USD 2.6965
EUR 3.1519
RUB 3.4321
თბილისი
«Voice of America» : „უკრაინის მარცხი ჩვენი, ყველას მარცხი იქნება. სათადარიგო გეგმისთვის არ ვემზადებით"
თარიღი:  792

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) აქვეყნებს ინტერვიუს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მარკუს ცაჰკნასთან, სათაურით „უკრაინის მარცხი ჩვენი, ყველას მარცხი იქნება. სათადარიგო გეგმისთვის არ ვემზადებით", რომელშიც ესტონელი პირველი დიპლომატი საქართველოს შესახებაც საუბრობს.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

- თქვენ ვაშინგტონში ლატვიელ და ლიეტუველ კოლეგებთან ერთად ჩამოხვედით და ევროპულ უსაფრთხოებაზე, უკრაინის დახმარების აუცილებლობაზე საუბრობთ. სახელმწიფო მდივანსაც შეხვდით, რა შეშფოთება გადაეცით ენტონი ბლინკენს და როგორ უპასუხა მან თქვენს წუხილს?

- უკრაინაზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია, ეს მთავარი თემაა. ამ ზაფხულს ვაშინგტონში ნატოს სამიტიც ტარდება, ალიანსი უკრაინისა და მთელი რეგიონისთვის უსაფრთხოების ერთადერთი მოქმედი გარანტიაა. ჩვენ გვესმის, რომ ეს ე.წ. ნეიტრალური, „რუხი ზონები“ რუსეთის სამეზობლოში მხოლოდ მწვანე შუქია ვლადიმირ პუტინის აგრესიისთვის. ჩვენ ეს ვნახეთ 2008 წელს საქართველოში, ეს დაიწყო უკრაინაშიც 2014 წელს. ახლა კი სრულმასშტაბიანი საშინელებების მოწმენი ვართ.

ჩვენ განვიხილავთ, როგორ წავიწიოთ წინ უკრაინის მხარდაჭერის კუთხით, როგორ გამოვიყენოთ გაყინული რუსული აქტივები კიევის დასახმარებლად. საკუთარ თავდაცვაში მთლიანი შიდა პროდუქტის 3.2 %-ს ვხარჯავთ. მოქალაქეებს გადასახადებიც კი გავუზარდეთ ამისთვის, მაგრამ ისინი ამას მხარს უჭერენ, რადგან იციან რა დევს სასწორზე. ომი შეიძლება ჩვენს ტერიტორიაზეც მოვიდეს.

ამერიკის დახმარების დიდი ნაწილი კი ამერიკაშივე, მის წარმოებაში, ეკონომიკაში ბრუნდება, როცა ჩვენ იარაღს ან ტექნიკას მისგან ვყიდულობთ. ევროპა თავის წილს აკეთებს, მაგრამ ევროპული უსაფრთხოების ტვირთის ტარება მარტოს არ შეგვიძლია. ამერიკის ლიდერობა არსებითი მნიშვნელობისაა ჩვენთვის, ამერიკისთვის კი პრესტიჟის საკითხიცაა. მართლა ვიმედოვნებ, რომ უკრაინის დახმარების პაკეტი კონგრესში მალე დამტკიცდება.

- თქვენ მუდმივად საუბრობთ იმაზე, რომ ომი უკრაინის გამარჯვებით უნდა დასრულდეს. ვაშინგტონში არაერთი შეხვედრისას თქვით, რომ ამ გამარჯვების განმარტების არავის უნდა ეშინოდეს. თუმცა ზოგიერთი ცნობით, ამერიკის ოფიციალური პირები ეწინააღმდეგებიან კიევის ზოგიერთ ნაბიჯს, მაგალითად, რუსულ ენერგოინფრა-სტრუქტურაზე იერიშებს. გამოყენებული ლექსიკაც კი განსხვავებულია. საუბრობენ ომის „დასრულებაზე“, „მშვიდობაზე“, დახმარებაზე „რამდენხანსაც საჭიროა“. ამ ვითარებაში, კონგრესში შეფერხებული დახმარების ფონზე, რამდენად გაწუხებთ ეს, ან როგორ ფიქრობთ, არსებობს პოლიტიკური ნება და მზაობა უკრაინის გამარჯვებისთვის?

- საბედნიეროდ, არავინ ცდილობს რაიმე მოლაპარაკების დაწყებას უკრაინის გარეშე, რადგან მხოლოდ უკრაინამ უნდა თქვას, როდის და რა პირობებით დადგება მშვიდობა. უკრაინელები არ იბრძვიან მხოლოდ საკუთარი ტერიტორიებისთვის, ეს მათთვის ეგზისტენციალური ბრძოლაა, რადგან ვლადიმირ პუტინს არ სურს მშვიდობა, მას მთელი ერის, ქვეყნის განადგურება სურს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი იდეა ან ინიციატივა [ამგვარი მოლაპარაკებების] შესახებ მახე იქნება. პუტინს ეს სჭირდება, რათა გვაჩვენოს, რომ თავად ძლიერია, ჩვენ კი - სუსტები ვართ. ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა 2014 წელს, როცა მინსკის ხელშეკრულება დაიდო. ამან მხოლოდ მოსამზადებელი დრო მისცა ვლადიმირ პუტინს შემდგომი აგრესიისთვის. ამიტომ, ეს ომი უნდა დავასრულოთ.

ჩვენ უნდა განვსაზღვროთ მიზანი, არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ - ჩვენთვისაც. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, ეს მკაფიოდ უნდა ვთქვათ. უნდა განვმარტოთ ისიც, რა არის გამარჯვება. დიახ, ტერიტორიული მთლიანობა ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამასთან, უნდა აღვადგინოთ საერთაშორისო სამართალიც. პუტინმა საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპი, გაეროს ქარტიის ყველა ნორმა დაარღვია.

ამიტომ მოვუწოდებთ დემოკრატიულ სამყაროს სპეციალური ტრიბუნალის შექმნისკენ. აგრესიის დანაშაული ლიდერების დანაშაულია. ჩვენი საერთაშორისო სამართალი კი ახლა ლიდერებს იმუნიტეტს სთავაზობს და მათი გასამართლება არ შეგვიძლია. ამას მორალურად ვერ ავხსნით. პუტინმა და რუსეთმა პასუხი უნდა აგონ და გადაიხადონ ზიანის საფასური. ამიტომაა ასეთი მნიშვნელოვანი, რომ გაყინული რუსული აქტივები უკრაინის დასახმარებლად გამოვიყენოთ. (...)

- ვაშინგტონში ვიზიტისას რამდენჯერმე გკითხეს, რა მოხდება თუკი უკრაინა დამარცხდება? რას ნიშნავს ეს თქვენთვის? მეც გკითხავთ, ემზადებით ასეთი სცენარისთვის?

- არა, ჩვენ არ ვემზადებით სათადარიგო გეგმისთვის, რადგან უპირველესი გეგმის გაძლიერებაში უნდა ჩავდოთ ინვესტიცია. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ პუტინის გეგმით ეს „სპეციალური ოპერაცია“ ერთ კვირაში უნდა დასრულებულიყო. ყველაზე მნიშვნელოვანი არის უკრაინელი ხალხის ნება, ბრძოლა. ჩვენთვის გეგმა სინამდვილეში ძალიან მარტივია: მივცეთ უკრაინას ყველაფერი, რასაც ითხოვენ. ისინი არ გვთხოვენ, რომ ჩვენმა ჯარისკაცებმა იბრძოლონ მათ მაგივრად. გვთხოვენ იარაღს, ამუნიციას, ფულს. ეს ყველაფერი გვაქვს. ამიტომ ვუხსნით ჩვენს პარტნიორებს, რომ უმთავრესი ისაა, არ გვეშინოდეს.

გამუდმებით გვესმის საუბარი ესკალაციის [რისკის] შესახებ: რომ შესაძლოა ესა თუ ის ნაბიჯი იყოს ესკალაცია. მაგრამ მე გეკითხებით, თუკი ეს არაა ესკალაცია, მაშინ რაღაა? მე არ მჯერა პუტინის მუქარის, რომ ის ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ყოველთვის, როცა უკრაინას ახალ შეარაღებას, ტექნიკას ვაძლევთ, პუტინი ამბობს, რომ აი, ახლა ესკალაცია მოხდება, მაგრამ არაფერი მომხდარა. ის უბრალოდ ხოცავს უკრაინელ ხალხს. არღვევს ყველა წესსა და კანონს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შევქმენით.

ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს: არ არსებობს გეგმა “ბ”, თუკი უკრაინა მარცხდება, მაშინ ჩვენ, ყველანი მასთან ერთად ვმარცხდებით. ეს არაა მხოლოდ უკრაინის საკითხი, მეტიც, [რუსეთის მიერ] ნატოს გამოცდის საკითხიც კი არაა, [ამ შემთხვევაში] ჩვენ დავმარცხდებით როგორც დემოკრატიები.

ჩვენ არ ვმუშაობთ სათადარიგო გეგმაზე, უარესისთვის მომზადების თვალსაზრისით. ჩვენ უპირველეს გეგმაში ვდებთ ინვესტიციას. თუმცა, ცხადია, ვზრდით თავდაცვის ხარჯებს. გვესმის, რომ რუსეთი საფრთხედ დარჩება.

2016-17 წლებში, როცა თავდაცვის მინისტრი ვიყავი, ჩვენი საზღვრის მეორე მხარეს 120 000 რუსი ჯარისკაცი იდგა. 24 საათში შესვლის მზადყოფნაში. ეს ძალები აღარ არსებობს, ისინი უკრაინაში გაანადგურეს. ასე რომ, უკრაინა არა მხოლოდ თავისი თავისუფლებისთვის, ან ჩვენთვის იბრძვის, არამედ ჩვენ ნაცვლადაც. ესაა მიზეზი, რატომ ვაძლევთ ამდენ სამხედრო დახმარებას უკრაინას, რადგან ეს იარაღი იმ ძალებისგან ჩვენს დასაცავად იყო განკუთვნილი, რომელიც ახლა აღარ არსებობს. ამ იარაღს ძალიან კარგად იყენებენ უკრაინაში. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი გეგმავს ამ შესაძლებლობების ჩვენი საზღვრის მეორე მხარეს კვლავ განთავსებას.

- ბევრის შეფასებით უკრაინა არ იღებს საკმარისს იმისთვის, რომ ომი მოიგოს. შეყოვნებული დახმარების და განსხვავებული ლექსიკის ფონზე, რა სიგნალია ეს მოსკოვისთვის, რომ „კოლექტიური დასავლეთი“ როგორც ისინი უწოდებენ, არ დგამს გადამწყვეტ ნაბიჯებს უკრაინის გამარჯვებისთვის?

- დიახ, ეს სამართლიანი შეშფოთებაა, რადგან ჩვენ, დასავლური დემოკრატიები ყოველთვის ვფიქრობთ იმაზე, რა იქნება ვლადიმირ პუტინის შემდეგი ნაბიჯი. ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ, რადგან [თავად] პუტინს უნდა ეშინოდეს იმის, რას გავაკეთებთ ჩვენ.

სწორედ ამის გამო მომწონს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივა, რომლის შესახებაც რამდენიმე კვირის წინ ისაუბრა. თქვა, რომ არასტანდარტულად უნდა ვიფიქროთ. ჩვენ მართლა უნდა ვიფიქროთ განსხვავებულ გადაწყვეტაზე. ვლადიმირ პუტინს სინამდვილეში ძალიან მტკივნეული რეაქცია ჰქონდა ამაზე. მას აშფოთებს ის, თუ რის გაკეთება შეგვიძლია , და ეს მართლაც ბევრი რამაა.

ყველა ქვეყანამ, თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 0.25 % რომ გამოყოს სამხედრო დახმარების სახით, ეს დაახლოებით 120 მილიარდი ევროა უკრაინისთვის. ეს საკმარისია რუსეთის განსადევნად, ჩვენ ეს გავაკეთეთ. ესტონეთმა სამხედრო მხარდაჭერის სახით უკვე გამოყო მთლიანი შიდა პროდუქტის 1.5 %. გასულ კვირას ახალი პაკეტიც დავამტკიცეთ.

მაგრამ ეს საკმარისი და კარგია მაშინ, როცა ამას ყველა აკეთებს.
დახმარების პაკეტი, რომელსაც ახლა კონგრესი განიხილავს, 61 მილიარდი დოლარის ოდენობით, ამერიკის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 0.25 % ია, ეს ჩვენს ეკონომიკას ვერ ავნებს. ეს ქვეყნის მშპ-ის ერთი დღის მოცულობაა. ეს კი სულაც არაა ზედმეტად ბევრი საიმისოდ, რომ ჩვენს მშვიდობაში ინვესტიციად ჩავდოთ.

- საქართველო ახსენეთ ე.წ. „რუხი ზონების“ კონტექსტსში. ქვეყანაში რუსეთის მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. თუ კრემლი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის, მისი დასავლური სწრაფვისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის?

- არა მხოლოდ საქართველო, ბევრი ქვეყანა ყურადღებით აკვირდება იმას, რა მოხდება, ვინ გაიმარჯვებს. ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, ირანი, ცენტრალური აზიის ქვეყნები, რომლებიც რუსეთზე არიან დამოკიდებულნი. თუკი ჩვენ ამ ომში დავმარცხდებით, ვამბობ “ჩვენ”, რადგან ამ სიტუაციაში ყველანი ერთად ვართ, მაშინ ეს რუსეთთან ერთად, სხვა ყველა არადემოკრატიული ქვეყნისთვისაც ნათელი ნიშანი იქნება, რომ შეგიძლია ძალის გამოყენებით საერთაშორისო სამართლის ყველა წესი, გაეროს ქარტიის ყველა ნორმა დაარღვიო და შეცვალო საზღვრები. მათი მხრიდან ასეთი დასკვნის გამოტანა კი ყველას უნდა აწუხებდეს. ეს უდიდეს ქაოსს შექმნის მსოფლიოში და გლობალურად ძალიან სისხლიანი ათწლეული დაიწყება. ჩვენ არ გვსურს ასეთ მსოფლიოში ცხოვრება. ცოტა ხნის წინ იაპონიაში ვიყავი და ისიც კი, როგორც რუსეთის მეზობელი ქვეყანა, ყურადღებით აკვირდება იმას, თუ რა მოხდება. ეს, რუსეთის არც ერთი მეზობელი ქვეყნისთვის არაფერს კარგს არ მოასწავებს.

- თუმცა რა დევს სასწორზე საქართველოსთვისაც და დასავლეთისთვისაც? ქვეყანაში ნატოსა და ევროკავშირის წევრობას უდიდესი მხარდაჭერა აქვს. საქართველოს ტავდაცვის ზალები არაერთ საერტაშორისო მისიაში მონაწილეობდნენ. რა უნდა გაკეთდეს ორივე მხრიდან იმისთვის, რომ საქართველო, რუსეთის აგრესიის მიუხედავად, ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით დაწინაურდეს?

- ჩვენ ათწლეულებია გაფართოების პროცესის მხარდამჭერები ვართ. თავად ჩვენც, 20 წლის წინ, გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი ვიყავით. ძალიან პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გარეშე, მე აქ ვერ ვიჯდებოდი ესტონეთის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის მინისტრი.

წლებია ვამბობთ, რომ გაფართოება უნდა გაგრძელდეს, საქართველო და უკრაინა უნდა შემოგვიერთდნენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ გავაკეთეთ და საქართველომ დაკარგა ტერიტორიის ნაწილი, უკრაინა კი ახლაც ომშია. მაგრამ ვფიქრობ, ახლა ეს ყველასთვის გამოღვიძების მომენტი და ნიშანია იმისა, რომ რუსეთთან არანაირი გარიგება აღარ იქნება.. რომ ეს ძალიან საშიშია. ჩვენ უნდა წავახალისოთ ლიდერები, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები.

თუკი მოლდოვას დავაკვირდებით, მას ძალიან ძლიერი მმართველობა ჰყავს. ახორციელებენ რეფორმებს, მიჰყვებიან ევროკავშირის მიცემულ კრიტერიუმებს. ამ ტიპის აღქმა შესაძლოა სხვა ქვეყნებში ნაკლები იყოს. მაგრამ საქართველოში ვხედავთ ქართველი ხალხის ნებას, წავიდეს ევროპისკენ. ჩვენ ეს ვაღიარეთ, აღვნიშნეთ, როცა გადავწყვიტეთ, რომ ისიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გამხდარიყო. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ უნდა შემოვიერთოტ ის ქვეყნები, რომლებსაც ასეთი შესაძლებლობის ქონა სურთ. ესაა თავისუფალი ნება ყველასთვის, გადაწყვიტოს ევროკავშირის ან ნატოს წევრობა. მეორე მხარეს კი [მხოლოდ] რუსეთის ქვეშ ყოფნაა.

- მაშინ როცა ევროპის ქვეყნები რუსეთთან დამოკიდებულების შემცირებასა და პირდაპირი კავშირების გაწყვეტას ცდილობენ, საქართველოს მთავრობა არაერთხელ გააკრიტიკეს პარტნიორებმა იმის გამო, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენები აღადგინა. ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, „დასავლელი პარტნიორები თბილისის ომში ჩათრევას ცდილობენ“. ისინი ამბობენ, რომ თითქოსდა არსებობს „ომის გლობალური პარტია“, რომელსაც საქართველოში მშვიდობა არ სურს. როგორ ჟღერს თქვენთვის ასეთი განცხადებები ევროკავშირის წევრი კანდიდატისაგან?

- რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ საქართველო მიჰყოლოდა ჩვენ მიერ დაწესებულ ყველა სანქციას, დაებლოკა რუსეთთან ყველანაირი კავშირი. მაგრამ, ეს ახლა საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი საკითხია. ვფიქრობ, ქართველ ხალხს ძალიან კარგად ესმის, რომ რუსეთთან ამ ტიპის დამოკიდებულებითი ურთიერთობა სამომავლოდ მას კარგს არაფერს ჰპირდება.

ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა სომხეთში. იქ რამდენიმე თვის წინ ვიყავი და უზარმაზარი ცვლილების მოწმენი ვართ. ეს სწორედ იმის შედეგია, რომ ისინი როგორღაც ენდობოდნენ რუსეთს. ახლა სომეხ ხალხს ესმის, რომ რუსეთი არ ასრულებს პირობებს და სხვადასხვა სახელმწიფოს ზურგსუკან გარიგებებს აწარმოებს. ასე რომ, სომეხმა ხალხმა გადაწყვიტა ევროკავშირისკენ წავიდეს. ეს მართლაც დიდი ცვლილებაა. ამ კუთხით საქართველო და სომხეთი ახლა ძალიან ჰგავს ერთმანეთს. სომხეთი კიდევ უფრო რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაშია თუ გაიხსენებთ, ვინ არიან მისი მეზობლები.

ჩვენ უნდა გვესმოდეს და მიხარია, რომ ევროკავშირში ამას ვხედავ, რომ ახლა ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა საქართველოს, სომხეთსა და სხვა ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ჩვენი დემოკრატიული სამყაროს ნაწილი იყვნენ. რადგან ამ ომის შემდეგ, მსოფლიო კიდევ უფრო მეტად იქნება დაყოფილი დემოკრატიებსა და არადემოკრატიებს შორის. და თუკი ვინმეს სურს სამყაროს ჩვენს ნაწილს შემოუერთდეს, მათ ეს შეუძლიათ, [ჩვენ ამას მივესალმებით].

- საქართველოში წელს მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები ტარდება. მაშინ, როცა ევროკავშირის რეკომენდაციების ნაწილი ჯერ კიდევ არ არის მთლიანად შესრულებული, როგორ ფიქრობთ, რა დევს სასწორზე ამ არჩევნებში?

- ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით [პროცესებს]. ვაგზავნით სადამკვირვებლო მისიებსაც. რადგან არჩევნებია სწორედ იმის ხარისხის მაჩვენებელი, თუ რამდენად მიჰყვება რეალურ ცხოვრებაში ესა თუ ის ქვეყანა დემოკრატიის პრინციპებს. ჩემი რჩევა ქართული პოლიტიკური პარტიებისთვის აქამდეც და ახლაც, ისაა, რომ მიჰყვეთ კრიტერიუმებს. ეს ისტორიული მომენტუმია არამხოლოდ ქართველი ხალხისთვის, არამედ სხვებისთვისაც. ამიტომ უნდა მივყვეთ კრიტერიუმებს, გეგმას, [რეკომენდაციას]. ის 9 ნაბიჯი, რომელიც ჩვენ საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების კუთხით შევთავაზეთ, არსებითად მნიშვნელოვანია. მართლა ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი შესაბამისად წარიმართება.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/interview-estonias-foreign-minister-margus-tsahkna/7547640.html

 

 

მსოფლიო
European Pulse-ის ახალი კვლევის თანახმად, ევროპელები აშშ-ს უფრო მეტად მიიჩნევენ საფრთხედ, ვიდრე ჩინეთს

POLITICO European Pulse-ის ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ევროკავშირის ექვს ძირითად ქვეყანას შორის ჩატარდა, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, აშშ უფრო საფრთხედ აღიქმება, ვიდრე მოკავშირედ.

2025 წლის იანვარში ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, ტრამპმა ვაშინგტონის ერთგულება ნატოს მიმართ ეჭვქვეშ დააყენა, დაიმუქრა გრენლანდიისა და კანადის ანექსიით, მოკავშირეებს ტარიფები დააკისრა და ირანთან ომი დაიწყო, რომელში მონაწილეობაზეც ევროპულმა ქვეყნებმა უარი თქვეს.

მარტში პოლონეთში, ესპანეთში, ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში გამოკითხულთა მხოლოდ 12%-მა აღიქვა ამერიკა ახლო მოკავშირედ, ხოლო 36%-მა - საფრთხედ. ამის საპირისპიროდ ჩინეთს საფრთხედ ექვსი ქვეყნის გამოკითხულთა 29%-მა აღიქვამს.

ეროვნულ დონეზე, ვაშინგტონიდან მომდინარე საფრთხე პეკინის საფრთხეს ოთხ ქვეყანაში აჭარბებს, მხოლოდ საფრანგეთსა და პოლონეთში გამოკითხულებმა ჩინეთიდან მომდინარე საფრთხე უფრო მაღალ დონედ აღიქვეს.

„აშშ-ის მიმართ შეხედულებების გამკაცრების სიგნალით, გამოკითხვამ ასევე მიუთითა ევროპული უსაფრთხოების პოლიტიკის გულში არსებულ წინააღმდეგობაზე. ამომრჩევლებს სურთ, რომ ევროპა უკეთ იყოს შეიარაღებული და უფრო თვითკმარი, რადგან აშშ-ის მიმართ ნდობა მცირდება, მაგრამ მათი მადა ქრება, თუ თავდაცვა პირად მსხვერპლს, უფრო დიდ ბიუჯეტს ან უკრაინისთვის უვადო მხარდაჭერას გულისხმობს“, - წერს გამოცემა.

POLITICO-ს კვლევის თანახმად, გამოიკვეთა ისიც, რომ რუსეთი აშკარა მტერია. მას საფრთხედ ყველა გამოკითხული ადამიანის 70% მიიჩნევს.

European Pulse-ის კვლევის მიხედვით, რომელიც POLITICO-სა და beBartlet-ისთვის Cluster17-მა ჩაატარა, 13 მარტიდან 21 მარტამდე ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, პოლონეთსა და ბელგიაში 6 698 ევროპელი გამოიკითხა.

ესპანეთში ყველაზე ნეგატიურად იყვნენ განწყობილნი შეერთებული შტატების მიმართ და 51% ამბობდა, რომ ვაშინგტონი ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, რაც გამოკითხულთა შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მადრიდმა ლიდერობა დაიკავა ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ თებერვალში დაწყებული ომის წინააღმდეგ, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტმა თავდაცვის დაბალი ხარჯების გამო ესპანეთი გაკიცხა.

იტალიაში 46% მიიჩნევს, რომ აშშ საფრთხეს წარმოადგენს. ამ პოზიციას, ბელგიელების 42% უჭერს მხარს, ფრანგ გამოკითხულთა 37% და გერმანელების 30%.

გამონაკლისი იყო პოლონეთი, რომელიც რუსეთს ესაზღვრება და აშშ-თან ალიანსს უსაფრთხოების მთავარ გარანტიად მიიჩნევს: გამოკითხულთა მხოლოდ 13%-მა თქვა, რომ აშშ საფრთხეს წარმოადგენს.

გამოკითხვამ ასევე აჩვენა მხარდაჭერა უფრო დიდი სტრატეგიული ავტონომიის მიმართ.
ექვსი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 76%-მა განაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ თავიანთი ქვეყნების სამხედროების გაგზავნას ნატოს მოკავშირის დასაცავად, თავდასხმის შემთხვევაში. მხარდაჭერა 81%-მდე გაიზარდა, როდესაც სცენარი ევროკავშირის წევრის დაცვას მოიცავდა. ყველა გამოკითხულ ქვეყანაში სამხედრო დახმარების მხარდაჭერა აშკარად აჭარბებდა წინააღმდეგობას.

გამოცემა წერს, რომ ზემოთ აღნიშნული კონსენსუსი მკვეთრად შესუსტდა, როდესაც საკითხი პირად ჩართულობას შეეხო. გამოკითხულთა მხოლოდ 19%-მა თქვა, რომ ისინი მზად იქნებოდნენ „იარაღი აეღოთ და ებრძოლათ“, თუ მათ ქვეყანას თავს დაესხმებოდნენ. თითქმის ნახევარი (47%) ამბობს, რომ ისინი უპირატესობას მიანიჭებენ არასაბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას, როგორიცაა ლოგისტიკა, სამედიცინო დახმარება ან სამოქალაქო დაცვა. 16%-მა განაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ თავიანთ ქვეყანას პირდაპირი მონაწილეობის გარეშე, ხოლო, 12%-მა თქვა, რომ განიხილავდნენ ქვეყნის დატოვებას.

„თავდაცვის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ბრძოლის ინდივიდუალურ მზაობას შორის არსებული უფსკრული ხაზს უსვამს იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც ევროპული მთავრობები დგანან, როდესაც ისინი თავიანთ სამხედრო ამბიციებს ზრდიან და წვევამდელების დეფიციტს ებრძვიან.

გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ამომრჩევლები ზოგადად აღიარებენ ევროპის უფრო ძლიერი თავდაცვის პოზიციის საჭიროებას, თუმცა დაფინანსების საკითხზე მათი აზრები იყოფა. ექვსივე ქვეყანაში, 86% დაეთანხმა, რომ ევროპამ უნდა განავითაროს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები, აქედან 56% ამ აზრს ძლიერად ეთანხმებოდა. მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალი იყო პოლონეთსა და ბელგიაში (ორივეში 95%), ასევე გერმანიაში (89%).

ფართო მხარდაჭერა დაფიქსირდა უფრო ღრმა სამხედრო ინტეგრაციის მიმართ - გამოკითხულთა 69% მხარს უჭერდა საერთო ევროპული სამხედრო ძალის შექმნას, რომელიც იმოქმედებდა ეროვნული არმიების პარალელურად. მხარდაჭერა მერყეობდა 60%-დან საფრანგეთში 83%-მდე ბელგიაში“, - წერს POLITICO.

თუმცა, გამოცემა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ როდესაც საქმე ხარჯებს შეეხო, აზრები გაიყო.

გამოკითხვის მიხედვით, 37%-მა თქვა, რომ მათი ქვეყანა თავდაცვაზე თანხის „დაახლოებით სწორ ოდენობას“ ხარჯავს, ხოლო ზუსტად იმავე რაოდენობამ მიიჩნია, რომ ხარჯები „არ არის საკმარისი“. ამავე დროს, 22%-მა აღნიშნა, რომ მათი ქვეყანა უკვე ძალიან ბევრს ხარჯავს თავდაცვაზე.

ასევე ფართოდ იყო მხარდაჭერილი უფრო ღრმა სამხედრო ინტეგრაცია, გამოკითხულთა 69% მხარს უჭერდა საერთო ევროპული სამხედრო ძალის შექმნას, რომელიც ეროვნულ არმიებთან ერთად იმოქმედებდა. მხარდაჭერა მერყეობდა 60%-მდე საფრანგეთში, 83%-მდე ბელგიაში, თუმცა ხარჯების საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები განსხვავდებოდა.

„ქვეყნების დონეზე განსხვავებები აშკარა იყო. გერმანიაში (40%), საფრანგეთში (44%) და ესპანეთში (43%) გამოკითხულთა თქმით, თავდაცვის ხარჯები უნდა გაიზარდოს. იტალიაში, 39%-მა თქვა, რომ ხარჯები ძალიან მაღალი იყო - ყველაზე მაღალი დონე გამოკითხულ ქვეყნებს შორის. პოლონეთში გამოკითხულთა უმრავლესობა (56%) მიიჩნევს, რომ მიმდინარე ხარჯების დონე დაახლოებით სწორია.
ეს შეხედულებები ზოგადად ასახავს მიმდინარე ხარჯების დონეს. პოლონეთი გეგმავს მშპ-ს 4.8%-ის დახარჯვას თავდაცვაზე წელს, რაც ნატოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და გაცილებით მეტი, ვიდრე გამოკითხულ სხვა ქვეყნებს შორის“, - წერს POLITICO.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მონაცემები ააშკარავებს ევროპის მიერ უკრაინის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებულ უთანხმოებას. ექვს ქვეყანაში, 34% ამბობს, რომ ევროპა საკმარის მხარდაჭერას არ უწევს უკრაინას, 31% ფიქრობს, რომ არსებული პოლიტიკა დაახლოებით სწორია, ხოლო 30% ამბობს, რომ ევროპა ზედმეტად ბევრს აკეთებს.

ეროვნულ დონეზე განსხვავებები კვლავ გამოიკვეთა. გერმანიაში, რომელიც ევროპიდან უკრაინისთვის დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელია, 45% ამბობს, რომ ევროპა საკმარისს არ აკეთებს. იტალიაში, რომელიც გამოკითხულ ექვს ქვეყანას შორის მშპ-ის ყველაზე დაბალ წილს გამოყოფს უკრაინის სამოქალაქო და სამხედრო დახმარებაზე, „კილის მხარდაჭერის ტრეკერის“ მონაცემებით, 42% ამბობს, რომ ევროპა ზედმეტად დიდ მხარდაჭერას უწევს უკრაინას. ესპანეთი და ბელგია „არასაკმარისის“ ბანაკისკენ იხრებოდნენ, ხოლო საფრანგეთში შეხედულებები უფრო თანაბრად იყო გაყოფილი.

„ამ უთანხმოების მიუხედავად, კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებების მხარდაჭერა მტკიცე დარჩა გამოკითხულ ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით ნატოს ფარგლებში. შედეგები ასევე ეფუძნება გაწვევასა და სამოქალაქო სამსახურთან დაკავშირებულ დებატებს, რადგან მთავრობები ეძებენ სამხედრო შესაძლებლობების გაფართოების გზებს.

გერმანიაში სავალდებულო სამსახურის გარკვეული ფორმის მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალი იყო. გერმანელი რესპონდენტების 3/4-ზე მეტმა (78%) მხარი დაუჭირა გაწვევის ან სამოქალაქო სამსახურის ვალდებულებების აღდგენას, რომლებიც 2011 წელს შეჩერდა. თუმცა, კოალიციაში წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, გასულ წელს კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა უარი თქვა სრული გაწვევის აღდგენის გეგმებზე და ამის ნაცვლად დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა 2031 წლისთვის ჯარის პირადი შემადგენლობის 203 000 აქტიურ სამხედრო მოსამსახურემდე გაზრდას.

მხარდაჭერა ასევე ძლიერი იყო ბელგიაში - 76%, ხოლო აზრი უფრო ორად იყოფა იტალიაში, 53% მომხრე იყო და ესპანეთში, სადაც 54% ეწინააღმდეგებოდა ამ იდეას”, - ასკვნის POLITICO.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის