USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
«Politico» (აშშ//ბელგია): „საქართველო: საზღვარი ეზოში // ქართველებს მხოლოდ ხსოვნაღა დარჩენიათ...“
Date:  

„წინათ, ბავშვობაში, როცა ბევრი თავისუფალი დრო გვქონდა, ხშირად დავდიოდით მთებში ან მდინარე ქსანზე საბანაოდ“, - იხსენებს მარიამ ჯავახიშვილი, ოძისის საბავშვო ბაღის აღმზრდელი. მიუხედავად სოფლის მშვიდობიანი ცხოვრებისა, რომელიც ბუკოლიკურ-პასტორალურ ხეობაში მდებარეობს თბილისიდან დაახლოებით 30 კილომეტრის მოშორებით, ოძისი ძალიან დაზარალდა იმ კონფლიქტის გამო, რომელიც საქართველოს სეპარატისტული რეგიონის - ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ - გამო მიმდინარეობს“, - ნათქვამია სტატიაში, რომელიც გამოქვეყნებულია ამერიკული გაზეთის „პოლიტიკო“-ს (Politico) ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბელგიაში), სათაურით „საქართველო: საზღვარი ჩემს ეზოში // ქართველებს მხოლოდ ხსოვნაღა დარჩენიათ...“ (ავტორი - კლემან ჟირარდო).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

საქართველოს ყოფილ ავტონომიურ ოლქში - „სამხრეთ ოსეთში“ - ოსური მოსახლეობის სეპარატისტული მოძრაობა საბჭოთა კავშირის დაშლის წინ გააქტიურდა, რაც ქართველებთან კონფლიქტში გადაიზარდა. რეგიონმა დამოუკიდებლობა 1992 წელს გამოაცხადა, ცეცხლი შეწყდა, მაგრამ სიტუაცია არასტაბილური დარჩა. კონფლიქტმა კვლავ იფეთქა 2008 წელს, რომლის დროსაც რუსეთის არმია [ოსი სეპარატისტების დასახმარებლად], საქართველოში შეიჭრა და ქართული არმია გაანადგურა. მოგვიანებით რუსეთმა „სამხრეთ ოსეთი“ და საქართველოს კიდევ ერთი სეპარატისტული რეგიონი - აფხაზეთი - დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარა.

საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოს კონფლიქტების კონფლიქტის მდგომარეობას „გაყინულს“ უწოდებენ, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობისათვის ეს ასე არ არის. რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები, ოსური დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურად ახორციელებენ ე.წ. „ბორდერიზაციას“ - თავიანთი „კლიენტ-სახელმწიფოს“ „საერთაშორისო საზღვრების“ დემარკაციას, რომელიც საქართველოს ტერიტორიის 18%-ს მოიცავს და ძალიან ხშირად მოსახლეობის ეზოებზე და სახნავ-სათეს მიწებზე გადის.. „ბორდერიზაციის“ პროცესმა მოიცვა ოძისი და სხვა ახლომდებარე სოფლები, სადაც ძირითადად ქართველები ცხოვრობდნენ. როგორც ადგილობრივი მცხოვრები მარიკა ხუნაშვილი ამბობს, სოფლის საარჩევნო სიაში 600 ადამიანია რეგისტრირებული, მაგრამ მათგან, ეკონომიკური აქტიურობის შეზღუდვის გამო, ბევრი თბილისში წავიდა, ნაწილი კი უცხოეთშია, სამუშაოს პოვნის იმედით.

სოფლიდან რამდენიმე ათეულ მეტრში მავთულხლართია გავლებული, რომელიც ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას ხეობის ზემოთ ასვლას უკრძალავს, მცირეოდენი გამონაკლისით, რომლებსაც ამის ნებართვა აქვთ. ქსნის მეორე ნაპირზე ქართული სოფელი ახმაჯი მდებარეობს, რომელიც „საზღვრის“ მიღმა მოექცა და ამჟამად ფაქტიურად ცარიელია, თუ არ ჩავთვლით იქ არსებულ რუსების სამხედრო ბაზას და რუს მესაზღვრეებს.

მთლიანობაში „ბორდერიზაცია“ 34 ქართულ სოფელს შეეხო, რომლის შედეგად მათ სასოფლო-სამეურნეო მიწები, საძოვრები და სარწყავი წყლები დაკარგეს, ზოგჯერ კი სასაფლაოებიც და ეკლესიებიც. ამ მხრივ ტიპიურ სოფელს წარმოადგენს ხურვალეთი, რომელიც ოძისთან ახლოს მდებარეობს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

სტატიაში მოხსენიებულია ხურვალეთის მცხოვრებლები, რომელთა ეზოები და ბაღები „საზღვრით“ შუაზეა გაყოფილი - ნორა ბატონისაშვილი, დათა ვანიშვილი და სხვები. დატა ვანიშვილი, რომელიც 2021 წელს გარდაიცვალა, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგობის სიმბოლო გახდა, იგი საქართველოს პრეზიდენტმა მამაცობისათვის დააჯილდოვა. სახლში ახლა მისი მოხუცი მეუღლე ცხოვრობს და სტუმრებს მავთულხლართის მიღმა ხედავს.

სტატიის ავტორი ესაუბრება დათა ვანიშვილის შვილიშვილს მალხაზს, რომელიც ადრე ოსებმა რუსებმა რამდენჯერმე დააკავეს „რეჟიმის დარღვევისათვის“ (ბებიის ნახვისათვის) და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

პუბლიკაციაში გადმოცემულია აგრეთვე სოფელ ნიქოზის, პერევის, ქარზმანის, ჩორჩანისა და წნელისის მსგომარეობა. „ჩვენ ორ წელზე მეტ ხანს ველოდით, რომ პრობლემა მოგვარდებოდა და ქარზმანს საქართველო გააკონტროლებდა, შემდეგ კი საჩხერეში გადავედით მეუღლითა და სამი შვილით“, - ამბობს ქარზმანელი მაია ნიკოლაიშვილი. იგი ამჟამად პერევის სკოლის მასწავლებლად მუშაობს.

მიუხედავად იმისა, რომ ქარზმანი მთლიანად ქართველებით არის დასახლებული, ეს სოფელი „სამხრეთ ოსეთის“ შემადგენლობაში მოექცა, რადგან საბჭოთა პერიოდში ის „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ჯავის რაიონში“ შედიოდა.

„ბორდერიზაცია რუსეთის პოლიტიკის საფირმო ნიშანია“, - ამბობს ადგილობრივი მეწარმე გია ბაქრაძე, - მოსკოვს ადამიანებს შორის კონტაქტებისა ეშინია, მას არ სურს, რომ ადამიანებმა საერთო ენა იპოვონ. რუსებისათვის მიღებელია, რომ მოსახლეობამ საქართველოსთან მიერთება მოითხოვოს. ისინი ასე აკეთებდნენ აღმოსავლეთ გერმანიაშიც“.

„სამწუხაროდ, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ საქართველოს გაერთიანება ძალიან შორეული პერსპექტივაა. ორივე მხარეს - ოსებსაც და ქართველებსაც ჯერ კიდევ ახსოვთ მიყენებული ჭრილობების სიმწარე. ამიტომ ხურვალეთის, პერევისა და სხვა მსგავსი სოფლების საკითხი ჩიხშია შესული. დღეისათვის, რაც ქართველებს დარჩენიათ, ის არის, რომ მათ თოვლიან მთებს და მდინარის ნაპირს უყურონ, სადაც ოდესღაც, ბავშვობაში დადიოდნენ და უზრუნველად ერთობოდნენ, ბანაობდნენ და საქონელს მწყემსავდნენ“, - აღნიშნავს ავტორი სტატიის დასასრულს.

წყარო: https://www.politico.eu/article/georgia-a-border-in-my-backyard/

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way