USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
Тбилиси
«Voice of America» (აშშ): „ვაგნერი" - წარმომავლობა და საქმიანობა“
дата:  

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს ვრცელ სტატიას სათაურით „ვაგნერი" - წარმომავლობა და საქმიანობა“, რომელშიც რუსული კერძო სამხედრო კომპანიის ფუნქციები და მოქმედებაა გაანალიზებული.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

1990-იანი წლების შემდეგ პირველად,  როცა „ვაგნერის“ სამხედრო კოლონა მოსკოვისკენ დაიძრა, მთელი მსოფლიოს ყურადღება მისკენ იყო მიპყრობილი.

უკრაინაში, ბახმუტის სისხლიანი ბრძოლიდან დაწყებული, აფრიკული ქვეყნის - მალის ხოცვა-ჟლეტით გაგრძელებული და ლიბიაში სამოქალაქო უბნების დანაღმვით დამთავრებული, მთელს მსოფლიოში კონფლიქტის წინა ხაზზე, კრემლთან დაკავშირებული გასამხედროებული ძალა იყო.

საკუთარი სისასტიკითა და პატიმრების რეკრუტირებით ცნობილმა „ვაგნერმა“, ყურადღება ჯგუფის თანადამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის პროვოკაციული განცხადებებითაც მიიპყრო, რომელიც რუსეთის ოფიციალურ სამხედრო სარდლობასთან ღია კონფლიქტში გადაიზარდა.

დაჯგუფებაზე უფრო ღრმა დაკვირვება, მას არამხოლოდ დაქირავებულ მებრძოლთა კომპანიად წარმოაჩენს, არამედ აჩვენებს, რომ ეს არის კომპლექსური ორგანიზაცია, რომელიც ჩართულია სამხედრო საქმიანობაში, რესურსების მოპოვებასა და ფინანსურ ოპერაციებში, რომელიც მთელს მსოფლიოს მოიცავს.

„ვაგნერის“ დაჯგუფების ბუნდოვანი წარმომავლობის კვლევამ, შესაძლოა დმიტრი უტკინთან მიგვიყვანოს, - რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერთან, რომელიც კერძო სამხედრო კონტრაქტორად იქცა. მიიჩნევა, რომ უტკინმა დაჯგუფებას სახელი „ვაგნერი“ ნაცისტური რეჟიმისადმი განსაკუთრებული სიმპათიის გამო დაარქვა - ჰიტლერის საყვარელი კომპოზიტორის, რიხარდ ვაგნერის გავლენით.

რუსეთის კანონმდებლობით, კერძო დაქირავებული სამხედრო დაჯგუფება უკანონოდ მიიჩნევა, მაგრამ პრიგოჟინმა გამოსავალი იპოვა.

რესტორატორი პრიგოჟინი, რომელიც მთავრობასთან კონტრაქტებმა ქვეყნის ერთ-ერთ ძლიერ ოლიგარქად აქცია და ამის შედეგად, მეტსახელად „პუტინის შეფ-მზარეული“ მიიღო, კრემლისა და ვაგნერის ჯგუფის დამაკავშირებელია.

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი რუსულ სამხედრო ბაზებს, მანქანებს და აღჭურვილობას იყენებს, მათი არაოფიციალური სტატუსი, რუსეთის მთავრობას საშუალებას აძლევს, მათი ქმედებების დამაჯერებელი უარყოფა შეინარჩუნოს.

„ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს შეიქმნა და უკრაინის ყირიმსა და დონბასში, პრორუსი სეპარატისტების მხარეს იბრძოდა. მას შემდეგ, ჯგუფმა თავისი საქმიანობა ორ ათეულზე მეტ ქვეყანაში გააფართოვა.

დაჯგუფებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სირიის სამოქალაქო ომში, რუსეთის მიერ ბაშარ ალ-ასადის მთავრობის სამხედრო მხარდაჭერაში. ასევე, ჩართულნი იყვნენ ლიბიაში, გენერალ ხალიფა ჰაფთარის ძალების მხარდაჭერაში, სადაც ვაგნერი, საერთაშორისოდ აკრძალული ნაღმების გამოყენებასთანაა დაკავშირებული. ვაგნერის საქმიანობა გაფართოვდა აფრიკის კონტინენტის სხვა ქვეყნებში, სადაც დაჯგუფება რიგ მთავრობებს უსაფრთხოებს უზრუნველყოფასა და გადამზადებაში დახმარებას დაჰპირდა. ვაგნერს, იმავე ქვეყნებში, სისასტიკის სისტემურ ჩადენაში სდებენ ბრალს.

სუდანში „ვაგნერის“ ჯგუფი წვრთნიდა და ეხმარებოდა სამთავრობო ჯარისკაცებს, როდესაც პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი, სასტიკი მეთოდებით ახშობდა პროდემოკრატიულ პროტესტებს. 2019 წელს, ალ-ბაშირის ჩამოგდების შემდეგაც კი, „ვაგნერი“ სუდანში მუშაობას აგრძელებს. 2023 წელს კი, ერთ-ერთი დაჯგუფებისთვის იარაღის მიწოდებაში დაადანაშაულეს.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ვაგნერმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ფაუსტინ-არქანჟ ტუადერას, ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომში, რომლის დროსაც მის ჯარებს ბრალი ედებოდათ მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაში, გაუპატიურებაში, ძარცვასა და მექრთამეობაში.

მალიში, რომელიც 2012 წლიდან ექსტრემისტულ ამბოხებას ებრძვის, ვაგნერის ჯგუფმა სამხედრო გადატრიალების შედეგად ისარგებლა და ქვეყანაში 2020 წელს ჯარით, აღჭურვილობითა და მრჩევლებით შევიდა. მისი კვალი იკვეთება, ქალაქ მოურაში მომხდარ სისასტიკეში, რომლის დროსაც ასობით ადამიანი სიკვდილით დასაჯეს.

მოზამბიკში „ვაგნერს“ კონტრაქტი დაუდეს ტანზანიის საზღვართან ისლამურ აჯანყებასთან ბრძოლაში დასახმარებლად, მაგრამ ადგილობრივი გამოცდილების ნაკლებობის გამო, მძიმე დანაკარგების შემდეგ, მათ უკან დაიხიეს.

რუსეთის მთავრობა, თავის ინტერვენციებს, ხშირად მოიხსენიებს, როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილს. მაგრამ, „ვაგნერის“ ჯგუფის საქმიანობა, რუსეთის მთელ რიგ ინტერესებზე მუშაობს.

განვითარებად ქვეყნებთან ცივი ომის ეპოქის ურთიერთობების აღორძინება, რუსეთს გეოპოლიტიკური გავლენის გაფართოებაში ეხმარება და აფერხებს საერთაშორისო მცდელობებს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაგმობისა და სანქციების დაწესების კუთხით.

„ვაგნერი“ რუსეთს მატერიალურადაც ეხმარება. სამხედრო დახმარების სანაცვლოდ, „ვაგნერმა“ წილები მიიღო ნავთობისა და გაზის საბადოებიდან სირიასა და ლიბიაში, სუდანის ოქროს მაღაროებიდან და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ბრილიანტის საბადოებიდან. ეს ბიზნესი, რუსეთს სანქციების ქვეშ მყოფი სტრატეგიული რეზერვების შევსებაში ეხმარება.

ისინი „ვაგნერს“ ასევე საშუალებას აძლევენ, დააფინანსოს ბრძოლის ველის მიღმა მოქმედებები. პრიგოჟინი დაკავშირებულია ინტერნეტ სააგენტოსთან, ე.წ. ტროლების ქარხანასთან რომელიც, სავარაუდოდ, 2016 წელს, ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობის უკან დგას. ვაგნერის ჯგუფმა ასევე აწარმოვა საინფორმაციო ომები, მის მასპინძელ ქვეყნებში. საფრანგეთის სამხედრო უწყებამ, აპრილში „ვაგნერს“ ბრალი დასდო მალიში ხოცვა-ჟლეტის მოწყობის მცდელობასა და მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვაში, იმ მიზნით, რომ შემდეგ ამაში საფრანგეთი დაედანაშაულებინათ.

გლობალური დაგმობისა და მის საერთაშორისო აქტივობაზე მოსალოდნელი სანქციების მიუხედავად, რუსეთი და „ვაგნერის“ ჯგუფი აფრიკაში განიხილება, როგორც საფრანგეთისა და შეერთებული შტატების მსგავსი პარტნიორების ალტერნატივად.

ეს ნაწილობრივ კოლონიალიზმის მემკვიდრეობაზე დამკვიდრებული უკმაყოფილებითა და უნდობლობითაა განპირობებული. ასევე ფართოდ არის აღქმული, რომ დასავლეთის დახმარებას მოჰყვება პირობები, რომელიც არაპოპულარულ ეკონომიკურ და სამთავრობო რეფორმებს მოითხოვს, რასაც ლიდერები მათ შიდა საქმიანობაში ჩარევად ან მათი ძალაუფლებისთვის გამოწვევად ხედავენ. ამის სანაცვლოდ, რუსეთი მათ პირდაპირ გაცვლას სთავაზობს, კორუფციის, ან ადამიანის უფლებების შესახებ კითხვების გარეშე.

ვინაიდან ეკონომიკურმა კრიზისებმა, საშინაო არეულობამ და უკრაინაში ომმა ზოგიერთი დასავლური ქვეყანა აიძულა აფრიკაში ძალისხმევა შეემცირებინა, რუსეთმა ეს შანსი გამოიყენა და ვაკუუმი შეავსო.

მაგრამ, ბოლოდროინდელი შიდა არეულობა რუსეთში ცხადყოფს, თუ რამდენად სახიფათოა დიდწილად უპასუხისმგებლო კერძო სამხედროებზე დაყრდნობა. როგორც სახლში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ვაგნერის ჯგუფთან დღევანდელი გარიგება, ხვალ შეიძლება არასტაბილურობის მიზეზი გახდეს.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/7187257.html

 

аналитика
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати