პუბლიცისტი, კრიტიკოსი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე – ეს ნიკო ნიკოლაძის საქმიანობათა არასრული ჩამონათვალია. როგორც მკვლევარი დალი ჩიკვილაძე ამბობს, ის იყო მამულიშვილი, რომელიც თავისი აზროვნებითა და საქმისადმი მიდგომით ნამდვილად უსწრებდა დროს.
ნიკო ნიკოლაძე დაიბადა ქუთაისში, 1843 წლის 27 სექტემბერს, იაკობ ნიკოლაძის ოჯახში. და-ძმას შორის ყველაზე უფროსი იყო.
ნიკოს მამამ კარგად იცოდა განათლების ფასი. იაკობ ნიკოლაძე ქუთაისში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აღებ-მიცემობის საქმეს მიჰყო ხელი: ჯერ ხე-ტყით ვაჭრობა დაუწყია, შემდეგ, ქალაქის ხელმძღვანელობის დაკვეთით, აშენებდა საცხოვრებელ სახლებს. მოგვიანებით, ფოთიდან ხის კუნძებს უცხოელებზე ყიდდა. იყო ერთ-ერთი პირველი კომერსანტიც, ერთხანს გერმანიაში წასულა ზღვით და ქუთაისში გასაყიდად ქსოვილები ჩამოუტანია.
ნიკო ნიკოლაძე ქუთაისის გიმნაზიაში სწავლობდა. მამა თავის თანაშემწედ ზრდიდა და შესაბამისად, ტექნიკურ განათლებას იღებდა.
„მე-6 კლასში იყო, მამას ფოთში გაჰყვა საქმეზე, იქ კოღომ უკბინა და ციება დაემართა. მთელი წელი მკურნალობდა სახლში. გიმნაზიაში არ დადიოდა, თუმცა, ძალიან ბევრს კითხულობდა და მეცადინეობდა. ეს იყო 1860 წელი. სწორედ მაშინ გააგზავნა 2 ფელეტონი თბილისში, ჟურნალ „ცისკარში“, ფსევდონიმით „მეკენჭე“. ივანე კერესელიძემ ორივე ტექსტი გამოაქვეყნა, ისე, რომ არც კი იცოდა, ვინ იყო მისი ავტორი. ეს იყო, ფაქტობრივად, ნიკოს დებიუტი. მოგვიანებით, როცა უკვე ცნობილი პუბლიცისტი და მოღვაწე გახდა, ამბობდა, ყველაზე მეტად, სულით და გულით ჟურნალისტობა მინდა, მაგრამ ჩემი ეს პროფესია დღეს არავის სჭირდება. როგორც ჩანს, ან ძალიან ადრე დავიბადე, ან ძალიან დავიგვიანეო“.
ნიკო ნიკოლაძემ დაარწმუნა მამა, რომ გიმნაზიის ჰუმანიტარული მიმართულებით დამთავრების და შემდეგ, საინჟინრო საქმის შესწავლის ნაცვლად, პეტერბურგში, იურიდიულ ფაკულტეტზე შესვლის ნება მიეცა. ასეც მოხდა – 1861 წელს, 2 მეგობართან ერთად, ქუთაისიდან პეტერბურგში გაემგზავრა.
როგორც მოგონებებში წერს, რუსეთის იმდროინდელ დედაქალაქში, დაახლოებით სამ თვეში, 6 მაისს, გიორგობის მზიან დღეს ჩავიდა.
„1861 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში პეტერბურგში არეულობა დაიწყო. სტუდენტები უნივერსიტეტში მატრიკულების შემოღების წესს აპროტესტებდნენ. იმ დროს უმაღლეს სასწავლებელში ლექციებზე დასასწრებად სტუდენტის სტატუსი აუცილებელი არ იყო, ყველას შეეძლო შესვლა. ამიტომ, აუდიტორიებში ე.წ. ბუნტარებიც ხვდებოდნენ, რომლებიც თავისუფლებისკენ ისწრაფოდნენ, თავიანთი იდეალების შესახებ საუბრობდნენ და ამით სასწავლო პროცესი ფერხდებოდა. უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, უნივერსიტეტში ახალი წესი შემოეღო, ვისაც მატრიკული არ ექნებოდა, შენობაში არ დაეშვათ. სტუდენტებმა, პროტესტის ნიშნად, ნევის პროსპექტზე 3 დღიანი მანიფესტაცია გამართეს რომელშიც, 12 ქართველი და მათ შორის, ნიკო ნიკოლაძე მონაწილეობდა. ამ საქციელისთვის დემონსტრანტებს ჯერ პეტერბურგში, პეტრე-პავლეს ციხეში, შემდეგ კი, კრონშტადტის ციხეში უკრეს თავი.
როგორც ნიკო იხსენებს, ადგილობრივებმა ძალიან კარგად მიგვიღეს, გემიდან გადმოსულებს ქალებმა ყვავილები და ნამცხვრები მოგვართვესო. საერთოდ, ამ პერიოდს ნიკოლაძე საკმაოდ ნაყოფიერს უწოდებს, რადგან, იქ სტუდენტებთან ერთად, ლექტორებიც გადაასახლეს და სწორედ იქ გავიგე, რა არის თავისუფლება და როგორ უნდა იბრძოლო მის მოსაპოვებლადო. ამ დროს რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე II პეტერბურგში არ იყო. ეს ამბავი რომ შეიტყო, ადმინისტრაციას შემოუთვალა, სტუდენტები უმაღლეს სასწავლებელში დაებრუნებინათ, ოღონდ მშობლების თავდებობის გარანტიით. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ასეც მოიქცა. მაგრამ ნიკომ გადაწყვიტა, მამისთვის ეს ამბავი არ შეეტყობინებინა. შიშობდა, რომ პეტერბურგში აღარ გააჩერებდა. ამიტომ, უნივერსიტეტში სწავლას თავი დაანება, სტუდენტის ფორმა გაიხადა და საცხოვრებლად ქალაქის გარეუბანში, აკაკი წერეთელთან გადავიდა. ყველგან ქართული ჩოხით დადიოდა. დაიწყო „სავრემენნიკის“ კითხვა, რომელიც იმ დროს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცემა იყო. თანამშრომლობდა კიდეც ამ გამოცემასთან. მოგვიანებით, მოგონებებში წერდა, რომ ეს პერიოდი მისთვის უდიდესი წრთობა იყო. ამ დროისთვის ნიკო ნიკოლაძე ფლობდა ფრანგულ, რუსულ, ენებს. მოგვიანებით შეისწავლა ინგლისური, იტალიური და გერმანული. დეკემბერში, შობის წინა დღეებში, სახლში ორმა უცნობმა ქალბატონმა მიაკითხა და 2 დღით, სადღესასწაულო კარნავალისთვის, ქართული ჩოხა სთხოვა. სამოსი მართლაც დათქმულ დროს დაუბრუნეს და ფილოსოფოსის, რევოლუციონერ-დემოკრატისა და მწერლის, ნიკოლოზ ჩერნიშევსკის ოჯახში ჩაიზე დაპატიჟეს. აღმოჩნდა, რომ ამ ქალბატონებიდან ერთი ოლგა სოკრატეს ასული, ჩერნიშევსკის მეუღლე, მეორე კი მისი და იყო. მალე მათ იმდენად დაუახლოვდა, რომ 1862 წლის ზაფხული ამ ოჯახის გვერდით გაატარა. როგორც თავად იხსენებს, უსმენდა ჩერნიშევსკის ლექციებს, საუბრებს თავისუფლებაზე, იღებდა განათლებას. შემოდგომაზე ნიკო პეტერბურგში დაბრუნდა. ჩერნიშევსკი დააპატიმრეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, როგორც თავისუფლების მოთხოვნით ახალგაზრდების „გამრყვნელს“. მოგვიანებით, სასჯელი შეუცვალეს და პეტერბურგიდან გაასახელეს. ამის შემდეგ, ნიკო პეტერბურგში დიდხანს აღარ გაჩერებულა. 1863 წელს საქართველოში დაბრუნდა“.
სურათზე: ნიკო ნიკოლაძე ფოთის ნავსადგურში
თუმცა, დიდხანს არც აქ გაჩერებულა. სწავლა პარიზში, სორბონას უნივერსიტეტში განაგრძო. იქ ძალიან ბევრს შრომოდა, სწავლობდა, კითხულობდა, ეცნობოდა ფრანგულ სოციალიზმს. თუმცა, დიდად მოხიბლული არ დარჩენილა. მოგვიანებით წერდა, დიდი არაფერი ყოფილა ეს „ფრანციცული სოციალიზმი“, ვზივარ, 18 საათს ვმუშაობ ბიბლიოთეკაში, ძალიან ბევრი შრომა მიწევსო.
მკვლევარი ზაზა აბზიანიძე წერს, რომ ნიკო ნიკოლაძე პარიზში ბევრ საინტერესო ადამიანს შეხვდა. მას ნაცნობობა, თანამშრომლობა თუ მიმოწერა აკავშირებდა ჯუზეპე გარიბალდისთან, ვიქტორ ჰიუგოსთან, ალფონს დოდესთან, ემილ ზოლასთან, პოლ ლაფარგთან. ამავე პერიოდში, შეხვდა კარლ მარქსს, რომელმაც ნიკოლაძეს შესთავაზა, ამიერკავკასიაში პირველი ინტერნაციონალის წარმომადგენელი ყოფილიყო, რაზეც დელიკატური უარი მიიღო. როგორც ნიკოლაძე იგონებს, მას არ ესმოდა, ვერ წარმოედგინა სამშობლოში გაეტარებინა მარქსის იდეები და ასეთ რამეს ვერაფრით დაეთანხმდებოდა.
დალი ჩიკვილაძე: ნიკო ნიკოლაძე მოდას აყოლილი კაცი არ იყო. მაშინ მარქსს სურდა, კაპიტალისტები მოესპო და პროლეტარიატის დიქტატურა დაემყარებინა. ნიკომ გაიაზრა, ყველაფერი აწონ-დაწონა და უარის თქმა გადაწყვიტა, რადგან მის ჭკუა-გონებაში ისეთი რამ ვერ ჩაჯდებოდა, რაც პროგრესული და თავისი ქვეყნისთვის სასიკეთო არ იქნებოდა, როგორი პოპულარულიც არ უნდა ყოფილიყო კონკრეტული იდეა. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ნიკო ნიკოლაძე ერთ-ერთია იმ ქართველ მოღვაწეთაგან, რომლის სახელიც უკვდავების ღირსია. ეს შეფასება ნამდვილად არ იქნება გადაჭარბებული: იყო თავისი დროის მოწინავე აზროვნების ადამიანი, რომელმაც მიღებული განათლების, ნიჭისა და გამჭრიახობის წყალობით, ევროპული ცხოვრების ბევრი საუკეთესო მაგალითი შეისწავლა და ცდილობდა, შესაძლებლობების ფარგლებში, საქართველოში დაემკვიდრებინა. მან ევროპული ცხოვრების წესი თუ ტექნიკის მიღწევა გადმოეტანა თავის ქვეყანაში, ოღონდ მხოლოდ ის, რომელიც პროგრესული იყო და იცოდა, საქართველოს სასიკეთოდ წაადგებოდა.
ნიკო ნიკოლაძე საფრანგეთიდან შვეიცარიაში გაემგზავრა. ამბობდა, „უფრო მეტად მაინტერესებს შვეიცარია, რესურსებით ასეთი ღარიბი ქვეყანა რატომ არის მდიდარი, მთიანი და რესურსებით მდიდარი საქართველო კი რატომ არის ასეთი ღატაკიო. წავიდა კიდეც და ჟენევისა და ციურიხის უნივერსიტეტებში სწავლობდა. იქ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. აი, ასეთი კაცი იყო ნიკო ნიკოლაძე“. (ალ. ელისაშვილი, ლექცია: ქალაქი გუშინ, დღეს, ხვალ. Art Area 2015).
ნიკო ნიკოლაძე იყო პირველი ქართველი, ვინც სადოქტორო დისერტაცია ევროპაში დაიცვა. ჟენევაში 1868 წელს გამოქვეყნებული მისი სადიპლომო ნაშრომი, როგორც მაშინ „სადოქტოროს“ უწოდებდნენ, „განიარაღება და მისი ეკონომიკურ-სოციალური შედეგები“ დღესაც დიდ ინტერესს იწვევს. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით (1873 წელს), მისი რჩევით, ჟენევაში დაარსდა ქართული საგანმანათლებლო საზოგადოება „უღელი“. მანამდე, პარიზში ცხოვრებისას (1864) მე-19 საუკუნის ერთ-ერთი რუსი მოაზროვნის გერცენის თხოვნით წერდა წერილებს „კოლოკოლისთვის“. ეს იყო არალეგალური გაზეთი, რომელიც გამოდიოდა ინგლისში და ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა რუსეთში.
1869 წლის ბოლოს ნიკო ნიკოლაძე საქართველოში დაბრუნდა და სურდა, მთელი ცოდნა და გამოცდილება საკუთარი ქვეყნისთვის გამოეყენებინა. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, მისთვის, განათლება იყო. ძალიან წუხდა, რომ ქართული საზოგადოების უმრავლესობას განათლება არ ჰქონდა. ამბობდა, უცოდინრობით არაფერი გამოვა, ცოდნის გარეშე მუდამ მონა იქნები, ვერ იარსებებ, ცოდნით კი იმას დანერგავ, რაც შემოსავალს და პროგრესს გააჩენსო. ამიტომ, ყველანაირად უწყობდა ხელს ქვეყანაში განათლების გავრცელებას და ეს არ ეხებოდა მხოლოდ მდიდარ ფენას ან მამაკაცებს. 1872 წელს თავისი დები ოლიმპიადა და ეფროსინე, ოლიკო გურამიშვილი (შემდგომში ნიკო ნიკოლაძის მეუღლე) და ორი დეიდაშვილი ბიჭურად ჩაცმულები, გემით შვეიცარიაში გააპარა. ნიკოს სურდა მათ განათლება მიეღოთ. ეს ის პერიოდია, როდესაც ქალები ან პედაგოგიურ, ან გინეკოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობენ. დანარჩენი მათთვის ხელმიუწვდომელია, მით უმეტეს საზღვარგარეთ სწავლა. ნიკო ნიკოლაძის ასეთ საქციელს უარყოფითი რეაქციები მოჰყვა თავად-აზნაურობის მხრიდან, მათთვის წარმოუდგენელი იყო ქალებისთვის საზღვარგარეთ სწავლის ნება მიეცათ.
1870-იან წლებში ნიკო ნიკოლაძე ძირითადად საქართველოშია და აქტიურ მუნიციპალურ და საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა. მან წამოაყენა რამდენიმე იდეა, განახორციელა არაერთი ისეთი პროექტი, რომელიც გარდამტეხი გახდა საქართველოსთვის.
განსაკუთრებით დიდია მისი ღვაწლი ბანკის დაარსებისათვის ბრძოლაში. ვაჭრობის განვითარების მეხოტბე ბანკს ანიჭებს პრიორიტეტს და სხვადასხვა ტიპის ბანკების პროგრამებს აცნობს თანამედროვეთ. “1871_1873 წლებში რამდენიმე ყმაწვილს, რამდენი მეცადინეობა დაგვჭირდა, რომ ილია ჭავჭავაძისათვის სახელმწიფო სამსახურისათვის ხელი აგვეღებინებინა, ბანკის დაარსება იერიშით აგვეღო, ბანკი განახლების ბანკად გვექცია და შიგ ჭავჭავაძე ძალდატანებით ქართული საქმის სათავეში ჩაგვეყენებინაო”. იგონებდა მოგვიანებით.
მას მიაჩნდა, რომ ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი ჰიდრორესურსების წყალობით და მათი გეგმაზომიერი ათვისებით შესაძლებელი იქნებოდა “აუცილებელი რევოლუცია ეკონომიკურ წეს-წყობაში, რევოლუცია ფინანსებში, მრეწველობაში…”
“დღესასწაული მოელის ჩვენს მთიან ქვეყანას!..” წერდა იგი ჯერ კიდევ XIX საუკუნის 80-იან წლებში, “აი, მაშინ გაუთენდება აღდგომა ჩვენს მთებს! რამდენი მთის მდინარე, რამდენი ჩანჩქერი, რამდენი მოძრავი ძალა გვაბადია! ეს ყველაფერი გამოიყენება. ეს აუარებელ ჩარხებს, დაზგებს, მანქანებს აამოძრავებს. მილიონ ოჯახში, რომელნიც შინაურ ხელობას, შინაურ ცხოვრებას დაუბრუნდებიან…
აქამდის ხალხი ჩვენი წინაპრების სადგომიდან მთებიდან ძირს მიელტვოდა ვაკეს დასაკავებლად, სადაც ხვნა-თესვა უფრო უადვილდებოდა. ეხლა კი პირიქით, ვაკედან მთებისკენ, მოძრავ ძალისკენ ავა.”
ამავე ჰიდრორესურსების წყალობით შესაძლებელი გახდება რკინიგზის დამოუკიდებელი დენის წყაროთი უზრუნველყოფაც. ის თვლიდა, “… როცა ის გვექნება ხელში, მაშინ ჩვენ გვექნება ნამდვილი ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობა…”
ამტკიცებდა, რომ ქვეყნის გაძლიერებისათვის აუცილებელია ბაქო-ბათუმისა და გროზნო-ფოთის ნავთობსადენის მშენებლობა ისე, რომ ორივე ნავთობსადენმა აუცილებლად გაიაროს საქართველოს ტერიტორიაზე. მისი სიტყვით: “ჩვენ უნდა გავაკეთოთ მილი გროზნომდის იმისთვის, რომ ბაქოს სათამაშონი არ გავხდეთ, როგორც დღესა ვართ.” ამ და სხვა პრაქტიკულ პროექტებს სკეპტიკურად და ირონიულადაც კი უყურებდნენ მთავრობის წარმომადგენლები, მაგრამ ის მაინც დაუღალავად შრომობდა და ეძებდა უცხოელ ინვესტორებს.
1867-1874 წლებში ააგო თბილისი-ფოთის რკინიგზა, რომელიც პირველი აღმოჩნდა ამიერკავკასიაში. ამისთვის დაჯილდოვდა ოქროს ჟეტონით, რომელიც უფლებას აძლევდა, უფასოდ ემოგზაურა რუსეთის ნებისმიერი რკინიგზით.
1884-1886 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სურამის გვირაბის პროექტის დამუშავებასა და განხორციელებაში, რომლის დროსაც რკინაბეტონის დიდი სამუშაოები შესრულდა.
1885-1893 წლებში თბილისის მუნიციპალურ მშენებლობაში მთავარი როლი შეასრულა – ააგო ავჭალის წყალსადენი, ხელი შეუწყო ცხენიანი ტრამვაის (“კონკის”) ორგანიზაციას, აბანოების რეკონსტრუქციას და სხვ.
1894 წლის 19 სექტემბერს ქალაქ ფოთის “მოურავად” აირჩიეს.
მისი უშუალო ხელმძღანელობით მიიღო ფოთმა ნავსადგურის გადაკეთების ნებართვა. სწორედ მისი პროექტით განხორციელდა ფოთის დაგეგმარების შემუშავება, აიგო სამოქალაქო და სახელმწიფო შენობები, ხიდები, მონუმენტური ეკლესია.
1917 წლის თებერვლის რევოლუციას ის პეტერბურგში შეხვდა. 1917 – 1918 წლებში საქართველოს ეროვნული საბჭოს, შემდეგ კი დამფუძნებელი კრების წევრი იყო. მისი მონაწილეობით დაარსდა საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტია. იყო ამ პარტიის საპატიო თავმჯდომარე. 1918 წელს, როცა ბათუმი ჯერ ისევ ოსმალთა ხელში იყო, მოლაპარაკებაში ნიკო ნიკოლაძეც იღებდა მონაწილეობას.
სურათზე: მარცხნიდან სხედან ნიკო ნიკოლაძე, აკაკი ჩხენკელი, ზურაბ ავალიშვილი, დგანან სპირიდონ კედია, გიორგი მაჩაბელი და მიხაკო წერეთელი. ფოტო გადაღებულია ბერლინში, სასტუმრო ადლონში, 1918 წლის ივნისში
ნიკო ნიკოლაძის სახელი დაკავშირებულია 1918 წელს საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნასთან. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, ნიკოლაძე პეტერბურგიდან საქართველოში დაბრუნდა. აქ ყველანაირად ცდილობდა, დამოკიდებლობის აღდგენისთვის სიტუაცია მოემზადებინა. მისი უშუალო მონაწილეობით დაარსდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და თავად იყო ამ პარტიის საპატიო თავმჯდომარე. ნიკო ნიკოლაძეს დიდი გამოცდილება ჰქონდა კავკასიის მხარეში თურქეთთან ურთიერთობაში. რუსეთ-თურქეთის ომის დროს, გამოცემა „გოლოსის“ სამხედრო კორესპონდენტი იყო. ამ გამოცდილებისა და თავისი კონტაქტების გამო, 1918 წელს, გაზაფხულზე ნიკო ნიკოლაძე და აკაკი ჩხენკელი ბათუმში გაემგზავრნენ. უკვე არსებობდა გერმანიის მხარდაჭრა და დამოუკიდებლობის გამოსაცხადებად მხოლოდ თურქეთთან ზავი იყო საჭირო. ნიკო ნიკოლაძე 25 მაისს ბათუმიდან წერდა ნოე ჟორდანიას, არ გადაედო დამოუკიდებლობის გამოცხადება. დამოუკიდებლობის აქტის ტექსტი ნიკო ნიკოლაძემ შეადგინა. 26 მაისს მოაწერეს ხელი ზავს თურქეთთან, ერთ საათში კი თბილისში დამოუკიდებლობის აქტი წაიკითხეს და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა შემქნილად გამოაცხადეს. ნიკო ნიკოლაძე და აკაკი ჩხენკელი თბილისში არ ჩამოსულან, ბათუმიდან ფოთში წავიდნენ, რომ შეემუშავებინათ ქვეყნის ეკონომიკური პროგრამა და მესამე დღეს, ამ დოკუმენტის წარსადგენად, გერმანიაში გაემგზავრნენ. ნიკო ნიკოლაძე ქვეყნის მომავალს მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებასა და განათლებაში ხედავდა. მიაჩნდა, რომ ქვეყანა, სადაც თითქმის ყველაფერი შემოაქვთ და თავად არ ქმნის პროდუქტს, ვერ განვითარდება.
დალი ჩიკვილაძე: ნიკო ნიკოლაძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი ორგანოს, დამფუძნებელი კრების საპატიო თავმჯდომარე გახდა „დემოკრატებიდან“. 1920 წელს მას დაევალა მანგანუმის მადნის საექსპორტო საზოგადოება „ჩემოს“ საქმეების შესწავლა და ამ მისიით ლონდონში მიავლინეს. საქმე ისაა, რომ ამ დროს ჭიათურიდან მანგანუმი გააქვთ, ამ პროცესებს ინგლისელები ხელმძღვანელობენ და საქართველოს არანაირ გადასახადს არ უხდიან. აქ არც ის იციან, რა მოცულობის ნედლეული გადის ქვეყნიდან. „ჩემოს“ ოფისი ლონდონშია, ხელმძღვანელობის ნაწილი პარიზში, ნაწილი კი ლონდონში ცხოვრობს. სიტუაცია იმდენად ჩახლართული იყო, ნიკო ნიკოლაძე წერდა, აქ ყველას შენ-ჩემობა სჭირს, ყველა თავისკენ მეძახის, სხვას უღალატე და მე მიერთგულეო. „ჩემოს“ თბილისის ორგანიზაციას ნიკოს ვალი ემართა, რამდენიმე ხნით ადრე დიდი თანხა უსესხებია, რომ ორგანიზაციას ემუშავა და არ გაუქმებულიყო. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მას ვალი არ დაუბრუნეს: არც თანხის და არც ნედლეულის სახით, რომ ევროპაში მაინც გაეყიდა. საბოლოოდ, ვალის დასაბრუნებლად საქართველოში ჩამოვიდა, რათა თბილისში „ჩემოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის კრებას დასწრებოდა, სადაც უფრო იყო შესაძლებლობა საკუთარი სიმართლე დაემტკიცებინა. ნიკო ნიკოლაძე საქართველოში 1924 წელს დაბრუნდა. დააარსა კერძო სტამბა და დაიბრუნა სახლი დიდ ჯიხაიშში, რომელიც ჯარისკაცებს ჰქონდათ დაკავებული.დიდ ჯიხაიშში მოაწყო მეურნეობა, ეზო ბოტანიკურ ბაღად აქცია, გაახარა ულამაზესი და იშვიათი ჯიშის მცენარეები. მისმა ოჯახმა შეიძინა პირველი მაცივარი, სარეცხი მანქანა, კოდაკის ფოტოაპარატი.
ნიკო ნიკოლაძე 1928 წლის 5 აპრილს გარდაიცვალა. თბილისის ყველა ეკლესიაში ამ დღეს გლოვის ზარი ისმოდა. უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებთან ერთად, საქართველოს იმჟამინდელმა კათოლოკოს-პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემ გააცილა. ნიკო ნიკოლაძე ქართველო მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. ნიკო ნიკოლაძის მრავალმხრივი განათლების, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობიდან გამომდინარე, სპეციალური განკარგულებით გადაწყდა, რომ მისი ტვინი მეცნიერულ დონეზე, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში შეესწავლათ.