USD 2.8130
EUR 2.9241
RUB 2.8127
Tbilisi
ნიკო ნიკოლაძე – „დროს გასწრებული მოაზროვნე“
Date:  3482

პუბლიცისტი, კრიტიკოსი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე – ეს ნიკო ნიკოლაძის საქმიანობათა არასრული ჩამონათვალია. როგორც მკვლევარი დალი ჩიკვილაძე ამბობს, ის იყო მამულიშვილი,  რომელიც თავისი აზროვნებითა და საქმისადმი მიდგომით ნამდვილად უსწრებდა დროს.

ნიკო ნიკოლაძე დაიბადა ქუთაისში, 1843 წლის 27 სექტემბერს, იაკობ ნიკოლაძის ოჯახში. და-ძმას შორის ყველაზე უფროსი იყო.

ნიკოს მამამ კარგად იცოდა განათლების ფასი. იაკობ ნიკოლაძე ქუთაისში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აღებ-მიცემობის საქმეს მიჰყო ხელი: ჯერ ხე-ტყით ვაჭრობა დაუწყია, შემდეგ, ქალაქის ხელმძღვანელობის დაკვეთით, აშენებდა საცხოვრებელ სახლებს. მოგვიანებით, ფოთიდან ხის კუნძებს უცხოელებზე ყიდდა. იყო ერთ-ერთი პირველი კომერსანტიც, ერთხანს გერმანიაში წასულა ზღვით და ქუთაისში გასაყიდად ქსოვილები ჩამოუტანია.

ნიკო ნიკოლაძე ქუთაისის გიმნაზიაში სწავლობდა. მამა თავის თანაშემწედ ზრდიდა და შესაბამისად, ტექნიკურ განათლებას იღებდა.

„მე-6  კლასში იყო, მამას ფოთში გაჰყვა საქმეზე, იქ კოღომ უკბინა და ციება დაემართა. მთელი წელი მკურნალობდა სახლში. გიმნაზიაში არ დადიოდა, თუმცა, ძალიან ბევრს კითხულობდა და მეცადინეობდა. ეს იყო 1860 წელი. სწორედ მაშინ გააგზავნა 2 ფელეტონი თბილისში, ჟურნალ „ცისკარში“, ფსევდონიმით „მეკენჭე“. ივანე კერესელიძემ ორივე ტექსტი გამოაქვეყნა, ისე, რომ არც კი იცოდა, ვინ იყო მისი ავტორი. ეს იყო, ფაქტობრივად, ნიკოს დებიუტი. მოგვიანებით, როცა უკვე ცნობილი პუბლიცისტი და მოღვაწე გახდა, ამბობდა, ყველაზე მეტად, სულით და გულით ჟურნალისტობა მინდა, მაგრამ ჩემი ეს პროფესია დღეს არავის სჭირდება. როგორც ჩანს, ან ძალიან ადრე დავიბადე, ან ძალიან დავიგვიანეო“.

ნიკო ნიკოლაძემ დაარწმუნა მამა, რომ გიმნაზიის ჰუმანიტარული მიმართულებით დამთავრების და შემდეგ, საინჟინრო საქმის შესწავლის ნაცვლად, პეტერბურგში, იურიდიულ ფაკულტეტზე შესვლის ნება მიეცა. ასეც მოხდა – 1861 წელს, 2 მეგობართან ერთად, ქუთაისიდან პეტერბურგში გაემგზავრა.

როგორც მოგონებებში წერს, რუსეთის იმდროინდელ დედაქალაქში, დაახლოებით სამ თვეში, 6 მაისს, გიორგობის მზიან დღეს ჩავიდა.

„1861 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში პეტერბურგში არეულობა დაიწყო. სტუდენტები უნივერსიტეტში მატრიკულების შემოღების წესს აპროტესტებდნენ. იმ დროს უმაღლეს სასწავლებელში ლექციებზე დასასწრებად სტუდენტის სტატუსი აუცილებელი არ იყო, ყველას შეეძლო შესვლა. ამიტომ, აუდიტორიებში ე.წ. ბუნტარებიც ხვდებოდნენ, რომლებიც თავისუფლებისკენ ისწრაფოდნენ, თავიანთი იდეალების შესახებ საუბრობდნენ და ამით სასწავლო პროცესი ფერხდებოდა. უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, უნივერსიტეტში ახალი წესი შემოეღო, ვისაც მატრიკული არ ექნებოდა, შენობაში არ დაეშვათ. სტუდენტებმა, პროტესტის ნიშნად, ნევის პროსპექტზე 3 დღიანი მანიფესტაცია გამართეს რომელშიც, 12 ქართველი და მათ შორის, ნიკო ნიკოლაძე მონაწილეობდა. ამ საქციელისთვის დემონსტრანტებს ჯერ პეტერბურგში, პეტრე-პავლეს ციხეში, შემდეგ კი, კრონშტადტის ციხეში უკრეს თავი.

როგორც ნიკო იხსენებს, ადგილობრივებმა ძალიან კარგად მიგვიღეს, გემიდან გადმოსულებს ქალებმა ყვავილები და ნამცხვრები მოგვართვესო. საერთოდ, ამ პერიოდს ნიკოლაძე საკმაოდ ნაყოფიერს უწოდებს, რადგან, იქ სტუდენტებთან ერთად, ლექტორებიც გადაასახლეს და სწორედ იქ გავიგე, რა არის თავისუფლება და როგორ უნდა იბრძოლო მის მოსაპოვებლადო. ამ დროს რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე II პეტერბურგში არ იყო. ეს ამბავი რომ შეიტყო, ადმინისტრაციას შემოუთვალა, სტუდენტები უმაღლეს სასწავლებელში დაებრუნებინათ, ოღონდ მშობლების თავდებობის გარანტიით. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ასეც მოიქცა. მაგრამ ნიკომ გადაწყვიტა, მამისთვის ეს ამბავი არ შეეტყობინებინა. შიშობდა, რომ პეტერბურგში აღარ გააჩერებდა. ამიტომ, უნივერსიტეტში სწავლას თავი დაანება, სტუდენტის ფორმა გაიხადა და საცხოვრებლად ქალაქის გარეუბანში, აკაკი წერეთელთან გადავიდა. ყველგან ქართული ჩოხით დადიოდა. დაიწყო „სავრემენნიკის“ კითხვა, რომელიც იმ დროს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცემა იყო. თანამშრომლობდა კიდეც ამ გამოცემასთან. მოგვიანებით, მოგონებებში წერდა, რომ ეს პერიოდი მისთვის უდიდესი წრთობა იყო. ამ დროისთვის ნიკო ნიკოლაძე ფლობდა ფრანგულ, რუსულ, ენებს. მოგვიანებით  შეისწავლა ინგლისური, იტალიური და გერმანული. დეკემბერში, შობის წინა დღეებში, სახლში ორმა უცნობმა ქალბატონმა მიაკითხა და 2 დღით, სადღესასწაულო კარნავალისთვის, ქართული ჩოხა სთხოვა. სამოსი მართლაც დათქმულ დროს დაუბრუნეს და ფილოსოფოსის, რევოლუციონერ-დემოკრატისა და მწერლის, ნიკოლოზ ჩერნიშევსკის ოჯახში ჩაიზე დაპატიჟეს. აღმოჩნდა, რომ ამ ქალბატონებიდან ერთი ოლგა სოკრატეს ასული, ჩერნიშევსკის მეუღლე, მეორე კი მისი და იყო. მალე მათ იმდენად დაუახლოვდა, რომ 1862 წლის ზაფხული ამ ოჯახის გვერდით გაატარა. როგორც თავად იხსენებს, უსმენდა ჩერნიშევსკის ლექციებს, საუბრებს თავისუფლებაზე, იღებდა განათლებას. შემოდგომაზე ნიკო პეტერბურგში დაბრუნდა. ჩერნიშევსკი დააპატიმრეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, როგორც თავისუფლების მოთხოვნით ახალგაზრდების „გამრყვნელს“. მოგვიანებით, სასჯელი შეუცვალეს და პეტერბურგიდან გაასახელეს. ამის შემდეგ, ნიკო პეტერბურგში დიდხანს აღარ გაჩერებულა. 1863 წელს საქართველოში დაბრუნდა“.

სურათზე: ნიკო ნიკოლაძე ფოთის ნავსადგურში 

თუმცა, დიდხანს არც აქ გაჩერებულა. სწავლა პარიზში, სორბონას უნივერსიტეტში განაგრძო. იქ ძალიან ბევრს შრომოდა, სწავლობდა, კითხულობდა, ეცნობოდა ფრანგულ სოციალიზმს. თუმცა, დიდად მოხიბლული არ დარჩენილა. მოგვიანებით წერდა, დიდი არაფერი ყოფილა ეს „ფრანციცული სოციალიზმი“, ვზივარ, 18 საათს ვმუშაობ ბიბლიოთეკაში, ძალიან ბევრი შრომა მიწევსო.

 მკვლევარი ზაზა აბზიანიძე წერს, რომ ნიკო ნიკოლაძე პარიზში  ბევრ საინტერესო ადამიანს შეხვდა. მას ნაცნობობა, თანამშრომლობა თუ მიმოწერა აკავშირებდა ჯუზეპე გარიბალდისთან, ვიქტორ ჰიუგოსთან, ალფონს დოდესთან, ემილ ზოლასთან, პოლ ლაფარგთან. ამავე პერიოდში, შეხვდა კარლ მარქსს, რომელმაც ნიკოლაძეს შესთავაზა, ამიერკავკასიაში პირველი ინტერნაციონალის წარმომადგენელი ყოფილიყო, რაზეც დელიკატური უარი მიიღო. როგორც ნიკოლაძე იგონებს, მას არ ესმოდა, ვერ წარმოედგინა სამშობლოში გაეტარებინა მარქსის იდეები და ასეთ რამეს ვერაფრით დაეთანხმდებოდა.

 დალი ჩიკვილაძე: ნიკო ნიკოლაძე მოდას აყოლილი კაცი არ იყო. მაშინ მარქსს სურდა, კაპიტალისტები მოესპო და პროლეტარიატის დიქტატურა დაემყარებინა. ნიკომ გაიაზრა, ყველაფერი აწონ-დაწონა და უარის თქმა გადაწყვიტა, რადგან მის ჭკუა-გონებაში ისეთი რამ ვერ ჩაჯდებოდა, რაც პროგრესული და თავისი ქვეყნისთვის სასიკეთო არ იქნებოდა, როგორი პოპულარულიც არ უნდა ყოფილიყო კონკრეტული იდეა. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ნიკო ნიკოლაძე ერთ-ერთია იმ ქართველ მოღვაწეთაგან, რომლის სახელიც უკვდავების ღირსია. ეს შეფასება ნამდვილად არ იქნება გადაჭარბებული: იყო თავისი დროის მოწინავე აზროვნების ადამიანი, რომელმაც მიღებული განათლების, ნიჭისა და გამჭრიახობის წყალობით, ევროპული ცხოვრების ბევრი საუკეთესო მაგალითი შეისწავლა და ცდილობდა, შესაძლებლობების ფარგლებში, საქართველოში დაემკვიდრებინა. მან ევროპული ცხოვრების წესი თუ ტექნიკის მიღწევა გადმოეტანა თავის ქვეყანაში, ოღონდ მხოლოდ  ის, რომელიც პროგრესული იყო და იცოდა, საქართველოს სასიკეთოდ წაადგებოდა.

ნიკო ნიკოლაძე საფრანგეთიდან შვეიცარიაში გაემგზავრა. ამბობდა, „უფრო მეტად მაინტერესებს შვეიცარია, რესურსებით  ასეთი ღარიბი ქვეყანა რატომ არის  მდიდარი, მთიანი და რესურსებით მდიდარი საქართველო კი რატომ არის ასეთი ღატაკიო. წავიდა კიდეც და  ჟენევისა და ციურიხის უნივერსიტეტებში სწავლობდა. იქ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. აი, ასეთი კაცი იყო ნიკო ნიკოლაძე“. (ალ. ელისაშვილი, ლექცია: ქალაქი გუშინ, დღეს, ხვალ. Art Area 2015).

 ნიკო ნიკოლაძე იყო პირველი ქართველი, ვინც სადოქტორო დისერტაცია ევროპაში დაიცვა. ჟენევაში 1868 წელს გამოქვეყნებული მისი სადიპლომო ნაშრომი, როგორც მაშინ „სადოქტოროს“ უწოდებდნენ, „განიარაღება და მისი ეკონომიკურ-სოციალური შედეგები“ დღესაც დიდ ინტერესს იწვევს. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით (1873 წელს), მისი რჩევით, ჟენევაში დაარსდა ქართული საგანმანათლებლო საზოგადოება „უღელი“. მანამდე, პარიზში ცხოვრებისას (1864)  მე-19 საუკუნის ერთ-ერთი რუსი მოაზროვნის გერცენის თხოვნით წერდა წერილებს „კოლოკოლისთვის“. ეს იყო არალეგალური გაზეთი, რომელიც გამოდიოდა ინგლისში და ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა რუსეთში.

1869 წლის ბოლოს ნიკო ნიკოლაძე საქართველოში დაბრუნდა და სურდა, მთელი ცოდნა და გამოცდილება საკუთარი ქვეყნისთვის გამოეყენებინა. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, მისთვის, განათლება იყო. ძალიან წუხდა, რომ ქართული საზოგადოების უმრავლესობას განათლება არ ჰქონდა. ამბობდა, უცოდინრობით არაფერი გამოვა, ცოდნის გარეშე მუდამ მონა იქნები, ვერ იარსებებ, ცოდნით კი იმას დანერგავ, რაც შემოსავალს და პროგრესს გააჩენსო. ამიტომ, ყველანაირად უწყობდა ხელს ქვეყანაში განათლების გავრცელებას და ეს არ ეხებოდა მხოლოდ მდიდარ ფენას ან მამაკაცებს. 1872 წელს თავისი დები ოლიმპიადა და ეფროსინე, ოლიკო გურამიშვილი (შემდგომში ნიკო ნიკოლაძის მეუღლე) და ორი დეიდაშვილი ბიჭურად ჩაცმულები, გემით შვეიცარიაში გააპარა. ნიკოს სურდა მათ განათლება მიეღოთ. ეს ის პერიოდია, როდესაც ქალები ან პედაგოგიურ, ან გინეკოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობენ. დანარჩენი მათთვის ხელმიუწვდომელია, მით უმეტეს საზღვარგარეთ სწავლა. ნიკო ნიკოლაძის ასეთ საქციელს უარყოფითი რეაქციები მოჰყვა თავად-აზნაურობის მხრიდან, მათთვის წარმოუდგენელი იყო ქალებისთვის საზღვარგარეთ სწავლის ნება მიეცათ.

1870-იან წლებში ნიკო ნიკოლაძე ძირითადად საქართველოშია და აქტიურ მუნიციპალურ და საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა. მან წამოაყენა რამდენიმე იდეა, განახორციელა არაერთი ისეთი პროექტი, რომელიც გარდამტეხი გახდა საქართველოსთვის.

განსაკუთრებით დიდია მისი  ღვაწლი ბანკის დაარსებისათვის ბრძოლაში. ვაჭრობის განვითარების მეხოტბე ბანკს ანიჭებს პრიორიტეტს და სხვადასხვა ტიპის ბანკების პროგრამებს აცნობს თანამედროვეთ. “1871_1873 წლებში რამდენიმე ყმაწვილს, რამდენი მეცადინეობა დაგვჭირდა, რომ ილია ჭავჭავაძისათვის სახელმწიფო სამსახურისათვის ხელი აგვეღებინებინა, ბანკის დაარსება იერიშით აგვეღო, ბანკი განახლების ბანკად გვექცია და შიგ ჭავჭავაძე ძალდატანებით ქართული საქმის სათავეში ჩაგვეყენებინაო”. იგონებდა  მოგვიანებით.

მას მიაჩნდა, რომ ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი ჰიდრორესურსების წყალობით და მათი გეგმაზომიერი ათვისებით შესაძლებელი იქნებოდა “აუცილებელი რევოლუცია ეკონომიკურ წეს-წყობაში, რევოლუცია ფინანსებში, მრეწველობაში…”

“დღესასწაული მოელის ჩვენს მთიან ქვეყანას!..” წერდა იგი ჯერ კიდევ XIX საუკუნის 80-იან წლებში, “აი, მაშინ გაუთენდება აღდგომა ჩვენს მთებს! რამდენი მთის მდინარე, რამდენი ჩანჩქერი, რამდენი მოძრავი ძალა გვაბადია! ეს ყველაფერი გამოიყენება. ეს აუარებელ ჩარხებს, დაზგებს, მანქანებს აამოძრავებს. მილიონ ოჯახში, რომელნიც შინაურ ხელობას, შინაურ ცხოვრებას დაუბრუნდებიან…

აქამდის ხალხი ჩვენი წინაპრების სადგომიდან მთებიდან ძირს მიელტვოდა ვაკეს დასაკავებლად, სადაც ხვნა-თესვა უფრო უადვილდებოდა. ეხლა კი პირიქით, ვაკედან მთებისკენ, მოძრავ ძალისკენ ავა.”

ამავე ჰიდრორესურსების წყალობით შესაძლებელი გახდება რკინიგზის დამოუკიდებელი დენის წყაროთი უზრუნველყოფაც. ის თვლიდა, “… როცა ის გვექნება ხელში, მაშინ ჩვენ გვექნება ნამდვილი ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობა…”

ამტკიცებდა, რომ ქვეყნის გაძლიერებისათვის აუცილებელია ბაქო-ბათუმისა და გროზნო-ფოთის ნავთობსადენის მშენებლობა ისე, რომ ორივე ნავთობსადენმა აუცილებლად გაიაროს საქართველოს ტერიტორიაზე. მისი სიტყვით: “ჩვენ უნდა გავაკეთოთ მილი გროზნომდის იმისთვის, რომ ბაქოს სათამაშონი არ გავხდეთ, როგორც დღესა ვართ.” ამ და სხვა პრაქტიკულ პროექტებს სკეპტიკურად და ირონიულადაც კი უყურებდნენ მთავრობის წარმომადგენლები, მაგრამ ის მაინც დაუღალავად შრომობდა და ეძებდა უცხოელ ინვესტორებს.

1867-1874  წლებში ააგო თბილისი-ფოთის რკინიგზა, რომელიც პირველი აღმოჩნდა ამიერკავკასიაში. ამისთვის დაჯილდოვდა ოქროს ჟეტონით, რომელიც უფლებას აძლევდა, უფასოდ ემოგზაურა რუსეთის ნებისმიერი რკინიგზით.

1884-1886  წლებში აქტიურად მონაწილეობდა სურამის გვირაბის პროექტის დამუშავებასა და განხორციელებაში, რომლის დროსაც რკინაბეტონის დიდი სამუშაოები შესრულდა.

1885-1893  წლებში თბილისის მუნიციპალურ მშენებლობაში მთავარი როლი შეასრულა – ააგო ავჭალის წყალსადენი, ხელი შეუწყო ცხენიანი ტრამვაის (“კონკის”) ორგანიზაციას, აბანოების რეკონსტრუქციას და სხვ.

1894 წლის 19 სექტემბერს ქალაქ ფოთის “მოურავად” აირჩიეს.

მისი  უშუალო ხელმძღანელობით მიიღო ფოთმა ნავსადგურის გადაკეთების ნებართვა. სწორედ მისი პროექტით განხორციელდა ფოთის დაგეგმარების შემუშავება, აიგო სამოქალაქო და სახელმწიფო შენობები, ხიდები, მონუმენტური ეკლესია.

 1917 წლის თებერვლის რევოლუციას ის პეტერბურგში შეხვდა. 1917 – 1918 წლებში საქართველოს ეროვნული საბჭოს, შემდეგ კი დამფუძნებელი კრების წევრი იყო. მისი მონაწილეობით დაარსდა საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტია. იყო ამ პარტიის საპატიო თავმჯდომარე. 1918 წელს, როცა ბათუმი ჯერ ისევ ოსმალთა ხელში იყო, მოლაპარაკებაში ნიკო ნიკოლაძეც იღებდა მონაწილეობას.

 

სურათზე: მარცხნიდან სხედან ნიკო ნიკოლაძე, აკაკი ჩხენკელი, ზურაბ ავალიშვილი, დგანან სპირიდონ კედია, გიორგი მაჩაბელი და მიხაკო წერეთელი. ფოტო გადაღებულია ბერლინში, სასტუმრო ადლონში, 1918 წლის ივნისში 

ნიკო ნიკოლაძის სახელი დაკავშირებულია 1918 წელს საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნასთან. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, ნიკოლაძე პეტერბურგიდან საქართველოში დაბრუნდა. აქ ყველანაირად ცდილობდა, დამოკიდებლობის აღდგენისთვის სიტუაცია მოემზადებინა. მისი უშუალო მონაწილეობით დაარსდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და თავად იყო ამ პარტიის საპატიო თავმჯდომარე. ნიკო ნიკოლაძეს დიდი გამოცდილება ჰქონდა კავკასიის მხარეში თურქეთთან ურთიერთობაში. რუსეთ-თურქეთის ომის დროს, გამოცემა „გოლოსის“ სამხედრო კორესპონდენტი იყო. ამ გამოცდილებისა და თავისი კონტაქტების გამო, 1918 წელს, გაზაფხულზე ნიკო ნიკოლაძე და აკაკი ჩხენკელი ბათუმში გაემგზავრნენ. უკვე არსებობდა გერმანიის მხარდაჭრა და დამოუკიდებლობის  გამოსაცხადებად მხოლოდ თურქეთთან ზავი იყო საჭირო. ნიკო ნიკოლაძე 25 მაისს ბათუმიდან წერდა ნოე ჟორდანიას, არ გადაედო დამოუკიდებლობის გამოცხადება. დამოუკიდებლობის აქტის ტექსტი ნიკო ნიკოლაძემ შეადგინა. 26 მაისს მოაწერეს ხელი ზავს თურქეთთან, ერთ საათში კი თბილისში დამოუკიდებლობის აქტი წაიკითხეს და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა შემქნილად გამოაცხადეს. ნიკო ნიკოლაძე და აკაკი ჩხენკელი თბილისში არ ჩამოსულან, ბათუმიდან ფოთში წავიდნენ, რომ შეემუშავებინათ ქვეყნის ეკონომიკური პროგრამა და მესამე დღეს, ამ დოკუმენტის წარსადგენად, გერმანიაში გაემგზავრნენ. ნიკო ნიკოლაძე ქვეყნის მომავალს მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებასა და განათლებაში ხედავდა. მიაჩნდა, რომ ქვეყანა, სადაც თითქმის ყველაფერი შემოაქვთ და თავად არ ქმნის პროდუქტს, ვერ განვითარდება.

 დალი ჩიკვილაძე: ნიკო ნიკოლაძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი ორგანოს, დამფუძნებელი კრების საპატიო თავმჯდომარე გახდა „დემოკრატებიდან“. 1920 წელს მას დაევალა მანგანუმის მადნის საექსპორტო საზოგადოება „ჩემოს“ საქმეების შესწავლა და ამ მისიით ლონდონში მიავლინეს. საქმე ისაა, რომ ამ დროს ჭიათურიდან მანგანუმი გააქვთ, ამ პროცესებს ინგლისელები ხელმძღვანელობენ და საქართველოს არანაირ გადასახადს არ უხდიან. აქ არც ის იციან, რა მოცულობის ნედლეული გადის ქვეყნიდან. „ჩემოს“ ოფისი ლონდონშია, ხელმძღვანელობის ნაწილი პარიზში, ნაწილი კი ლონდონში ცხოვრობს. სიტუაცია იმდენად ჩახლართული იყო, ნიკო ნიკოლაძე წერდა, აქ ყველას შენ-ჩემობა სჭირს, ყველა თავისკენ მეძახის, სხვას უღალატე და მე მიერთგულეო. „ჩემოს“ თბილისის ორგანიზაციას ნიკოს ვალი ემართა, რამდენიმე ხნით ადრე დიდი თანხა უსესხებია, რომ ორგანიზაციას ემუშავა და არ გაუქმებულიყო. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მას ვალი არ დაუბრუნეს: არც თანხის და არც ნედლეულის სახით, რომ ევროპაში მაინც გაეყიდა. საბოლოოდ, ვალის დასაბრუნებლად საქართველოში ჩამოვიდა, რათა თბილისში „ჩემოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის კრებას დასწრებოდა, სადაც უფრო იყო შესაძლებლობა საკუთარი სიმართლე დაემტკიცებინა. ნიკო ნიკოლაძე საქართველოში 1924 წელს დაბრუნდა. დააარსა კერძო სტამბა და დაიბრუნა სახლი დიდ ჯიხაიშში, რომელიც  ჯარისკაცებს ჰქონდათ დაკავებული.დიდ ჯიხაიშში მოაწყო მეურნეობა, ეზო ბოტანიკურ ბაღად აქცია, გაახარა ულამაზესი და იშვიათი ჯიშის მცენარეები. მისმა ოჯახმა შეიძინა პირველი მაცივარი, სარეცხი მანქანა, კოდაკის ფოტოაპარატი.

 ნიკო ნიკოლაძე 1928 წლის 5 აპრილს გარდაიცვალა. თბილისის ყველა ეკლესიაში ამ დღეს გლოვის ზარი ისმოდა. უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებთან ერთად, საქართველოს იმჟამინდელმა კათოლოკოს-პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემ გააცილა. ნიკო ნიკოლაძე ქართველო მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. ნიკო ნიკოლაძის მრავალმხრივი განათლების, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობიდან გამომდინარე, სპეციალური განკარგულებით გადაწყდა, რომ მისი ტვინი მეცნიერულ დონეზე, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში შეესწავლათ.

 

Unknown Known
როგორ გახდა გვანჯი მანია თბილისობის დღესასწაულის იდეის ავტორი და რატომ მიანიჭეს მას საპატიო თბილისელის წოდება 48 წლის შემდეგ

დამსახურებული ჟურნალისტი, ეკოლოგი, მოგზაური, მხარეთმცოდნე, კარტოგრაფი,  საქართველოს მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშეწყობის კავშირის „გიორგის“ დამუძნებელი და თავმჯდომარე, ფაზისის აკადემიის გამგეობის და გეოგრაფიული საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრი, ქეთევან დედოფლის საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე - ეს  85 წლის გვანჯი მანიას  პროფესიული ტიტულების არასრული ჩამონათვალია და მკაფიოდ ასახავს იმ ადამიანის ცხოვრებას, რომელიც მრავალმხრივი ინტერესებით იყო გამორჩეული. 1998 წელს გვანჯი მანია ღირსების ორდენით დააჯილდოვეს, ცოტა ხნის წინ კი თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს, რასაც მისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს -  სწორედ  გვანჯი მანიას  ეკუთვნის თბილისობის დღესასწაულის დაწესების იდეა, რაც მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ ისე „მიითვისა“, რომ  მისი სახელი და გვარი არასდროს არსად გამოჩენილა. ბატონი გვანჯი ბევრი საინტერესო იდეის და ინიციატივის ავტორია, რასაც ის  ჩვენთან ინტერვიუშიც   იხსენებს.

- ბატონო გვანჯი, მოგვიანებით  გილოცავთ თბილისის საპატიო მოქალაქედ არჩევას. უცნაურია, რომ ადამიანს, ვინც იყავით თბილისობის დღესასწაულის დაარსების იდეის ავტორი, აქამდე არ გქონდათ ეს წოდება.    

 - ძალიან გამიხარდა, რომ ამდენი წლის შემდეგ მაინც გავახსენდი ადამიანებს თბილისობის, როგორც დიდი სახალხო დღესასწაულის იდეის ავტორი და თბილისის საპატიო მოქალაქედ ამირჩიეს. სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული დავრჩი, რადგან უკვე 48 წელი გავიდა მას შემდეგ,  რაც პირველი თბილისობა გაიმართა. მაშინდელმა ხელისუფლებამ, პარტიამ, მთავრობამ მიიწერა თბილისობის დღესასწაული, არ უნდა გამოჩენილიყო კონკრეტული ადამიანის, პირადად ჩემი ვინაობა, ვისი თაოსნობითაც დაიწყო თბილისობის ისტორია. წლებთან ერთად თითქოს დავიწყებას მიეცა ეს ამბავი, თუმცა მაშინაც ბევრმა იცოდა, რომ თბილისობის დღის დაწესების იდეის ავტორი მე გახლდით.   

1976 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „თბილისში“ გამოვაქვეყნე  პუბლიკაცია სათაურით „დაწესდეს ახალი დღესასწაული“,  სადაც მიმოვიხილე თბილისის წარსული და აწმყო, ყოფა, ტრადიციები. გამოვთქვი ჩემი აზრი, რომ  1958 წლის  შემდეგ, როდესაც გაიმართა თბილისის დაარსების   1500 წლისთვის საზეიმო ღონისძიებები, მსგავსი დღესასწაული არ გამართულა და ხომ არ დაველოდებით 2058 წელს, როცა ავღნიშნავთ  თბილისის დაარსების 1600 წელიწადს?! იქნებ დავაწესოთ თბილისობის დღესასწაული, რომელიც გაიმართება ყოველი წლის ოქტომბერში, ხოხობზე ნადირობის ჟამს. ეს დღესასწაული გამოავლენდა შემოქმედებით ნიჭს და ფანტაზიებს, გააერთიანებდა თბილისელებს და თბილისის ყველა გულშემატკივარს. ამ წერილს  საზოგადოებაში მოჰყვა დიდი გამოხმაურება და  დისკუსია, ყველა მიესალმა ამ  წინადადებას, რომელიც ძალიან მისაღები იყო თბილისელებისთვის.

ყველა მხარს უჭერდა ამ საერთო სახალხო ზეიმის დაარსების წინადადებას. სამი წლის შემდეგ ჩემი იდეა - პროექტი წარმატებით  განახორციელა მაშინდელმა ხელისუფლებამ, საქალაქო საბჭომ,  პირველი დღესასწაული გაიმართა 1979 წელს. მაშინ  ცეკას მდივანი იყო ედუარდ შევარდნაძე, საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე - თენგიზ მენთეშაშვილი, გამოყვეს მხატვრები, რეჟისორები. პირველი თბილისობის რეჟისორად არჩეული იყო  ლერი პაქსაშვილი. პირველი თბილისობის საპატიო მოქალაქეები გახდნენ ლადო გუდიაშვილი, კონსტანტინე ილურიძე, აკაკი შანიძე და შუშანა ჩიქოვანი. მას შემდეგ ამდენი დრო გავიდა და თბილისობა იმ წლების გარდა, როდესაც  თბილისში იყო  არეულობა, დაპირისპირება და ომი, ყოველ წელს იმართება და თბილისელებისთვის საყვარელი დღესასწაულია. მე თბილისში არ დავბადებულვარ, ჯვარში ვარ დაბადებული და გაზრდილი. კარგი ოჯახი გვქონდა. მამაჩემი მეტივე იყო, დედა მეაბრეშუმე და სახალხო მკურნალი. თბილისში მაშინ ჩამოვედი, როდესაც 21 წლის ასაკში უნივერსიტეტში  ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მთელი ცხოვრებით თბილისთან ვარ დაკავშირებული, თუმცა ღა მშობლიურ მხარესთან და ჯვართან კავშირი არასდროს გამიწყვეტია.    

- ძალიან საინტერესო ცხოვრება გაიარეთ,  მრავალფეროვანია თქვენი ბიოგრაფია. თავად, როგორ ფიქრობთ, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში?  

- ეს იმას ჰგავს, ადამიანს ჰკითხო, რომელი შვილი მეტად გიყვარსო. მე მიყვარდა ყველა საქმე, რომელსაც ვაკეთებდი. ჯერ კიდევ სკოლის ასაკში დავინტერესდი მშობლიური კუთხის შესწავლით. სათავგადასავლო მოგზაურობა პატარა ასაკიდან დავიწყე, როდესაც შევქმენი ჯგუფი და მოვიარე მაგანას და ინწრას ხეობა. წლების შემდეგ ორგანიზება გავუკეთე ბევრ ექსპედიციას: 1962 წელს  თბილისის რკალს, 1963 წელს ექსპედიციას იალბუზის გარშემო, იყო ასეთი ექსპედიცია რუსთაველის კვალდაკვალ, რომელიც 1966 წელს განხორციელდა აჭარაში, სამცხე - ჯავახეთში. 24 წლის ვიყავი, სამ მეგობართან ერთად ველოსიპედით დავფარეთ რვაათასკილომეტრიანი დისტანცია საბჭოთა კავშირის რვა რესპუბლიკაში. ველოსიპედები უნივერსიტეტმა გვიყიდა, სტიპენდიებიც წინასწარ მოგვცეს. გზაზე ბევრი დაბრკოლება შეგხვდა, მაგრამ ამ მოგზაურობამ დიდი გამოცდილება და ცოდნა მომცა, რაც მერე ძალიან გამომადგა. 

gvanji_mania-066 გვანჯი მანია და ტიმ სევრერინი 1984 წელი 

მქონდა აქტიური ჟურნალისტური ცხოვრება. ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ პარალელურად ვსწავლობდი ეკოლოგიას, სოციოლოგიას, ხელოვნებას.  წლები ვიმუშავე საქინფორმში, გაზეთებში „კომუნისტი“, „ახალგაზრდა ივერიელი“, მიღებული მაქვს ჟურნალისტური პრემიები. ძალიან მაინტერესებდა ბუნება, ადამიანები, კავკასიის ხალხთა ცხოვრება, კულტურა, ისტორია. ვმუშაობდი საქართველოს ბუნების დაცვის სახელმწიფო კომიტეტში, სამეცნიერო - ტექნიკური ინფორმაციის განყოფილებისა და ბუნების დაცვის საზოგადოების ეკოლოგიური განათლების განყოფილების უფროსად. მოგვიანებით  ჩემი ინიციატივით მოხდა  „ ბუნების ქომაგის“ საპატიო  წოდების დაწესება,  რომელსაც გადავცემდით ბუნების დამცველებს.

ახალგაზრდობიდან აქტიური და  შეუპოვარი ხასიათი მქონდა, ალბათ ამიტომაც  ჯერ კიდევ სტუდენტობისას, როგორც არასაიმედო პერსონა, უშიშროებას აღრიცხვაზე ვყავდი აყვანილი. არ ვერიდებოდი საზოგადოებაში იმის მხილებას და კრიტიკას, რაც მაწუხებდა და არასწორად მიმაჩნდა. ბევრ რამეში მიშლიდნენ ხელს, მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვაკეთებდი ჩემს საქმეს.  საბჭოთა  რეჟიმის  პირობებში, როდესაც ხელისუფლება გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლის აღნიშვნისთვის ემზადებოდა, მოვაწყვეთ სამდინარო -საზღვაო ექსპედიცია „ ოქროს საწმისი“, რომელიც უპრეცედენტო ამბავი აღმოჩნდა. ავაგეთ ძველკოლხური ნიმუშის ხომალდი, რომელსაც ვუწოდეთ „ოქროს საწმისი“. ვიმოგზაურეთ ისტორიულ კოლხეთში, ექსპედიციის მესამე წელს გერმანიაში იმართებოდა ოლიმპიური თამაშები, გვინდოდა დუნაის გავლით  ქართული დროშით შევსულიყავით მიუნხენში, მაგრამ უფლება არ მოგვცეს უშიშროების სამსახურებმა. ვიცოდი, რომ არგონავტების მარშუტის გამეორება და  კოლხური კულტურის პოპულარიზაცია საბჭოთა ხელისუფლებას დიდად არ მოეწონებოდა, ამიტომ ისე შევფუთეთ, თითქოს  ექსპედიცია გასაბჭოების 50 წლისთავს ეძღვნებოდა. ასეთივე თამამი განაცხადი იყო, საცხენოსნო ექსპედიცია, რომელიც მოვაწყვეთ  კასპის რაიონში, დიდგორის ბრძოლის ადგილებში. რუსეთის მიერ დიდგორის თემაზე საუბარი აკრძალული იყო, რუსების დახმარების გარეშე, როგორ გაიმარჯვეთო, ჩვენ  კი დიდგორის ბრძოლის ადგილებში მოვაწყვეთ ექსპედიცია, რომელშიც 16 ცხენოსანი მონაწილეობდა. ეს საკითხი წამოჭრა ლევან გოთუამ, რომელმაც მიგვანიშნა ამის შესახებ ლიტერატურულ გაზეთში. მე ეს ლაშქრობა მივუძღვენი მის ხსოვნას, დავით აღმაშენებლის, გიორგი სააკაძის და თევდორე მღვდლის მოღვაწეობას. 

 - თქვენი ხელშეწყობით საქართველოში დამყარებული არაერთი რეკორდი მოხვდა გინესების რეკორდების  წიგნში, როგორ  დაუკავშირდით  გინესების რეკორდებს?

 - გინესების რეკორდების საქმესთან  დამაკავშირა ჯუმბერ ლეჟავამ, რომელთანაც როგორც ჟურნალისტს მქონდა ურთიერთობა იმ პერიოდიდან,  როდესაც  ვმუშაობდი საქინფორმის რედაქციაში. ჯუმბერ ლეჟავა არის ერთ-ერთი პირველი ქართველი, ვინც დაიმკვიდრა ადგილი გინესის რეკორდების წიგნში. მან ჯერ დაამყარა რეკორდი ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში, შემდეგ კი - 3333 დღის განმავლობაში იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო ველოსიპედით. გადალახა აზიის, ავსტრალია - ოკეანეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპის და აფრიკის ქვეყნები, ორჯერ ეწვია ანტარქტიდას.

გინესის რეკორდების წიგნში პიროვნებები ავტომატურადაც ხვდებიან. მაგალითად, წიგნში მაია ჩიბურდანიძე შეტანილია, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ქალთა შორის. მე გინესების რეკორდების  წიგნის მიმართ ინტერესი მქონდა, როგორც ჟურნალისტს, მაგრამ მოგვიანებით, 1993 წელს როდესაც დავაარსე მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირი „გიორგი,“ უკვე  აქტიურად ჩავერთე საგინესო მოძრაობაში. ჩემი დახმარებით და ხელშეწყობით  საქართველოდან ბევრი რეკორდი აისახა გინესის რეკორდების წიგნში, მაგრამ არის რეკორდები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ აისახა.

ჩემი ინიციატივა იყო, იუნესკოსა და მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტში ქართული ცურვის სამი სახეობის მოხვედრა. ესაა ფეხური ცურვა, ხელფეხშეკრული ცურვა და მენჩურუა. ფეხური ცურვა  ძველ კოლხეთში ოდითგან იყო ცნობილი. მენჩურუა წყალში ორთაბრძოლის ხალხური  სახეობაა. რაც შეეხება ხელფეხშეკრულ ცურვას, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჰენრი კუპრაშვილის მარათონს, როდესაც მან ხელფეხშეკრულმა გადაცურა 12 კილომეტრიანი დისტანცია, დარდანელის სრუტე. სამწუხაროდ ის ვერ მოხვდა გინესის რეკორდებში, სიცოცხლისათვის დიდი რისკის გამო.  

მე ძალიან საინტერესო ცხოვრება მქონდა. გული იმაზე მწყდება, რომ ჩაკეტილ ქვეყანაში ვცხოვრობდით და არსად არ გვიშვებდნენ, კი ბატონო, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები პრობლემა არ იყო, მაგრამ საზღვრებს გარეთ ვერ გახვიდოდი. მინდოდა რამდენიმე ექსპედიციის მოწყობა და  საქართელოსთვის  თავდადებული, დამსახურებული ადამიანების ისტორიების წარმოჩენა, რაფიელ დანიბეგაშვილის, სულხან საბა ორბელიანის მოგზაურობების, ასევე  ქართული თემატიკის საკითხების მოძიება, მაგრამ არ გამიშვეს. მაშინ უცხოეთში მხოლოდ იმ ხალხს უშვებდნენ, ვისაც უშიშროების კომიტეტისგან ჰქონდა ამისი უფლება, ან მათთან იყვნენ შეთანხმებულები, როგორც ჩანს, ისინი კომპრომისზე მიდიოდნენ. ჰყავდათ მათ „რჩეულები,“  მე მათ რიცხვში არ ვიყავი. უარი მითხრეს რუმინეთში, ბულგარეთში გასვლაზე, ჩაკეტილი ვიყავი. საბჭოთა უშიშროებას ჩემი ნდობა არ ჰქონდა, ამას ყველა ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდი.  ჩემი ჯიუტი ხასიათით ვცდილობდი ხოლმე ჩაკეტილი წრის გარღვევას, რასაც ზოგჯერ  ვახერხებდი, ზოგჯერ - არ გამომდიოდა. 

თამუნა ნიჟარაძე

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way