USD 2.7089
EUR 3.1193
RUB 3.3402
Тбилиси
«Voice of America» (აშშ): „პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი: „ოცნებას“ თერთმეტი ხმა აკლდება“ // „საქართველოს „მოღალატე“ პრეზიდენტები“
дата:  591

ამერიკულმა სამაუწყებლო კომპანიამ „ამერიკის ხმამ” (Voice of America) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტი: „ოცნებას“ თერთმეტი ხმა აკლდება“. მასალაში მიმოხილული და გაანალიზებულია საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების პერსპექტივა

პლენარულ სხდომაზე, საქართველოს ისტორიაში პირველად, პარლამენტი პრეზიდენტის თანმდებობიდან გადაყენებას უყრის კენჭს. პრეზიდენტი ზურაბიშვილი სხდომას დაესწრება. „ქართულ ოცნებას“, რომელმაც 2018 წელს, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად ასარჩევად, კოლოსალური პოლიტიკური და ფინანსური რესურსი დახარჯა, ამჯერად, 100 ხმა სჭირდება, რომ იმპიჩმენტის პროცედურა ბოლომდე მიიყვანოს.

ამჟამინდელი მდგომარეობით, პარლამენტში, 150 დეპუტატის ნაცვლად 141 წევრია. „ოცნება“ (76 დეპუტატი) საკუთარ სატელიტებთან: „ხალხის ძალასთან“ (9 დეპუტატი) და „ევროპელ სოციალისტებთან“ (4 დეპუტატი) ერთად - 89 ხმას აკონტროლებს და ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის - 11 ხმა აკლდება.

საკმაოდ ჭრელ ოპოზიციას, რომელსაც პარლამენტში 10 პარტია და ჯგუფი წარმოადგენს, ჯამში - 52 ხმა აქვს. ოპოზიციის უმრავლესობამ, მათ შორის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინასწარ განაცხადა, რომ ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმას არ დაუჭერს.

იყო მოლოდინი, რომ სანაცვლოდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ პრეზიდენტისგან პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტის შეწყალება მოეთხოვა, თუმცა, ეს მოლოდინი არ გამართლდა.

„საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან პერიოდში, როდესაც ჩვენ უნდა მოგვენიჭოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, პრობლემების გარღმავებაში და იმპიჩმენტში დარწმუნებული ვარ რომ არცერთი ოპოზიციონერი მონაწილეობას არ მიიღებს“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ თამარ კორძაიამ, რომელიც პარლამენტის უფრაქციო და უპარტიო დეპუტატია.

მისი თქმით, „მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის პატიმრობაში, ისიც კი არ იქნება მსგავსი ტიპის მოლაპარაკებაზე თანახმა. „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს ძალიან კარგად ესმის რა რისკების წინაშე ვართ. როგორც მე ვიცი, ჩემი კოლეგა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან, იმპიჩმენტის მხარდაჭერა გამორიცხულია“.

საიმპიჩმენტო კენჭისყრის მიმართ უფრო პესიმისტურად არის განწყობილი პარტია „საქართველოსთვის“. ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტია იმპიჩმენტს მხარს არ უჭერს, თუმცა, პარტიაში ფიქრობენ, რომ „ოცნებას“ ისევ შეუძლია ოპოზიციიდან ხმების „ყიდვა“, როგორც ეს 2023 წლის მაისში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების კენჭისყრისას მოახერხა.

მაშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ოთხი მოქმედი და ერთი ყოფილი დეპუტატის (დილარ ხაბულიანი) ხარჯზე, „ოცნების“ მხარაჭერილმა კანდიდატებმა 92 და 93 ხმა აიღეს. მაისის სკანდალის შემდეგ, დეპუტატებმა ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა, ნიკა მაჭუტაძემ და ბაჩუკი ქარდავამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ დატოვეს.

ის, რომ "ოცნება" ოპოზიციის ხმებზე ფარულად აქტიურად მუშაობს 17 ოქტობრის კენჭისყრამაც დაადასტურა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოში კიდევ ორი არამოსამართლე წევრი 90 ხმით გავიდა, როცა საჭირო ქვორუმი ზუსტად 90 იყო.

„შესაძლოა, „ოცნებას“ ჰქონდეს, გარკვეული დაპირებები მიღებული, „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი მოქმედი თუ ყოფილი წევრისგან, რომელიც დღემდე არ ამჟღავნებს, რომ შეიძლება იმპიჩმენტს ხმა მისცეს. ასე მტკიცე ფორმაში ვერ ვიტყოდი, რომ „ოცნება“ 100 ხმას ვერ აგროვებს, მაგრამ იმედი მაქვს რომ ვერ მოაგროვებენ“, - უთხრა „ამერიკის ხმას“ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა კახა ქემოკლიძემ.

„რაც შეეხება კითხვას, რატომ წამოიწყო „ოცნებამ“ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესი. ისინი ცდილობენ, პრეზიდენტ ზურაბიშვილის დაზიანებას ფიგურალურად. იმიტომ, რომ ბოლო წელიწადნახევარში, ზურაბიშვილმა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთაც, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, შეიძინა ნდობა, რომელიც თავის მხრივ, ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა.

ამიტომ ისინი ახლა აზიანებენ სწორედ იმ ფიგურას, ერთადერთ დარჩენილ ინსტიტუციურ ფიგურას, რომლის მიმართ დასავლეთს აქვს ნდობა და ამით, ირიბად, ძირს უთხრიან ევროინტეგრაციის პროცესს“, - მიაჩნია კახა ქემოკლიძეს.

მთავარი ოპოზიციური ძალა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ამჟამად 20 ხმას აკონტროლებს; 8 ხმა - უფრაქციო დეპუტატების არის; 5-5 - ხმა აქვთ გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ და „რეფორმების ჯგუფს“; 4 ხმა - „გირჩს“; 2-2 ხმა - „ლელოს“, „მოქალაქეების“, „ევროოპტიმისტების“, „თავისუფლებისა“ და „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ პოლიტიკურ ჯგუფებს;

იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდეც და ახლა, იმპიჩმენტის წინ, „ქართულ ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ არც ჰქონდათ ოპოზიციიდან 12 ხმის გადმოქაჩვის იმედი და მხოლოდ „კონსტიტუციას იცავენ“, ხოლო ზურაბიშვილის "დაცვისთვის" მთელ პასუხისმგებლობას „კოლექტიურ“ „ნაცმოძრაობას“ აკისრებენ.

„სალომე ზურაბიშვილი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ იმედად არღვევდა კონსტიტუციას. მათ აქვთ სრული კორდინაცია, რადიკალურ ოპოზიციას და ზურაბიშვილს. საოცარი განცხადება გააკეთა, მან ასეთი რამ უთხრა „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, უფრო ძლიერი სურათისთვის, მე პარლამენტში მარტო დავრჩები და თქვენ გარეთ გადითო. ანუ ერთად დგამენ „კარწინკას“, ამ სიტყვას გამოვიყენებ, ზურაბიშვილი და „ნაცმოძრაობა. დავიდა „ნაცმოძრაობამდე“ ზურაბიშვილი, მან საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი გაცვალა, „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტის სტატუსზე, რაც უბრალოდ, არ ვიცი, სამარცხვინო ქმედებაა მართლა" - აღნიშნა პარლამენტში "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომელიც განსაკუთრებით იყო გაღიზიანებული პრეზიდენტის ფრაზის გამო, „პარლამენტში მივალ და იმ პატარა კაცებთან რო დავდგე არავინ მჭირდება მხარდასაჭერად“, თუმცა, აღნიშნა, რომ 100 ხმის მოგროვების იმედი არ აქვს: „მოვუწოდებ მას, რომ თავს ნუ ისაწყლებს, მათ შორის, აქ მარტო ჯდომით. ძალიან კარგად იცის, რომ მისი გადაყენების პერსპექტივა, პრაქტიკულად არის ნულის ტოლი. მან ხომ კონსტიტუცია თავიდანვე „ნაცმოძრაობის“ იმედით დაარღვია“, - თქვა კობახიძემ.

პარალელურად, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დააყვედრა სალომე ზურაბიშვილს 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში, „ოცნების“ კოლოსალური მხარდაჭერა. „ზურაბიშვილს ოპოზიციაში ყოფნის დროს 1%-იანი რეიტინგი ჰქონდა, „ოცნებამ“ მოიყვანა ეს ადამიანი და დასვა პრეზიდენტად“ - განაცხადა მედიასთან საუბრის დროს ღარიბაშვილმა.

უსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ ასეთ მძიმე საკადრო შეცდომებზე, რომელიც არაერთია, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მხოლოდ და მხოლოდ მმართველ ძალას „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.

„ოცნების“ პირობებში ჩვენ ვხედავთ ხშირად (ასეთ შეფასებას) - საქართველოს „მოღალატე“ პრეზიდენტებიო, ხო? საქართველოს ორ პრეზიდენტზე „ოცნებამ“ ახლა განაცხადა, რომ ისინი თურმე საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ასევე ნარკოდამოკიდებული, „კოკაინშიკი“ თუ კორუმპირებული პრემიერ-მინისტრები, ახლა ამ ყველაფერს დაემატა უკვე ნადვილად, დადგენილი რუსული ФСБ-ს აგენტი, გენერალური პროკურორი. ცხადია, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ (საკადრო პოლიტიკის დროს) პოლიტიკური მიზანშეწონილობა სჭარბობს, პროფესიულ თუ რუტინული ადმინისტრაციულ საქმიანობას, რომელშიც შედის ასევე (თანამდებობაზე წარსადგენი) კანდიდატის შესწავლა. თუ შენს მიერ არჩეული და ყველანაირად ხელშეწყობილი საქართველოს პრეზიდენტი, ძალით არჩეული პრეზიდენტი, ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებს ახორციელებს, კოლეგა პრეზიდენტებთან, ეს მინიმუმ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია. კონკრეტული მმართველი ძალის“ - მიაჩნია ანდრო გოცირიძეს.

„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ სალომეზურაბიშვილის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყნის ისტორიაში ბოლო არჩეული პრეზიდენტია, იმპიჩმენტის პროცედურა სექტემბერში წამოიწყო. საკონსტიტუციო სარჩელის მოტივი - მთავრობის ნებართვის გარეშე, ზურაბიშვილის ევროპულ ტურნეში წასვლა გახდა. მანამდე, მთავრობამ პრეზიდენტს ათზე მეტი საგარეო ვიზიტი დაუბლოკა, მათ შორის უკრაინაში.

საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელზეც მმართველ პარტიას უზარმაზარი პოლიტიკური გავლენა აქვს, ერთთვიანი განხილვის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.

თუ, პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის აუცილებელი, დეპუტატთა სამი მეოთხედი ანუ 100 ხმა მოგროვდა და ზურაბიშვილს გადააყენებენ, მაშინ მომავალ პრეზიდენტს, ხუთი წლის ვადით და ღია კენჭისყრით, უკვე 300 წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

საარჩევნო კოლეგიაში საქართველოს პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების, აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები შედიან.

იმ შემთხვევაში, თუ იმპიჩმენტი არ შედგა, ზურაბიშვილი პრეზიდენტის სავარძელში, უფლებამოსილებას ამოწურვის ვადამდე - 2024 წლის დეკემბრამდე დარჩება. პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა რუსული ФСБ-ს აგენტობაში მხილებული, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ბრძანებულებას.

პრეზიდენტმა ასევე ვეტო დაადო ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, „ოცნების“ მიერ შეტანილ დრაკონულ ცვლილებებს, რომელიც დემოსტრაციების დროს კარვების გაშლას კრძალავს.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/7314932.html

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати