USD 2.7089
EUR 3.1193
RUB 3.3402
Тбилиси
«Voice of America» (აშშ): „ხელისუფლების გზავნილები ელჩების კონფერენციიდან“
дата:  492

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანიის „ამერიკის ხმის“ (Voice of America) ვებ-გვრდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ხელისუფლების გზავნილები ელჩების კონფერენციიდან“, რომელშიც ქართული დიპლომატიური უწყების მიერ ჩატარებული ელჩების ყოველწლიური შეხვვედრის მიმდინარეობაა გადმოცემული.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

„საქართველო 2012 წლამდე შორდებოდა ევროპას“,- განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში, ამბასადორიალზე, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს ელჩები იყვნენ შეკრებილები. ისინი მსჯელობენ ევროინტეგრაციის შესახებ, დაწყებული არსებული ვითარებიდან - მომავლის გეგმებამდე.

სიტყვით გამომსვლელებს შორის იყვნენ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და „ქართული ოცნების“ გუნდის სხვა წარმომადგენლები. კონფერენციაზე მიწვეული არ ყოფილა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

„ყველას კარგად გვახსოვს, რა ვითარება იყო 11 წლის წინ. მაშინ არ იდგმებოდა ქმედითი ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე. არამედ, პირიქით, ყოველ წელს, ყოველ დღე და ყოველ თვე, საქართველო შორდებოდა ევროპას. ეს იყო რეალობა, მეგობრებო და ყალიბდებოდა ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმი. ეს რეალობა დახვდა „ქართულ ოცნებას“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს და სულ რაღაც 11 წელიწადში ჩვენი ქვეყანა, დემოკრატიის განვითარების კუთხით, მსოფლიოს ათეულშია და არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.

მიმდინარე წელს, ძლიერი ეკონომიკური განვითარების შედეგად, სიღარიბის დონე და უმუშევრობის დონე ჩამოვიდა ისტორიულ მინიმუმზე. ასევე, ქვეყნის რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა,“- განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონფერენციაზე.

კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს ელჩებისთვის იყო განკუთვნილი, პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ელჩების დანიშვნაში მონაწილეობას იღებს, გამოტოვეს. საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლებში, დიპლომატიური სამსახურის შესახებ, ნათქვამია: „დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოს მთავრობის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი“;

„დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, საქართველოს მთავრობის წარდგინებით, თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.“

34-ე მუხლი კი, რაც უმაღლესი დიპლომატიური რანგების მინიჭებას არეგულირებს, ამბობს, რომ „უმაღლესი დიპლომატიური რანგები, შეიძლება, მიენიჭოთ მხოლოდ უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირებს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მინისტრის წარდგინებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით“.

ამდენად, საქართველოს კანონმდებლობაში მითითებულია ხელისუფლების შტოებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობის თაობაზე.

„ამერიკის ხმას“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან უპასუხეს, რომ ელჩების კონფერენციის თაობაზე მხოლოდ ერთი განმარტება აქვთ და ეს ასე ჟღერს: „პრეზიდენტს მიწვევა არ მიუღია“.

მიუხედავად იმისა, თუ რა სახის თანამშრომლობაზეა საუბარი საკანონმდებლო დოკუმენტებში, სახელისუფლებო შტოებს შორის, პარლამენტის თავმჯდომარეს ცხადი და პირდაპირი განმარტება აქვს იმისთვის, თუ რატომ არ დაპატიჟეს პრეზიდენტი კონფერენციაზე. ის ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი „დესტრუქციის ხელშემწყობია“.

„სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი სხვა გამოსავალს არ გვიტოვებს. ფაქტობრივად, საბოტაჟია მისი მხრიდან სხვადასხვა პოზიციებზე შერჩევის დროს. იქნება ეს ეროვნული ბანკი, ცენტრალური საარჩევნო კომისია და ასე შემდეგ. საბოტაჟი, რასაც ის აწარმოებს სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, სხვა გამოსავალს არ გვიტოვებს, მას საკანონმდებლო რეგულაციებით ვუპასუხოთ.“

შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა იმის შესახებაც, რომ 2024 წელს, არჩევნების წელს, მოსალოდნელია დესტაბილიზაცია და გაზრდილი საფრთხეები. „ვაცნობიერებთ, რომ დამდეგი წელი რთული იქნება. მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, ველით დეზინფორმაციის და ყალბი ნარატივების ფართომასშტაბიან კამპანიებს, პროვოკაციებს, არეულობას და არასტაბილურობას,“- ამბობს პაპუაშვილი და ელჩებს სიფხიზლისკენ მოუწოდებს.

„ქართული ოცნების“ ნარატივი, რითაც ცდილობს დაასაბუთოს, თუ რატომ იქცა პრეზიდენტი „მტრული ბანაკის“ წარმომადგენლად, ევროინტეგრაციაში მისი „წილია.“ „ოცნების“ წარმომადგენლების მიხედვით, პრეზიდენტი და ოპოზიცია, ამ მხრივ, ერთ სიბრტყეზე არიან დაყვანილი - ისინი საქართველოს „ევროინტეგრაციის პროცესის ხელშემშლელებს წარმოადგენენ“.

ერთადერთი ელჩი, ვინც სალომე ზურაბიშვილის მიმართ დიპლომატიური სტანდარტი არ დაივიწყა, გოჩა ჯავახიშვილი, საფრანგეთში საქართველოს წარმომადგენელი გახლავთ. მან განაცხადა, რომ ევროინტეგრაციაში პოზიტიური წვლილი ყველამ შეიტანა, მათ შორის პრეზიდენტმა და გაუხარდებოდა მისი ხილვა კონფერენციაზე, მაგრამ თავად არაა უფლებამოსილი, გადაწყვიტოს, ვინ იქნება დამსწრე.

პრეზიდენტი არ მიუწვევიათ არც იმ საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც 15 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე გაიმართა, მას შემდეგ, რაც საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე გაცხადდა. სალომე ზურაბიშვილი მაშინ ფეხით მივიდა სახალხო შეკრების ადგილას და თქვა, რომ სურდა სცენასთან ახლოს მდგარიყო იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმე მიიწვევდა, თუმცა იგი არავის მიუწვევია. საქართველოს ევროინტეგრაციის დამსახურება „ოცნების“ მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენლებმა გაინაწილეს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა 26 დეკემბერსვე განმარტა, რომ პრეზიდენტი კონფერენციაზე არავის მიუწვევია, რადგან იქ ხელისუფლების მხოლოდ ორი შტო უნდა ყოფილიყო - საკანონმდებლო და აღმასრულებელი, ანუ ისინი, ვინც მუშაობდნენ ევროინტეგრაციისთვის.

კონფერენციაზე ერთ-ერთ განსახილველ საკითხს შორის ევროინტეგრაციის გზაზე „მომავალი სამოქმედო გეგმა“ გახლდათ. ეს დოკუმენტი „ოცნებამ“ მხოლოდ ერთი დღის წინ, 25 დეკემბერს გაასაჯაროვა. ისიც მას შემდეგ, რაც საზოგადოებისგან დაწოლა დაიწყო გაუმართლებელი გასაიდუმლოების გამო. აღმოჩნდა, რომ დოკუმენტი მწირი ინფორმაციის შემცველ მოკლე ტექსტს წარმოადგენს. ოთხ სვეტს შორის მოცემულია ზოგადი ცნობები იმის თაობაზე, თუ რა აქტივობებია დაგეგმილი, რა ვადებში და რომელია პასუხისმგებელი უწყება.1080p

პარლამენტის წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ორთვიანი გასაიდუმლოების შემდეგ, წარმოდგენილი დოკუმენტი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.

„ჩვენ ვითხოვდით ამ გეგმაზე ერთობლივ მუშაობას, რის საშუალებაც არ მოგვეცა. ახლაც, როდესაც ჩვენ ველოდებით გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნას, ძალიან მნიშვნელოვანია გვქონდეს გამართული სამოქმედო გეგმა. მასში ასახული უნდა იყოს ყველა ცხრა დათქმა. პირველ რიგში, ეს ეხება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას. არჩევნების კონტექსტში, მაგალითად, მხოლოდ ის უსუსური ცვლილებაა გამოტანილი, რაც ეხება პარტიების დაფინანსებაში იურიდიული პირების აკრძალვას, რაც არის ფასადური ცვლილება. ასევე, ეუთო-ოდირის დამკვირვებლების ჩამოსვლა, რაც ისედაც ყოველ წელს ხდებოდა. გეგმაში მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის შენიშვნების ასახვა,“- ამბობს ხატია დეკანოიძე.

ელჩების კონფერენცია, რომლის პირველი დღეც მხოლოდ „ოცნების“ ჩართულობით დასრულდა, 28 დეკემბრამდე გასტანს.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/annual-ambassadors-conference-tbilisi-georgia/7413600.html

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати