USD 2.7067
EUR 3.1230
RUB 3.3103
Тбилиси
«Politico» : „კოჭლი იხვები“ მაკრონი და შოლცი ცდილობენ, რომ ევროკავშირის მართვა ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგაც გააგრძელონ, მაგრამ ფრანგულ-გერმანული ძრავა უკვე შეფერხებით მუშაობს“
дата:  473

„მიიწ-მოიწიეთ, პარიზო და ბერლინო. ევროპის პოლიტიკის არენაზე ევროლიდერების ახალი შემადგენლობა მოდის, პოზიციების დასაკავებლად. შესაბამისად, კონტინენტის საჭესთან  თქვენი დგომის დრო, სავარაუდოდ, დასასრულს უახლოვდება“, - ასეთი საკმაოდ შთამბეჭდავი დასაწყისი აქვს სტატიას, რომელსაც აშშ-ის გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (ოფისი - ბრიუსელში) ბეჭდავს, სათაურით „კოჭლი იხვები“ მაკრონი და შოლცი ცდილობენ, რომ ევროკავშირის მართვა ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგაც გააგრძელონ, მაგრამ ფრანგულ-გერმანული ძრავა უკვე შეფერხებით მუშაობს“ (ავტორი - ნიკოლას ვინოკური).

„ევროპის პარლამენტის არჩევნებამდე ორ კვირაზე ნაკლები დარჩა. სამშაბათს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბერლინში ჩავიდა, რომ ფრანგულ-გერმანული ერთიანობის დემონსტრირება მოახდინა. ერთ-ერთი ფრანგი ჩინოვნიკის თქმით, პარიზმა და ბერლინმა დღის წესრიგი უნდა შეიმუშაონ და სტრატეგიული პრიორიტეტები უნდა დასახონ ევროპის მომავლისათვის, საკანონმდებლო ორგანოს მოახლოებული არჩევნების ფონზე.

პრობლემა იმაშია, რომ ევროპა დარწმუნებული არ არის. გაჩენილია კითხვა: შეასრულებს თუ არა მთავარ როლს სამომავლოდაც ლეგენდარული ფრანგულ-გერმანული მოტორი - ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის სახით?

ეჭვები არამარტო იმით იბადება, რომ ფრანგ და გერმანელ ლიდერებს ერთმანეთთან, როგორც ცნობილია, საკმაოდ ცივი პირადი ურთიერთობები აქვთ და არც იმით, რომ პარიზში და ბერლინში ოფიციალური პირები ერთმანეთს დიდი ენთუზიაზმით ლანძღავენ - ფრანგები გერმანელებს ვიწრო აზროვნებაში და კოალიციებისადმი მიდრეკილებაში ადანაშაულებენ, გერმანელები კი ფრანგებს - უკრაინის მიმართ ბოდვაში და უაზრო მოქმედებაში. საქმე არც იმაში არ არის, რომ გერმანიისა და საფრანგეთის პოზიციები ენერგეტიკის საკითხში ერთმანეთისგან ფრიად განსხვავებულია.

ევროპისათვის ახალი რისკი იმაში გამოიხატება, რომ ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი სულ უფრო ემსგავსებიან „კოჭლ იხვებს“ თავიანთი ევროპელი კოლეგა-ლიდერების თვალში. ისინი საშინაო ფრონტზე პოლიტიკური თვალსაზრისით, დასუსტებულებად გამოიყურებიან  და ვეღარ შთააგონებენ თანამემამულეებს, რომ სწორედ ისინი უნდა დარჩნენ კონტინენტის მესაჭეებად. 

ორივე ქვეყნის ეკონომიკა სუსტდება. ორივე ქვეყნის ხელისუფლება ზედიზედ მარცხდება უკიდურესი მემარჯვენე პარტიების მიერ ევროპარლამენტის არჩევნების წინ, რომელიც 6-9 ივნისს უნდა გაიმართოს. საფრანგეთში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგები მოწმობს, რომ ემანუელ მაკრონის ცენტრისტული პარტია „აღორძინება“ დამარცხდება, ხოლო მარინ ლე პენის ნაციონალისტური „ეროვნული გაერთიანება“ გაიმარჯვებს. ასევე ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატები დამამცირებელ მესამე ადგილს იკავებენ, ხოლო უკიდურესად მემარჯვენეები - პირველ-მეორე ადგილს.

ეკონომიკური და პოლიტიკური სისუსტე, ასევე პირადი გულგრილი ურთიერთობა ქმნის ისეთ შხამიან ნარევს, რომლის შედეგად ორივე ლიდერის პოპულარობა სერიოზულად არს დაცემული. ისინი ვერ გაიყვანენ თავიანთი ქვეყნების წარმომადგენლებს ევროკავშირის მმართველ სტრუქტურებში ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, ამიტომაც ლაპარაკი იმაზე, რომ მაკრონი და შოლცი ძველებურად ევროკავშირის კურსის განმსაზღვრელები იქნებიან, სრულიად უსაფუძვლო და უადგილოა. „ნუთუ ისინი სერიოზულად ფიქრობენ, რომ მთელ ევროპას ძველებურად უკარნახებენ პირობებს?“, - ამბობს Politico-სთან საუბარში ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ბრიუსელიდან.

იმ დროს, როცა პარიზი და ბერლინი გავლენის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგანან, ევროკავშირის სხვა ლიდერები თავიანთი გავლენის გაძლიერების შესაძლებლობას ხედავენ. უკრაინის ომისა და ფრანგულ-გერმანული ღერძის დასუსტების ფონზე ისეთი პოლიტიკოსები, როგორებიც არიან პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, კაია კალასი ესტონეთიდან და ჯორჯა მელონი იტალიიდან, ევროკავშირის არენაზე საკმაოდ წონიან და გავლენიან მოთამაშეებად გადაიქცნენ.

იტალია ძველებურად არარ იჩანცალებს გერმანიისა და საფრანგეტის უკან, იტალია ლიდერი იქნება“, - განაცხადა ორშაბათს პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ Rai Radio 1-ის ეთრეში, - თუ ყველა იტალიელი გვერდში დამიდგება და დამეხმარება, ჩვენ ევროპას აუცილებლად შევცვლით“.

მართლაცდა, დღეს ჯორჯა მელონის კარგი შანსები აქვს ევროპის დედოფალი იყოს ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ - იმ დროს, როცა გერმანელ ურსულა ფონ დერ ლაიენს დიდი ძალისხმევა ჭირდება დაარწმუნოს არამარტო ევროსაბჭო, არამედ ევროპარლამენტიც თავის თანამდებობის შესანარჩუნებლად ევროკომისიაში.

იტალიელ სენიორა ჯორჯა მელონთან თბილი ურთიერთობა აქვს ფრანგ მადამ მარინ ლე პენს, რომელმაც რომაელი ლიდერი პარიზში მიიწვია გაერთიანებისა და ერთიანი ფრონტით გამოსვლისათვის ევროპის პარლამენტში. მაკრონის ცენტრისტებს ამ გაერთიანებისათვის ხელის შეშლა არ შეუძლიათ.

რაც შეეხება პოლონეთს, ევროკავშირის მაღალჩინოსნები ხაზს უსვამენ, რომ დონალდ ტუსკი ისეთ პოლიტიკოსს წარმოადგენს, რომელიც ანგარიშიგასაწევია. მის აქტიურობა ჩანს ე.წ. „ვაიმარის სამკუთხედის“ აღორძინებაში - პარიზის, ბერლინისა და ვარშავის შემადგენლობით, თუმცა თუ პარიზი და ვარშავა ერთმანეთის მოქიშპეები იქნებიან ევროკავშირის ძირითად ინსიტუტებში, მაშინ „სამკუთხედის“ მომავალი საკამათო იქნება.

.რასაკვირველია, ევროპულ პოლიტიკაში ფრანგულ-გერმანული დისფუნქციის გამო გარკვეული ფასი იქნება გადასახდელი. როგორც ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა გაიხუმრა (მან ანონიმად დარჩენა ისურვა, მაგრამ ვიტყვით, რომ საშუალო ზომის ევროპული ქვეყნიდან არის), „ჩვენ არ მოგვწონს, როცა ფრანგულ-გერმანული წყვილი ძლიერია, მაგრამ ასევე არ მოგვქონს, როცა ისინი ძალიან სუსტდებიან - იმიტომ, რომ მათ გარეშე არაფერი კეთდება“.

წყარო: https://www.politico.eu/article/lame-ducks-macron-and-scholz-will-struggle-to-steer-eus-post-election-agenda/

 

аналитика
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати