქართველოს შავიზღვისპირა ქალაქში“
Date:  

აშშ-ის კოლორადოს შტატის მთავარ გაზეთში - Colorado Springs Gazette-ში (დაარსებულია 1874 წელს და შტატის მოსახლეობაში პოპულარობით სარგებლობს)  გამოქვეყნებულია სტატია საქართველოს შესახებ, სათაურით „მივიწყებული ფრონტი: რუსი ემიგრანტები საქართველოს შავიზღვისპირა ქალაქში“ (ავტორები - ზიკ ლოიდი და მაიკლ ბრეთუეითი, კოლორადოს უნივერსიტეტის ამერიკელი სტუდენტები).

როგორც გაზეთის რედაქცია აცხადებს, ამ პუბლიკაციით მთავრდება სტატიების სერიალი, რომლის ავტორები ამჯერად ბათუმურ შთაბეჭდილებებს გადმოსცემენ. წინა პუბლიკაციაში მათი თბილისში ყოფნა იყო აღწერილი (იხ.https://gazette.com/premium/russians-head-south-in-droves-to-flee-conscription-if-they-get-you-in-a-van/article_17318fc2-1cef-11ee-8586-1fda7fb2399a.html)

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

ბათუმი საქართველოს საზღვაო კურორტი-ნავსადგურია ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის ნაპირზე, აფხაზეთიდან - რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან - დაახლოებით 100 მილის მოშორებით. ბათუმს ადგილობრივი მცხოვრებლები „შავი ზღვის ლას ვეგასს“ უწოდებენ - აქ ბევრი კაზინოა, კომფორტაბელური სასტუმროები და მშვენიერი კენჭოვანი პლაჟები.

მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, ბათუმში დემოგრაფიული სიტუაცია შეიცვალა. აქ ბოლო წლის განმავლობაში, ქართული ენის ნაცვლად, დომინირებადი გახდა რუსული ენა - ქალაქში რუსეთიდან უამრავი რუსი ჩავიდა, რომლებიც ქვეყნის მმართველ რეჟიმს საქართველოში გამოექცნენ. ეს ცვლილება ქუჩებშიც კარგად ჩანს - ვალუტის გადამცვლელ პუნქტებთან რუსების გრძელი რიგები დგას, ისინი რუსულ რუბლებს უცხოურ ვალუტებზე ცვლიან, საქართველოზე ამ მხრივ დასავლური სანქციები არ ვრცელდება.

ბათუმი ტურისტული ღირსშესანიშნაობების მქონე ქალაქს წარმოადგენს, მაგრამ რუსები აქ დროებითი ტურისტები კი არ არიან, არამედ თითქმის მუდმივ მცხოვრებლებად ითვლებიან - სანამ ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომს აგრძელებს, ქალაქში მყოფი რუსები საკუტარ ცხოვრებას იწყობენ. „ისინი ქვეყანაში გარკვეულ ეკონომიკური ნიშას ქმნიან - ხსნიან კაფეებს, რესტორნებს, მაღაზიებს, განსაკუთრებით შავიზღვისპირა ბათუმში“, - ამბობს მალზახ მაცაბერიძე, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე დამოკიდებული ხდება: „რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, მათ მიერ შექმნილ ობიექტებზე ძირითადად რუსები მუშაობენ“.

საქართველო არ იყო მზად ათობით ათასი რუსი მიგრანტის მისაღებად. ბუნებრივია, მათ საცხოვრებლად ბინების დაქირავება-ყიდვა დაჭირდათ, შესაბამისად, ფასებმა მნიშვნელოვნად მოიმატა, ამ გარემოებამ კი ქართველების უკმაყოფილება გამოიწვია. ქუჩებში რუსებს ამრეზით უყურებენ, ზოგიერთ კერძო დაწესებულებებში არ უშვებენ. „მე მადლობელი ვარ ქართველებისა, რომ აქ ცხოვრების უფლებას გვაძლევენ“, - ამბობს დარია პოლკინა, ერთ-ერთი რუსი მიგრანტი.

საქართველოსგან განსხვავებით, მეზობელ სომხეთში და აზერბაიჯანში პრორუსული განწყობა უფრო მეტად არის გამოხატული. ერთ-ერთი რუსის თქმით, რომელმაც სახელი არ გაამხილა, მას სომხეთში იარაღის მუქარით ათქმევინეს ვლადიმერ პუტინის საქებარი სიტყვები.

ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მიუხედავად, საქართველოდან რუსები თავიანთ სამშობლოში უკან დაბრუნებას ჯერ-ჯერობით არ აპირებენ. „რა თქმა უნდა, მე რუსეთში ოჯახის წევრები მყავს, მეგობრები, ბევრი მოგონება მაკავშირებს, მაგრამ პოლიტიკის გამო, რუსეთის ხელისუფლება მძულს“, - ამბობს დარია პოლკინა. ახალგაზრდა რუსი მამაკაცები კრემლის რეჟიმს ადამიანის უფლბების დარღვევისა და ომში მობილიზაციის გამო გამოექცნენ: „მათ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ - დოკუმენტების შეცვლაც კი, რომ ფრონტზე გაგზავნონ“, - ამბობს ერთ-ერთი რუსი მიგრანტი.

რუსეთში მცხოვრები რუსების უმეტესობა კრემლის რეჟიმის პროპაგანდისა სჯერა, მაგრამ საქარტველოში მყოფი რუსების უმეტესობა ხედავს, თუ როგორ სიტუაციაშია ქვეყანა, რომელმაც დასავლური ანტირუსული სანქციებიც უნდა დაიცვას და რუსეთთანაც იძულებულია ურთიერთობა ჰქონდეს. მათ იციან, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. ასევე იციან, რომ საქართველო დასავლეთისაკენ ისწრაფვის - ევროკავშირის დროშა პარლამენტის წინ საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად ფრიალებს, მოსახლეობის უმრავლესობას ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრირება სურს. 2022 წლის მარტში თბილისმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი შეიტანა.

რუსეთის ბევრ მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურს და ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებაზე უარს აცხადებენ: „რუსეთი ჯოჯოხეთისაკენ მიგორავს“, - სინანულით ამბობს ერთ-ერთი მიგრანტი.

წყარო: https://gazette.com/news/the-forgotten-front-russian-expats-set-up-shop-in-georgian-black-sea-city/article_5976d336-226e-11ee-8c8c-27d3ccfd3457.html

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way