USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
თბილისი
„ნიუ-იორკ თაიმსი“ - „პუტინი უკვე წაგებულია“
თარიღი:  

აშშ-ის გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) 23 თებერვლის ნომერში აქვეყნებს სტატიას სათაურით „პუტინი უკვე წაგებულია“, რომლის ავტორია რაჯან მენონი, პროგრამა „დიდი სტრატეგიის“ დირექტორი Defense Priorities-ში, ამერიკულ ანალიტიკურ ცენტრში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის მეორე წლისთავის მოახლოების კვალობაზე ყველა ლაპარაკობს, რომ დრო რუსეთის პრეზიდენტის მხარეზეა. იმ პირობებში, როცა უკრაინა იარაღისა და საბრძოლო მასალების გარეშე რჩება, როცა აშშ-ის დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშაა, ხოლო რუსეთი სულ უფრო მეტად აფართოებს თავის ძალისხმევას ფრონტის ხაზზე, უკრაინის გამარჯვების შესაძლებლობა მიუწვდომლად მოჩანს. ზოგიერთი გავლენიანი ექსპერტები თავიანთ პროგნოზებსა და დასკვნებში უფრო შორს მიდიან: „კიევი თუ ჯიუტობას გააგრძელებს და მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება, მით უფრო მეტი უკრაინელი დაიღუპება, ქვეყანა მით უფრო მეტად დაინგრევა. ამიტომ უკრაინა უნდა შეურიგდეს ბედს და მოსკოვთან ომის პოლიტიკური დარეგულირებაზე დათანხმდეს - თუნდაც ამისთვის ტერიტორიის შეწირვა გახდეს აუცილებელი.

და მაინც, ამ ყველაფრის მიუხედავად, ვლადიმერ პუტინის ომი ჩაიფუშა. როგორც ცნობილი სამხედრო თეორეტიკოსი კარლ ფონ კლაუზევიცი ამბობდა, ომი საბოლოო ჯამში ადამიანების სიკვდილში და ნგრევაში კი არ გამოიხატება, არამედ ის კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალებას წარმოადგენს. მათ, ვინც ომს იწყებენ, იმედი აქვთ, რომ ომის დასრულებისას უკეთეს სტრატეგიულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მაგრამ ეს ომი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებითაც რომ დასრულდეს - ანუ იმ სცენარით, რომელიც უკრაინელებისათვის ყველაზე არასასურველი იქნებოდა - მოსკოვის პოზიცია მაინც უარესი იქნება.. კრემლის ნების მიუხედავად, უკრაინა მაინც თავისი გზით ივლის, რაც ვლადიმერ პუტინისათვის დამარცხების ტოლფასია.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ დაწყებული ომის ძირითად მიზანს უკრაინის რუსეთის ორბიტაზე დაკავება წარმოადგენდა (პოლიტიკურად, კულტურულად და ეკონომიკურად) - მაშინ კრემლმა საწინააღმდეგო ეფექტი მიიღო. უკრაინის ლიდერებმა და მოქალაქეებმა, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებმა უკვე გადაწყვიტეს, რომ მათი ქვეყნის მომავალი დასავლეთთან არის დაკავშირებული და არა რუსეთთან. უკრაინელები თანდათან ცხოვრების დასავლურ სტანდარტებზე გადადიან, სულ უფრო მეტად მატულობს დასავლურ ენებზე მოლაპარაკეთა რაოდენობა

უკრაინას, როგორც წესი, გამოხატავენ როგორც ორი ეროვნების [ეთნოსის] მოსახლეობის რთულ ნარევს - ერთი მხრივ, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მცხოვრებლებს, რომლებიც თვლიან, რომ ეთნიკური უკრაინელები არიან თავიანთი ენით და ტრადიციებით, მეორე მხრივ კი - აღმოსავლეთში (დონბასში) და სამხრეთში (ყირიმში) მცხოვრებლებს, რომლებიც თავს რუსებად (რუსულენოვნებად) თვლიან. ალბათ, ოდესღაც ასეთი განმარტება ზუსტი იყო, მაგრამ ამჟამად უკვე ძველებურად აღარ არის: ნებისმიერი, ვინც კი აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტის ხაზებს ეწვევა და იქ მყოფ ჯარისკაცებს გაესაუბრება, დარწმუნდება, რომ ისინი რუსულად ლაპარაკობენ და შეიძლება უკრაინული ენა არც იცოდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, თავს უკრაინის მოქალაქეებად თვლიან და რუსეთის წინააღმდეგ გამოდიან, მზად არიან თავის შესწირონ სამშობლოს - უკრაინის თავისუფლებას.

ასეთი განწყობის გაჩენას ხელი თვითონ რუსეთმა შეუწყო, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინას თავს დაესხა. დღეს უკრაინული ნაციონალიზმი ისეთია, რომელიც უკვე გასცდა რეგიონალურ და ენობრივ ჩარჩოებს და რომელიც ასახავს უკრაინელობას, მოსახლეობის იდენტურობას, რუსებისაგან განსხვავებულს და შეიძლება ითქვას, რუსების მიმართ ანტიპათიურებიც კი არიან.

ვლადიმერ პუტინი ნამდვილად შეიძლება ისტორიაში შევიდეს ისეთ პიროვნებად, რომელმაც კატალიზატორის როლი შეასრულა უკრაინის მოსახლეობის ეთნიკურ უკრაინელებად ჩამოყალიბებაში. თუ გავითვალისწინებთ რუსეთის პრეზიდენტის რწმენას იმაში, რომ რუსები და უკრაინელები ერთ ხალხს წარმოადგენენო, მისი მოქმედების შედეგი განსაკუთრებით ირონიულად გამოიყურება.

ვლადიმერ პუტინის მიერ დაწყებულმა ომმა არასასიამოვნო ეკონომიკური შედეგები გამოიწვია არა მარტო უკრაინისათვის, არამედ ევროკავშირისათვისაც. თუმცა იმავდროულად  ევროკავშირმა, რომელიც ადრე  გაყოფილი იყო თავისი სხვადასხვანაირი მიდგომებით რუსეთის მიმართ, ომის დაწყებისას შესაშური ერთიანობა გამოამჟღავნა (ერთადერთი წევრი ქვეყნის - უნგრეთის გამოკლებით). მნიშვნელოვანი შედეგია ისიც, რომ კრემლი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებოდა, ამ ომით კი სრულიად საპირისპირო შედეგი მიიღო: უკრაინა როგორც არასდროს, ისე ახლოს დგას ევროკავშირის ზღურბლთან - გაწევრიანების მიზნით მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

რაც შეეხება ნატოს საკითხს: რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრა, რასაკვირველია, იმითაც იყო განპირობებული, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ გამხდარიყო - ჩრდილოტლანტიკური ალიანსის წევრი, რომელსაც ვლადიმერ პუტინი დიდი ხანია რუსეთის საფრთხედ მიიჩნევს. საბოლოო ჯამში კი პირიქით მოხდა: უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამ ორ სახელმწიფოს - ფინეთსა და შვედეთს, რომლებიც ნეიტრალურები იყვნენ, ნატოში გაწევრიანების სურვილი აღუძრა. ორივეს უმაღლესი კლასის არმია ჰყავს, უახლესი მაღალტექნოლოგიური იარაღით.  რუსეთი, ალბათ, ნანობს ასეთ შედეგს - მოსკოვი ხომ ბალტიის ზღვაზე უკვე შევიწროვებული იქნება, რადგანაც შვედეთიც და ფინეთიც, აწ უკვე ნატოს წევრები, ბალტიის ზღვის ქვეყნები არიან. რუსეთი იძულებული ხდება გაამაგროს „ნატოელ ფინეთთან“ თითქმის 1000 კმ-იანი სახმელეთო საზღვარი, რომელსაც ადრე, „ნეიტრალური ფინეთის“ დროს, შედარებით ნაკლები ყურადღება ექცეოდა.

უფრო მეტიც - უკრაინაზე თავდასხმამ ნატოს წევრი ქვეყნები აიძულა  მეტი ყურადღება დაეთმოთ საკუთარი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე და სამხედრო ბიუჯეტი გაეზარდათ (მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ით). ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, ნატოს წევრი 18 ქვეყანა უკვე გაზრდილ თანხებს დახარჯავს თავდაცვისათვის, მათ შორის გერმანიაც, რომელიც ადრინდელი პოზიციისაგან განსხვავებით, რუსეთს უკვე საფრთხის მომტან ქვეყნად თვლის.

უკრაინა, რა თქმა უნდა, ესწრაფვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას, რაც კრემლისათვის კოშმარულ სცენარს წარმოადგენს. და თუნდაც კიევის ეს სურვილი აუხდენელი  დარჩეს - რაც, სავარაუდოდ, ასე იქნება, უახლოეს პერსპექტივაში მაინც - უკრაინა მაინც გააგრძელებს ნატოს ქვეყნებთან ურთიერთობას მათგან დახმარების მიღების მიზნით (ჯარისკაცების გაწრთვნაში, თანამედროვე შეიარაღებაში, სამხედრო ტექნოლოგიების გადაცემაში და ა.შ.). უკრაინა ნატოს წევრი რომც არ გახდეს, ის აბსოლუტურად ბლოკსგარეშე და მიუმხრობელი ქვეყანა მაინც არ იქნება, მას დასავლეთთან მჭიდრო კავშირები აქვს.

შესაძლოა, პესიმისტები მართლები არიან: თუ ამერიკული სამხედრო დახმარება შეწყდება, უკრაინისათვის ძნელი იქნება და სავარაუდოდ, შეუძლებელი გახდება თავისი ტერიტორიის დიდი ნაწილის დაბრუნება. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ კიევმა დამატებით სხვა ტერიტორიებიც დაკარგოს, მაგრამ პატარა უკრაინაც კი შეინარჩუნებს სტრატეგიულ მნიშვნელობას. როცა უკრაინა 1991 წელს დამოუკიდებელი გახდა, ის ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფო იყო ტერიტორიით (რუსეთს თუ არ ჩავთვლით), ხოლო თავისი მოსახლეობით - მეხუთე ქვეყანა. შემცირებული უკრაინაც კი ევროპის ერთ-ერთ დიდ ქვეყნად დარჩება. ამას დაემატება აგრეთვე ისიც, რომ მას ეყოლება ბრძოლებში გამოწრთობილი არმია 500 ათასი ჯარისკაცით, რაც ბევრად მეტია ნატოს ნებისმიერ ევროპელ წევრთან შედარებით.

ვლადიმერ პუტინი უკრაინას განიხილავს როგორც პრიზს, რომლის მიღების უფლება მხოლოდ რუსეთს აქვს. მაგრამ ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინის დასაუფლებლად, უკვე იძლევა იმის გარანტიას, რომ კრემლი ამ პრიზს ვერასოდეს ვერ მიიღებს.

წყარო: https://www.nytimes.com/2024/02/22/opinion/russia-ukraine-invasion-putin.html

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის