USD 2.7089
EUR 3.1193
RUB 3.3402
თბილისი
ნიკო ნიკოლაძე - ციკლიდან ყველაზე დიდი ქუთაისელები
თარიღი:  1259
1918 წლის მაისში, ბათუმში, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებების დროს, მოლაპარაკებების დარბაზის კარი გაიღო და ახალგაზრდა გერმანელი გენერალი ოტო ფონ ლოსოვი შემოვიდა. მან დარბაზში მყოფი პირები შეათვალიერა და მოულოდნელად პირდაპირ ქართულ დელეგაციაში მყოფ ნიკო ნიკოლაძისკენ გამოემართა.
თქვენ ხომ ნიკო ნიკოლაძე ბრძანდებით? თავაზიანად იკითხა გენერალმა.
დიახ, თქვენ საიდან იცით?!
თქვენ ჩემს სახლში ხშირად მინახიხართ გერმანიაში, იმიტომ რომ მამაჩემის მეგობარი ხართ - მიუგო გენერალმა.
ამ ნაცნობობამ და ოტო ფონ ლოსოვის კეთილგანწყობამ ჩვენი აზრით ერთ-ერთი გამორჩეული როლი ითამაშა მოლაპარაკების შემდეგ რაუნდებში.
მოგეხსენებათ ძვირფასო მკითხველო, რომ ამ დროისათვის თურქეთის ჯარმა 1878 წელს რუსეთ-თურქეთის ომის დროს დატოვებული ტაო-კლარჯეთისა და აჭარის ტერიტორიები კვლავ დაიკავა და ჩოლოქამდე მოვიდა. მაშინდელმა ახლადჩამოყალიბებულმა ამიერკავკასიის სეიმმა, რომელიც საქართველოს, სომხეთისა და აზებაიჯანისგან შეგდებოდა, ბათუმში მოსალაპარაკებლად სამივე ერის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული დელეგაცია გაგზავნა. დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი ხელმძღვანელობდა. აკაკი ჩხენკელის გარდა ქართველების მხრიდან დელეგაციაში კიდევ ორი წარმომადგენელი ზურაბ ავალიშვილი და ნიკო ნიკოლაძე იყვნენ. ნიკო ნიკოლაძე სწორედ იმიტომ იყო შერჩეული, რომ ის იმ დიდი თერგდალეულთაგან შემორჩენილი უკანასკნელი მოჰიკანი და XIX-XX საუკუნის მიჯნაზე მოღვაწე უპირველესი ევროპელი იყო, რომელმაც საუკუნეების შემდეგ ევროპა სიტყვით და საქმით ხელახლა შემოიტანა საქართველოში. ამიტომ დელეგაციაში ვინ უნდა ყოფილიყო თუ არა ის, რადგანაც ევროპულ გერმანიასთან აპირებდნენ მოლაპარაკებას. დელაგაციის მიზანი კი იყო გერმანული მხარე დაერწმუნებინათ, რათა მათ აეძულებინათ მოკავშირე თურქეთი შეეწყვიტა ექსპანსია და ჯარები უკან გაეყვანა - სწორედ გერმანიის წარმომადგენელი იყო ზემოთხსენებული გენერალი და ნიკო ნოლაძის მეგობრის შვილი - ოტო ფონ ლოსოვი.
ბევრი ბჭობისა და მსჯელობის შემდეგ ოტო ფონ ლოსოვმა ცალკე გამოყო ქართველები და მათ შესთავაზა, რომ მთლიანად ამიერავკასიის სამივე ქვეყნისთვის არა, მაგრამ შესაძლებელი შეიძლება ყოფილიყო საქართველოსთვის გაეწიათ მფარველობა და პროტექტორობა. მაგრამ ამისათვის საქართველო უნდა გამოსულიყო ამიერკავკასიის სეიმიდან, რადგან აზერბაიჯანი და თურქეთი ისედაც თანამოაზრეებად ითვლებოდნენ, სომხებს კი სხვა მიზნები ჰქონდათ. თუმცა მხოლოდ ეს არ იყო საკმარისი, ქართულ მხარეს უნდა დაესაბუთებინა თუ რითი შეიძლება ყოფილიყო საქართველო საინტერესო გერმანიისათვის. ოტო ფონ ლოსოვი დაჰპირდა ნიკო ნიკოლაძეს და ქართულ მხარეს, რომ საკმარისი დასაბუთების წარდგენის შემთხვევაში ის უშუამდგომლებდა საქართველოს გერმანიის მთავრობასთან.
როგორც დელეგაციაში მყოფი ზურაბ ავალიშვილი თავის წიგნში "საქართველოს დამოუკიდებლობა" წერს, დაჯდა ნიკო ნიკოლაძე და ერთ ღამეში ჩამოაყალიბა გეგმა, რომელშიც მრავალ ასპექტთან ერთად მთავარი აქცენტები გააკეთა სასარგებლო წიაღისეულსა და ბუნებრივ რესურსებზე - როგორიცაა ჭიათურის მანგანუმი, ტყიბულის ქვანახშირი, სვანეთის ხე-ტყე, ასევე მის მიერვე დაპროექტებული ამიერკავკასიის რკინიგზა და სხვა მრავალი. მაგრამ მთავარი და უპირველესი, მან როგორც საქართველოს საზღვაო კარიბჭის ფოთის ამშენებელმა, პირველმა გააჟღერა იდეა რომელზეც ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ 1871 წელს ზოგადად დაწერა - ეს იყო საქართველოზე გამავალი უძველესი და უმოკლესი სავაჭრო გზის აღდგენა ევროპიდან აზიამდე. მოცემულ დოკუმენტში კი ნიკო ნიკოლაძემ ამ გზას უწოდა ბერლინი - ფოთი - პეკინი.
ნიკო ნიკოლაძის თეზისებად ჩამოწერილი სახელმწიფოებრივი გეგმა ფონ ლოსოვმა მაშინვე გადაუგზავნა მის მთავრობას, საიდანაც იმავე დღის შუადღისთვის მოვიდა პასუხი, რომ გერმანია იღებდა პროტექტორობას საქართველოს სახელმწიფოზე, თუ კი საქართველო მიიღებდა დამოუკიდებლობას და გახდებოდა ცალკე სახელმწიფო. საგარეო საქმეთა მინისტრმა აკაკი ჩხენკელმა მაშინვე დარეკა თბილისში და მოითხოვა, რომ ვიდრე გვიან არ იყო საქართველოს სასწრაფოდ მიეღო დამოუკიდებლობა. და მართლაც, 1918 წლის 26 მაისს შეიკრიბა საქართველოს ეროვნული საბჭო და 5 საათსა და 10 წუთზე გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა.
ამის შემდეგ საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობა გაგრძელდა იმით, რომ საქართველომ როგორც უკვე დამოუკიდებელმა სახელმწიფომ ოფიციალურად გააგზავნა დელეგაცია გერმანიაში, სადაც ზემოთხსენებული გეგმის საფუძველზე გერმანიამ პირობა შეასრულა ხელი მოაწერა და პროტექტორობა აიღო საქართველოზე. რათქმაუნდა ამ დელეგაციაში იმყოფებოდა ამ გეგმის ავტორი - ნიკო ნიკოლაძე. ამ ყველაფრით კი საქართველომ მიიღო დამოუკიდებლობა და შეინარჩუნა სუვერენიტეტი. ასე რომ ძვირფასო მკითხველო თუ დააკვირდებით დამოუკიდებლობის აღდგენაში ნიკო ნიკოლაძის, ამ დიდი ქუთაისელის წვლილი განსაკუთრებულად დიდია.
კი მართალია, რომ ეს სუვერენიტეტი ქვეყანამ მხოლოდ 3 წელი შეინარჩუნა და 1921 წელს ბოლშევიკურმა რუსეთმა კვლავ დაგვიპყრო, მაგრამ 70 წლის შემდეგ, 1918 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე დაყრდნობით ჩვენმა ქვეყანამ 1991 წლის წლის 9 აპრილს კვლავ გამოაცხადა დამოუკიდებლობა.
ამ დამოუკიდებელ ქვეყანაში ნელ-ნელა გაცოცხლდა იგივე ჩამონათვალი, რაც დიდმა ნიკომ გერმანიის სახელმწიფოს (ანუ ევროპას) ჩამოუწერა და მათ შორის უმთავრესი იდეა ევროპისა და აზიის უმოკლესი სავაჭრო გზა - ბერლინი - ფოთი - პეკინი კვლავ დაიძრა, რომელსაც 1993 წელს ედუარდ შევარდნაძემ ჯერ ტრანსეკას პროექტი და შემდეგ უძველესი სახელი - დიდი აბრეშუმის გზა უწოდა, თუმცა როგორც ნიკო ნიკოლაძის ირგვლივ ხშირად ხდება ხოლმე შევარდნაძეს არც კი უხსენებია ეს უდიდესი გენიალური ქართველი, რომელმაც საუკუნით ადრე დაწერა და ხელახლა გააჟღერა ამ უძველესი გზის აღდგენის იდეა.
რამოდენიმე დღის წინ, 14 დეკემბერს თვითონ ევროპამ ამ იდეას უკვე ოფიციალურად გაუხსნა გზა და მოგვანიჭა ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსი, რაც საქართველოს სძენს ორივე კონტინენტისთვის ზემოთხსენებული უმოკლესი სავაჭრო გზის ფუნქციას. აქედან გამომდინარე კი როგორც კარგად მოგვეხსენება, ეს ჩვენი ერისთვის და მისი სუვერენიტეტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!
ასე რომ ნელ-ნელა და წვალებ-წვალებით, ბევრი და იგივე ოკუპანტი სახელმწიფოს ხელშეშლის მიუხედავად, საქართველო ხელახლა იბრუნებს გეოსტრატეგიულ ფუნქციას და "უძღები შვილი" კვლავ უბრუნდება საკუთარ ოჯახს - რასაც ევროპა და ევროკავშირი ქვია. ამით კი სრულდება და ფრთები ესხმება დიდი და უპირველესი ქართველი ევროპელის, ნიკო ნიკოლაძის ოცნებას და მის გენიალურ იდეებს, რომლებსაც მისი შთამომავალნი ადრე თუ გვიან მაინც მიიყვანენ ბოლომდე!
საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.