USD 2.6740
EUR 3.1505
RUB 3.4942
Тбилиси
«Voice of America» (აშშ): „პრემიერი, რეისი A92771 სამთავრობო Bombardier-ით და უპასუხო კითხვები“
дата:  532

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანიამ Voice of America-მ („ამერიკის ხმამ“) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „პრემიერი, რეისი A92771 სამთავრობო Bombardier-ით და უპასუხო კითხვები“, რომელშიც განხილულია საკითხი, თუ რამდენად დაარღვია პრემირ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კანონი, როცა მან უცხოეთში კერძო ვიზიტის განხორციელების დროს სახელმწიფოს ბალანსზე არსებული თვითმფრინავით Bombardier Challenger 850-ით ისარგებლა.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი არ ჩქარობს განმარტოს, თუ რა სახსრებით შეძლო ჩარტერული ფრენის დაფინანსება, თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით და უკან. პრემიერმა და მისმა ოჯახმა, ამ მგზავრობისთვის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბალანსზე მყოფი, სახელმწიფო ბორტი, კანადური წარმოების Bombardier Challenger 850 გამოიყენა. ეს ლაინერი 2007 წელს, ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროს სახსრებით შეიძინა. ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა, რომელიც ემსახურება სამთავრობო ბორტს, „ტვ პირველს“ დაუდასტურა, რომ ღარიბაშვილების ოჯახი 19 აგვისტოს თბილისიდან მიუნხენში, რეისით A92771, სწორედ ამ ბორტით გაფრინდა.

სამთავრობო ბორტით კერძო რეისის ორგანიზებაზე ნებართვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ გასცა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრია.

გერმანიიდან პრემიერი ოჯახის წევრებთან ერთად, აშშ-ში გადაფრინდა, სადაც მის ვაჟს პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლა დაეწყო. სამთავრობო ლაინერი, თამაზ გაიაშვილის თქმით, ღარიბაშვილებს მიუნხენის აეროპორტში 28 აგვისტომდე დაელოდა და შემდეგ, აშშ-დან გერმანიაში დაბრუნებული პრემიერი, ოჯახის წევრებთან ერთად, უკან, საქართველოში ჩამოიყვანა.

„პირველი და მთავარი აქ არის ის, რომ როდესაც სახელმწიფოს და ხელისუფლების სარგებლობაში არსებული თვითმფრინავი გამოიყენება კერძო მიზნებისთვის, ეს უკვე ცალსახა პრობლემაა“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ.

დეპუტატის თქმით, „როდესაც ერთ კვირის განმავლობაში გაჩერებულია ეს თვითმფრინავი (მიუნხენში), წარმოუდგენელია, ეს როგორ შეიძლება მოხდეს... ეს რას ნიშნავს, რომ ქვეყანაში, ხელისუფლებაში ეს ლაინერი არავის არ სჭირდება? ეს მრავალგანზომილებიანი პრობლემაა. შესაბამისად, პირველი, რაც გამოკვლეული უნდა იქნას, ისაა, თუ როგორ გამოიყენეს ბორტი. მეორე - როდესაც საუბრობენ, რომ მან (ირაკლი ღარიბაშვილმა) გადაიხადა ამაში ფული, პირადი სახსრების გადარიცხვის დოკუმენტაცია უნდა გამოაქვეყნონ და უნდა გამოჩნდეს ვინ გადარიცხა და როგორ. და თუ პირადად ღარიბაშვილმა გადარიცხა, მან უნდა დაასაბუთოს ამ ფულის წარმომავლობა - იმიტომ, რომ აშკარაა, რომ ამხელა თანხის გადახდა პრემიერს ჩვეულებრივი ხელფასით არ შეუძლია ან მისი დანაზოგი საიდან მოვიდა, ესეც გამოსაკვლევია“.

“თუ, მას თანხა საერთოდ არ აქვს გადარიცხული, ეს კიდევ უარესი, ეს იმას ნიშნავს, რომ პრემიერი ძალაუფლებას იყენებს თვითნებურად და ავიაკომპანიას, ამ შემთხვევაში, „ჯორჯიან ეარვეიზს“ და ბ-ნ თამაზ გაიაშვილს აიძულებს უფასოდ მოემსახუროს. აქ კორუფციის უფრო ფართო მასშტაბზე შეიძლება გავიდეთ - იმიტომ, რომ სწორედ ვალებში მყოფ „ჯორჯიან ეარვეიზს“ მიეცა რუსეთში ფრენების განახლების შესაძლებლობა. შესაძლოა, სწორედ ასეთი ურთიერთვასალური დამოკიდებულებით, ირაკლი ღარიბაშვილს პატივი სცა ავიაკომპანიამ, ყველა ეს კითხვა საჭიროებს სათანადო პასუხებს“ - მიაჩნია დეპუტატს.

თამარ კორძაიას აზრით, გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გამოძიება უნდა დაიწყოს, რათა ყველა იმ შეკითხვას, რაც საზოგადოებაში არსებობს, ღარიბაშვილის გერმანიაში ფრენასთან დაკავშირებით, ამომწურავი პასუხი გაეცეს. მთავარი პროკურატურა ამ დრომდე დუმს.

მთავარი პროკურორისგან განსხვავებით, ირაკლი ღარიბაშვილის ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი აშშ-ში გადაფრენას, სამი განცხადებით გამოეხმაურა მთავრობის სტარტკომი. სამივე განცხადების სულისკვეთებაა, რომ პრემიერმა ჩარტერული რეისით მიუნხენში ორმხრივი ფრენა და იქ ლაინერის 9 დღით დაყოვნებაც საკუთარი ჯიბიდან დააფინანსა, თუმცა ვერც სტარტკომი აკონკრეტებს იმას, თუ რა დაუჯდა ღარიბაშვილების ოჯახს ძვირაღირებული მგზავრობა და ათობით ათასი დოლარი საიდან ჰქონდათ.

როდის დაიდო ხელშეკრულება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შორის, გერმანიაში ფრენასთან დაკავშირებით და რა დაჯდა რეისი A92771 , ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსიც.

„გულწრფელად გეტყვით, როდის დაიდო ეს ხელშეკრულება ვერ გეტყვით, სავარაუდოდ, უნდა არსებობდეს (ხელშეკრულება), უნდა მიმართოთ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურს, ხარჯებთან დაკავშირებით უნდა მიმართოთ ანზორ ჩუბინიძის უწყებას... საერთოდ კი განა (პრემიერის) ოჯახის წევრებმა არ შეიძლება მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში (ჩარტერის დაფინანსებაში)? მთავარი არის ის, რომ ბიუჯეტიდან ერთი კაპიკი არ არის გადახდილი“, - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

პრემიერ-მინისტრს სრული ნდობა გამოუცხადეს მისი გუნდის წევრებმა, ეკონომიკის და განათლების მინისტრებმა ლევან დავითაშვილმა და გიორგი ამილახვარმა. „არცერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ ვიზიტისთვის ირაკლი ღარიბაშვილს არ დაუხარჯავს, ეს ეხლა არის იმ პროცესის გამოძახილი, როდესაც ჩვენი ქვეყნის მტრებს და მოღალატეებს, აი ამ ფაქტით უნდათ ირაკლი ღარიბაშვილის დაზიანება“ - განაცხადა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.

„განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან, დღევანდელი ხელისუფლება თავისი ხალხის მიმართ არის პირნათელი“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მთავრობის სტრატკომი და „ოცნების“ მინისტრები საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ დაელოდონ პრემიერ-მინისტრის ახალ ქონებრივ დეკლარაციას, სადაც მათი მტკიცებით, გერმანიაში სამთავრობო ბორტით, კერძო რეისის დაფინანსების წყაროები მითითებული „სრულად იქნება“.

„ოცნების“ ლიდერმა და მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია 2022 წლის შემოდგომაზე შეავსო. მაშინ პრემიერის წლიური ანაზღაურება 45 ათასი ლარი იყო. ბოლო ორ (2021 და 2022 წლების) ქონებრივ დეკლარაციაში ირაკლი ღარიბაშვილმა მიუთითა, რომ მშობლებმა 150 ათასი ლარი, ანუ ბოლო ორი წლის მანძილზე, საერთო ჯამში - 300 ათასი ლარი აჩუქეს.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/7263756.html

 

общество
25 თებერვალი – საბჭოთა (რუსული) ოკუპაციის დღეა

საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (1918 წლის 26 მაისი) სამ წელში, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო.

 

რუსეთ-საქართველოს ომი 1921, აგრეთვე ცნობილი, როგორც წითელი არმიის შემოჭრა საქართველოშისაბჭოებისა და საქართველოს ომი (15 თებერვალი - 17 მარტი, 1921) — საბჭოთა რუსეთის წითელი არმიიის სამხედრო კამპანია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ადგილობრივი სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) მთავრობის გადაყენების, ქვეყანაში ბოლშევიკური რეჟიმის დამყარებისა და საქართველოს ტერიტორიის ანექსია-ოკუპაციის მიზნით.

კონფლიქტი საბჭოების ექსპანსიური პოლიტიკის შედეგი იყო, რომლის მიზანი რუსეთის იმპერიის სრულ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება წარმოადგენდა. მასში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბოლშევიკებმა, რომლებსაც არ გააჩნდათ საქართველოს მოსახლეობაში მხარდაჭერა და ბოლშევიკური რეჟიმის დასამყარებლად უცხოური ინტერვენცია სჭირდებოდათ.

წინარეისტორია

პირველი მსოფლიო ომისა და რუსეთში მომხდარი რევოლუციების სერიის შედეგად, 1918 წელს საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა.

თავდაპირველად ქართულ ელიტას არ სურდა რუსეთისგან გამოყოფა, მაგრამ კავკასიის ფრონტის დაშლამ, უცხო ქვეყნების შემოჭრისა და ქაოსის საფრთხემ ის იძულებული გახადა შეექმნა სახელმწიფო საქართველოს დასაცავად, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური გამოწვევებისგან – ბოლშევიკებისგან, ანტი–ბოლშევიკებისაგან და თურქებისაგან, რომელიც ცდილობდა თავისი გავლენის განვრცობას სამხრეთ კავკასიაზე. აზერბაიჯანმა და სომხეთმა საქართველოს მაგალითს მიბაძეს.[5]

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, ზომიერი სოციალისტებით სათავეში, საკმაო წარმატებებს მიაღწია დემოკრატიული სახელმწიფოს შენების საქმეში.[6] მაგრამ ამ პროცესში ქვეყანა წააწყდა ბევრ გამოწვევას: სამხედრო კონფლიქტები თურქეთთან, სომხეთთან, ასევე სამხრეთ რუსეთის „წითლებთან“ და „თეთრებთან“, ეკონომიკური ბლოკადა დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან, 1920 წლამდე საერთაშორისო აღიარების დაგვიანება, შიდა კონფლიქტები ზოგიერთ ეთნიკურ უმცირესობასთან, ადგილობრივი ბოლშევიკების დივერსიული საქმიანობა, რომელიც ხალისდებოდნენ მოსკოვიდან და კრემლის ბრძანებებს ასრულებდნენ.[7]

1920 წლის თებერვლის ბოლოს გაფორმდა ალიანსი თურქეთის ქემალისტურ მთავრობასა და რუსეთის საბჭოურ ხელისუფლებას შორის. ახალი ალიანსი მოითხოვდა, რომ ორ ქვეყანას შორის ყოფილიყო სტაბილური სახმელეთო კავშირი. ამ მიზნის მისაღწევად საჭირო იყო, რომ სამი სამხრეთ კავკასიური სახელმწიფო – აზერბაჯანის, სომხეთის და საქართველოს დემოკრატიული რსპუბლიკები განაწილებულიყო თურქეთსა და საბჭოთა რუსეთს შორის. 1920 წლის 31 მაისს რუსეთის მე-11 წითელი არმია შეიჭრა აზერბაიჯანში და მოხდა მისი სოვეტიზაცია. ოთხი თვის შემდეგ თურქეთი შეიჭრა სომხეთში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი იძულებული გახდა დაეთმო თავისი ტერიტორიის ნახევარი, დარჩენილი ტერიტორია იმავე წლის ბოლოს დაიპყრო წითელმა არმიამ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, უკანასკნელი დამოუკიდებელი კავკასიური სახელმწიფო, რომელიც დასავლეთის ბასტიონად იყო მიჩნეული, მომწყვდეული იყო ქემალისტებსა და საბჭოეთს შორის და იმისთვის, რომ დასრულებულიყო თურქულ–საბჭოთა პროექტი კავკასიაში, ისიც უნდა დაცემულიყო.

 

საბრძოლო მოქმედებები

დასაწყისი

1921 წლის თებერვალში, მოსკოვის ინსტრუქციების თანახმად, წითელი არმია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შემოიჭრა. სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ეს ქმედება, რომლითაც დაირღვა 1920 წლის 7 მაისის საბჭოეთ–საქართველოს სამშვიდობო ხელშეკრულება, მოგვიანებით საბჭოთა ისტორიულ ლიტერატურაში ახსნილი და წარმოდგენილი იყო, როგორც პასუხი ვითომცდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დახმარებაზე დაღესტნის პარტიზანული მოძრაობისთვის, ადგილობრივი ბოლშევიკების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიებისთვის და უკვე საბჭოთა სომხეთის ეკონომიკური ბლოკადისთვის.

საქართველოზე მასიური შეტევის დაწყებას წინ უძღოდა საბჭოთა „სახალხო აჯანყება“ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ, ძირითადად, სომხებით დასახლებულ ბორჩალოს მაზრაში და ასევე, ძლიერი სასაზღვრო შეტაკებები ქალაქ ზაქათალასთან, რომელზედაც პრეტენზიას საბჭოთა აზერბაიჯანი აცხადებდა.

1921 წლის 11 თებერვალს საბჭოთა რუსეთისა და საბჭოთა სომხეთის სამხედრო ძალებმა შეაღწიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ კონტროლირებად ბორჩალოში და ადგილობრივი მაცხოვრებლების გარკვეული მხარდაჭერით თავს დაესხა სამხედრო გარნიზონებს სანაინში და ვორონცოვკაში (ტაშირი).

მოულოდნელი მიყენებული მძიმე დარტყმისგან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საჯარისო შენაერთებმა დაიხიეს ჩრდილოეთისა და დასავლეთის მიმართულებით. 68 საათის შემდეგ მათ მიიღეს შეზღუდული მხარდაჭერა (მხოლოდ ერთი ბატალიონი) და განახორციელეს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნეის უშედეგო მცდელობა. წარუმატებელი კონტრშეტევის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარებმა კიდევ უფრო ჩრდილოეთისკენ დაიხიეს: აირუმი–სადახლოს ხაზზე (სანაინის რაზმი) და ეკატერინენფელდისკენ (ვორონცოვკის რაზმი).

16 თებერვალს საბჭოთა სამხედრო ძალები რუსეთის მე–11 წითელი არმიის 96–ე, მე–60 და მე–20 მსროლელთა ბრიგადის პოლკები, საბჭოთა სომხეთის ცხენოსანი ბრიგადისა და ბოლშევიკთა ადგილობრივი მომხრეების ჩათვლით, შევიდნენ სოფელ შულავერში, სომხეთის საზღვრიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 25 კილომეტრზე და იქ ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული „საქართველოს რევოლუციური კომიტეტი“, რომელიც წითელი მეთაურებისა და ადგილობრივი ბოლშევიკებისგან შედგებოდა. იმავე დღეს კომიტეტმა თავი გამოაცხადა საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ მთავრობად და მოუწოდა საბჭოთა რუსეთს გადაუდებელი სამხედრო ინტერვენციისკენ. რამდენიმე საათის შემდგომ მე–11 არმიის 54–ე და 58–ე მსროლელი ბრიგადები შეიჭრნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე წითელი ხიდის გავლით, რომელსაც მოჰყვა მე–12 ცხენოსანი დივიზია და 55–ე საჯავშნო ნაწილი. იმავდროულად 26–ე მსროლელი ბრიგადა და მე–9 მსროლელი დივიზიის ცხენოსანი პოლკი შეიჭრა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მტკვრის გავლით პოილუს სარკინიგზო ხიდთან, რომელიც მანამდე ააფეთქეს უკანდახეულმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მესაზღვრეებმა, რათა არ მომხდარიყო საბჭოთა დაჯავშნული მატარებლებისა და ტანკების წინ წამოწევა[8]. მეორე დღეს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სასაზღვრო ქალაქ ზაქათალის მხრიდან ასევე შემოიჭრა მე–11 არმიის 59–ე მსროლელთა ბრიგადა და მე–18 ცხენოსანი დივიზია. ანატოლი გეკერმა, რომელიც იმ დროს მე–11 არმიის მეთაური იყო, მიიღო პირდაპირი ბრძანება მოსკოვიდან, რომ დაეკავებინა საქართველოს დედაქალაქი არაუგვიანეს 19 თებერვლისა.

იმავდროულად, საბჭოთა რუსეთის 98–ე მსროლელი ბრიგადა თერგის ცხენოსან დივიზიასთან ერთად ამზადებდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე შეტევას თერგის ოლქიდან როკისა და მამისონის უღელტეხილებით, ხოლო მე–9 არმიას უნდა შეეტია აფხაზეთიდან და წაწეულიყო შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ.

 

საბჭოთა რუსეთს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან შედარებით მნიშვნელოვანი რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა. 1921 წლის 16 თებერვლისთვის მთლიანობაში საბჭოთა სამხედრო ძალები მე–11 და მე–9 არმიის ჩათვლით და თავის მხარდამჭერ ერთეულებიანად – 98–ე მსროლელი ბრიგადის, საბჭოთა სომხეთის ცხენოსანი ბრიგადისა და ბაქოს წითელი ბრიგადის ჩათვლით, ითვლიდა 40 ათასზე მეტ გამოცდილ მეომარს 4 300–იანი კავალერიით მათ შორის, ასევე მათ ჰქონდათ 196 ცალი საარტილერიო დანადგარი, 1065 ტყვიამფრქვევი, 50 თვითმფრინავი, 7 ჯავშნოსანი მატარებელი, 4 ტანკი და უამრავი ჯავშნოსანი მანქანა.

ამ ძალებისთვის საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შეეძლო მხოლოდ დაეპირისპირებინა დაახლოებით 1 და მე–2 მსროლელი დივიზიის 11 ათასი ჯარისკაცი, სამთო საარტილერიო დივიზია, სოხუმის 1 სასაზღვრო პოლკი, მე–2 სასაზღვრო პოლკი

თბილისის ბრძოლა

 

საქართველოს ჯარების მთავარსარდალმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ გადაწყვიტა გადამწყვეტი ბრძოლა თბილისის კარიბჭესთან გაემართა. 19 თებერვალს თბილისში უკვე ისმოდა რუსული არმიის ქვემეხების ხმა. ქართულმა არტილერიამ მას ენერგიული პასუხი გასცა. 2-3 დღეში ქართველები კონტრშეტევაზე გადავიდნენ 1500 ადამიანი დაატყვევეს. კავალერიის უქონლობის გამო ქართული ჯარი ვერ დაედევნა მოწინააღმდეგეს, რამაც წითელ არმიას მისცა დასვენებისა და გადაჯგუფების დრო. მთავრობისა და სამხედრო შტაბის გადაწყვეტილებამ, დაეტოვებინა თბილისი, დემორალიზაცია შეიტანა ფრონტზე და პანიკა დათესა მოსახლეობაში. 25 თებერვალს წითელი არმია დაცლილ თბილისში შევიდა.

 16 თებერვალს - წითელი არმიის ნაწილებმა წითელი ხიდის მეშვეობით საქართველოს სამხრეთ საზღვარი გადმოლახეს და სოფელი შულავერი დაიკავეს. აქ მათ მოხალისეთა რაზმებმა კახეთიდან სტეფანე ახმეტელის მეთაურობით წინააღმდეგობა გაუწიეს. შემდეგ ბოლშევიკები ჩრდილოეთით თბილისისკენ დაიძრნენ.

17 თებერვალს - სამხედრო ძალებს სათავეში ჩაუდგა მთავარსარდალი გენერალი კვინიტაძე. 18 თებერვალს - იაღლუჯის მიდამოებში ქართველმა მეომრებმა მოიპოვეს საბრძოლო წარმატება. განსაკუთრებით თავი ისახელეს თბილისის სამხედრო სკოლის იუნკერებმა, რომლებმაც მტერი ქოროღლის ციხის, კუმისის და ვაშლოვანის იქით განდევნეს. უკვე 19 თებერვალს, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან რუსების უპირატესობა აშკარად იგრძნობოდა, ქართულმა ჯარმა წითელ არმიას ძლიერი დარტყმა მიაყენა და უკან დაახევინა. ქართველებმა 1000 ტყვე იგდეს ხელთ.

20 თებერვალს, კოჯრის რაიონში მე-11 წითელი არმიის ნაწილები კვლავ დამარცხდნენ, ბრძოლის ველზე ზარბაზნები და ტყვიამფრქვევები მიატოვეს და უკან დაიხიეს.

19-20 თებერვალს, სოფელ ტაბახმელასთან, თბილისის მისადგომებთან მე-11 არმიის ნაწილებს წინააღმდეგობა 510-მა იუნკერმა გაუწია. მათ 4 ზარბაზანი და 6 ტყვიამფრქვევი ჰქონდათ. რაზმს პოლკოვნიკი ა. ჩხეიძე მეთაურობდა. სოფელი ქართველ იუნკერებს დარჩათ, თუმცა წითელმა არმიამ მათ გვერდი აუარა და შეტევა გააგრძელა.

23 თებერვალს, სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა (გენერალმა წულუკიძემ ლიანდაგები ააფეთქა და გზები დაანგრია, რომ მტრის შემოსვლა შეეჩერებინა), რამაც რუსეთის რეზერვის შევსება გამოიწვია და მათი შეტევა გააძლიერა დედაქალაქის მიმართულებით.

17-24 თებერვალს ბრძოლები მიმდინარეობდა თბილისის მისადგომებთან. მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა, 24 თებერვლისთვის რუსეთ- საქართველოს ომის ფრონტის ხაზი კახეთიდან მანგლისამდე 90 კმ-ზე იყო გადაჭიმული, რომლის დაცვა რეზერვების სიმცირის გამო შეუძლებელი ხდებოდა. თბილისის მისადგომები ზოგ რაიონში საერთოდ დაუცველი იყო.

24 თებერვალს, საღამოს 10 საათზე, მთავრობამ და გენერალმა გ. კვინიტაძემ მიიღეს გადაწყვეტილება მცხეთის მიმართულებით უკანდახევისა და ახალი გამაგრებული ხაზის შექმნის შესახებ. მთავრობამ დატოვა თბილისი. 25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უბრძოლველად შევიდნენ. ბაქოდან სერგო ორჯონიკიძემ ლენინს დეპეშით აცნობა:

 
„თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას!“

თბილისის დაკავებისთანავე წითელი ჯარის ნაწილებმა პარადი გამართეს ქალაქის მთავარ მოედანზე. მეორე დღეს მოსახლეობამ სამგლოვიარო პროცესია მოაწყო რუსთაველის პროსპექტზე. ხალხმა ქართველი იუნკერები რუსული სობოროს ეზოში დაკრძალა. წითელ არმიას პროცესიისთვის ხელი არ შეუშლია.

სურამის ბრძოლა

თბილისის დატოვების შემდეგ ქართულ ჯარს წითელ არმიასთან რამდენიმე შეტეკება ჰქონდა მცხეთასთან, გორთან, ოსიაურში, სურამის უღელტეხილზე. მთავრობა ბათუმში გადავიდა. მიუხედავად უკიდურესად რთული მდგომარეობისა მას კაპიტულაცია არ გამოუცხადებია.

1921 წლის 4 მარტს წითელ არმიასა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ძალებს შორის მიმდინარე ბრძოლის პერიოდში წითელი არმიის ავანგარდული ნაწილი (3-4 ათასი კაცი) მიუახლოვდა სადგურ მიხაილოვოს, 5 მარტს კი წამოიწყო ქართული არმიის პოზიციების შტურმი. შეტევა მოიგერიეს, საღამოს კი მიხაილოვოს დამცველები კონტრშეტევაზე გადავიდნენ, რის შედეგადაც უკან დაიხია წითელი არმიის ქვეითთა სამმა ბრიგადამ და კავალერიის პოლკმა.

დემოკრატიული რესპუბლიკის ძალების აღნიშნულმა წარმატებამ თბილისში საბჭოთა არმიის მთავარსარდლობას მშვიდობიან მოლაპარაკებებზე წასვლა გადააწყვეტინა, მაგრამ 6 მარტს ღამით გენერალმა ა. კონიაშვილმა აუხსნელი მიზეზების გამო დატოვა პოზიციები და დასავლეთის მიმართულებით დაიხია. გენერალი გიორგი კვინიტაძე იძულებული იყო დაეწყო უკან დახევა. 6 მარტს გაძლიერებულმა წითელი არმიის დაჯგუფებამ დაიკავა მიხაილოვო, შემდეგ კი სურამის გვირაბი. საქართველოს ჯარი, სადაც 10 000 ადამიანი იყო დარჩენილი, მდინარე რიონის მარცხნივ, საჯავახოში გაჩერდა. გარდა ამისა, ბათუმში იდგა 3000 კაციანი გარნიზონი.

 

დასავლეთ საქართველოს დაცემა

თბილისში შესული წითელი არმიის ხელმძღვანელობამ საჭიროდ სცნო დასავლეთ საქართველოში მყოფ საქართველოს კანონიერ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება. ამ მიზნით ფილიპე მახარაძემ, მამია ორახელაშვილმა და შალვა ელიავამ ჟორდანიასთან ქართველი ინტელექტუალების ნაწილი გაგზავნეს. დელეგაციაში შედიოდნენ მიხაკო წერეთელი, გერონტი ქიქოძე, თედო ღლონტი. წითელი არმიის ხელმძღვანელობა დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისგან კაპიტულაციას ითხოვდა, ჟორდანიას საბჭოთა საქართველოში დარჩენას სთავაზობდნენ, მაგრამ ნოე რამიშვილს არანაირ გარანტიებს არ ჰპირდებოდნენ. ჟორდანია შეთავაზებას არ დათანხმდა. ქიქოძის მემუარების მიხედვით ლენინი გაბრაზდა ორჯონიკიძესა და ბუდუ მდივანზე, რადგან მათ ჟორდანია საქართველოში ვერ შეინარჩუნეს.

ბათუმში საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის ყოფნის დროს შევიდა ოსმალეთის იმპერიის ჯარი. ისინი თავს დაესხნენ პორტებს და ზოგი დაიჭირეს კიდეც, მაგრამ მედგარ წინააღმდეგობას წააწყდნენ ქართული ჯარის მხრიდან და ქალაქი დატოვეს. წითელ არმიას მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, რადგან ბრესტ-ლიტოვსკის ზავით რუსეთი ოსმალეთს უთმობდა ბათუმის ოლქის ართვინის ოკრუგს, ყარსისა და არტაანის ოლქებს.

საქართველოს დამარცხების მიზეზები

ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე საქართველოს დამარცხების მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებს. პირველ ასეთი ფაქტორი ადამიანური რესურსის გამოყენების პრობლემურობა იყო. სამხედრო სამინისტროს სამობილიზაციო სიებში 150 000-მდე კაცი ირიცხებოდა, მაგრამ მათი სანახევროდ მობილიზაციაც ვერ მოხერხდა, იარაღის, საბრძოლო მასალების ნაკლებობისა და მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ შეიარაღებულ ძალებს ქვეყნის ბიუჯეტის მესამედი ხმარდებოდა, ეს თანხა არ იყო საკმარისი თუნდაც დიდი ხნის განმავლობაში სანახევროდ მობილიზებულიყო ჯარი. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც განაპირობა საქართველოს დამარცხება, იყო ინიციატივა, რომელიც რუსულმა არმიამ ომის პირველი ეტაპიდან ჩაიგდო ხელში და ომის ბოლომდე არ გაუშვია. ინიციატივა რომლის ხელში აღება და შენარჩუნება ჯერ კიდევ 1920 წლის დეკემბერში უმთავრეს ფაქტორად მიაჩნდა მე-11 არმიის სარდალს, ჰეკერს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ იყო დარწმუნებული გამარჯვებაში. სწორედ ეს ინიციატივა ჩაიგდო ხელში 11-16 თებერვლის ბრძოლებშივე მე-11 არმიამ და ომის მიმდინარეობას თავად კარნახობდა. ამის წყალობით ყველა მნიშვნელოვან მონაკვეთზე, საჭირო დროს ახერხებდნენ მინიმუმ ორმაგი რაოდენობრივი უპირატესობის მოპოვებას.[10]

საქართველოს მიერ დაშვებული შეცდომები

 ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე აღნიშნავს, რომ ომის წინ, 1920 წლის დეკემბერში საქართველოს დაზვერვამ ხელში ჩაიგდო მე-11 არმიის სარდლის გეგმა, ამ გეგმის გაანალიზების შედეგად სარდლობამ ჩათვალა რომ მოწინააღმდეგე აპრილამდე არ დაიწყებდა ინტერვენციას. [10]

1921 წლის იანვარში, მოხდა ჯარის ნაწილობრივი დემობილიზაცია, სახლში გაუშვეს ის ჯარისკაცები, რომელთაც სამხედრო სამსახურის ვადა უკვე ერთი წელია ამოეწურათ და ისედაც დეზერტირობდნენ. საერთოდ კი, ფინანსური პრობლემების გამო, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის მესამედი ჯარს ხმარდებოდა, თვეების მანძილზე ჯარი მობილიზებული ვერ იქნებოდა. ამის ნაცვლად, 6-15 თებერვალს ახალწვეულების გაწვევა დაიგეგმა, რომლებიც 6 კვირიანი წვრთნის შემდეგ მწყობრში იქნებოდნენ.

შეცდომა იყო დაშვებული საკადრო პოლიტიკაში. მთავარსარდლად დაინიშნა გენერალი ილია ოდიშელიძე, ძალიან გამოცდილი გენერალი, მაგრამ ამავდროულად ყოველგვარ სარდლურ ქარიზმას და შინაგან ძალას მოკლებული, იოლად ექცეოდა პოლიტიკოსთა გავლენის ქვეშ. ამავდროულად, ყველაზე მნიშვნელოვანი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ფორნტის სარდლად მან გენერალი იოსებ გედევანიშვილი დანიშნა, გამოუცდელი სამხედრო. იოსები 1906 წელს დუშეთის ხაზინის ძარცვაში მონაწილეობის გამო ჯარიდან გააგდეს და მხოლოდ 1917-ში დაბრუნდა. იყო ძალიან აქტიური, მაგრამ ამავდროულად გამოუცდელი ასეთი პასუხისმგებლობისთვის.

ბორჩალოს მაზრის სამხრეთ ნაწილში ჩაყენებული ჯარი სარდლობის ბრძანებით, ხოლო ამ სარდლების თქმით პოლიტიკოსების ჩარევით დაფანტული და ცუდად მომზადებული იყო, მათ შორის მტყუან-მართლის ძიება ამ პოსტში არაა მნიშვნელოვანი

1921 წლის თებერვალში მე-11 რუსული არმიის სარდალს, მიუხედავად იმისა, რომ არ ჰყავდა ის ძალები რასაც დეკემბერში ითხოვდა გადაწყვიტა გაერისკა და 11-12 თებერვალს ბორჩალოს მაზრის ნეიტრალურ ზოლში დაფანტულ ქართულ ჯარს თავს დაესხა.

ოფიციალური ვერსიით, ადგილობრივი მოსახლეობა აჯანყდა, სინამდვილეში კი მე-11 არმიის ნაწილებმა დაარტყეს იქ მდგომ ქართულ ჯარს, ადგილობრივ დივერსანტებთან ერთად, რომლებიც უკვე კარგა ხნის განმავლობაში იწვრთნებოდნენ.

საქართველოს მთავრობის ევაკუაცია

ბათუმში გაიმართა დამფუძნებელი კრების სხდომა, რომელმაც დაადგინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ემიგრაციაში წასვლა და იქიდან ბრძოლის გაგრძელება რუსეთის მიერ დაპყრობილი საქართველოს განთავისუფლების მიზნით. თვითონ დამფუძნებელ კრებას, როგორც ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, თავისი უფლებამოსილება არ მოუხსნია. ამრიგად, სამართლებრივი თვალსაზრისით, საქართველო გახდა რუსეთის ინტერვენციის მსხვერპლი, რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია. 1921 წლის 17 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ბათუმი დატოვა და ემიგრაციაში გაემგზავრა.

შედეგები

რუსეთ-საქართველოს ომი 1921 წლის თებერვალ-მარტში დასრულდა საქართველოს მენშევიკური მთავრობის ემიგრაციით და ბოლშევიკური მმართველობის დამყარებით. ცალკე იქნა ფორმირებული აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა და გაფორმდა სამოკავშირეო ხელშეკრულება საქართველოს სსრ-თან. 1921 წლის 13 ოქტომბერს დაიდო ყარსის ხელშეკრულება, რომელიც 16 მარტს მოსკოვში გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს იმეორებდა. 1922 წელს საქართველო ჯერ ამიერკავკასიის სფსრ-ში გააწევრიანეს, ხოლო შემდეგ იმავე წელს, ფედერაციასთან ერთად საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირს შეუერთეს.

1990 წელს საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომი შეაფასა როგორც ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია პოლიტიკური თვალსაზრისით. საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ უკანონოდ და ბათილად გამოცხადა 1921 წლის 21 მაისის მუშურ-გლეხურ სამოკავშირეო ხელშეკრულება საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა და რუსეთის საბჭოთა სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკას შორის1922 წლის 12 მარტის სამოკავშირეო ხელშეკრულება ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკათა ფედერალური კავშირის შექმნის შესახებ

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати