USD 2.6797
EUR 2.8812
RUB 2.9138
Tbilisi
ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, არჩილ ჩიმაკაძის, დაბადებიდან 105 წელი გავიდა
Date:  128

არჩილ ჩიმაკაძემ ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტი დაამთავრა. მისი პედაგოგები იყვნენ დიდი ქართველი კომპოზიტორები შალვა მშველიძე და ანდრია ბალანჩივაძე. ამის შემდეგ სწავლა გააგრძელა მოსკოვის კონსერვატორიაში ა. ალექსანდროვის ხელმძღვანელობით.

არჩილ ჩიმაკაძის შემოქმედება მოიცავს სიმფონიურ, ვოკალურ-სიმფონიურ, ინსტრუმენტულ და საგუნდო მუსიკას. კანტატა „ქართლის გული“ (ტექსტი ა. აბულაძის) მიჩნეულია ჟანრის საუკეთესო ნიმუშად ქართულ მუსიკაში. კომპოზიტორმა შექმნა მუსიკალურ-დრამატული კომპოზიცია „ვეფხისტყაოსანი“, სიმფონიური პოემა „დევლეთი“ (ს. კლდიაშვილის ნოველის მიხედვით), ბალადა ბარიტონისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (ტექსტი ი. გრიშაშვილის), „ოდა სამშობლოს“ შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (ტექსტი დ. გაჩეჩილაძის). აღსანიშნავია, აგრეთვე, რომანსები ნიკოლოზ ბარათაშვილის, გიორგი ლეონიძის, შოთა ნიშნიანიძის ლექსებზე.
ნაყოფიერი იყო მისი თანამშრომლობა რუსთაველისა და მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრებთან. შექმნა მუსიკა სპექტაკლებისათვის: „ყვარყვარე თუთაბერი“, „ჰამლეტი“ , „ბახტრიონი“, „ ფიროსმანი“, „მედეა“ „არაგველები“, „ანტიგონე“, „ირინეს ბედნიერება“, „დარისპანის გასაჭირი“, „მეთორმეტე ღამე“ და სხვა.
კომპოზიტორი ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობასთან ერთად აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. მან მუსიკოსთა არაერთი თაობა აღზარდა. 1960-1963 წლებში - იყო თბილისის I სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი, 1963-1967 წლებში - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორი, 1968 წლიდან - ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1972-1976 წლებში - საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს მუსიკალური გადაცემების სამხატვრო ხელმძღვანელი.
არჩილ ჩიმაკაძე იყო საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961), საქართველოს სახალხო არტისტი (1973).

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს არჩილ ჩიმაკაძის ხსოვნას და ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილ მის წვლილს.

სურათზე მარცხნიდან: ვანო გოკიელი, ნიკოლოზ (კოკა) გუდიაშვილი, არჩილ ჩიმაკაძე, რევაზ გაბიჩვაძე, მირა ფიჩხაძე, სულხან ნასიძე

sport
ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრესრელიზის მიხედვით, შპს Feliciana EFL-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში მყოფ Blue Ocean Partners II Limited-ს მიჰყიდა. შედეგად, ლომთაძე გახდა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც. (დირექტორთა საბჭოს ორ ახალ წევრთან - ედუარდ ვიშნიაკოვთან და დანიელ რაისთან ერთად).

ქართველმა მილიარდერმა, კლუბის და გულშემატკივრებისთვის მიწერილ გზავნილში თქვა, რომ ის მსუბუქად არ მოეკიდება აღებულ პასუხისმგებლობას გულშემატკივრების, პერსონალისა და ფეხბურთელების წინაშე.

„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით“, - განაცხადა ლომთაძემ.

1887 წელს დაარსბული Wycombe Wanderers ბუკინგემშირში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარეობს.

მიხეილ ლომთაძე არის Kaspi.kz-ის სამი ძირითადი აქციონერიდან ერთ-ერთი. 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით იგი ფლობდა ყაზახური ფინტექს კომპანიის საერთო აქციების 22,6%-ს. 2022 წელს მან მეშვიდე ადგილი დაიკავა ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგში.

ლომთაძე ბიძინა ივანიშვილის შემდეგ რიგით მეორე ქართველი მილიარდერია, რომელიც forbes-ის შეფასებით ივანიშვილზე მდიდარია, ხოლო Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილზე 700 მლნ-ით ნაკლები ქონება აქვს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way