„ნეტგაზეთი“ და „ბათუმელები“ ვეხმაურებით შალვა პაპუაშვილის მიერ შესყიდულ ტყესა და მიწის ნაკვეთზე ჩვენ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და გამოვთქვამთ წუხილს დაშვებული შეცდომის გამო, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც მედიასაშუალებებმა გვიან ღამით გაავრცელეს.
„ჩვენი რედაქციისთვის ყოველთვის მთავარი იყო, არის და იქნება ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტი, სწორედ ამიტომ კითხულობთ ახლა ამ ტექსტს. არავინ განიცდის ახლა ჩვენზე მეტად ჩვენ მიერ დაშვებულ ამ შეცდომას, მაგრამ არსებული ვითარებიდან და წნეხიდან გამომდინარე, რომელშიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მუდმივად ვიმყოფებით, დავუშვით შეცდომა, რომლისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდით ბოდიშს ჩვენს მკითხველს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
რა თქმა უნდა, აბსოლუტური ტყუილია, - ასე გამოეხმაურა მანამდე პარლამენტის თავმჯდომარე, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა შალვა პაპუაშვილს სახელმწიფომ ალაზნის სანაპიროზე, 1 ლარად 20 ჰექტარი ტყე გადასცა. მისი თქმით, „გამჭვირვალობის კანონის“ არარსებობის პირობებში, უცნობია, ვინ აფინანსებს „ნეტგაზეთსა“ და „ბათუმელებს“. თუმცა, პაპუაშვილის განცხადებით, გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ასეთ დეზინფორმაციულ მედიას „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ და „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ აფინანსებს.