USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
Tbilisi
«Colorado Springs Gazette» (აშშ): „მივიწყებული ფრონტი: რუსები არმიაში გაწვევას თავს არიდებენ და საქართველოში გარბიან“
Date:  

აშშ-ის კოლორადოს შტატის მთავარ გაზეთში - Colorado Springs Gazette-ში (რომელიც 1874 წლიდან იბეჭდება და შტატის მოსახლეობაში პოპულარობით სარგებლობს)  გამოქვეყნებულია სტატია საქართველოს შესახებ, სათაურით „მივიწყებული ფრონტი: რუსები არმიაში გაწვევას თავს არიდებენ და საქართველოში გარბიან“ (ავტორები - ზიკ ლოიდი და მაიკლ ბრეთუეითი).

როგორც რედაქცია აცხადებს, კოლორადოს უნივერსიტეტის ორი ამერიკელი სტუდენტი შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში მოგზაურობს და მათ შთაბეჭდილებებს გაზეთი აქვეყნებს. ამჯერად მათი პუბლიკაცია საქართველოში ყოფნას ასახავს, ისინი ესაუბრებიან ქართველ ექსპერტებს...

 „თბილისში ცხელი ზაფხული დგას. ქალაქის ცენტრში მდებარე კაფეში ღამით ხალხმრავლობაა - აქ ბევრ ენაზე ლაპარაკს გაიგონებთ, მაგრამ სხვებთან შედარებით, ერთი ენა დომინირებს. ეს არც ქართულია და არც ინგლისური. ეს არის რუსული ენა“, - ნათქვამია სტატიის დასაწყისში.

„საქართველო დამოუკიდებელი გახდა 1991 წელს. იმ დროს ქვეყანაში ბევრი რუსი ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა. რადგანაც საქართველო რუსეთის შემადგენლობაში დიდი ხნის განმავლობაში იყო, რუსული ენა თითქმის ყველა ქართველმა იცოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში, არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციის გამო, რუსების მნიშვნელოვანი რაოდენობა საქართველოდან წავიდა, თუმცა მოსახლეობაში რუსული ენა ჯერ კიდევ ბევრმა იცის. 2010-იან წლებში რუსეთიდან ბევრი რუსი ჩმოდიოდა საქართველოში ტურისტის სახით, შავი ზღვის კურორტებზე დასასვენებლად, ქართული სამხრეთული ხილ-ბოსტნეულისა და კერძების დასაგემოვნებლად. მაგრამ ის, რაც შარშან, 2022 წელს მოხდა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებით, პატარა კავკასიური ქვეყნისათვის მოულოდნელი იყო - საქართველო რუსეთიდან დიდი მიგრაციული ტალღის წინაშე აღმოჩნდა: ომში გაწვევის თავიდან აცილების მიზნით, რუსი ახალგაზრდები საქართველოში გამორბოდნენ და თავს აფარებდნენ. ეს ძალიან ადვილი იყო, რადგან მათ საქართველოს ტერიტორიაზე შესასვლელად ვიზა არ ჭირდებათ“, - აღნიშნავენ პუბლიკაციის ავტორები, რომლებიც ქართველ პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს ესაუბრებიან:

„საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეებიდან ბევრი მხარს ვლადიმერ პუტინს უჭერს. უბრალოდ, მათ ომში გაწვევა არ სურთ“, - ამბობს პროფესორი. მისი აზრით, საქართველოში კრემლის მხარდამჭერი რუსების რაოდენობის ზრდა ქვეყნისათვის საფრთხის შემცველია, მიგრანტებთან ერთად ქვეყნის ტერიტორიაზე ბევრი ისეთი პიროვნება შემოდის, რომლებიც კრემლის ინტერესების გატარებას ემსახურებიან.

„როცა რუსეთი 15 წლის წინათ, 2008 წელს, საქართველოს თავს დაესხა, კრემლი ჯარის შემოჭრას იმით ამართლებდა, რომ საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების უფლებებს იცავდა“, - ამბობს ნიკა ჩიტაძე.

„რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში არც ამერიკის შეერთებულ შტატებს და არც ევროკავშირს საქართველოსთვის სამხედრო დახმარება არ გაუწევიათ, ქართული არმია მარტოდმარტო უმკლავდებოდა რუსულ აგრესიას“, - აღნიშნავს სტატიის ავტორებთან საუბარში ლაშა ჭანტურიძე, აშშ-ის ნორვიჩის უნივერსიტეტის (ვერმონტის შტატი) პროფესორი.

დღეისათვის რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% [აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონები] ოკუპირებული აქვს, რომლებშიც მილიტარიზებულია - იქ მოსკოვს სამხედრო ბაზები აქვს განლაგებული. ამჟამად საქართველოს ხელისუფლება ცდილობს კრემლის აგენტების გამოვლენას, რომლებიც, როგორც ჩანს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებენ.

„საქართველოს მთავრობას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სიტუაცია ქვეყნის შიგნით გააკონტროლოს, მაგრამ მას არ შეუძლია მსხვილმასშტაბიანი ოპერაციების ჩატარება უცხო ქვეყნის ჯარების წინააღმდეგ, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან“, - ამბობს ლაშა ჭანტურიძე.

„რუსი მიგრანტების რაოდენობის ზრდა საქართველოში ქვეყნის უსაფრთხოებისათვის გარკვეულ საშიშროებას უქმნის. თავის მხრივ, რუსები იძულებულნი არიან უცხო ქვეყანაში ცხოვრებას მიეჩვივნონ და ხშირად მოისმინონ ქართველების საყვედურები თავიანთი ქვეყნის - რუსეთის მიმართ. ბევრი მათგანი უკან არ ბრუნდება“, - ნათქვამია სტატიაში.

წყარო: https://gazette.com/premium/russians-head-south-in-droves-to-flee-conscription-if-they-get-you-in-a-van/article_17318fc2-1cef-11ee-8586-1fda7fb2399a.html

 

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way