USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
Tbilisi
ნანა გეგეჭკორი- ამერიკაში მცხოვრები ექიმი, კარდიოლოგი
Date:  1334

ნიუ-იორკში 2010 წელს ჩამოვედი. ამ პერიოდისთვის მოსკოვში, ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო ცენტრში ვმუშაობდი კარდიოლოგად და მეცნიერ თანამშრომლად. ამერიკაში გადმოსვლა ოჯახმა განაპირობა. მეუღლე სოხუმელია და ოჯახთან ერთად დევნილობის პერიოდიდან ამერიკაში ცხოვრობდა. ცხოვრების დაწყება თავიდან, უცხო ენაზე, სრულიად უცხო გარემოში მომიხდა. გარემოში, სადაც მეუღლისა და მისი ოჯახის გარდა, ახლობელი არავინ მყავდა და არც ენა ვიცოდი.


აფხაზეთში, გალში დავიბადე. 13 წლის ვიყავი, ჩემი ოჯახი დევნილი რომ გახდა. ტრაგედიამ, რაც მოგვიანებით გადაგვხდა, უცებ გააუფასურა უსახლკაროდ დარჩენის ტრავმა. მამა საშინლად განიცდიდა აფხაზეთის ტრაგედიას, მშობლიური კუთხის დაკარგვას, სამშობლოში დევნილობას. სავარაუდოდ, ამ ფსიქოლოგიურმა ტრავმამ მასზე სასიკვდილო გავლენა იქონია და მალევე გულის შეტევით, 47 წლის ასაკში, უეცრად გარდაიცვალა. დღეს უკვე ჩემი ყოველდღიური კლინიკური პრაქტიკიდან ვხვდები, მისი გადარჩენა ნამდვილად შეიძლებოდა. უბრალოდ ექიმს შეეშალა, დიაგნოზი სწორად ვერ დასვა და მამას სიცოცხლე, ჰოსპიტალში მიყვანისთანავე, არასწორ სამედიცინო ჩარევას შეეწირა. მაშინ 15 წლისაც არ ვიყავი. ჩვენი ოჯახისთვის ეს წარმოუდგენელი ტრაგედია იყო. პანაშვიდზე ყოველი მომსვლელი ექიმის შეცდომაზე წუხდა. მე კი სულ ვცდილობდი წარმომედგინა, როგორ შეეძლო ექიმს ჩვენი ცხოვრება შემოებრუნებინა, საკმარისი განათლება რომ ჰქონოდა. მომინდა მე ვყოფილიყავი ის ადამიანი, ვინც ასეთი პაციენტების სიცოცხლის უფლებას დაიცავდა და შეძლებდა მათი შვილებისთვის მსგავსი ტრაგედიის თავიდან აცილებას. გასვენების დღეს, მამას საჯაროდ შევფიცე, რომ აუცილებლად გავხდებოდი კარდიოლოგი და უამრავი ბავშვის მამას ვიხსნიდი სიკვდილისგან. ასე დაიწყო ჩემთვის კარდიოლოგია. სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარებისას, უკვე ზუსტად ვიცოდი, რა პროფესიით უნდა გამეგრძელებინა კლინიკური პრაქტიკა.


მაშინ საქართველო წარმოუდგენლად კორუმპირებული ქვეყანა იყო. კორუფცია ობივით ჰქონდა მოდებული სამედიცინო უნივერსიტეტსაც. იქ ჩაბარება, ჩემნაირი ჩვეულებრივი მოკვდავისთვის, მითუმეტეს ლტოლვილისთვის, როგორც მაშინ გვიწოდებდნენ, კონტაქტებისა და პატრონის გარეშე, არარეალური ამოცანა იყო. ჩემს პროფესიულ არჩევანს, დედა და ოჯახის სხვა წევრები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ. თვლიდნენ, რომ კორუფციის გამო ვერაფრით შევძლებდი ბარიერების გადალახვას და საგამოცდო პერიოდი, ისედაც ტრავმირებული ბავშვისთვის , დამატებითი იმედგაცრუება იქნებოდა.

საბედნიეროდ, იმ ასაკისთვის უცნაურმა თავდაჯერებულობამ, უდიდესმა შრომამ და ბრძოლის უნარმა გაჭრა. სამედიცინო უნივერსიტეტში პირველივე წელს, უმაღლესი ქულებით ჩავირიცხე. საგამოცდო პერიოდში ნამდვილი ომი გამოვიარე, რათა დამეცვა ჩემი ცოდნა და შესაბამისი ქულები მიმეღო, თუმცა პირველი დიდი ბარიერის დაძლევა იმდენად დიდი სიხარული და მოტივაცია აღმოჩნდა, ახლა უკვე მადლობელი ვარ მათი, ვინც გულმოდგინედ ცდილობდა მათთვის უცნობი აბიტურიენტისთვის ლტოლვილი, უპატრონო, კონტაქტების არმქონეთა კალათაში მიეჩინა ადგილი. მერე იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გატარებული სტუდენტობა კორუმპირებულ, ნაომარ, გაღარიბებულ ქვეყანაში. იმ პერიოდში, სწავლა ძირითადად ლამფის შუქზე, ე.წ. „კერასინკით“ შემთბარ გაყინულ სახლებში და მოუწყობელ, გათოშილ აუდიტორიებში გვიწევდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვში, ი.ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის ორდინატურაში გავაგრძელე. ეს ერთადერთი არჩევანი იყო, რაც მაშინ მქონდა. თბილისში კარდიოლოგიის რეზიდენტურა ჩემთვის მიუღწეველი იქნებოდა, რადგან სულ რამდენიმე ადგილი იყო და მათთვის სახელებიც მიჩენილი ჰქონდათ. უცხოეთის ვიზას კი შემოსავლების არმქონე, დევნილი აპლიკანტი ვერ მიიღებდა, ან წლები მოუწევდა გამოსავლის ძებნა, რათა ეს მოჯადოებული წრე გაერღვია. მოსკოვში ორდინატურის დასრულებისთანავე მივიღე შემოთავაზება ასპირანტურაში სწავლასა და მუშაობის გაგრძელებაზე, რასაც მალევე მოჰყვა კარდიოლოგად იქვე დარჩენის წინადადება. დისერტაციის დაცვა კი დაემთხვა ჩემს უმთავრეს გადაწყვეტილებას. ოჯახის შექმნისთანავე ნიუ-იორკში გადმოვედი საცხოვრებლად.


ამერიკაში რეზიდენტურის აპლიკაციას სარეკომენდაციო წერილები სჭირდება. მათ მისაღებად კი კლინიკური პრაქტიკის მინიმუმ სამთვიანი კურსი უნდა გამევლო. უცხოელი აპლიკანტისთვის ასეთი პრაქტიკის პოვნა მარტივი ამოცანა არ არის. ამერიკაში არავის ვიცნობდი, შესაბამისად, არც სამედიცინო სფეროში მქონდა კონტაქტები. კლინიკური პრაქტიკის გავლის შესაძლებლობების მოძიება ინტერნეტით დავიწყე. ასზე მეტი წერილი დავაგზავნე სრულიად უცხო ადამიანებთან, დახმარების თხოვნით. ბევრი გამომეხმაურა, მათ შორის იყო „მაუნთ სინაის“ ჰოსპიტლის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის უფროსი. ის ინტერვიუს მთავაზობდა. მეგონა ინტერვიუ ე.წ. „ობზერვეშიპის“ პოზიციას ეხებოდა. ერთ დღეში გავლილი 6 ინტერვიუს შემდეგ აღმოვაჩინე, რომ პოსტ-სადოქტორო ფელოუშიპს მთავაზობდნენ. მათგან მალე მივიღე შემოთავაზება კლინიკური კვლევების მაგისტრატურის სრულად დაფინანსებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპისთვის უკვე მქონდა სადოქტორო ხარისხი ,სწავლის ამ უნიკალურ შანსს დაუფიქრებლად დავთანხმდი და ის პოსტ-სადოქტოროს წლებთან შევაწყვილე. ორივე ვალდებულების დასრულების მეორე დღესვე რეზიდენტურა დავიწყე. რეზიდენტურის დასრულების შემდეგ კი იმავე ჰოსპიტალმა კარდიოლოგიის ფელოუშიპის გაგრძელების საშუალება მომცა. ასე დავუბრუნდი მამისთვის დანაპირებ კარდიოლოგიას, უკვე სხვა ცოდნითა და შესაძლებლობებით აღჭურვილი. ამჟამად ვმუშაობ კარდიოლოგიის „ფელოუ“ მაიმონიდის სამედიცინო ცენტრში. მომავალ წელს ვრჩები კარიერის ამ ეტაპს და დამოუკიდებელ პრაქტიკას უკვე მეორედ, ახალ ენაზე შევუდგები.


ამერიკაში და ევროპის განვითარებულ ქვეყნებში კარდიოლოგია მედიცინის უსწრაფესად განვითარებადი დარგია. დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები მაღალტექნოლოგიური და მინი ინვაზიური ხდება. უამრავი პრობლემა, რასაც ადრე მხოლოდ მედიკამენტოზურად ვმკურნალობდით, დღეს ტექნოლოგიური ჩარევებით ბევრად უფრო ადვილად მართვადია. კლინიკურ პრაქტიკაში ადვილად და სწრაფად იკიდებს ფეხს პაციენტის მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგისათვის საჭირო სხვადასხვა ციფრული ხელსაწყოები. მობილურ ტელეფონებსაც კი უჩნდებათ შესაძლებლობები, უზრუნველყონ პაციენტის მიერ ყველა რეკომენდაციის სწორად შესრულება; ასევე მათი კლინიკური მდგომარეობის დისტანციურად შეფასება და მართვა. სამკურნალო და დიაგნოსტიკური მიდგომები უფრო და უფრო ინდივიდუალიზირებული ხდება. გადაწყვეტილებები უმეტესად მორგებულია ერთი კონკრეტული პაციენტის პერსონალურ პარამეტრებს, რაც ამცირებს გვერდითი ეფექტებისა და ამა თუ იმ ჩარევით გამოწვეული არასასურველი შედეგების ალბათობას.


რაც შეეხება ამერიკული განათლების სპეციფიკას, ის ძალიან განსხვავდება იმ გამოცდილებისაგან, რაც საქართველოსა და რუსეთში სწავლისა და მუშაობისას დავაგროვე. ფუნდამენტური განსხვავება ალბათ იმაშია, რომ აქ სწავლისას მიღებული ცოდნა, თეორიულთან ერთად, ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში უშუალო მონაწილეობით მიღებული ჩვევების კომბინაციას მოიცავს. ამერიკელი რეზიდენტი სრულუფლებიანი წევრია სამედიცინო გუნდისა, რომელიც პაციენტის საწოლთან იღებს გადაწყვეტილებებს. ის არის პირველი რგოლი, რომელიც პაციენტთან ურთიერთობს, დამოუკიდებლად სვამს დიაგნოზს. ამასთან, სანამ მისი გეგმა პაციენტამდე მიაღწევს, აუცილებლად გაივლის უფროსი ექიმის ფილტრს. რეზიდენტი ასევე დაგროვილი გამოცდილების ახალგაზრდა კოლეგებისთვის გაზიარებაზეცაა პასუხისმგებელი. ეს არის სწავლისა და სწავლების უწყვეტი, ყოველდღიური პროცესი, რომელშიც ერთდროულად ხარ სტუდენტიც და მასწავლებელიც. სწავლის პროცესში მიღებული ცოდნა მუდმივად განახლებადია, რადგან უამრავი საგამოცდო ბარიერის გადალახვა გიწევს, სანამ დამოუკიდებელი კლინიკური პრაქტიკის უფლებას მიიღებ. იგივე შემიძლია ვთქვა მაგისტრატურასა და პოსტ-სადოქტორო პერიოდზეც. იქ უმთავრესია ამა თუ იმ ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი. განათლების ეს სისტემა არ გაწვდის მზა ფორმულებსა და საზეპიროებს, ის უბრალოდ გასწავლის, როგორ უნდა მოიპოვო მიზნის მისაღწევად საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები. ეს მიდგომები ძალიან ეხმარება სტუდენტს, რომ საბოლოოდ დამოუკიდებელ, პასუხისმგებლობის გრძნობით აღჭურვილ პროფესიონალად იქცეს. სწავლის პროცესში ყველას უჩნდება განცდა, რომ ცოდნა, რასაც გამოიყენებ კლინიკურ პრაქტიკაში, პრივილეგიასთან ერთად წარმოადგენს უდიდეს პასუხისმგებლობასაც. სწორედ ამიტომ, რამე რომ არ შეგეშალოს, მუდმივად ცდილობ განახლებული ინფორმაცია გქონდეს ყველაფერზე, რაც შენს პროფესიაში ხდება და რამაც შეიძლება არსებითად შეცვალოს პაციენტის კლინიკური მდგომარეობა.


დედა მასწავლიდა წინააღმდეგობების შესაძლებლობებად ქცევის ხელოვნებას, რასაც თავდაუზოგავი შრომა სჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანმა სწორად მიაგნოს საკუთარ ინტერესებს და, ამასთან, ობიექტურად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები. ინტერესებზე უნდა ააგო მიზნები და არა ამბიციებზე, რათა მუშაობის პროცესმა სიამოვნება მოგგვაროს. რთულია თავდაუზოგავი შრომა, თუ პროცესისგან სიამოვნებას ვერ იღებ. ჩემი კარიერა ასეთ შრომაზეა აგებული. მიზნის მისაღწევად იმდენი უნდა გაიღო, რამდენიც დანიშნულების ადგილამდე მიგიყვანს. შეიძლება ბევრი იშრომო, მაგრამ ეს არ იყოს საკმარისი და საბოლოო წერტილამდე მიღწევას უფრო მეტი მუშაობა სჭირდებოდეს. ასევე მნიშვნელოვანია შეცდომების შიშის დაძლევა.


რასაც ყველას ვურჩევ, თავდაუზოგავი შრომა და არდანებებაა. არასდროს დანებდეთ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებისთვის იგივე გზა რთული გასავლელი აღმოჩნდა. ადამიანები ინდივიდუალური შესაძლებლობებით იბადებიან და სხვების მიერ გავლილი გზა ზუსტი ორიენტირი ვერც ერთი სულიერისთვის ვერ იქნება. მიჰყევით საკუთარ შესაძლებლობებსა და ინტერესებს. კონკურენტად საკუთარი თავი გაიხადეთ და ეცადეთ ყოველდღე აჯობოთ სიზარმაცეს, უიმედობას, უმოქმედობას. ინგლისურში არის არაჩვეულებრივი სიტყვათწყობა self-made, ანუ თვით-შექმნილი. არაფერი იძლევა იმდენ ენერგიას, თავდაჯერებულობასა და მომავლის რწმენას, რამდენსაც განცდა, რომ თქვენ თვითონვე შექმენით თქვენი წარმატება.

analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way