„ თეატრის ღმერთი ყოველთვის მწყალობდა. ბევრი დიდი მსახიობი წაიქცა თეატრის კანონებთან ჭიდილში და ვერ გადალახა დაბრკოლებები, რაც თეატრს ახლავს - ამბობს საქართველოს სახალხო არტისტი ნანა ფაჩუაშვილი, რომელიც წელს თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა. მისი პროფესიული კარიერა რუსთველის თეატრის სცენაზე იმ დროს დაიწყო. როდესაც დიდი თეატრი ტალანტების და გენიალური მსახიობებით იყო სავსე, პროფესიული კონკურენციის და თეატრის მძიმე კულისების მიუხედავად, ქალბატონმა ნანამ შეძლო შეექმნა ბევრი საინტერესო სახე, ემუშავა საუკეთესო რეჟისორებთან, რაც იოლი არ იყო.
სცენისგან განსხავავებით უცნაურად წარიმართა მისი პირადი ცხოვრება.19 წლის ასაკში დაქვრივდა - მისი მეუღლე თამაზ აფხაიძე უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. ამის შემდეგ მის ცხოვრებაში იყო ორი საყვარელი ადამიანის წასვლა - მეუღლის, მსახიობ ტრისტან ყველაიძის და შვილის თამაზ აფხაიძის. „ეს იყო ჩემი ბედისწერა, ჩემი მძიმე ჯვარი, რაც ბოლომდე ღირსეულად უნდა ვზიდო - ამბობს ქალბატონი ნანა, რომელიც განვლილ გზას, როგორც თეატრში, ასევე პირად ცხოვრებაში, ემოციების გარეშე ვერ იხსენებს.
ნანა ფაჩუაშვილი: როდესაც გავიგე, რომ საპატიო თბილისელი გავხდი, ძალიან ამაღელვებელი განცდა დამეუფლა. ეს, ალბათ კანონზომიერიც იყო, მართლაც მნიშვნელოვანია, როდესაც გამოგარჩევენ, როგორც შენი ქალაქის საპატიო მოქალაქეს.მე ყოველთვის ვთვლი, რომ ნამდვილი თბილისელი ვარ, აქ დავიბადე, აქ გაიარა ჩემმა ცხოვრებამ. მიყვარს ეს ქალაქი, მისი უბნები, განსაკუთრებით ვერის უბანი, სადაც ბავშვობა გავატარე.
თბილისში ბევრი საცხოვრებელი ლოკაცია მოვიარე, ბარნოვის ქუჩიდან, სადაც დავიბადე, გადავედი დიდუბეში, სადაც დავდიოდი სკოლაში, მოგვიანებით საბურთალოზე ვცხოვრობდი, თუმცა წლების შემდეგ ისევ დავბრუნდი და საბოლოოდ „დავბანაკდი“ ვერაზე, ფილარმონიასთან. აქ ავირჩიე ცხოვრება. ჩემი სახლის აივნიდან, თბილისი ხელის გულზე ჩანს. საოცარი პანორამა მაქვს, ყოველდღე ვხედავ რას განიცდის ჩემი ქალაქი, მშვიდია თუ აფორიაქებული და რაღაც უჭირს, ჩემი აივნიდან ზუსტად ვგრძნობ ჩემი ქალაქის გულისცემას.
ცოტა უცნაური ბედის ადამიანი ვარ, ბევრი ისეთი რამ გადამხდა თავს, რაც არ იყო იოლი, იშვიათადაა, ადამიანს ლაღი და მწვანე გზა ჰქონდეს ცხოვრებაში, თუმცა ამ ქალაქმა მომცა ყველა ის სიკეთე, რაც შეიძლება მიეცეს ადამიანს. ჩემი აზრით, ოჯახი, წრე ქმნის შენს შინაარსს და ცხოვრების წესს. გათხოვების შემდეგ, ბარნოვის ქუჩაზე ვცხოვრობდი იმ სახლში, სადაც ცნობილი ქართველი მსახიობები ცხოვრობდნენ. ეს იყო ე.წ. მსახიობების სახლი, ჩემი მეზობლები იყვნენ მიხეილ თუმანიშვილი, ეროსი მანჯგალაძე, სესილია თაყაიშვილი, მედეა ჯაფარიძე - ცნობილი ლეგენდარული მსახიობები. ქალბატონი სესილია პირველ სართულზე ცხოვრობდა, ფანჯარასთან დგომა უყვარდა, ერთხელ, უკვე სტუდენტი ვიყავი, იმ ასაკის, როდესაც ხდება გემოვნების ჩამოყალიბება და ცოტა „აჭრილი“ ხარ სტილში, დამიძახა ქალბატონმა სესილიამ, მოდი გოგო შენ აქ, მივუახლოვდი. იცი რას გეტყვი, რა არის ეს ჭრელი, ზებრა პალტო რომ გაცვიაო (იცინის).
ძალიან ლამაზად მახსოვს ბავშვობის წლები, სკოლა,თეატრალური უნივერსიტეტი, შემდეგ მისვლა თეატრში, სადაც მსახიობს ბევრი რთული საფეხურის გავლა უხდება დიდი შრომის და გამძლეობის ფასად, იოლი არ არის იმ კანონში მოხვედრა, რასაც თეატრი მოითხოვს შენგან, თეატრში ეს „წესები“ ადრეც იყო და დამერწმუნეთ, დღემდე გრძელდება.
როგორ აისახებოდა თაობათა ცვლა თბილისზე, თუნდაც თეატრის მაგალითზე, ეს მტკივნეული პროცესი იყო?
როდესაც ერთი თაობა მიდის და მეორე მოდის, ეს ცვლილება ყოველთვის თვალშისაცემია. ყველა წინამორბედ თაობას მომავალი თაობის მიმართ აქვს შენიშვნა და ექნება კიდეც, იცვლება დრო, იცვლება ჩვევები, ცხოვრების წესი. მე მახსოვს, როდესაც თეატრში ჩვენი თაობა მოვიდა, წინა თაობას ჰქონდა გარკვეული პრეტენზიები ჩვენთან. არ მოვწონდით ჩვენი მეტი სითამამის, სილაღის გამო, მაგრამ მათ მაინც გამოგვიწოდეს დახმარების ხელი, სარკეში ჩაგვახედეს, გვასწავლეს ბევრი რამ. ისინი დიდი პიროვნებები იყვნენ - ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები, ფანატიკურად შეყვარებულები და თავდადებულები თავის პროფესიაზე, სწორედ აქედან გამომდინარეობდა მათი დამოკიდებულება ჩვენ მიმართ. იგივე დამოკიდებულება მაქვს მეც. უკვე იმ წლებში ვარ, თავს უფლებას ვაძლევ ხოლმე მივუთითო ახალგაზრდებს ისეთ ქცევაზე, რაც არ არის მოსაწონი. ჩემთვის მიუღებელია გულგრილობა და უპატივცემულობა ჩვენი საქმის მიმართ და ამას ყოველთვის გამოვხატავ, თუ ასე იქცევა ვინმე.
ჩვენს თაობას საბჭოთა პერიოდში გვიწევდა ცხოვრება. როცა რკინის ფარდა გაიხსნა და სხვა ქვეყნებში გასვლის საშუალება მოგვეცა, ეს აისახა ყველაფერზე. დღეს თეატრში ძალიან ნიჭიერი ახალი თაობაა. მათ მეტი ინფორმაცია, გემოვნების ჩამოყალიბების მეტი არეალი და სივრცე აქვთ, ვიდრე ჩვენ გვქონდა. მათი მსოფლმხედველობა უფრო ფართოა, თუმცა გული მწყდება, რომ ის ნიჭიერება, რაც იყო საქართველოში, ხელოვნების ყველა დარგში, თეატრში, მუსიკაში, მწერლობაში, მხატვრობაში დღეს იმ დოზით აღარაა. დღეს ბევრი ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ აღარ არიან გენიოსები. ჩვენი გენეტიკა სავსეა ნიჭით, ალბათ, გარკვეული პაუზაც საჭიროა, გაივლის ეს პერიოდი და დიდ ტალანტებს, რითიც ყოველთვის ვიყავით გამორჩეულები, აუცილებლად მოიტანს დრო.
ვინ იყო ადამიანი, ვინც განსაზღვრა თქვენი ცხოვრება?
თეატრში, ჩემს პროფესიაში იყვნენ ასეთი ადამიანები, ცხოვრებაში ეს იყო ჩემი მეუღლე - ტრისტან ყველაიძე. ტრისტანი ძალიან ერუდირებული და ნაკითხი კაცი იყო, მეგობრობდა აკაკი ბაქრაძესთან, სულ ერთმანეთთან მიუწევდათ გული. ტრისტანი მუდმივად წიგნებში იყო ჩაფლული. ყიდულობდა და მოჰქონდა სახლში საოცარი წიგნები, იმის მიუხედავად, რომ იმ დროს მსახიობებს არ გვქონდა დალხენილი ცხოვრება. როდესაც ტრისტანი გარდაიცვალა, დაგვრჩა მისი უდიდესი ბიბლიოთეკა, რომელიც მისთვის ძალიან ძვირფასი იყო.
ტრისტანი იყო სიმართლის მოყვარული ადამიანი, არასდროს მატყუებდა. თუ რაიმე არ მოეწონებოდა, აუცილებლად მეტყოდა, ის იყო ჩემი საუკეთესო შემფასებელი. მარტო ჩემთვის კი არა ტრისტანთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი შვილისთვის, თამაზისთვის. ტრისტანს მის განათლებაში და აღზრდაში დიდი წვლილი ჰქონდა შეტანილი.
მე ფანატიკურად მიყვარდა თეატრიც და ოჯახიც. ყოველთვის ვახერხებდი თავი მიმეძღვნა როგორც თეატრის, ასევე ოჯახისთვის. ალბათ, ხან ერთს ვაკლებდი რაღაცას, ხან - მეორეს, მაგრამ მაინც ვახერხებდი ოჯახს და თეატრს შორის გამეყო ჩემი ცხოვრება. ქალი და მამაკაცი ერთმანეთის ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ. ტრისტანი გაწონასწორებული, დინჯი ადამიანი იყო, იშვიათად მახსოვს მისი გაბრაზება, მაგრამ თუ გაფიცხდებოდა, ჩემს მტერს.ორი სხვადასხვა ხასიათის ადამიანი ვიყავით, მაგრამ ერთმანეთს ვაბალანსებდით, ხელს ვუწყობდით.
როდესაც ცოლ-ქმარი ერთი და იგივე პროფესიაში არიან მეტი ურთიერთგაგება აქვთ და ერთმანეთსაც მეტად გულშემატკივრობენ. ტრისტანი ნიჭიერი ადამიანი იყო, რომ არა მისი ავადმყოფობა და გულის პრობლემები, რაც ცუდად აისახა ტრისტანზე, ის ბევრად მეტს მიაღწევდა - ლაღი ადამიანი იყო, კარგად უკრავდა, უყვარდა ადამიანებთან ურთიერთობა. ფიზიკურად არ შეეძლო, მაგრამ მაინც ვერ შეელია თავის პროფესიას. 30 წლის იყო, როდესაც პირველი ინფარქტი დაემართა. მერე იყო მეორე ინფარქტი, გულიკო ჩაფიძემ გვირჩია, როგორმე შეაგუეთ, რომ დატოვოს თავისი პროფესიაო, მაგრამ ვერ შეელია. ამისი გაგონება არ უნდოდა, იმდენად უყვარდა თავისი საქმე, ხელობა. მესამე ინფარქტი კულისებში დაემართა. 55 წლის იყო, როდესაც გარდაიცვალა.
არ აღმოჩნდით იოლი ბედის ადამიანი, დაკარგეთ ორი საყვარელი მამაკაცი, შემდეგ შვილი. რა გაძლევდათ ძალას, გაგეგრძელებინათ ცხოვრება ასეთ რთულ პერიოდებში?
ჩემი შვილის გარდაცვალება აღმოჩნდა ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილი. 19 წლის გოგო ვიყავი, როდესაც თამაზი გარდაიცვალა, ხელებში მომიკვდა ჩემთვის ძვირფასი ადამიანი. ჩემი და თამაზის ურთიერთობა იყო ულამაზესი სიზმარი, რომელიც თითქოს ხელიდან გასრიალდა. ორთვენახევრის ფეხმძიმე დავრჩი, გაჩნდა ჩემი შვილი თამაზი, მე და ტრისტანმა ერთად გავზარდეთ ის.
ასეთი რთული პერიოდების შემდეგ დგება თვითგადარჩენის საკითხი. გაცნობიერება იმის, რომ შენ კიდევ გყავს შვილი, შვილიშვილები, შვილთაშვილები, ეს გაძლევს ძალას. მე ყოველთვის მქონდა ბრძოლისუნარიანობა, იმის მიუხედავად, რომ კარგი ოჯახი მყავდა, მაინც ყველაზე მეტად საკუთარ თავს ვეყრდნობდი. ამან განაპირობა ის, რომ ბოლომდე შემრჩა თვითგადარჩენის, ბრძოლის უნარი. უკვირთ ხოლმე და მეუბნებიან, შენ რა მაგარი ხარ, ამდენს გაუძელიო, არც ისეთი მაგარი ვარ, მაგრამ სხვა რა გზა არ მქონდა.
მე ძალიან დამეხმარა ჩემი საქმე. რაც არ უნდა ცუდად ვგრძნობდე თავს, ყოველთვის ვიკრებ ძალას, რომ ფეხზე ვიდგე, შევძლო და სცენაზე გავიდე. კვლავ აქტიურად ვარ დაკავებული თეატრში, ახლა ესპანეთში მივდივართ გასტროლზე სპექტაკლით „დილა მშვიდობისა100 - დოლარიანო“.
ყველას თავისი ბედი აქვს, მე განსხვავებული ვარ ჩემი ბედისწერით. ვიღაც ვერც წარმოიდგენს, როგორ გადავიტანე ამდენი რამ, ან რა ძალა მეყო. ადამიანი უნდა შეეგუო იმას, რომ შენ დაიბადე ამ ბედით და ეს ყველაფერი უნდა გადაგეტანა. ეს იყო ჩემი ბედისწერა, ჩემი ჯვარი, რომელიც ბოლომდე ღირსეულად უნდა ვატარო. ჩემი შვილი ხათუნა არ ცხოვრობს საქართველოში, ჩემი შვილიშვილები, შვილთაშვილები არიან აქ, დღეს ღირსეულად ვიცხოვრო. ვცდილობ, არ ჩამოვრჩე ცხოვრებას, მყავს ახალგაზრდა მეგობრები. მიხარია მათთან ურთიერთობა. მთელი ცხოვრება უცხოეთში დავდიოდი გასტრილებზე, საქართველოში ვერ ვახერხებდი ჩვენი ლამაზი კუთხეების ნახვას, ახლა ამას უკვე ჩემს ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად ვახერხებ.
რა გენატრებათ წარსულიდან?
მენატრება ჩემი იდეალური ოჯახი, როდესაც ჩემი შვილი ცოცხალი იყო და ჩვენ, მე თამაზი და ტრისტანი ერთად ვცხოვრობდით. მახსოვს თეატრალური აღმაფრენა - ვფიქრობ, რომ ბევრს მსახიობს ვერ გამოუვიდა თამაში იმდენ თეატრში, რამდენშიც მე ვიყავი დაკავებული. ბევრი როლები, ერთი პიესიდან მეორეზე გადასვლა - ძალიან აქტიური პროფესიული ცხოვრება მქონდა, რაშიც ყველა რეჟისორს თავისი წვლილი აქვს შეტანილი. მე სულ ვამბობ, მე უფრო მიყვარს თეატრი, ვიდრე თეატრს ვუყვარვარ - მე. მსახიობს უფრო უნდა უყვარდეს თეატრი, რომ გაუძლოს მის წესებს და კანონებს. თეატრი ვერ მოგერგება, შენ უნდა მოეგო და აიტანო ყველა სირთულე და ტკივილი. ჩემზე ბევრად მაგარი და ნიჭიერი მსახიობები წასულან ტირილით თეატრიდან, იმიტომ რომ ვერ აიტანეს თეატრის მძიმე დამოკიდებულება. თუ ამას ვერ გაუძელი, რაც მხოლოდ საკუთარი თავის, ნებისყოფის, სიმტკიცის ხარჯზე ხდება, ძალიან გაგიჭირდება თეატრში დარჩენა.
მსახიობის ცხოვრებაში ყოველთვის დგება პაუზა, როცა ჩემს ცხოვრებაში ეს დრო დადგა, შევძელი და მოვახერხე სხვა თეატრებში გასვლა. ვიმუშავე ბევრ ნიჭიერ რეჟისორთან, მაგალითად დათო ანუღლაძესთან სპექტაკლში“ მეორედ მოსცლა ანუ ვიზიტი,“ ეს იყო ძალიან ფასეული სპექტაკლი, ამ როლმა ბევრი რამ მომცა. ასევე გამოწვევა იყო ჩემთვის ახალგახსნილ „თეატრალურ სარდაფში“ ავთო ვარსიმაშვილის „სიკვდილის როკვა“, სადაც მე, რამაზ ჩხიკვაძემ და კახი კავსაძემ ვითამაშეთ. სამი სპექტაკლი თავისუფალ თეატრში,ასევე ახმეტელის თეატრი, თეატრი ათონელზე, ზუგდიდის თეატრშიც კი მაქვს ნათამაშები, რობერტ სტურუამ მთხოვა, წავიდეთ ამ თეატრს დავეხმაროთო. სცენის ღმერთი ნამდვილად მწყალობდა, მეც ალბათ, რისკიანი ვიყავი. ასეთი რისკიანი ნაბიჯი იყო ჩემი წასვლა ტელევიზიაში, სადაც 6 წელი ვიმუშავე წამყვანად, ჩემს ასაკში, ეს არ იყო იოლი, მაგრამ ეს იყო თამამი გადაწყვეტილებები, რაც აუცილებელი იყო ჩემგან. მინდოდა ჩემი თავისთვის გამომენახა გადარჩენის გზები, როცა გინდა თავი გადაირჩინო, გზას ყოველთვის პოულობ.
მე ჩემს თავს ვადარებ სპორტსმენს, რომელმაც იმისთვის, რომ ფინიშთან მივიდეს ძალა უნდა გაანაწილოს - ეტაპობრივად, ნელა -ნელა უნდა შეძლო თანაარსებობა ამ ცხოვრებასთან. მე ეს ალბათ, შევძელი. დღეს რუსთაველის თეატრში ყველაზე ხანდაზმული მოქმედი მსახიობი ვარ. ვიცი, გავა წლები და მომიწევს ცხოვრება თეატრის გარეშე, ამას შეგუებული ვარ, თუმცა ახლა ყველაფერს ვაკეთებ, რომ ეს დრო, რაც შეიძლება გვიან დადგეს.
თამარ ნიჟარაძე
ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 19 ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „პუტინი დღეს ისეთი მოწყვლადია როგორც არასდროს: კრემლი ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ საკვანძო მოკავშირეს კარგავს“ (ავტორი - კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია რუსეთის საგარეო პოლიტიკის მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში, რომელიც კრემლისათვის ცუდი პერსპექტივის მომასწავებელია: რუსეთის ავტორიტეტი რეგიონში ეცემა.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
ისრაელის ირანზე თავდასხმა არამარტო აიათოლებისათვის არის საზარალო: ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის დანგრევა ცუდი ამბავია სხვა დეპოტური რეჟიმებისათვის - ისეთებისათვის, როგორსაც, ვთქვათ, რუსეთი წარმოადგენს. მათ ყოველთვის ჰქონდათ იმედი, რომ ირანი ნებისმიერ შემთხვევაში სრულად თუ არა, ნაწილობრად მაინც გაუწევდა დახმარებას.
მას შემდეგ, როცა ვლადიმერ პუტინმა გააცნობიერა, რომ მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ორ კვირას კი არა (გახსოვთ მისი ტრაბახი?), უფრო მეტი ხნის განმავლობაშიც არ დასრულდებოდა, მოსკოვმა დიდი ძალისხმევა დახარჯა თეირანთან უფრო მჭიდრო კონტაქტების ჩამოსაყალიბებლად.
რუსეთი და ირანი ბუნებრივი მოკავშირეები არ არიან. ირანელი ხალხის ხსოვნაში შემონახულია მწარე მოგონებები საბჭოთა არმიის შეჭრის თაობაზე ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მეორე მსოფლიო ომის დროს. იგივეს აკეთებდა მეფის რუსეთიც მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისში. ამის მიუხედავად, მოსკოვსა და თეირანს შორის მაინც ჩამოყალიბდა ურთიერთმომგებიანი კავშირი - რუსები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ირანის პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში, რომელიც ქალაქ ბუშერთან ახლოს მდებარეობს.
მაგრამ რუსეთისა და ირანის ურთიერთობა უფრო მტკიცე და მეგობრული გახადა 2022 წლის აგვისტოდან, უკრაინასთან ომის დროს, როცა ვლადიმერ პუტინი თეირანს ეწვია და ხელი მოაწერა შეთახმებას, რომ თეირანს მოსკოვისათვის დრონები, რაკეტები, ნაღმები და სხვა საბრძოლო მასალები მიეწოდებინა. მოგვიანებით კრემლმა ეს იარაღი უკრაინის სამხედრო ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაბომბად გამოიყენა.
უფრო მეტიც - რუსეთის მზარდი დამოკიდებულება ირანის მხრიდან გაწეულ სამხედრო მხარდაჭერაზე იმდენად აშკარა გახდა, რომ ვლადიმერ პუტინმა, თავისი ირანელი კოლეგის მასუდ პეზეშკიანის მოსკოვში ვიზიტის დროს, მიმდინარე წლის იანვარში, გააფორმა 20-წლიანი ხელშეკრულება „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ - სულ რაღაც სამი დღით ადრე დონალ ტრამპის ინაუგურაციამდე.
მოსკოვი დათანხმდა თეირანის თხოვნას - ირანული საბრძოლო ტექნიკითა და იარაღით (დრონებით, რაკეტებით...) კრემლისთვის მიწოდების სანაცვლოდ, რუსეთი დაეხმარებოდა ირანს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვისა და სამხედრო-საჰაერო ძალების გაძლიერებაში (თუმცა ისრაელისთვის ამ გარემოებას ირანზე თავდასხმაში ხელი არ შეუშლია).
სხვათა შორის, რუსეთ-ირანის სტრატეგიული პარტნიორობა მოიცავს აგრეთვე საკმაოდ დაუკონკრეტებელ დებულებებს ორმხრივი ვალდებულებების შესახებ - მათ ერთმანეთს დახმარება უნდა გაუწიონ რომელიმე მესამე მხარის თავდასხმის დროს, მაგრამ საეჭვოა ეს პირობა ვლადიმერ პუტინმა შეასრულოს - ბენიამინ ნეთანიაჰუსთან თავისი ახლო კავშირების გამო.
მაგრამ დღეისათვის ვლადიმერ პუტინის ყველაზე მთავარი საზრუნავი არის ის, თუ როგორ გავლენას მოახდენს ისრაელის თავდასხმა ირანზე - გააგრძელებს თუ არა თეირანი მოსკოვის პრაქტიკულ მხარდაჭერას უკრაინასთან ომში, ანუ ძველებურად ექნება თუ არა ირანს დრონებისა და რაკეტების წარმოების და მიწოდების შესაძლებლობა?
როგორც ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ჩანს, ირანის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა საკმაო ზარალი განიცადა - დაიბომბა უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) ამწყობი და რაკეტმშენებელი ქარხნები. აქედან გამომდინარე, ირანის პოტენციალი სამხედრო მრეწველობის მხრივ მნიშვნელოვნად შესუსტდა - ირანს დრონები და რაკეტები ისრაელისაკენ გასაშვებადაც არ ჰყოფნის, არათუ რუსეთისათვის მისაწოდებლად.
კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ვლადიმერ პუტინზე ძლიერ ზეწოლას ახდენს - ეს არის პერსპექტივა იმისა, რომ რუსეთი კარგავს თავის კიდევ ერთ ახლოაღმოსავლელ მოკავშირეს - ირანს, თანაც ძალიან სწრაფად: კრემლისადმი მეგობრულად განწყობილი სირიის რეჟიმის დაცემის შემდეგ მხოლოდ ექვსი თვეა გასული.
ვლადიმერ პუტინი რუსეთის გლობალური ავტორიტეტის ზრდას სწორედ ახლო აღმოსავლეთში კრემლის გავლენის გაფართოებით ცდილობდა. მას ასევე სურდა ეჩვენებინა რეგიონის ქვეყნებისათვის, რომ რუსეთი მათთვის უფრო საიმედო მოკავშირე და პარტნიორია, ვიდრე აშშ.
2015 წელს, როცა ვლადმერ პუტინი სირიის მმართველს ბაშარ ალ-ასადს დაეხმარა და იგი აჯანყებული საკუტარი ხალხისგან და ისლამისტებისაგან დამხობას გადაარჩინა, ამით მოსკოვის რეპუტაცია განმტკიცდა. მოსკოვს შესაძლებლობა მიეცა მნიშვნელოვანი სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ბაზები შეექმნა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში (ტარტუსი და ხმეიმიმი, სირიის ტერიტორიაზე).
იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტყოფილი ბაშარ ალ-ასადი დღეს მოსკოვში, დევნილობაში იმყოფება, ხოლო აიათოლები ისრაელთან ომში არიან ჩაბმულნი, ვლადიმერ პუტინის რეპუტაციასა და ავტორიტეტს, მის გავლენებს რეგიონში სწრაფი კრახი ემუქრება.
ირანის მძიმე მდგომარეობა კრემლს საკმაოდ რთულ სიტუაციაში აყენებს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პირადი მჭიდრო კავშირების გამო. ადრე ვლადიმერ პუტინი ყურადღებას არ აქცევდა და თვალს ხუჭავდა ისრაელის ცალკეულ შეტევებზე ირანის წინააღმდეგ, როცა ეს მის ინტერესებში შედიოდა: იყო შემთხვევები, რომ როცა რუსული და ირანული სამხედრო ქვედანაყოფები სირიაში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებას იცავდნენ, რუსები ჩუმად თიშავდნენ თავიანთ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებს, რათა ისრაელს ირანელების პოზიციები დაებომბა.
რასაკვირველია, რუსეთის გარდა, ირანის მძიმე მდგომარეობას თვალს ადევნებენ „დესპოტური ქვეყნების ღერძის“ წევრი სხვა ქვეყნები - ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი.
ფხენიანს და თეირანს ერთმანეთთან დიდი ხნის წინ გაფორმებული ხელშეკრულება აკავშირებს: ორივე მხარე მჭიდროდ თანამშრომლობს ბირთვული კვლევების სფეროში, რაკეტმშენებლობაში და სხვა დარგებში. თავის მხრივ, პეკინსაც აქვს საკუთარი ინტერესები ირანში - ჩინეთი ცდილობს სრულყოფილად ისარგებლოს ირანის ბუნებრივი რესურსებით, თუმცა დღეს 2021 წელს დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება - ისრაელი განუწყვეტლივ ბომბავს ირანის ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ინფრასტრუქტურის ობიექტებს.
ისრაელის სამხედრო კამპანია ირანის წინააღმდეგ არამარტო აიათოლების სიკვდილ-სიცოცხლის და მათი გადარჩენა-არდგადარცენის საკითხს ეხება. ისრაელის თავდასხმას ირანზე სერიოზული შედეგები ექნება ყველა სხვა დესპოტური რეჟიმისათვის, რომლებმაც მცდარი ნაბიჯი გადადგეს, ბედი ირანს დაუკავშირეს და იფიქრეს, რომ მათ, დასავლეთთან შედარებით, უფრო მეტ სარგებელს თეირანთან ურთიერთობა მოუტანდა.