USD 2.6071
EUR 2.9911
RUB 3.0972
Тбилиси
«Politico» : „რუსეთთან სანქციების გვერდის ავლით ვაჭრობამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ფულის მდინარეები გამოიწვია“
дата:  869

ამერიკული გაზეთის Politico-ს ევროპულ ვერსიაში (გამოდის ბრიუსელში, ბელგია) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთთან სანქციების გვერდის ავლით ვაჭრობამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ფულის მდინარეები გამოიწვია“ (ავტორები - გებრიელ გევინი და სარა ენ-არუპი, თბილისიდან).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის მიერ შემოღებული ანტირუსული სანქციები  დიდ ბიზნესის მომტანი გახდა ზოგიერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისათვის, რომლებიც ცდილობენ მოგება მიიღონ სანქცირებული პროდუქციის რუსეთში გაყიდვით.

„მიწოდების ახალი სქემების ჩამოყალიბება, რომლითაც რუსების უზრუნველყოფა ხდება ალკოჰოლით, ფუფუნების საგნებით და სხვა დასავლური წარმოების პროდუქციით, ძირს უთხრის ევროკავშირის მცდელობას რუსეთის დასჯის მიზნით“, - აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი Politico-სთან საუბარში.

„ევროკავშირის სანქციებიდან გადახვევა და მათი შეუსრულებლობა - ეს არამარტო ახლომხედველური გადაწყვეტილებაა, არამედ დამატებით ძირს უთხრის ჩვენი კავშირის ძირითად პრინციპებს“, - თქვა მინისტრმა იმ ინფორმაციის საპასუხოდ, რომლის თანახმად, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რამდენიმე ქვეყანა რუსეთთან „ირიბი“ ვაჭრობის ცენტრებად იქცნენ და, შეიძლება ითქვას, „აყვავდნენ“ - მათმა შემოსავლებმა სწრაფად იმატა.

საქართველო: რუსეთთან ვაჭრობის რეკორდული ზრდა

საერთაშორისო მონიტორინგული ფირმის Trade Data Monitor-ის მიერ გამოქვეყნებული საბაჟო მონაცემები, რომლებსაც „პოლიტიკო“ გაეცნო, აჩვენებს, რომ საქართველოს ვაჭრობის მოცულობა მეზობელ რუსეთთან იმ დროიდან, როცა კრემლის არმია უკრაინაში შეიჭრა, ანუ ერთი წლის განმავლობაში 22%-ით გაიზარდა - მხოლოდ ალკოჰოლის ექსპორტმა 120%-ით მოიმატა. იმავე პერიოდში ასევე მკვეთრად გაიზარდა ყაზახეთის ექსპორტი რუსეთში - 57%-ით.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სომხეთში, რომელსაც მჭიდრო სავაჭრო კავშირების აქვს რუსეთთან, გასულ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა მოულოდნელად 11%-ით გაიზარდა, ხოლო რუსეთში ექსპორტი - თითქმის ხუთჯერ. იმავდროულად რუსეთიდან გადმორიცხული ფულის რაოდენობამ 7-ჯერ მოიმატა. სომხეთმა საბიუჯეტო შემოსავლებში პროფიციტი დაფიქსირდა, ხოლო ეროვნული ვალუტის - დრამის კურსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მყარი გახდა.

 „გაჩნდა ახალი სავაჭრო გზები მესამე ქვეყნების გავლით, რომლის მეშვეობით გაიზარდა როგორც რუსული პროდუქციის ექსპორტი საზღვარგარეთ, ასევე დასავლური საქონლის იმპორტის მოცულობა რუსეთში, ანუ ე.წ. „პარალელური ექსპორტ-იმპორტი“, - ამბობს იანის კლიუგე, საერთაშორისო ურთიერთობისა და უსაფრთხოების გერმანული ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მისი თქმით, ე.წ. „პარალელური იმპორტი“ გამოიხატება რუსეთის ბაზარზე სამომხმარებლო საქონლის შეტანაში, რომლის მწარმოებლების განცხადებით, მათ არ სურთ მოსკოვთან ვაჭრობა, მაგრამ პროდუქცია სხვადასხვა გზებით მაინც  შედის რუსეთში და მისი მოცულობა სწრაფად მატულობს. „ეს მრავალმილიარდიანი ბიზნესია, რომელიც ხელს უწყობს მეზობელ ქვეყნებიდან დასავლური პროდუქციის რუსეთში შეტანას“.

როგორც Politico-ს მოსკოვის ერთ-ერთი რესტორნის მფლობელმა  უთხრა (ანონიმურად), მის ბარში დასავლური კომპანიების მიერ დამზადებული თითქმის ყველა ალკოჰოლური და გაზიანი სასმელი იყიდება: „ლუდს და სპირტიან სასმელებს ბოთლებით ვიღებთ ყაზახეთიდან, „კოკა-კოლას“ - საქართველოდან“, - ამბობს რესტორატორი.

„კოკა-კოლას“ წარმომადგენლის განცხადებით, რა თქმა უნდა, კომპანია კრძალავს რუსეთში პროდუქციის ექსპორტს, „მაგრამ ჩვენი მოქმედება ყოველი არასანქცირებული შეტანის წინააღმდეგ საკმაოდ შეზღუდულია, რადგან ამ დროს საქმე გვაქვს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მარეგულირებელ ფაქტორებთან, - პირველ რიგში თავისუფალი ვაჭრობის ფაქტორთან“. ევრაზიული ეკონომიკური კავშირი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების საერთო ბაზარს წარმოადგენს, რომელშიც შედიან რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და სომხეთი, მაგრამ არ შედის საქართველო.

ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა შეზღუდეს ელიტური ალკოჰოლის ექსპორტი რუსეთში და დააწესეს ზღვრული ბარიერი დასავლური ფირმებისათვის, რომლებიც გადახდებს რუსული ბანკების მეშვეობით აწარმოებენ. ამასთან, სასმელების მწარმოებელმა ბევრმა მსხვილმა კომპანიამ  რუსული ბაზარი საერთოდ დატოვა, ნებაყოფლობით.

ბიზნესის სტიმულირება

კარნეგის ანალიტიკური ფონდის ევრაზიული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის თემურ უმაროვის თქმით, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების ეკონომიკას შემოსავლების ახალი გზები მნიშვნელოვან იმპულსს აძლევს. „იყო რამდენიმე ცნობა იმის შესახებ, რომ რუსი ბიზნესმენები თავიანთ პარტნიორებს ყაზახეთში, ყირგიზეთში და უზბეკეთშიც კი, რომელიც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი არ არის), თხოვდნენ დასავლური პროდუქციის შეძენას, რომ შემდეგ უკვე თვითონ მათ შეეტანათ რუსეთში“, - ამბობს ექსპერტი და ხაზს უსვამს: „ამგვარი მოქმედების შედეგად ცენტრალური აზიის ქვეყებში ეკონომიკური სიტუაცია უფრო დინამიური და ენერგიული გახდა. ამ იმპულსით სარგებლობას ბევრი კომპანია და ორგანიზაცია ცდილობს - ისინი ხედავენ, რომ რუსულ ბაზარზე დასავლური პროდუქციის დიდი მოთხოვნილებაა და ცდილობენ ვაჭრობის ნიშა დაიკავონ“.

ამ მრშრუტების არსებობა გარკვეულ ეჭვებს აჩენს: სამომხმარებლო პროდუქციასთან ერთად, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთში შეიძლება შევიდეს (ან უკვე შედის) ორმაგი დანიშნულების საქონელიც, მაგალითად, „მიკროჩიპები“ (ინტეგრალური სქემები), რომლებსაც რუსული სამხედრო მრეწველობა იყენებს.

ზეწოლა ვლადიმერ პუტინზე

„პარალელური იმპორტი“, კანონმდებლობის თვალსაზრისით, „ნაცრისფერ ზონად“ განიხილება და ევროკავშირის მიერ გამოცხადებული ანტირუსული სანქციების მიზნებს ეწინააღმდეგება: „ევროკავშირის წევრებმა მესამე ქვეყნებს და იქ მოქმედ ევროპულ კომპანიებს მკაფიო სიგნალი უნდა გაუგზავნონ, რომ მათ სანქციების მოთხოვნები მტკიცედ დაიცვან’, - ამბობს გაბრიელიუს ლანდსბერგისი. „ლიეტუვაში ის კომპანიები, რომელიც სანქციებისადმი გვერდის ავლას გაბედავენ, დიდ საზგადოებრივი ზეწოლისა და რისხვის ქვეშ მოხვდებიან - იმიტომ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენმა ხალხმა მტკიცე არჩევანი გააკეთა: ფასეულობებიც დაცვა ყოველთვის პრიორიტეტულია და მათი ჩანაცვლება აგრესორთან ვაჭრობით ყოვლად მიუღებელია“.

დღეს ვილნიუსი ევროკავშირს მოუწოდებს, რომ დაინიშნოს სპეციალური კომისარი გაფართოებული უფლებებით, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების შესრულებას გააკონტროლებს.

მართალია, დევიდ სელივანი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ევროკავშირში, სწორედ ამ მიზნით არის დანიშნული ევროკავშირის წარმომადგენლად, მაგრამ იგი აშშ-ის ფინანსური ინსტიტუტებისა და კერძო კომპანიების დახმარების გარეშე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევასა და მესამე ქვეყნებიდან რუსეთში არალეგალური გზებით პროდუქციის შეტანას ვერ შეწყვეტს.

„ჩვენ, სანქციების შესრულების გაკონტროლების დროს, ალბათ, მოგვიწევს შევეგუოთ დროებითი ხასიათის ნეგატიურ გავლენას ევროპულ ბიზნესზე. მხოლოდ ერთიანი მიდგომით შევძლებთ ანტირუსული სანქციების სრულ რეალიზებას“, - ამბობს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

წყარო: https://www.politico.eu/article/lithuania-russia-vladimir-putin-stop-turning-blind-eye-to-back-doors-for-russian-trade-top-diplomat-tells-eu/

 

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати