გასული საუკუნის 70-80 იანი წლები თბილისში გამორჩეულად აქტიური წლები იყო. ამ პერიოდთან არის დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეროვნული პროექტების განხორციელება, მათ შორისაა ცნობილი არქიტექტურული და ხუროთმოძღვრების ძეგლები.
ჩვენს უახლეს წარსულს ამ ძეგლებთან დაკავშირებით ბევრი ისტორია შემორჩა, თუმცა არის ბევრი კადრს მიღმა დარჩენილი ეპიზოდები, რომელთა შესახებ ნოდარ ანდრიაძის მოგონებებს გთავაზობთ. ბატონი ნოდარი ამ ისტორიების მოზიარე უფროსი ძმის ირაკლი ანდრიაძის მეშვეობით გახდა, რომელიცამ პროცესების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი და შემოქმედი იყო.
ნოდარ ანდრიაძე: ჩვენს ოჯახში და საახლობლო წრეში, ყოველთვის ტრიალებდა ფიქრი საქართველოზე, რომელიც ეროვნული სულისკვეთებით იყო განმსჭვალული. ამან ბევრი რამ განაპირობა ჩემი და ჩემი ძმის ირაკლი ანდრიაძის ცხოვრებაში, საქმიანობაში. ეს განსაკუთრებულად აისახა ირაკლის მოღვაწეობაზე, ის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი, ეროვნული პროექტის ავტორი და შემოქმედი იყო. ირაკლი ხელოვნების დიდი დამფასებელი გახლდათ, ალბათ ამიტომაც, განსაკუთრებული დამოკიდებულება და ახლო მეგობრობა აკავშირებდა მწერლებთან, არქიტექტორებთან, მსახიობებთან, ძალიან აფასებდა ქართულ სპორტს, ჩვენს სპორტსმენებს ირაკლისგან დიდი ხელშეწყობა და დახმარება ჰქონდათ.
სწორედ ეროვნული ფაქტორის გავლენა იყო, რომ ირაკლი თავიდან ბოლომდე იყო ჩართული ზურაბ წერეთელის უნიკალური მონუმენტის „საქართველოს მემატიანეს“ განხორციელებაში. ზურაბი და ირაკლი სტუდენტობის პერიოდიდან მეგობრობდნენ და ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, მათი მეგობრობა ირაკლის სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა.
„საქართველოს მემატიანე“ არის გრანდიოზული ძეგლი, რომელიც ასახავს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რელიგიურ და ისტორიულ მოვლენებს და პიროვნებებს. მასზე გამოსახულია ქრისტეს ცხოვრების ამსახველი ეპიზოდები, ქართველი მეფეების, ქართული ლიტერატურული ნაწარმობების სიუჟეტები, ჩვენი პოეტების საუკეთესო ლექსები.
ამ ძეგლზე ზურაბ წერეთელმა ტიტანური შრომა გაწია. ირაკლი მას გვერდში ედგა და ძალიან ეხმარებოდა. სწორედ ირაკლის მიერ მოხდა ძეგლისთვის შესაფერისი ადგილის შერჩევა და გამოყოფა ყეენის მთაზე, საიდანაც იშლება საოცარი ხედი თბილისზე.
მონუმენტის დადგმას წინ უძღოდა ერთი არასასიამოვნო ამბავი. მოგეხსენებათ 90 იან წლებში, თბილისში არეული სიტუაცია იყო, შეიარაღებულმა ფორმირებებმა მოიტაცეს თბილისში ჩამოტანილი და დასაწყობებული კონსტრუქციები, რომელთაც სპილენძის ზედაპირები ჰქონდა. ისინი პეტერბურგში იყო ჩამოსხმული. ზურას და ირაკლის მათი ჩამოტანა მეორედ მოუწიათ. ირაკლიმ დაავალა შესაბამის სამსახურებს, რომ კონსტრუქციები გადაემალათ გასაიდუმლოებულ საწყობში, აეროპორტის გზაზე, რომ მათ კვლავ არ შექმნოდა საფრთხე. კაციშვილმა არ იცოდა სად იყო დამალული მონუმენტის ნაწილები. მათი დადგმის დროსაც ირაკლიმ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღო, დაცვის გამოყოფა გახდა საჭირო, რომ არ გაეძარცვათ. ირაკლი ხშირად ადიოდა ყეენის მთაზე ამ ძეგლის მონტაჟის დროს, სადაც სერიოზული სამუშაოები ჩატარდა. მშენებლებმა ფუნდამენტში დიდი რაოდენობით რკინა-ბეტონი ჩაასხეს, რადგან სიმაღლის გამო ეს საკმაოდ რთული კონსტრუქციები იყო და ბევრი დეტალი უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. მშენებლები ირაკლის სიტყვას ძალიან ენდობოდნენ, რადგან იცოდნენ, რომ მისი ღრმა და კვალიფიციური ცოდნა და გამოცდილება ამ სფეროში. საბოლოო ჯამში მართლაც დიდებული მონუმენტი გამოვიდა, რომელიც უკვე ათეული წლებია ამშვენებს თბილისს.
აქვე გავიხსენებ ერთ ისტორიას. ავლაბარში, სადაც ახლა ულამაზესი ბაღი და მეფე ფარნავაზის ძეგლია, ადრე სამხედრო შენაერთი იყო. ჩემმა ძმამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ იქ ბაღი და ფარნავაზის ძეგლი გაკეთებულიყო. ერთ ღამეში გაიყვანა იქიდან სამხედრო ნაწილის მოსამსახურე პერსონალი და მაცხოვრებლები, რის გამოც დიდი დაპირისპირება მოუხდა საბჭოთა კავშირის მაშინდელ თავდაცვის მინისტრთან. სამხედრო ნაწილის ადგილზე გაკეთდა მშვენიერი ბაღი, თავიდანვე გადაწყვეტილი იყო მეფე ფარნავაზის ძეგლის დადგმა, რომელიც ირაკლის დაკვეთით და ორგანიზებით ჩამოასხეს, თუმცა მისი დადგმა მოხდა ცოტა მოგვიანებით.
- როგორც ცნობილია, ირაკლი ანდრიაძის ორგანიზებით და ხელშეწყობით მოხდა „ქართლის დედის“ ახალი ძეგლის დადგმა, რომლითაც შეიცვალა ძველი ძეგლი.
- „ქართლის დედის “ მონუმენტურ ქანდაკებასთან დაკავშირებით არსებობს ასეთი ისტორია. როგორც ცნობილია, დღეს არსებულ ძეგლამდე არსებობდა ქანდაკება, რომელიც დაიდგა 1958 წელს თბილისის 1500 წლისთავთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, თავიდან „ქართლის დედა“ არ იყო ჩაფიქრებული არქიტექტურულ შედევრად, მაგრამ ქართველი ქალის როლი იმდენად დიდი და განუზომელია ამ ქალაქის და ქვეყნის ისტორიაში, რომ ძეგლმა მალე შეიძინა სიმბოლური დატვირთვა და გახდა თბილისის სიმბოლო.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისგან ირაკლიმდე მივიდა ინფორმაცია, რომ ლენინის მოედნიდან ქვემოთ თუ დაეშვებოდით, ისე ჩანდა, თითქოს „ქართლის დედის“ ხმალი „თავს აჭრიდა“ ლენინის ძეგლს. რამდენადაც მერე დავაზუსტე, ეს საკითხი ირაკლისთან დააყენა მექანიკა მათემატიკის ფაკულტეტის დოცენტმა რაფო ჭიჭინაძემ, რომელიც ძალიან კარგი მათემატიკოსი იყო. ეს თემა კარგად იყო ცნობილი თავად ბატონი ელგუჯა ამაშუკელისთვის, მაგრამ მაშინ ვერ მოხდა ამ პრობლემის გადაწყვეტა. ირაკლიმ, როგორც სჩვეოდა, სასწრაფოდ დაიწყო დეტალებში გარკვევა. მას თავისი თვალით უნდა ენახა ყველაფერი. ირაკლი ავიდა „ქართლის დედის“ ძეგლთან, სადაც აღმოაჩინა, რომ კონსტრუქციის დიდი ნაწილი ფანერით და თხელი ლითონით იყო გაკეთებული, რომელიც წვიმისგან და მზისგან უკვე დაზიანებული იყო. ძეგლი ისეთ მდგომარეობაში დახვდა, ამბობდა ძლიერი ქარიც კი წააქცევდაო. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გაკეთებულიყო ახალი ძეგლი, რომელიც იქნებოდა უკეთესი ხარისხის და ძველ ძეგლზე მაღალი, რომ ლენინის ძეგლის „თავის მოჭრის“ საკითხი თავიდან აერიდებინათ. ძველი ძეგლის გვერდით, რამდენიმე მეტრში, გაკეთდა ახალი უფრო მაღალი კვარცხლბეკი, 31- ე ქარხანაში ირაკლის ორგანიზებით შექმნეს ახალი თხელი ლითონის კონსტრუქცია, რომელიც დამონტაჟდა ინჟინერ გელაშვილის მიერ. პარალელურად ირაკლიმ დაუკვეთა უკვე დღევანდელი ძეგლი, რომელიც ვერ მოესწრო ირაკლის დროს და მისი დადგმა მოხდა ბადრი შოშიტაიშვილის მერობის პერიოდში. მე მახსოვს, როგორ იდგა ორი ძეგლი ორი დღის განმავლობაში ერთმანეთის გვერდით, რაზეც თბილისში ბევრი მხიარული ლეგენდა და მითი გაჩნდა (იცინის)
მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ, თუ როგორი იყო ქართველი ხალხის, უნივერსიტეტის პროფესორ -მასწავლებლების სულისკვეთება და რა შედეგი მოიტანა ამ სულისკვეთებამ. არის სიმბოლოები, რომელიც აკეთებს თავის საქმეს, თუმცა წარმოუდგენელია ახსნა რა ლოგიკით. სწორედ უნივერსიტეტელების ოცნება, აზროვნების წესი, საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი, მათი ანტილენინური განწყობები, გამოვლინდა ამ საკითხშიც. ლენინის ძეგლის მოხსნამდე გასწორდა „ქართლის დედა“, ის აღარ „ჭრიდა თავს,“ლენინს, თუმცა ლენინის ძეგლს ამანაც ვერ „უშველა“ - ცოტა ხანში ის მაინც მაინც გადმოაგდეს (იცინის)
- როგორ გახსოვთ ირაკლი ანდრიაძის წვლილი დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმაში?
- კარგად მახსოვს ამ ისტორიასთან დაკავშირებული პერიპეტიები და ირაკლის განცდები. მერაბ ბერძენიშვილს ძალიან უნდოდა და პრინციპულად ითხოვდა, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი სასტუმრო „ივერიასთან“ დაედგათ. ქვა, რომლითაც მოპირკეთებული იყო დავით აღმაშენებლის ძეგლის პოტსდამი, ზუსტად იმ ფერისაა, რაც გამოყენებული იყო სასტუმრო „ივერიის“ მოპირკეთებაზე. ირაკლი ამ სასტუმროს მშნებლობაში იღებდა მონაწილეობას და იცოდა, თუ სად იშოვიდნენ ამ ქვას, რომელთა ნაწილების ჩამოტანაც მოხდა სპეციალურად ყაზბეგიდან. წლების შემდეგ, დავით აღმაშენებლის ძეგლი ძველი ადგილიდან დიღომში გადაიტანეს, რასაც თბილისის მოსახლეობის გარკვეული პროტესტი მოჰყვა. ხალხი წუხდა, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი ქალაქის ცენტრიდან გაიტანეს. მოგვიანებით, კი იქ დაიდგა ველოსიპედის ძეგლი. თბილისელებმა ხუმრობით ამ ველოსიპედს „კამოს ველოსიპედი“ უწოდეს, რადგან სწორედ ამ ადგილზე გარდაიცვალა რევოლუციონერი კამო, რომელიც ველოსპედით მოდიოდა, როდესაც ეტლი დაეჯახა.
მე მახსოვს, თბილისელების წუხილი, როცა დიდი მეფის ძეგლი ქალაქის ცენტრიდან აიღეს. ირაკლიც ძალიან ღელავდა ამ საკითხზე. ის თბილისზე შეყვარებული, მასზე მოამაგე მოღვაწე იყო, ამიტომაც ყველაფერი რაც ამ ქალაქს უკავშირდებოდა, გულთან ისე ახლოს მიჰქონდა და ისე განიცდიდა, რომ ამისი სიტყვებით გადმოცემა რთულია.
ესაუბრა თამარ ნიჟარაძე
ნოდარ ანდრიაძე