USD 2.5971
EUR 2.9090
RUB 3.2237
Тбилиси
«Voice of America» (აშშ): „რუსეთის აგრესია თავისით არ გაჩერდება, ის ერთად უნდა შევაჩეროთ“
дата:  

ამერიკულმა სამაუწყებლო კომპანიამ Voice of America-მ („ამერიკის ხმამ“) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ინტერვიუ ლატვიის პარლამენტის სპიკერთან დაიგა მიერინასთან, სათაურით „რუსეთის აგრესია თავისით არ გაჩერდება, ის ერთად უნდა შევაჩეროთ“, რომელშიც იგი საქართველოს შესახებაც საუბრობს, კერძოდ, აცხადებს, რომ საქართველოს ბევრი კარგი მეგობარი ჰყავს, მათ შორის ლატვია“.

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

„რუსეთი კიბოზე უარესია, მისი საცეცები ყველგან არსებობს“, - ამბობს ლატვიის პარლამენტის სპიკერი. დაიგა მიერინა ამერიკაში ლიეტუველ და ესტონელ კოლეგებთან ერთად ამერიკელ კანონმდებლებს შეხვდა. ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები დასავლელ კოლეგებს უხსნიან, რომ დრო გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, და თუკი უკრაინაში რუსეთი გაიმარჯვებს, ეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრ, აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს პირდაპირი სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშე დააყენებს.

(...)

- ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის სამხედრო აგრესიის რისკებზე დასავლელ პარტნიორებს წლების განმავლობაში აფრთხილებდნენ. ახლაც იმეორებთ, რომ ეს აგრესია თავისით არ შეწყდება. მაშინ, როცა ბევრი ომის დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს, ბალტიელი ლიდერები არასდროს ერიდებიან იმის თქმას, რომ ომი უკრაინის გამარჯვებით უნდა დასრულდეს. თქვენ იმასაც ამბობდით, რომ უკრაინის სწრაფი გამარჯვება ლატვიის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებიდან ერთ-ერთი უმთავრესია. რატომაა ეს ასე? რას ნიშნავს უკრაინის გამარჯვება ან მარცხი ამ ომში უშუალოდ თქვენი ქვეყნისთვის და თქვენი მეზობელი ბალტიელებისთვის?

- ჩვენ მართლაც ბევრი წლის განმავლობაში ვაფრთხილებდით ევროპულ და სხვა ქვეყნებს, რომ რუსეთის აგრესიის საფრთხე არსებობდა, ისტორიამ ჩვენ ამის ბევრი ნიშანი მოგვცა. ვლადიმირ პუტინი ყოველთვის იყენებდა ძალას თავისი მიზნების მისაღწევად. ვნახეთ მისი ომი ჩეჩნეთში, ვნახეთ საქართველოში შეჭრა, ყირიმში შეჭრა. და ის, რომ ყოველი შემდგომი თავდასხმის შემდეგ პუტინის პოპულარობა მხოლოდ იზრდებოდა. პუტინის განცდაც, რომ ძალის გამოყენებით სასურველი მიზნის მიღწევა შეუძლია, ასევე გაიზრდა. ამან დაუსჯელობის გრძნობა გააჩინა მისთვისაც და რუსეთისთვისაც, მთლიანად. რუსეთი გრძნობს, რომ მსოფლიო წესრიგი შეუძლია შეცვალოს. მაგრამ ჩვენ რუსეთი თავის საქმეებზე ანგარიშვალდებული უნდა გავხადოთ.

ბალტიისპირეთის სამივე სახელმწიფომ თავის თავზე გამოსცადა ოკუპაცია, გენოციდი, დეპორტაცია, რუსიფიკაცია. ჩვენ ეს ყველაფერი ძალიან კარგად გვახსოვს და განვაგრძობთ მთელი მსოფლიოსთვის რუსეთის საქმეებისა და მისი საფრთხის შესახებ შეხსენებას. თუკი ჩვენ რუსეთს არ შევაჩერებთ, ის მხოლოდ გააგრძელებს ამ ყველაფრის კეთებას, ისევ და ისევ. და არა მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებში, არამედ - სხვაგანაც.

- ლატვია უკვე 20 წელია ნატოს წევრია. მაინც შიშობთ, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგი სამიზნე შეიძლება გახდეთ? ლატვია ერთ-ერთი წამყვანი მასპინძელი იქნება წელს, ცივი ომის შემდეგ ნატოს ყველაზე დიდი წვრთნებისაც. რა გჭირდებათ უსაფრთხოების გასაძლიერებლად?

- დიახ, ოცი წელია ალიანსის წევრები ვართ და ამან ნამდვილად გაზარდა ჩვენი უსაფრთხოების განცდა. ამან შექმნა ჩვენს ქვეყნებში უფრო დაცული გარემო, გვაქვს კოლექტიური თავდაცვა და უსაფრთხოების განცდა. მნიშვნელოვანია ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნისთვის, რომ არ ვგრძნობთ თავს მარტო. თუკი თავდასხმა მოხდება, თუკი აგრესიის წინაშე აღმოვჩნდებით, შეგვიძლია ჩვენი მოკავშირეების დახმარების იმედი გვქონდეს. თუმცა ამავე დროს, უქმად არ უნდა ვისხდეთ და ჩვენი „საშინაო დავალებები“ უნდა შევასრულოთ. ჩვენ შევქმენით თავდაცვის სტრატეგიები და ბევრი გავაკეთეთ საკუთარი უსაფრთხოების გასაუმჯობესებლადაც. ვიმედოვნებთ, რომ მალე შვედეთიც შეუერთდება ნატოს და იმედია უკრაინაც შეძლებს მომავალში გაწევრიანებას.

- ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ერთი მხრივ შიდა პოლიტიკაზე ახდენს გავლენას, მეორე მხრივ კი, ბევრი შიშობს, რომ თუკი დონალდ ტრამპი მეორე ვადით გახდება პრეზიდენტი, ამერიკამ შესაძლოა ალიანსი დატოვოს კიდეც. რას ფიქრობთ ამ სცენარის შესახებ და აშფოთებთ თუ არა ეს თქვენს ქვეყანაში?

- ვფიქრობ, ჯერ არჩევნების შედეგებს უნდა დაველოდოთ და ამაზე შემდეგ ვიფიქროთ. მაგრამ რა თქმა უნდა, ასეთი რიტორიკა ჩვენც მოვისმინეთ. ნატო ძალიან ძლიერი ალიანსია და ამერიკას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს მასში. წელს ალიანსი 75 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ წლების განმავლობაში მან უდიდეს ლიდერობა აჩვენა. ნატომ აჩვენა, რომ შეუძლია დახმარების და მხარდაჭერის მიწოდება იქ, სადაც ეს საჭიროა და ალიანსი ამის შესანიშნავი მაგალითია.

ჩემი აზრით, ახლა ნატოს თაობაზე შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ ამავე დროს ალიანსმა უნდა იფიქროს, როგორ სურს წინ წასვლა, როგორ შეიძლება იფუნქციონიროს უფრო ეფექტურად, როგორ შეგვიძლია ყველამ შევიტანოთ წვლილი კოლექტიურ თავდაცვაში თანაბრად.

(...)

- საქართველომ სულ ახლახან მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. თუმცა ევროპელმა ლიდერებმა ბოლო პერიოდში არაერთხელ გამოხატეს შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული პროცესების შესახებ. როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას მაშინ, როცა დასავლელი პარტნიორები თბილისისგან რეკომენდაციების შესრულებას ელიან, ქვეყანა კი მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება?

- უპირველესად, გეტყვით, რომ ჩვენ მართლა ძალიან გვიხარია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო. კარგად გვახსოვს მომენტი, როცა ეს სტატუსი ლატვიამ მიიღო. თავდაპირველად ძალიან ბედნიერები ვიყავით, მაგრამ შემდეგ ამას მოჰყვა ჩვენი წევრობის მოსამზადებლად ძალიან, ძალიან მძიმე შრომისა და მუშაობის 10 წელი. ჩვენ უნდა გაგვეტარებინა რეფორმები, მართლმსაჯულების რეფორმები, ჯანდაცვის რეფორმები, უნდა შეგვეცვალა ჩვენი აზროვნება, ის, თუ როგორ ვფიქრობდით ამა თუ იმ საკითხზე.

პირადად მე მაშინ ტრანსპორტის სამინისტროში ვმუშაობდი და მახსოვს, რომ ზოგს ეს სურდა, ზოგს - არა. ზოგს ჰქონდა შეკითხვები ან ეჭვები, რაში გვჭირდებოდა წევრობა. მაგრამ დღეს ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ეს მართებული გზა იყო, მართებული გადაწყვეტილება.

მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ საქართველოს ბევრი კარგი მეგობარი ჰყავს, მათ შორის ლატვია. ლატვია ნამდვილად დაგეხმარებათ თავისი გამოცდილებით, რჩევით იმისთვის, რომ საქართველოსთვის ეს გარდაქმნა იმდენად უმტკივნეულო იყოს, რამდენადაც შესაძლებელია.

- უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საქართველოში გახშირდა ანტიდასავლური განცხადებები, მათ შორის საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან ხშირად გვესმის ის, რომ უკრაინის მეტი დახმარების მოწოდებებით, „დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს“. რას ფიქრობთ ამგვარ შეფასებებზე და როგორ ჟღერს ისინი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მხრიდან?

- გეტყვით, რომ ლატვიაშიც გვაქვს მსგავსი სიტუაცია. რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ საინფორმაციო ომს აწარმოებს. რუსეთი ეძებს და პოულობს ჩვენს სუსტ წერტილებს, ის ცდილობს ჩვენი ქვეყნების, ჩვენი ჯარების, ევროკავშირის დისკრედიტაცია მოახდინოს. ცდილობს, დაყოს ჩვენი საზოგადოებები. მაგრამ ჩვენ რუსეთს ამის უფლება არ უნდა მივცეთ. იმაზე ძლიერები უნდა ვიყოთ, ვიდრე - რუსული დეზინფორმაცია.

საქართველო ამას უნდა ებრძოლოს. დემოკრატიას ვერცხლის ლანგარზე ვერავინ მოგვართმევს, ეს ჩვენი ბრძოლაა, ამისთვის უნდა ვიმუშაოთ. მას შემდეგაც, რაც ევროკავშირს შეუერთდებით, კვლავ დაგჭირდებათ თქვენი დემოკრატიისთვის ბრძოლა. ამას კი თავისი საფასური აქვს, რომელიც ჩვენ უნდა გადავიხადოთ.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/interview-with-the-speaker-of-latvian-parliament/7470467.html

 

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати