USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, არჩილ ჩიმაკაძის, დაბადებიდან 105 წელი გავიდა
Date:  2444

არჩილ ჩიმაკაძემ ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტი დაამთავრა. მისი პედაგოგები იყვნენ დიდი ქართველი კომპოზიტორები შალვა მშველიძე და ანდრია ბალანჩივაძე. ამის შემდეგ სწავლა გააგრძელა მოსკოვის კონსერვატორიაში ა. ალექსანდროვის ხელმძღვანელობით.

არჩილ ჩიმაკაძის შემოქმედება მოიცავს სიმფონიურ, ვოკალურ-სიმფონიურ, ინსტრუმენტულ და საგუნდო მუსიკას. კანტატა „ქართლის გული“ (ტექსტი ა. აბულაძის) მიჩნეულია ჟანრის საუკეთესო ნიმუშად ქართულ მუსიკაში. კომპოზიტორმა შექმნა მუსიკალურ-დრამატული კომპოზიცია „ვეფხისტყაოსანი“, სიმფონიური პოემა „დევლეთი“ (ს. კლდიაშვილის ნოველის მიხედვით), ბალადა ბარიტონისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (ტექსტი ი. გრიშაშვილის), „ოდა სამშობლოს“ შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (ტექსტი დ. გაჩეჩილაძის). აღსანიშნავია, აგრეთვე, რომანსები ნიკოლოზ ბარათაშვილის, გიორგი ლეონიძის, შოთა ნიშნიანიძის ლექსებზე.
ნაყოფიერი იყო მისი თანამშრომლობა რუსთაველისა და მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრებთან. შექმნა მუსიკა სპექტაკლებისათვის: „ყვარყვარე თუთაბერი“, „ჰამლეტი“ , „ბახტრიონი“, „ ფიროსმანი“, „მედეა“ „არაგველები“, „ანტიგონე“, „ირინეს ბედნიერება“, „დარისპანის გასაჭირი“, „მეთორმეტე ღამე“ და სხვა.
კომპოზიტორი ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობასთან ერთად აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. მან მუსიკოსთა არაერთი თაობა აღზარდა. 1960-1963 წლებში - იყო თბილისის I სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი, 1963-1967 წლებში - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორი, 1968 წლიდან - ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1972-1976 წლებში - საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს მუსიკალური გადაცემების სამხატვრო ხელმძღვანელი.
არჩილ ჩიმაკაძე იყო საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961), საქართველოს სახალხო არტისტი (1973).

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს არჩილ ჩიმაკაძის ხსოვნას და ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილ მის წვლილს.

სურათზე მარცხნიდან: ვანო გოკიელი, ნიკოლოზ (კოკა) გუდიაშვილი, არჩილ ჩიმაკაძე, რევაზ გაბიჩვაძე, მირა ფიჩხაძე, სულხან ნასიძე

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way