USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Тбилиси
«Politico» (აშშ//ბელგია): „ვაშინგტონი და ბერლინი ნატოში უკრაინის მიწვევას არ ჩქარობენ, ვოლოდიმირ ზელენსკის კი ალიანსში მიღება დაუყონებლივ სურს“
дата:  164

„პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „რუსეთზე გამარჯვების გეგმის“ რეალიზებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს: შეუძლებელი ხდება დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი პუნქტის შესრულება - უკრაინისათვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა, რომელიც ნატოს ბლოკში გაწევრიანებას გულისხმობს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ზოგიერთი საკვანძო წევრი არ არის დაინტერესებული იმით, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდეს’, - ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „პოლიტიკო“-ში (Politico - ევროპული ვერსია, გამოდის ბელგიაში) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ვაშინგტონი და ბერლინი ნატოში უკრაინის მიწვევას არ ჩქარობენ, ვოლოდიმირ ზელენსკის კი ალიანსში მიღება დაუყონებლივ სურს“ (ავტორები - სტიუარტ ლაუ, რობი გრამერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ამერიკელი და ნატოელი მაღალჩინოსნების, აგრეთვე ზოგიერთი დიპლომატის თქმით (მათ ანონიმად დარჩენა ისურვეს, როცა შიდა დისკუსიის მომენტებს გვიზიარებდნენ ), „გერმანია და აშშ არიან ის მსხვილი და გავლენიანი სახელმწიფოები, რომლებიც არ ჩქარობენ  მოწოდებით მიმართონ დანარჩენ წევრებს - დაუყონებლივ შევთავაზოთ უკრაინას ალიანსის წევრობაო“.

ვოლოდიმირ ზელენსკის დიდი ხანია უნდოდა დაუყონებლივი მიწვევა ნატოს წევრად მიღების მიზნით, მაგრამ იგი თვითონვე აღიარებდა, რომ ალიანში მიღება შესაძლებელი გახდება მხოლოდ რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ. მაგრამ ამ კვირაში პრეზიდენტმა დაბეჯითებით მოითხოვა, რომ „უკრაინისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ნატოში მიწვევა სწორედ ომის დროს მიიღოსო“.

მაგრამ ალიანსის საკვანძო ქვეყნები შეშფოთებულები არიან იმით, რომ შესაძლოა ისინი რუსეთთან ომში აღმოჩნდნენ ჩათრეულნი.

„პოლიტიკოსათვის“ მიცემულ ინტერვიუში ამერიკელმა დიპლომატმა ჯულიანა სმიტმა (აშშ-ის წარმომადგენელი ნატოში, რომელიც თავის პოსტს მალე დატოვებს) ხაზი გაუსვა ამერიკის პოზიციას: „ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს დღესდღეობით ჯერ კიდევ არ მიუღწევია იმ წერტილამდე, რომ უკრაინას ნატოს წევრობა შესთავაზოს“.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღიარა, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, რომელიც უკრაინისათვის იარაღის მსხვილ მიმწოდებელ წარმოადგენს (მოცულობით მხოლოდ ამერიკას თუ ჩამოუვარდება) მხარს არ დაუჭერს ქვეყნის სწრაფ გაწევრიანებას ნატოში.

„მე ოლაფ შოლცთან ძალიან კარგი დამოკიდებულება მაკავშირებს. დიდი მადლობა შოლცს უკრაინის დახმრებისათვის. გერმანია მეორე ადგილზეა დახმარების თვალსაზრისით“, - უჩხრა“, - უთხრა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს ამ კვირის დასაწყისში, - მაგრამ ის, რომ გერმანული მხარე სკეპტიკურად უყურებს ჩვენს მიწვევას ნატოს წევრად, ეს ფაქტი ფაქტად რჩება... ჩვენ ყველას ბევრი მუშაობა მოგვიწევს გერმანულ მხარესთან, თუმცა უფრო უარესადაა საქმე აშშ-სთან მიმართებით“.

გერმანია და აშშ ერთადერთნი არ არიან, ვინც ხელს უშლის უკრაინას მიზნის შესრულებაში.

უნგრეთი და სლოვაკეთი ასევე წინააღმდეგნი გამოდიან, თუმცა მათ სულ სხვა მიზეზები აქვთ უკრაინასთან მიმართებით. მათი დღევანდელი ლიდერები - პოპულისტები ვიქტორ ორბანი და რობერტ ფიცო პროკრემლურ პოლიტიკას ატარებენ. უნგრეთის პრემიერი მუდმივად ბლოკირებს უკრაინის დასახმარებლად თანხების გამოყოფას  და არ მონაწილეობს პროგრამაში, რომელიც კიევისათვის ლეტალური იარაღის გაგზავნას ითვალისწინებს.

სოციალური ქსელებში გამოქვეყნებულ თავის ჩანაწერში ვიქტორ ორბანმა ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმას“ „საშინელებაზე უფრო მეტი“ უწოდა.

რობერტ ფიცომ კი ამ რამდენიმე დღის წინათ გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომლის თანახმად, უკრაინის ნატოს წევრად მიღება კარგი საფუძველი იქნება მესამე მსოფლიო ომის დაწყებისათვის“ და მტკიცედ აღნიშნა, რომ იგი არასოდეს არ დათანხმდება ასეთ გადაწყვეტილებას.

არის კიდევ რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც დაინტერესებულნი არ არიან სწრაფად იმოქმედონ კიევის თხოვნის შესასრულებლად, მაგრამ ისინი უპირატესობას ჩრდილში დარჩენას ანიჭებენ. „ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ბელგია, სლოვენია ან ესპანეთი, აშშ-სა და გერმანიის ზუსრგს უკან იმალებიან. მათ არ სურთ ხელი შეუწყონ კიევის მიზნის განხორციელებას“, - თავა ერთ-ერთმა ნატოელმა ჩინოვნიკმა. ალიანსის ცენტრალური აპარატიდან კიდევ ერთმა საქმეში გარკვეულმა პიროვნებამ აღნიშნა, რომ „ზოგიერთი ქვეყანა ზოგადად, აბსტრაქტულად, მხარს უჭერს უკრაინის სურვილის განხორციელებას, მაგრამ როგორც კი საქმე საქმეზე მიდგება, ისინი საჯაროდ დაიწყებენ ამ იდეის წინააღმდეგ  გამოსვლას“.

ასეთი სახელმწიფოები უპირისპირდებიან ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან პოლონეთი და „პატარა“ ბალტიისპირელები - ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, რომლებიც უკრაინის ნატოში მიღებისათვის უფრო მეტ ენთუზიაზმს ამჟღავნებენ.

„ვარშავა მომხრეა, რომ ნატომ უკრაინას პერსპექტივა გაუხსნას“, - თქვა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა გასულ კვირას, ევროკავშირის ლიდერების სამიტზე, - ჩვენ პოზიცია არ შეგვიცვლია და ყოველთვის სოლიდარულები ვართ უკრაინასთან“.

მაგრამ ამ შედარებით პატარა ქვეყნებს უწევთ ხოლმე, რომ განზე გადგნენ და გზა დაუთმონ ბერლინისა და ვაშინგტონის გაერთიანებულ ფრონტს.

ოლად შოლცმა გასულ კვირას, გერმანიაში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტის როს, ჟურნალისტებს ასე განუცხადა: „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ნატო ომის მონაწილე არ გახდეს, რათა ეს ომი უფრო დიდ კატასტროფაში არ გადაიზარდოს“.

თუმცა ის ოფიციალური პირები, რომლებსაც „პოლიტიკო“ ესაუბრა, ცდილობდნენ ხაზი გაესვათ, რომ არც აშშ და არც გერმანია არ გამორიცხავენ უკრაინის სავარაუდო გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიცია დიდი ხნის განმავლობაში გამოიხატებოდა იმით, რომ უკრაინის ნატოში წევრად მიღება მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ მოხდებოდა, მაგრამ ვადების განსაზღვრის გარეშე, რათა რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინი არ განრისხებულიყო.

მართალია, ჯო ბაიდენმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნატოს გააქტიურებასა და გაფართოებაში, გახდა უკრაინის სამხედრო დახმარების მთავარი დონორი, მაგრამ მისი ადმინისტრაციაც ასევე თვლის, რომ ბევრი ევროპული დედაქალაქი მხარს არ დაუჭერს ნატოს უფრო მეტ გააქტიურებას უკრაინასთან მიმართებით მოკლევადიან პერსპექტივაში. ერთ-ერთი ამერიკელი ჩინოვნიკის თქმით, კიევისადმი ნებისმიერი სამომავლო შეთავაზება ნატოს მხრიდან დაკავშირებული იქნება რფორმების გატარებასთან და კატასტროფული დონის კორუფციის აღმოფხვრასთან.

თეთრ სახლს რეაქცია არ გამოუხატავს  იმის გამო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია ნატოს წევრებზე ზეწოლის კამპანია გააძლიეროს, რათა ალიანსისაგან გარანტიებს მიაღწიოს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდეც კი - იმის შიშით, რომ თუ დონალდ ტრამპი გახდება პრეზიდენტი, იგი მკვეთრად შეამცირებს კიევისადმი დახმარებას.

წყარო: https://www.politico.eu/article/volodymyr-zelenskyy-ukraine-nato-bid-us-germany/

аналитика
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати