USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
Тбилиси
«Voice of America» (აშშ): „დებატები ამერიკის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის - მთავარი საკითხები და შეჯამება“
дата:  255

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“ - ფინანსდება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ) აქვეყნებს სტატიას სათაურით „დებატები ამერიკის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის - მთავარი საკითხები და შეჯამება“, რომელშიც რესპუბლიკელ ჯეი დი ვენსისა და დემოკრატ ტიმ უოლცს შორის გამართული დებატებია განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

პირველი და ბოლო დებატები ამერიკის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის შედგა. რესპუბლიკელი სენატორი ჯეი დი ვენსი და დემოკრატი გუბერნატორი ტიმ უოლცი ერთმანეთს ტელეკომპანია „სი-ბი-ესის“ ეთერში, ქალაქ ნიუ-იორკში, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებმა, სტუდიაში შესვლისას ერთმანეთს ხელი დებატების დაწყებამდე ჩამოართვეს. დებატების დასრულების შემდეგ, სცენაზე მეუღლეების ასვლისთანავე, როგორც კანდიდატებმა, ისე მათმა ცოლებმა ერთმანეთს ხელი კვლავ ჩამოართვეს და მადლობაც გადაუხადეს.

დებატების უმეტესი ნაწილი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა და კანდიდატებს ერთმანეთისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. მეტიც, საპრეზიდენტო დებატებისგან განსხვავებით, კანდიდატები, რამდენჯერმე ერთმანეთს კიდეც დაეთანხმნენ.

კანდიდატებმა ამერიკელი ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანი და მსოფლიოში მიმდინარე თემები განიხილეს.

ახლო აღმოსავლეთი

პირველი, რაზეც კანდიდატებს შეკითხვები დაუსვეს, ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული მდგომარეობაა. ირანმა სამშაბათს ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების დიდი რაოდენობა გაუშვა. ეს ისრაელის მიერ თეირანის მოკავშირე "ჰეზბოლას" ლიდერებზე ლიბანში განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხი იყო.

ისრაელის არაერთ ქალაქში განგაშის სირენები ჩაირთო და იერუსალიმისა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს მიმდებარედ აფეთქებების ხმა ისმოდა. მოქალაქეებმა თავშესაფრებს მიაშურეს.

ირანის "რევოლუციური გვარდიის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ირანმა ისრაელისკენ ათობით რაკეტა გაუშვა და თუკი ისრაელი ამაზე შურს იძიებს, პასუხი კიდევ უფრო "დამანგრეველი" იქნებოდა.

დემოკრატიული პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, მინესოტის გუბერნატორმა ტიმ უოლცმა თქვა, რომ უმნიშვნელოვანესია არავის დაავიწყდეს, საიდან დაიწყო ყველაფერი. მან გასული წლის 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა გაიხსენა და თქვა, რომ ისრაელს ყველანაირი უფლება აქვს თავი დაიცვას, მაგრამ ასევე საჭიროა ჰუმანიტარული კრიზისის დასრულება ღაზის სექტორში.

რაც შეეხება შეკითხვას - დაუჭერდა თუ არა მხარს ისრაელის მიერ ირანისთვის საპასუხო დარტყმის მიღების გადაწყვეტილებას, უოლცმა თქვა, რომ ახლა ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციის დასარეგულირებლად, საჭიროა ისეთი ლიდერშიფი, როგორიც ამჟამად ქვეყანაში არსებობს და რასაც კამალა ჰარისი სთავაზობს ამომრჩეველს.

რესპუბლიკელი კანდიდატი, ჯეი დი ვენსი, ახლო აღმოსავლეთზე საუბრისას, ხშრიად უსვამდა ხაზს იმას, რომ მისი აზრით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, ახლო აღმოსავლეთში სტაბილური მდგომარეობა იყო. ბაიდენ- ჰარისის ძალაუფლებაში ყოფნის დროს კი „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმა მოხდა. ვენსი ამტკიცებდა, რომ ჰარისი ვერ გაუძღვება მსგავს გამოწვევებს. ხოლო შეკითხვაზე, რა უნდა მოიქმედოს ამ შემთხვევაში ისრაელმა, ვენსმა უპასუხა, რომ ეს თავად ისრაელის გადასაწყვეტია.

ქარიშხალი „ჰელენი“ და კლიმატის ცვლილება

ამერიკაში ახლა ქარიშხალი „ჰელენი“ მძვინვარებს. ის ბოლო 50 წლის განმავლობაში, ქარიშხალ „კატრინას“ შემდეგ, ყველაზე მომაკვდინებელია ამერიკის ისტორიაში. მონაცემები მუდმივად იცვლება, თუმცა ბოლო ინფორმაციით, ქარიშხალმა 160-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ასობით კი დაკარგულად ითვლება. სწორედ ეს სტიქიური უბედურება და ზოგადად, კლიმატის ცვლილება იყო მომდევნო საკითხი, რაც ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებმა განიხილეს.

ორივე კანდიდატმა მიუსამძიმრა დაღუპულების ოჯახებს და თავიანთი გულწრფელი შეშფოთება გამოხატეს მომხდარის გამო. ჯე დი ვენსის თქმით, ტრაპმის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მოქალაქეები და მათი კარგად ყოფნა უპირველესი საზრუნავი იქნება.

კლიმატის ცვლილებაზე საუბრისას, ვენსმა გააკრიტიკა ჰარის-უოლცის კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების გეგმა და დონალდ ტრამპის რიტორიკა გაიმეორა. ვენსის თქმით, ჰარისის გეგმის განხორციელების შემთხვევაში, იმ ელექტრო მანქანებისა და მზის სისტემების საჭირო ნაწილების წარმოებით, რომლითაც ჰარისს სურს გარემოს დაბინძურება თავიდან აიცილოს, მხოლოდ ჩინეთი გამდიდრდება, რადგან მათი წარმოება ახლა ჩინეთშია შესაძლებელი და არა ამერიკაში. დონალდ ტრამპიც ხშირად საუბრობს ამაზე და ამბობს, რომ ჰარისის გეგმა ეკონომიკურად და პოლიტიკურად გაუმართლებელია.

ტიმ უოლცმა არ მიიღო კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, თითქოს მისი და კამალა ჰარისის გეგმა ამერიკაში სამუშაო ადგილებს არ შექმნის, პირიქით, ამტკიცებდა, რომ სწორედ მათი გეგმის გამო, ამერიკაში უკვე გაჩნდა სამუშაო ადგილები. მან ასევე შეახსენა საზოგადოებას დონალდ ტრამპის კომენტარი, როდესაც ის ამბობს, რომ კლიმატის ცვლილება რეალური პრობლემა არაა. უოლცმა გააკრიტიკა ყოფილი პრეზიდენტი ამ თემასთან არასერიოზული დამოკიდებულების გამო. უოლცის თქმით, ის და ჰარისი უკვე დგამენ რეალურ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ამერიკა სუფთა ენერგიის გამომმუშავებელი სუპერ სახელმწიფო გახდეს.

იმიგრაცია

ისევე როგორც საპრეზიდენტო დებატებზე, ვიცე-პრეზიენტობის დებატებზეც იმიგრაციის საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო. ჯეი დი ვენსმა კამალა ჰარისი დაადანაშაულა არსებულ საიმიგრაციო პოლიტიკაში და თქვა, რომ სწორედ მან დაუშვა ამერიკაში ფენტანილის არალეგალური შეტანა, მან ახსენა ნარკოკარტელების მიერ ბავშვების ნარკოტიკის გადატანის სავარაუდოდ გამოყენებაც და თქვა, რომ საჭიროა ქვეყანაში ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკა გატარდეს.

ვენსმა დეტალურად ისაუბრა იმაზე, როგორ აპირებს არალეგალური იმიგრაციის პრობლემის მოგვარებას. მისი თქმით, ამერიკაში მყოფი უსაბუთო მიგრანტებიდან, მილიონი მაინც კრიმინალია, რომ საჭიროა პირველ რიგში მათი დეპორტაციით დაწყება. შემდეგ კი დარჩენილებისთვის სამსახურის მოძებნის ისე გართულება და ისეთი სამუშაო პირობების შექმნა, რომ სამსახურები თავადვე დატოვონ. ვენსის თქმით, ეს კარგი იქნება ამერიკელი მუშახელისთვისაც, ვისაც ამის შემდეგ მეტი სამსახური გამოუჩნდება.

ფენტანილის უკანონოდ გადატანასა და ამერიკაში არსებულ ოპიოდის კრიზისზე ტიმ უოლცმაც ისაუბრა. მან თქვა, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით, ნამდვილად არაა სახარბიელო სიტუაცია, თუმცა დემოკრატები ამ მიმართულებით მუშაობენ და მონაცემები ნელ-ნელა მცირდება.

უოლცმა ხაზი გაუსვა იმას, რომ უკვე არსებობდა დემოკრატების მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც არსებულ გამოწვევებს გადაჭრიდა და რომელზე ხელის მოსაწერად რესპუბლიკელების ნაწილიც მზად იყო, თუმცა დონალდ ტრამპმა მათ საპირისპიროდ მოქცევა მოსთხოვა და კანონპროექტი ამიტომაც ჩავარდა. უოლცის თქმით, ეს ტრამპმა იმიტომ გააკეთა, რომ მძიმე საიმიგრაციო სიტუაცია მას ჰარისის გასაკრიტიკებლად და წინასაარჩევნო დაპირებებისთვის სჭირდებოდა.

უოლცმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ასევე ოჰაიოს შტატის ქალაქი სპრინგფილდიც. როგორც ტრამპი, ისე ვენსი უკვე რამდენიმე კვირაა ამბობენ, რომ იქ არალეგალურად ჩასული ადამიანები ცხოვრობენ და კატებსა და ძაღლებს ჭამენ, რაც არცერთი ოფიციალური წყაროთი არ დასტურდება. უოლცის თქმით, იმიგრანტებზე ასე საუბარი რესპუბლიკელი კანდიდატების მხრიდან, მათ დეჰუმანიზაციას უწყობს ხელს.

გარდა ამ თემებისა, კანდიდატებს შეკითხვები დაუსვეს ქალების რეპროდუქციული უფლებების, ეკონომიკის, ინფლაციის, სურსათის პროდუქტებზე არსებული მაღალი ფასების, იარაღის ტარებისა და იარაღით ჩადენილი ძალადობის, 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის და ჯანდაცვის თემებზე. უოლცისა და ვენსისთვის არაფერი უკითხავთ უკრაინის ომის შესახებ. არც კანდიდატებს უხსენებიათ უკრაინის საკითხი სხვადასხვა თემებზე საუბრის დროს.

კანდიდატებს 2-2 წუთი ჰქონდათ პასუხებისთვის და 1 წუთი პასუხის დასაზუსტებლად, ან ოპონენტის პასუხზე საპასუხოდ. დებატებს „სი-ბი-ესის“ ჟურნალისტები ნორა ო'დონელი, საღამოს ახალი ამბების გამოშვების წამყვანი, მმართველი რედაქტორი და მარგარეტ ბრენანი, უცხოეთის ახალი ამბების განყოფილების კორესპონდენტი უძღვებოდნენ. დებატები ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზე დაიწყო და ის 90 წუთს გაგრძელდა.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/7807244.html

 

аналитика
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати