USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
«Focus» (გერმანია): „უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დასაწყისში ბუნდესვერის არსენალი უკვე ცარიელდებოდა, დღეს კი სიტუაცია უფრო უარესადაა“
Date:  409

„ბუნდესვერი დღეს უფრო უარესად არის შეიარაღებული, ვიდრე ორი წლის წინათ, როცა უკრაინაში რუსეთმა საომარი მოქმედებები დაიწყო“, - ნათქვამია გერმანული ჟურნალ ფოკუსში“ (Focus) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დასაწყისში ბუნდესვერის არსენალი უკვე ცარიელდებოდა, დღეს კი სიტუაცია უფრო უარესადაა“ (ავტორი - თომას საბინი). „გერმანიის არმია ზარალდება არამარტო კადრების უკმარისობით, არამედ ადმინისტრაციული და პოლიტიკური პრობლემებით“.

თუ გერმანელი პოლიტიკოსების პოპულარობის რეიტინგებს დავუჯერებთ, მაშინ გამოდის, რომ თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი მშვენივრად აკეთებს თავის საქმეს, რადგან ბევრი მას მხარს უჭერს, თუმცა სინამდვილეში მან ვერ მიაღწია „ეპოქათა ცვლას“, რომელსაც კანცლერი ოლაფ შოლცი გერმანულ საზოგადოებას პირდებოდა. ვერ მიაღწია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ფაქტორი მინისტრისადმი გამოხატულ სიმპათიებზე გავლენას ვერ ახდენს.

როცა რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, გერმანიის მთავრობამ ბუნდესვერისათვის 100 მილიარდევროიანი „სპეციალური ფონდი“ შექმნა, მაგრამ თანხა ისე დაიხარჯა, რომ ბუნდესვერის გადაიარაღება არ მომხდარა. პირიქით - თუ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე  გერმანული არმია „ნახევრადშიშველი იყო“, დღეს ის მთლიანად „შიშველია“: ექსპერტები ადრე ამბობდნენ, რომ ომის შემთხვევაში გერმანიის არმიის საწყობებში არსებული შეიარაღება ბერლინს მხოლოდ სამდღიანი ბრძოლისათვის ეყოფოდა, დღეს კი ირკვევა, რომ სამი დღე კი არა, სამ საათსაც არ ეყოფა.

ბუნდესვერს სხვა პრობლემებიც ბევრი აქვს: კერძოდ, კადრების დეფიციტი, რომელსაც კიდევ უფრო ამძიმებს ქვეყნის არასახარბიელო დემოგრაფიული მდგომარეობა. ასევე პრობლემურია ახალწვეულთა ჯარში რეკრუტირების მეთოდები. თავდაცვის სამინისტროს არ აქვს მკაფიო სტრატეგია თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიების ათვისება-დანერგვის სფეროში, ხელოვნური ინტელექტით სარგებლობის საკითხებში... ეს ეხება დრონებით, კოსმოსური თანამგზავრებით და კიბერშესაძლობებით სარგებლობასაც. ამ სფეროში ბუნდესვერი დროს კვალდაკვალ ვერ მიჰყვება და ათწლეულებით ჩამორჩება.

არმიის აღჭურვა უკიდურესად დაყოვნებით მიმდინარეობს. შესაცვლელია სახელმწიფო შესყიდვების სისტემა. ამასწინანდელი ე.წ. „რეფორმებით“ ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელ უწყებას თავდაცვის სამინისტრო წარმოადგენს. გასაგებია, რომ ბორის პოსტორიუსის მინისტრობის პერიოდში ბუნდესვერისადმი პოლიტიკური ხელმძღვანელობის დონე გაუმჯობესდა. ის ფაქტი, რომ კანცლერი და თავდაცვის მინისტრი ერთმანეთთან სინქრონში მუშაობენ, მისასალმებელია და გერმანიის ისტორიაში იშვიათ მოვლენას წარმოადგნეს. მაგრამ ეს არასაკმარისია. რეალური შედეგების მისაღწევად მეტი მუშაობაა საჭირო.

წყარო: https://www.focus.de/politik/deutschland/1-5-jahre-nach-dem-sondervermoegen-zu-beginn-des-angriffs-war-die-bundeswehr-blank-heute-ist-sie-blanker_id_259509823.html

 

 

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way