USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
«Voice of America» (აშშ): „პრემიერი, რეისი A92771 სამთავრობო Bombardier-ით და უპასუხო კითხვები“
Date:  618

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანიამ Voice of America-მ („ამერიკის ხმამ“) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „პრემიერი, რეისი A92771 სამთავრობო Bombardier-ით და უპასუხო კითხვები“, რომელშიც განხილულია საკითხი, თუ რამდენად დაარღვია პრემირ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კანონი, როცა მან უცხოეთში კერძო ვიზიტის განხორციელების დროს სახელმწიფოს ბალანსზე არსებული თვითმფრინავით Bombardier Challenger 850-ით ისარგებლა.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი არ ჩქარობს განმარტოს, თუ რა სახსრებით შეძლო ჩარტერული ფრენის დაფინანსება, თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით და უკან. პრემიერმა და მისმა ოჯახმა, ამ მგზავრობისთვის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბალანსზე მყოფი, სახელმწიფო ბორტი, კანადური წარმოების Bombardier Challenger 850 გამოიყენა. ეს ლაინერი 2007 წელს, ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროს სახსრებით შეიძინა. ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა, რომელიც ემსახურება სამთავრობო ბორტს, „ტვ პირველს“ დაუდასტურა, რომ ღარიბაშვილების ოჯახი 19 აგვისტოს თბილისიდან მიუნხენში, რეისით A92771, სწორედ ამ ბორტით გაფრინდა.

სამთავრობო ბორტით კერძო რეისის ორგანიზებაზე ნებართვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ გასცა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრია.

გერმანიიდან პრემიერი ოჯახის წევრებთან ერთად, აშშ-ში გადაფრინდა, სადაც მის ვაჟს პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლა დაეწყო. სამთავრობო ლაინერი, თამაზ გაიაშვილის თქმით, ღარიბაშვილებს მიუნხენის აეროპორტში 28 აგვისტომდე დაელოდა და შემდეგ, აშშ-დან გერმანიაში დაბრუნებული პრემიერი, ოჯახის წევრებთან ერთად, უკან, საქართველოში ჩამოიყვანა.

„პირველი და მთავარი აქ არის ის, რომ როდესაც სახელმწიფოს და ხელისუფლების სარგებლობაში არსებული თვითმფრინავი გამოიყენება კერძო მიზნებისთვის, ეს უკვე ცალსახა პრობლემაა“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ.

დეპუტატის თქმით, „როდესაც ერთ კვირის განმავლობაში გაჩერებულია ეს თვითმფრინავი (მიუნხენში), წარმოუდგენელია, ეს როგორ შეიძლება მოხდეს... ეს რას ნიშნავს, რომ ქვეყანაში, ხელისუფლებაში ეს ლაინერი არავის არ სჭირდება? ეს მრავალგანზომილებიანი პრობლემაა. შესაბამისად, პირველი, რაც გამოკვლეული უნდა იქნას, ისაა, თუ როგორ გამოიყენეს ბორტი. მეორე - როდესაც საუბრობენ, რომ მან (ირაკლი ღარიბაშვილმა) გადაიხადა ამაში ფული, პირადი სახსრების გადარიცხვის დოკუმენტაცია უნდა გამოაქვეყნონ და უნდა გამოჩნდეს ვინ გადარიცხა და როგორ. და თუ პირადად ღარიბაშვილმა გადარიცხა, მან უნდა დაასაბუთოს ამ ფულის წარმომავლობა - იმიტომ, რომ აშკარაა, რომ ამხელა თანხის გადახდა პრემიერს ჩვეულებრივი ხელფასით არ შეუძლია ან მისი დანაზოგი საიდან მოვიდა, ესეც გამოსაკვლევია“.

“თუ, მას თანხა საერთოდ არ აქვს გადარიცხული, ეს კიდევ უარესი, ეს იმას ნიშნავს, რომ პრემიერი ძალაუფლებას იყენებს თვითნებურად და ავიაკომპანიას, ამ შემთხვევაში, „ჯორჯიან ეარვეიზს“ და ბ-ნ თამაზ გაიაშვილს აიძულებს უფასოდ მოემსახუროს. აქ კორუფციის უფრო ფართო მასშტაბზე შეიძლება გავიდეთ - იმიტომ, რომ სწორედ ვალებში მყოფ „ჯორჯიან ეარვეიზს“ მიეცა რუსეთში ფრენების განახლების შესაძლებლობა. შესაძლოა, სწორედ ასეთი ურთიერთვასალური დამოკიდებულებით, ირაკლი ღარიბაშვილს პატივი სცა ავიაკომპანიამ, ყველა ეს კითხვა საჭიროებს სათანადო პასუხებს“ - მიაჩნია დეპუტატს.

თამარ კორძაიას აზრით, გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გამოძიება უნდა დაიწყოს, რათა ყველა იმ შეკითხვას, რაც საზოგადოებაში არსებობს, ღარიბაშვილის გერმანიაში ფრენასთან დაკავშირებით, ამომწურავი პასუხი გაეცეს. მთავარი პროკურატურა ამ დრომდე დუმს.

მთავარი პროკურორისგან განსხვავებით, ირაკლი ღარიბაშვილის ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი აშშ-ში გადაფრენას, სამი განცხადებით გამოეხმაურა მთავრობის სტარტკომი. სამივე განცხადების სულისკვეთებაა, რომ პრემიერმა ჩარტერული რეისით მიუნხენში ორმხრივი ფრენა და იქ ლაინერის 9 დღით დაყოვნებაც საკუთარი ჯიბიდან დააფინანსა, თუმცა ვერც სტარტკომი აკონკრეტებს იმას, თუ რა დაუჯდა ღარიბაშვილების ოჯახს ძვირაღირებული მგზავრობა და ათობით ათასი დოლარი საიდან ჰქონდათ.

როდის დაიდო ხელშეკრულება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შორის, გერმანიაში ფრენასთან დაკავშირებით და რა დაჯდა რეისი A92771 , ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსიც.

„გულწრფელად გეტყვით, როდის დაიდო ეს ხელშეკრულება ვერ გეტყვით, სავარაუდოდ, უნდა არსებობდეს (ხელშეკრულება), უნდა მიმართოთ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურს, ხარჯებთან დაკავშირებით უნდა მიმართოთ ანზორ ჩუბინიძის უწყებას... საერთოდ კი განა (პრემიერის) ოჯახის წევრებმა არ შეიძლება მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში (ჩარტერის დაფინანსებაში)? მთავარი არის ის, რომ ბიუჯეტიდან ერთი კაპიკი არ არის გადახდილი“, - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

პრემიერ-მინისტრს სრული ნდობა გამოუცხადეს მისი გუნდის წევრებმა, ეკონომიკის და განათლების მინისტრებმა ლევან დავითაშვილმა და გიორგი ამილახვარმა. „არცერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ ვიზიტისთვის ირაკლი ღარიბაშვილს არ დაუხარჯავს, ეს ეხლა არის იმ პროცესის გამოძახილი, როდესაც ჩვენი ქვეყნის მტრებს და მოღალატეებს, აი ამ ფაქტით უნდათ ირაკლი ღარიბაშვილის დაზიანება“ - განაცხადა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.

„განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან, დღევანდელი ხელისუფლება თავისი ხალხის მიმართ არის პირნათელი“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მთავრობის სტრატკომი და „ოცნების“ მინისტრები საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ დაელოდონ პრემიერ-მინისტრის ახალ ქონებრივ დეკლარაციას, სადაც მათი მტკიცებით, გერმანიაში სამთავრობო ბორტით, კერძო რეისის დაფინანსების წყაროები მითითებული „სრულად იქნება“.

„ოცნების“ ლიდერმა და მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია 2022 წლის შემოდგომაზე შეავსო. მაშინ პრემიერის წლიური ანაზღაურება 45 ათასი ლარი იყო. ბოლო ორ (2021 და 2022 წლების) ქონებრივ დეკლარაციაში ირაკლი ღარიბაშვილმა მიუთითა, რომ მშობლებმა 150 ათასი ლარი, ანუ ბოლო ორი წლის მანძილზე, საერთო ჯამში - 300 ათასი ლარი აჩუქეს.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/7263756.html

 

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way