USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
თბილისი
«Focus» (გერმანია): „უკრაინა: სამხედრო სამსახურის რეფორმა ომის დროს“
თარიღი:  606

„სულ უფრო მეტ უკრაინელს არ სურს არმიაში გაწვევა და ფრონტზე ბრძოლა. ისინი ცდილობენ ქვეყნის კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებით ისარგებლონ და მობილიზაციას თავი აარიდონ. ახალგაზრდებს აშინებთ ის, რომ ომი ჭიანურდება და დასასრული არ უჩანს, შესაბამისად, სამსახური ვადები გაურკვეველია. ამასობაში კი ფრონტის ხაზზე ცოცხალი ძალის დეფიციტი სულ უფრო მეტად ძლიერდება: ჯარისკაცები იღუპებიან, სახიჩრდებიან, ავად ხდებიან და უბრალოდ, ბერდებიან“, - ნათქვამია გერმანულ ყოველკვირეულ ჟურნალ „ფოკუსში“ (Focus) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინა: სამხედრო სამსახურის რეფორმა ომის დროს“ (ავტორი - ლილია რჟეცკა).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან წელიწადნახევარზე მეტი გავიდა. მშვიდობიან მოსახლეობაზე რომ არაფერი ვთქვათ, გამუდმებული სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვების, ასევე განუწყვეტელი შეტევებისა და იერიშების შედეგად, ქვეყნის  შეიარაღებული ძალები, სამწუხაროდ, მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის, როგორც დაღუპულების, ასევე დაჭრილ-დასახიჩრებულთა და ხეიბრების სახით.

ამ ყველაფრის შემხედვარე, არმიაში გასაწვევის ასაკის მქონე საკმაოდ ბევრი უკრაინელის განწყობა ისეთია, რომ ყველანაირ გზებს ეძებენ ჯარში სამსახურის თავის ასარიდებლად.  ამას ისიც ემატება, რომ ათი ათასობით ახალგაზრდა საზღვარგარეთ არის გაქცეული და უკან, სამშობლოში დაბრუნებას, სანამ ომი არ დამთავრდება არ აპირებს. მოკლედ, უკრაინაში ახალწვეულთა დეფიციტია, რასაც მეთაურების განცხადებები მოწმობს. ამას ადასტურებს თვით არმიის მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნიც.

ნათელია, რომ თუ არმია შევსებას არ მიიღებს, მოწინააღმდეგესთან გამკლავება გაუჭირდება, ომის მოგებაზე რომ არაფერი ვთქვათ. ჯარისკაცების გარეშე, მხოლოდ ტექნიკით, როგორი მოწინავე და მაღალტექნოლოგიური არ უნდა იყოს, ომში გამარჯვება შეუძლებელია: დრონები, თვითმფრინავები, რადარები და სხვადასხვა მოწყობილობები ხომ სამხედრო მოსამსახურეებმა უნდა მართონ.

რადგან ომი უსასრულოდ გრძელდება და დემობილიზაციის მიახლოებითი ვადებიც კი არ არსებობს, წინა ხაზზე ყოფნა იმათაც არ სურთ, რომლებიც, მართალია, გაწვევას არ ემალებიან, მაგრამ არც ჯარში სამსახურის დიდი სურვილი არ აქვთ. ამასთან დაკავშირებით, უკრაინის მთავრობა იწყებს საპილოტო პროექტის „გონიერი მობილიზაციის“ განხორციელებას, რომელიც გულისხმობს საკონტრაქტო სამსახურზე გადასვლას, ხოლო ვადიანი სამხედრო სამსახური შეიცვლება „გასაწვევი ასაკის მოქალაქეთა ინტენსიური სამხედრო მომზადებით“. ფაქტიურად, ეს არის სამხედრო-საკადრო პოლიტიკის ახალი კონცეფცია. დოკუმენტი უკვე დაამტკიცა თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმაროვმა.

ამ პროგრამის ფარგლებში გასაწვევი ასაკის მქონე მოქალაქეებს უფლება ეძლევათ სამსახურისათვის სხვადასხვა სამხედრო სფეროები და ჯარების სახეობები ამოირჩიონ. მათ გარანტირებული ექნებათ სწავლა, მომზადება, იარაღის ხმარების დაუფლება და ა.შ. უკრაინელი სამხედრო ფსიქოლოგების აზრით, „თუ ვინმემ იცის, რა უნდა, მაშინ მას მეტი მოტივაცია ექნება ბრძოლისათვის“.

გარდა ამისა, კიევი ემზადება ისეთი საინფორმაციო პოლიტიკა გაატაროს, რომლის დროსაც პოტენციურ ახალწვეულებს ეცოდინებათ სამხედრო სამსახურის არამარტო უპირატესობა ჯარის სხვადასხვა სახეობებში, არამედ მათი ნაკლოვანებებიც. გარანტირებულია ფულადი უზრუნველყოფა, სოციალური დაცვა, სუბორდინაციის წესები (ურთიერთობა მეთაურებსა და მათდამი დაქვემდებარებულ სამხედრო პირებს შორის).

რეფორმის მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ უკრაინის არმიაში უზრუნველყოფილი იქნება მამაკაცებისა და ქალების (გენდერული) თანასწორობის პრინციპი, შეიქმნება ისეთი პირობები, რომლითაც მამაკაცებთან ერთად, ქალებიც თანაბრად ისარგებლებენ.

წყარო: https://www.focus.de/

მოამზადა სიმონ კილაძემ

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის