USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Tbilisi
«Politico» : „სად დაიკარგა ემანუელ მაკრონი? საფრანგეთის პრეზიდენტი საარჩევნო კრიზისის დროს „რადარებიდან გაქრა“
Date:  

ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ გამოცემაში, რომელიც ბრიუსელში იბეჭდება, აქვეყნებს სტატიას სათაურით „სად დაიკარგა ემანუელ მაკრონი? საფრანგეთის პრეზიდენტი საარჩევნო კრიზისის დროს „რადარებიდან გაქრა“ (ავტორი - ქლეა ქოლქათი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როცა ემანუელ მაკრონი სულ ბოლოს საჯაროდ, საზოგადოების წინაშე გამოსული ნახეს, მას მოდური მზის სათვალეები ეკეთა, მუქი საზაფხულო ქურთუკი ეცვა და შავი „ბეისბოლის“ ქუდი ეხურა. პრეზიდენტი ტელეარხების კადრებში იმ დროს მოხვდა, როცა კვირას, 30 ივნისს ხმას აძლევდა საფრანგეთის პარლამენტის (ეროვნული კრების) არჩევნების დროს, საკურორტო ქალაქ ლე-ტუკში. თავი რომ დავანებოთ მის პიჟონურ გამოხტომებს, ბოლო დროს შესამჩნევია, რომ ფრანგი ლიდერი ცდილობს ჩრდილში იყოს და საზოგადოებას ზედმეტად არ დაენახვოს. ზოგიერთ საერთაშორისო შეხვედრაში მონაწილეობის გარდა, ემანუელ მაკრონი  თითქმის ორი კვირაა „მიმალვაშია“.

არჩევნების პირველი ტურის შემდეგ პრეზიდენტი ერთხელაც არ გამოსულა ტელევიზიით, რომ თავისი შეშფოთებული მხარდამჭერები გაემხნევებინა იმ კატასტროფული მარცხის შემდეგ, რაც პარტიამ და ალიანსმა განიცადეს. ამის ნაცვლად ელისეის სასახლემ მოკლე განცხადება გაავრცელა და პარტიას სიმტკიცისა და ერთიანობისაკენ მოუწოდა. ცენტრისტული ალიანსი, რომელიც ისედაც კარგად არის შეფერთხილი ევროპარლამენტის არჩევნებში განცდილი წარუმატებლობის გამო, ახლა იძულებულია ლიდერის გარეშე „თავგანწირულად“ იბრძოლოს და რაც მომხრეები ჰყავს დარჩენილი, ისიც არ დაკარგოს. რეალობა ისეთია, რომ პრეზიდენტის მოკავშირეებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს პრეზიდენტის დანახვა არ სურთ. ემანუელ მაკრონის ფოტოსურათები არ ჩანს არც სააგიტაციო პლაკატებზე და არც ბროშურებში.

„მას უთხრეს, რომ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა არ მიეღო. ვერ ვიტყვით, რომ იგი ნებაყოფლობით დათანხმდა ასეთ გაფრთხილებას. უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ ემანუელ მაკრონი აიძულეს“, - განაცხადა პრეზიდენტის პარტია „აღორძინების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომლმაც ამ ფრიად დელიკატური საკითხის კომენტირებისას ანონიმურობის დაცვა ითხოვა. „პრეზიდენტმა სათანადოდ ვერ შეაფასა, თუ რამდენად შემაზრზენია საზოგადოებისათვის მისი პიროვნება“, - დაამატა პარტიულმა ჩინოვნიკმა.

ვრცელდება ხმები, რომ პრეზიდენტის პარტიის ზოგიერთი „მძიმეწონიანი“ ჩინოვნიკი უკმაყოფილოა შექმნილი სიტუაციით და ისინი ამაში ბრალს ლიდერს სდებენ. ერთ-ერთმა საკვანძო მხარდამჭერმა მინისტრმა „დემაკრონიზაციის“ აუცილებლობაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ „პრეზიდენტის იმიჯი გაცვდა“,

აქტიური და მჭევრმეტყველი 46 წლის პრეზიდენტისათვის, რომელსაც მუდამ მოვლენების ცენტრში ყოფნა უყვარს, ახალი იდეების შეთავაზება და ძველი ტრადიციების დარღვევა, რასაკვირველია, ასეთი ახალი რეალობა ძალზე არაკომფორტულია.

რა ხდება ელისეის სასახლის „ბუნკერში“

მაგრამ გადასახლებაში გაგზავნილი ნაპოლეონ ბონაპარტისაგან განსხვავებით, ემანუელ მაკრონი ელისეის სასახლის „ბუნკერში“ სამუშაო მაგიდასთან ზის და ახალი ბატალიებისათვის ემზადება - თუ როგორ უნდა მართოს ქვეყანა 7 ივლისს მოსალოდნელი მძიმე მარცხის შემდეგ. შესაძლოა, საფრანგეთის პრეზიდენტს მოუწევს „თანაარსებობის მთავრობაში“ მარინ ლე პენის პარტიასთან - „ეროვნულ გაერთიანებასთან“ ითანამშრომლოს, რომელსაც, აშკარაა, პარლამენტში ყველაზე დიდი ფრაქცია ეყოლება.

ხმები ხმებად, მაგრამ ბოლო დღეებში ემანუელ მაკრონი იმასაც ცდილობს, რომ მისი პარტიის კრიზისის მოსალოდნელი გაღრმავების ფონზე თავისი გავლენა როგორმე განამტკიცოს. მან ქვეყანაში რამდენიმე მაღალჩინოსანი შეცვალა და პარალელურად ევროკავშირისაგან ითხოვს, რომ მისი მოკავშირეები ბრიუსელის სტრუქტურებში მნიშვნელოვან პოსტებზე დაინიშნონ. ამის საპასუხოდ, მარინ ლე პენმა ემანუელ მაკრონი „ადმინისტრაციული გადატრიალების“ ორგანიზების მცდელობაში დაადანაშაულა.

მოკლედ, ჩრდილში მყოფი პრეზიდენტი მძიმე გამოცდისათვის ემზადება. ოთხშაბათს მთავრობის  ოფიციალურმა წარმომადგენელმა პოლიციასა და უშიშროების ორგანოებში ახალი პირების დანიშვნები გამოაცხადა. მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდა სახმელეთო ჯარებში, სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალებში - ათობით ახალმა [პრეზიდენტის ერთგულმა] ჩინოვნიკმა ძველები ჩაანაცვლა.

მაკრონის ზოგიერთი მოკავშირის თქმით, შესაძლებელია მყიფე პარტიული კოალიციის შექმნა - ისეთისა, როგორის ჩამოყალიბება გერმანიაში და ესპანეთში მოხერხდა. „შესაძლოა ეს არის შანსი იმისა, რომ ჩვენი მმართველობის სისტემა შეიცვალოს“, - განაცხადა რადიოინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა. როგორც მან აღნიშნა, არჩევნების შემდეგ შეიძლება „პლურალისტული ეროვნული კრება“ ვიხილოთ, რომელშიც პოლიტიკური ფრაქციები - მემაჯვენეები, მემარცხენეები და ცენტრისტები ერთად იმუშავებენ და საინტერესო სახელმწიფოებრივ პროექტებს ურთიერთშეთანხმებებით განახორციელებენ“.

მაგრამ ასეთი ალიანსის გაჩენა 7 ივლისის ხმის მიცემის შედეგებზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, ეს შესაძლებელი იქნება: ა) იმ შემთხვევაში, თუ ემანუელ მაკრონი უკიდურესდ მემეარცხენეებთან ერთად მუშაობაზე დათანხმდება და ბ) თუ სოციალისტები, მწვანეები და კომუნისტები (ანუ მემარცხენე ძალების წარმომადგენელები) კავშირს გაწყვეტენ თავიანთ პარტნიორ პარტია „დაუმორჩილებელ საფრანგეთთან“, რომლის ლიდერს ჟან-ლუკ მელანშონი წარმოადგენს. ერთიც და მეორეც, დღევანდელი მონაცემებით, ნაკლებსავარაუდოა.

ძველებურად ისევ ანგარიშგასაწევი?

მაგრამ განა რამდენ ხანს აარიდებს თავს პრეზიდენტი ტელეკამერებს? როგორც ჩანს, არცთუ ისე დიდხანს. როცა კვირა საღამოს ნათელი გახდება მარინ ლე პენის პარტიის „ეროვნული გაერთიანების“ გამარჯვების მასშტაბები, პრეზიდენტს მოუწევს ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნაზე იზრუნოს. თუ პარლამენტში მემარჯვენეებს აშკარა უმრავლესობა არ ეყოლებათ, მაშინ მთავრობის მეთაურის დანიშვნას და მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებას შეიძლება კვირეები დაჭირდეს.

„მაკრონი ისევ თავის ხელში აიღებს ინიციატივას როგორც საფრანგეთის ინსიტუტების ხელისუფლების გარანტი“, - ამბობს ზემოთხსენებული ანონიმური პარტიული ჩინოვნიკი. თუ მემმარჯვენეები გაიმარჯვებენ და აბსოლუტურ უმრავლესობას მიიღებენ, ემანუელ მაკრონი იძულებული გახდება პრემიერ-მინისტრის პოსტზე მარინ ლე პენის პარტიის წარმომადგენელი ჟორდან ბარდელა წამოაყენოს. თუ მემარჯვენეები უმრავლეს ადგილებს ვერ დაიკავებენ, მაშინ პრეზიდენტი ხანგრძლივ მოლაპარაკებას დაიწყებს კოალიციის შესაქმნელად იმ პარტიებთან, რომლებიც დღეს მისი მეტოქეები არიან - მემარცხენე და მემარჯვენე ფლანგიდან.

მაგრამ ძალზე ძნელია წინასწარ იმის პროგნოზირება, თუ როგორ შეიძლება  ურთიერთობის დამყარება ემანუელ მაკრონის ლიბერალ მოკავშირეებთან და მათი რეპუტაციის გაუმჯობესება ფართო საზოგადოების თვალში იმ დროს, როცა მაკრონისტების რეიტინგი და პოპულარობა, უბრალოდ, დაინგრა, რასაც ბოლო საზოგადოებრივი გამოკითხვები ადასტურებს.

გაბრიელ ატალი, რომელიც ერთ-ერთი იშვიათი მეტ-ნაკლებად პოზიტიური ფიგურაა მაკრონის მომხრეებიდან და რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს გარკვეულ პოპულარობას, როცა მის შეფს აკრიტიკებენ, ფართოდ იღიმება და თან ბრაზისაგან კბილებს აკრაჭუნებს. ფრანგული პოლიტიკა კრიზისშია, ემანუელ მაკრონს „უგუნურს“, „ქაოსის აგენტს“ უწოდებენ და ადანაშაულებენ, რომ სწორედ ის არის ფიასკოს ავტორი.

როგორც ჩანს, უახლოეს პერსპექტივაში პრეზიდენტის ვერავითარი ქარიზმა, ვერავითარი მოდური ქურთუკები და ჰოლივუდის ბლოკბასტერებით რეკლამირებული სათვალეები სიტუაციას ვერ შეცვლის.

წყარო: https://www.politico.eu/article/emmanuel-macron-france-president-elections-2024-marine-le-pen-brussels-national-rally/

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way