USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
თბილისი
ნანა ფაჩუაშვილი: თბილისმა მომცა ყველა სიკეთე, რაც შეიძლება მიეცეს ადამიანს
თარიღი:  1382

„ თეატრის ღმერთი ყოველთვის მწყალობდა. ბევრი დიდი მსახიობი წაიქცა  თეატრის კანონებთან  ჭიდილში და  ვერ გადალახა დაბრკოლებები, რაც თეატრს ახლავს - ამბობს საქართველოს სახალხო არტისტი ნანა ფაჩუაშვილი, რომელიც წელს თბილისის საპატიო მოქალაქე  გახდა. მისი პროფესიული კარიერა რუსთველის თეატრის სცენაზე იმ დროს დაიწყო. როდესაც დიდი თეატრი ტალანტების და გენიალური მსახიობებით იყო სავსე, პროფესიული კონკურენციის და თეატრის  მძიმე კულისების  მიუხედავად,  ქალბატონმა ნანამ შეძლო შეექმნა ბევრი საინტერესო სახე, ემუშავა საუკეთესო რეჟისორებთან, რაც იოლი არ იყო.  

სცენისგან განსხავავებით უცნაურად წარიმართა მისი პირადი ცხოვრება.19 წლის ასაკში დაქვრივდა - მისი მეუღლე თამაზ აფხაიძე უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. ამის შემდეგ მის ცხოვრებაში იყო ორი საყვარელი ადამიანის წასვლა - მეუღლის, მსახიობ  ტრისტან ყველაიძის და შვილის თამაზ აფხაიძის. „ეს იყო ჩემი ბედისწერა, ჩემი მძიმე ჯვარი, რაც ბოლომდე  ღირსეულად უნდა ვზიდო - ამბობს ქალბატონი ნანა, რომელიც  განვლილ გზას, როგორც თეატრში, ასევე პირად ცხოვრებაში, ემოციების გარეშე ვერ იხსენებს.

ნანა ფაჩუაშვილი: როდესაც გავიგე, რომ  საპატიო თბილისელი გავხდი, ძალიან ამაღელვებელი განცდა დამეუფლა. ეს, ალბათ კანონზომიერიც იყო, მართლაც მნიშვნელოვანია, როდესაც გამოგარჩევენ, როგორც შენი ქალაქის საპატიო მოქალაქეს.მე ყოველთვის ვთვლი, რომ  ნამდვილი  თბილისელი ვარ, აქ დავიბადე, აქ გაიარა ჩემმა ცხოვრებამ. მიყვარს ეს ქალაქი, მისი უბნები, განსაკუთრებით ვერის უბანი, სადაც ბავშვობა გავატარე.

თბილისში ბევრი საცხოვრებელი ლოკაცია მოვიარე, ბარნოვის ქუჩიდან, სადაც დავიბადე, გადავედი დიდუბეში, სადაც დავდიოდი სკოლაში, მოგვიანებით საბურთალოზე ვცხოვრობდი, თუმცა წლების  შემდეგ ისევ დავბრუნდი და საბოლოოდ „დავბანაკდი“ ვერაზე, ფილარმონიასთან. აქ ავირჩიე ცხოვრება.  ჩემი სახლის აივნიდან, თბილისი ხელის გულზე ჩანს. საოცარი პანორამა მაქვს,  ყოველდღე  ვხედავ  რას განიცდის  ჩემი ქალაქი, მშვიდია თუ აფორიაქებული და რაღაც უჭირს,  ჩემი აივნიდან  ზუსტად  ვგრძნობ  ჩემი ქალაქის  გულისცემას.      

ცოტა უცნაური ბედის ადამიანი ვარ, ბევრი ისეთი რამ გადამხდა თავს, რაც არ იყო იოლი, იშვიათადაა, ადამიანს ლაღი და მწვანე გზა ჰქონდეს ცხოვრებაში, თუმცა ამ ქალაქმა მომცა  ყველა ის სიკეთე, რაც  შეიძლება მიეცეს ადამიანს. ჩემი აზრით, ოჯახი, წრე ქმნის შენს შინაარსს და  ცხოვრების წესს.  გათხოვების შემდეგ, ბარნოვის ქუჩაზე ვცხოვრობდი იმ სახლში, სადაც ცნობილი ქართველი მსახიობები ცხოვრობდნენ. ეს იყო  ე.წ. მსახიობების სახლი, ჩემი მეზობლები იყვნენ მიხეილ თუმანიშვილი, ეროსი მანჯგალაძე, სესილია თაყაიშვილი, მედეა ჯაფარიძე - ცნობილი ლეგენდარული მსახიობები. ქალბატონი სესილია პირველ სართულზე ცხოვრობდა,  ფანჯარასთან დგომა უყვარდა, ერთხელ, უკვე სტუდენტი ვიყავი, იმ ასაკის, როდესაც ხდება გემოვნების ჩამოყალიბება და  ცოტა „აჭრილი“ ხარ სტილში, დამიძახა  ქალბატონმა სესილიამ, მოდი გოგო შენ აქ, მივუახლოვდი. იცი რას გეტყვი,  რა არის ეს ჭრელი, ზებრა პალტო რომ გაცვიაო (იცინის).

ძალიან ლამაზად მახსოვს ბავშვობის წლები, სკოლა,თეატრალური უნივერსიტეტი, შემდეგ მისვლა თეატრში, სადაც მსახიობს ბევრი რთული საფეხურის გავლა უხდება დიდი შრომის და გამძლეობის ფასად, იოლი არ არის იმ კანონში მოხვედრა, რასაც თეატრი მოითხოვს შენგან, თეატრში ეს „წესები“ ადრეც იყო და დამერწმუნეთ, დღემდე გრძელდება.

როგორ აისახებოდა თაობათა ცვლა თბილისზე, თუნდაც თეატრის მაგალითზე, ეს მტკივნეული პროცესი იყო?

როდესაც ერთი თაობა მიდის და მეორე მოდის, ეს ცვლილება ყოველთვის თვალშისაცემია. ყველა წინამორბედ თაობას მომავალი თაობის  მიმართ აქვს შენიშვნა და ექნება კიდეც,  იცვლება დრო, იცვლება ჩვევები, ცხოვრების წესი. მე მახსოვს, როდესაც თეატრში ჩვენი თაობა მოვიდა, წინა თაობას ჰქონდა გარკვეული პრეტენზიები ჩვენთან. არ მოვწონდით ჩვენი მეტი სითამამის, სილაღის გამო, მაგრამ მათ მაინც გამოგვიწოდეს დახმარების ხელი, სარკეში ჩაგვახედეს, გვასწავლეს ბევრი რამ. ისინი დიდი პიროვნებები იყვნენ -  ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები, ფანატიკურად შეყვარებულები  და თავდადებულები თავის პროფესიაზე, სწორედ აქედან გამომდინარეობდა  მათი დამოკიდებულება ჩვენ მიმართ.   იგივე  დამოკიდებულება მაქვს მეც. უკვე იმ  წლებში ვარ, თავს უფლებას ვაძლევ ხოლმე მივუთითო ახალგაზრდებს ისეთ ქცევაზე, რაც არ არის მოსაწონი. ჩემთვის მიუღებელია  გულგრილობა და უპატივცემულობა ჩვენი საქმის მიმართ და ამას ყოველთვის გამოვხატავ, თუ ასე იქცევა ვინმე.

ჩვენს თაობას საბჭოთა პერიოდში გვიწევდა ცხოვრება. როცა რკინის ფარდა გაიხსნა და სხვა ქვეყნებში გასვლის საშუალება მოგვეცა,  ეს  აისახა  ყველაფერზე.  დღეს თეატრში ძალიან ნიჭიერი ახალი თაობაა. მათ მეტი ინფორმაცია, გემოვნების  ჩამოყალიბების მეტი არეალი  და სივრცე აქვთ,  ვიდრე  ჩვენ  გვქონდა. მათი მსოფლმხედველობა უფრო ფართოა, თუმცა გული მწყდება, რომ ის ნიჭიერება, რაც იყო საქართველოში, ხელოვნების ყველა დარგში, თეატრში, მუსიკაში, მწერლობაში, მხატვრობაში  დღეს იმ დოზით აღარაა. დღეს ბევრი ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ აღარ არიან  გენიოსები.  ჩვენი გენეტიკა სავსეა ნიჭით, ალბათ, გარკვეული პაუზაც საჭიროა, გაივლის ეს პერიოდი  და დიდ ტალანტებს, რითიც ყოველთვის ვიყავით გამორჩეულები, აუცილებლად მოიტანს დრო.

ვინ იყო ადამიანი, ვინც განსაზღვრა  თქვენი ცხოვრება?

თეატრში, ჩემს პროფესიაში იყვნენ ასეთი ადამიანები, ცხოვრებაში ეს იყო ჩემი მეუღლე - ტრისტან ყველაიძე. ტრისტანი ძალიან ერუდირებული და ნაკითხი კაცი იყო,  მეგობრობდა აკაკი ბაქრაძესთან, სულ ერთმანეთთან მიუწევდათ გული. ტრისტანი მუდმივად  წიგნებში იყო ჩაფლული. ყიდულობდა და  მოჰქონდა  სახლში საოცარი წიგნები, იმის მიუხედავად, რომ იმ დროს მსახიობებს არ გვქონდა დალხენილი ცხოვრება. როდესაც ტრისტანი გარდაიცვალა, დაგვრჩა მისი უდიდესი ბიბლიოთეკა, რომელიც მისთვის ძალიან ძვირფასი იყო.

ტრისტანი იყო სიმართლის მოყვარული ადამიანი, არასდროს მატყუებდა. თუ რაიმე არ მოეწონებოდა, აუცილებლად მეტყოდა, ის იყო ჩემი საუკეთესო შემფასებელი. მარტო ჩემთვის კი არა ტრისტანთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი შვილისთვის, თამაზისთვის.  ტრისტანს მის განათლებაში და აღზრდაში დიდი წვლილი ჰქონდა შეტანილი.

მე ფანატიკურად მიყვარდა თეატრიც და ოჯახიც. ყოველთვის ვახერხებდი თავი მიმეძღვნა როგორც თეატრის, ასევე ოჯახისთვის.  ალბათ, ხან ერთს ვაკლებდი რაღაცას, ხან - მეორეს, მაგრამ მაინც ვახერხებდი  ოჯახს და თეატრს შორის გამეყო ჩემი ცხოვრება. ქალი და მამაკაცი ერთმანეთის ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ. ტრისტანი გაწონასწორებული, დინჯი ადამიანი იყო,  იშვიათად მახსოვს მისი გაბრაზება, მაგრამ თუ გაფიცხდებოდა, ჩემს მტერს.ორი სხვადასხვა ხასიათის ადამიანი ვიყავით, მაგრამ ერთმანეთს ვაბალანსებდით, ხელს ვუწყობდით.

როდესაც ცოლ-ქმარი ერთი და იგივე  პროფესიაში არიან მეტი ურთიერთგაგება აქვთ და ერთმანეთსაც მეტად გულშემატკივრობენ. ტრისტანი ნიჭიერი ადამიანი იყო, რომ  არა მისი ავადმყოფობა და გულის  პრობლემები, რაც ცუდად აისახა ტრისტანზე, ის ბევრად  მეტს მიაღწევდა - ლაღი ადამიანი იყო, კარგად უკრავდა, უყვარდა ადამიანებთან ურთიერთობა. ფიზიკურად არ შეეძლო, მაგრამ მაინც ვერ შეელია თავის პროფესიას. 30 წლის იყო, როდესაც პირველი ინფარქტი დაემართა. მერე იყო მეორე ინფარქტი, გულიკო ჩაფიძემ გვირჩია, როგორმე შეაგუეთ, რომ დატოვოს თავისი პროფესიაო, მაგრამ ვერ შეელია. ამისი გაგონება არ უნდოდა, იმდენად უყვარდა თავისი საქმე, ხელობა. მესამე ინფარქტი კულისებში დაემართა. 55 წლის იყო, როდესაც გარდაიცვალა.

 

არ აღმოჩნდით იოლი ბედის ადამიანი, დაკარგეთ ორი საყვარელი მამაკაცი, შემდეგ შვილი. რა გაძლევდათ ძალას, გაგეგრძელებინათ ცხოვრება ასეთ რთულ პერიოდებში?

ჩემი შვილის გარდაცვალება აღმოჩნდა  ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილი. 19 წლის  გოგო ვიყავი, როდესაც თამაზი გარდაიცვალა,  ხელებში მომიკვდა ჩემთვის ძვირფასი ადამიანი. ჩემი და თამაზის ურთიერთობა იყო ულამაზესი სიზმარი, რომელიც თითქოს ხელიდან გასრიალდა. ორთვენახევრის ფეხმძიმე დავრჩი, გაჩნდა ჩემი შვილი თამაზი, მე და ტრისტანმა ერთად გავზარდეთ ის.    

ასეთი რთული პერიოდების შემდეგ დგება თვითგადარჩენის საკითხი. გაცნობიერება იმის, რომ შენ კიდევ გყავს შვილი, შვილიშვილები, შვილთაშვილები, ეს გაძლევს ძალას. მე ყოველთვის მქონდა ბრძოლისუნარიანობა,  იმის მიუხედავად, რომ კარგი ოჯახი მყავდა,  მაინც ყველაზე მეტად  საკუთარ თავს ვეყრდნობდი. ამან განაპირობა ის, რომ ბოლომდე შემრჩა  თვითგადარჩენის,  ბრძოლის  უნარი.  უკვირთ ხოლმე და მეუბნებიან, შენ რა მაგარი ხარ, ამდენს გაუძელიო,  არც ისეთი მაგარი ვარ, მაგრამ სხვა რა გზა  არ მქონდა.

მე  ძალიან დამეხმარა ჩემი საქმე. რაც არ უნდა ცუდად ვგრძნობდე თავს, ყოველთვის ვიკრებ ძალას, რომ  ფეხზე ვიდგე, შევძლო და სცენაზე გავიდე. კვლავ აქტიურად ვარ დაკავებული თეატრში, ახლა ესპანეთში მივდივართ  გასტროლზე სპექტაკლით  „დილა მშვიდობისა100  - დოლარიანო“.

ყველას თავისი ბედი აქვს, მე განსხვავებული ვარ ჩემი ბედისწერით. ვიღაც ვერც წარმოიდგენს, როგორ გადავიტანე ამდენი რამ, ან რა ძალა მეყო. ადამიანი უნდა შეეგუო იმას, რომ შენ დაიბადე ამ ბედით და ეს ყველაფერი უნდა გადაგეტანა. ეს იყო ჩემი ბედისწერა, ჩემი ჯვარი, რომელიც  ბოლომდე ღირსეულად უნდა ვატარო. ჩემი შვილი ხათუნა არ ცხოვრობს საქართველოში, ჩემი შვილიშვილები, შვილთაშვილები არიან აქ,  დღეს ღირსეულად ვიცხოვრო. ვცდილობ, არ ჩამოვრჩე ცხოვრებას, მყავს ახალგაზრდა მეგობრები. მიხარია მათთან ურთიერთობა. მთელი ცხოვრება უცხოეთში დავდიოდი გასტრილებზე, საქართველოში ვერ ვახერხებდი ჩვენი ლამაზი კუთხეების ნახვას, ახლა ამას  უკვე ჩემს ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად ვახერხებ.

რა გენატრებათ წარსულიდან?

მენატრება ჩემი იდეალური ოჯახი, როდესაც ჩემი შვილი ცოცხალი იყო და ჩვენ, მე თამაზი და ტრისტანი ერთად ვცხოვრობდით. მახსოვს თეატრალური აღმაფრენა -  ვფიქრობ, რომ  ბევრს მსახიობს ვერ გამოუვიდა თამაში იმდენ თეატრში, რამდენშიც  მე ვიყავი დაკავებული. ბევრი როლები, ერთი პიესიდან მეორეზე გადასვლა - ძალიან აქტიური  პროფესიული ცხოვრება მქონდა, რაშიც  ყველა რეჟისორს  თავისი წვლილი  აქვს შეტანილი. მე სულ ვამბობ, მე უფრო მიყვარს თეატრი, ვიდრე თეატრს ვუყვარვარ - მე. მსახიობს  უფრო უნდა უყვარდეს თეატრი, რომ გაუძლოს  მის  წესებს და კანონებს. თეატრი ვერ მოგერგება, შენ უნდა მოეგო და აიტანო ყველა სირთულე და ტკივილი. ჩემზე ბევრად მაგარი და ნიჭიერი მსახიობები წასულან ტირილით თეატრიდან, იმიტომ რომ ვერ აიტანეს თეატრის მძიმე დამოკიდებულება. თუ ამას ვერ გაუძელი, რაც მხოლოდ საკუთარი თავის, ნებისყოფის, სიმტკიცის ხარჯზე ხდება, ძალიან გაგიჭირდება თეატრში დარჩენა.

მსახიობის ცხოვრებაში ყოველთვის დგება პაუზა, როცა ჩემს ცხოვრებაში ეს დრო დადგა, შევძელი და მოვახერხე სხვა თეატრებში გასვლა. ვიმუშავე ბევრ ნიჭიერ რეჟისორთან, მაგალითად დათო ანუღლაძესთან სპექტაკლში“ მეორედ მოსცლა  ანუ  ვიზიტი,“ ეს იყო ძალიან ფასეული სპექტაკლი, ამ   როლმა   ბევრი რამ მომცა. ასევე  გამოწვევა იყო  ჩემთვის ახალგახსნილ  „თეატრალურ სარდაფში“  ავთო ვარსიმაშვილის „სიკვდილის როკვა“, სადაც  მე, რამაზ ჩხიკვაძემ და კახი კავსაძემ  ვითამაშეთ. სამი სპექტაკლი თავისუფალ თეატრში,ასევე ახმეტელის თეატრი, თეატრი ათონელზე, ზუგდიდის თეატრშიც კი მაქვს ნათამაშები, რობერტ სტურუამ მთხოვა, წავიდეთ ამ თეატრს დავეხმაროთო. სცენის ღმერთი ნამდვილად მწყალობდა, მეც ალბათ, რისკიანი ვიყავი. ასეთი რისკიანი ნაბიჯი იყო  ჩემი წასვლა ტელევიზიაში, სადაც 6 წელი ვიმუშავე წამყვანად,  ჩემს ასაკში, ეს არ იყო იოლი, მაგრამ ეს იყო თამამი გადაწყვეტილებები, რაც აუცილებელი იყო ჩემგან. მინდოდა  ჩემი თავისთვის გამომენახა გადარჩენის გზები, როცა გინდა თავი გადაირჩინო, გზას ყოველთვის პოულობ.

მე ჩემს თავს ვადარებ სპორტსმენს, რომელმაც იმისთვის, რომ ფინიშთან მივიდეს ძალა უნდა გაანაწილოს - ეტაპობრივად, ნელა -ნელა უნდა შეძლო თანაარსებობა ამ ცხოვრებასთან. მე ეს ალბათ, შევძელი. დღეს რუსთაველის თეატრში ყველაზე ხანდაზმული მოქმედი მსახიობი ვარ. ვიცი, გავა წლები და მომიწევს ცხოვრება თეატრის გარეშე, ამას შეგუებული ვარ, თუმცა ახლა ყველაფერს ვაკეთებ, რომ ეს დრო, რაც შეიძლება გვიან  დადგეს.      

თამარ ნიჟარაძე

ანალიტიკა
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.