USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ნაია ლატარია - სწორი კვების 18 წესი
Date:  976

უდავოა, რომ სწორი კვება ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, თუმცა რას გულისხმობს სწორი კვების ცნება, ამის თაობაზე საერთო აზრი დღემდე არ არსებობს. გარდა ამისა, მეცნიერების განვითარებასთან ერთად მიდგომებიც ძველდება და იცვლება.

ჯანსაღი კვების თანამედროვე პრინციპებზე საუბარი ენდოკრინოლოგსა და ნუტრიციოლოგ ნაია ლატარიას ვთხოვეთ.

– რამდენად მნიშვნელოვანია კვება ჯანმრთელობისთვის და რა გავლენას ახდენს ის ჩვენს კეთილდღეობაზე?

– ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესების სრულყოფილად წარმართვისთვის ორგანიზმს გამუდმებით სჭირდება ნუტრიენტები – საკვების შემადგენლობაში შემავალი ორგანული და არაორგანული ნივთიერებები.

სწორი კვება გულისხმობს მაკროელემენტების: ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, – და მიკროლემენტების: ვიტამინებისა და მინერალების, – ბალანსს ასაკის, სქესის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ფიზიკური აქტიურობის შესაბამისად, თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რამდენ კალორიას მივიღებთ მთელი დღის განმავლობაში, როგორ და როდის.

დაბალანსებული რაციონი აუცილებელია როგორც ფიზიკური, ისე მენტალური კეთილდღეობისთვის. დადასტურებულია, რომ სწორ კვებას, სათანადო ფიზიკურ აქტიურობას და სრულფასოვან ძილს შეუძლია, ჯანმრთელობა და  შრომის უნარი ღრმა სიბერემდე შეგვინარჩუნოს, არასწორი და უკონტროლო კვება კი, პირიქით, წონის მატებას და არაერთი დაავადების განვითარებას უწყობს ხელს.

რა თქმა უნდა, ყველას ერთი და იმავე კრიტერიუმებით ვერ მივუდგებით, ცალკეულ შემთხვევებში რაციონის შედგენისას გასათვალისწინებელია ჯანმრთელობის მდგომარეობა, ცხოვრების წესი, მემკვიდრეობითი და სხვა ფაქტორები, სწორი კვების ზოგადი წესები კი სასურველია ყველამ დანერგოს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

1. ჭამეთ მხოლოდ მაშინ, როცა ნამდვილად გშიათ

მოუსმინეთ საკუთარ სხეულს. ნამდვილად გშიათ თუ სხვა მიზეზით მიგიწევთ გული საკვებისკენ? იქნებ ჭამას სტრესი, ბრაზი, მოწყენილობა ან უბრალო ჩვევა გაიძულებთ?

სიმაძღრის შეგრძნების აღქმა კიდევ უფრო ძნელია, ამიტომ ეცადეთ, ჭამის დროს ყურადღება არ მოადუნოთ, არ გაერთოთ, მაგალითად, ტელეფონის ან ტელევიზორის ყურებით და ჭამა დანაყრებისთანავე შეწყვიტოთ.

2. დაიწყეთ დღე ერთი ჭიქა წყლით

უზმოზე ერთი ჭიქა წყალი (ცივი ან ოთახის ტემპერატურისა) აფხიზლებს ორგანიზმს, ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას, ტოქსინების გამოდევნას და საკვებში არსებული ნივთიერებების უკეთ ათვისებას. შეგიძლიათ, არომატისთვის რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენიც ჩააწვეთოთ.

3. დაუთმეთ ჭამას საკმარისი დრო

ჭამეთ ნელა. ეცადეთ, მიირთვათ მშვიდ, არასტრესულ გარემოში. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ სწრაფად მჭამელებს მიდრეკილება აქვთ წონის მატებისკენ.

4. კარგად დაღეჭეთ

ყოველი ლუკმა კარგად დაღეჭეთ, იდეალურ შემთხვევაში – 30-40-ჯერ. კარგად დაქუცმაცებულ საკვებს ორგანიზმი უკეთესად ინელებს, მისგან სასარგებლო ნივთიერებებს უკეთესად ითვისებს, ნელდება ნაწლავებში დუღილისა და ლპობის არასასურველი პროცესი, იკლებს აირების დაგროვება,  ჯანსაღი რჩება ნაწლავის ლორწოვანი გარსი და ნაწლავური ფლორა.

5. ვისაუზმოთ თუ არა?

აქ აზრი ორად იყოფა. ერთნი ამტკიცებენ, რომ საუზმე კვების რეჟიმის მთავარი პუნქტია. მის გარეშე საკმარის ენერგიას ვერ მივიღებთ. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს კონცენტრაციას,  წონის კლებას, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას.

მეორენი ფიქრობენ, რომ საუზმე არ არის აუცილებელი – თუ დილით მაინცდამაინც შიმშილს არ გრძნობთ, ნუ აიძულებთ თავს, ისაუზმოთ. რაც შეეხება წონის კლებას, ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ის, ვინც საუზმობს, დღის განმავლობაში უფრო მეტ კალორიას იღებს, ვიდრე ის, ვინც არ საუზმობს.

ასე რომ, ისაუზმებთ თუ კვებას პირდაპირ ლანჩით დაიწყებთ, თქვენი ნებაა. მთავარია, დღიური რაციონი სათანადოდ იყოს დაბალანსებული, რათა ყველა საჭირო მაკრო- და მიკროელემენტი მივიღოთ და ორგანიზმი ნორმაზე მეტი კალორიით არ დავტვირთოთ.

6. დიდი ულუფები და იშვიათად თუ ცოტ-ცოტა და ხშირად?

ყველას გაგვიგონია, რომ დღეში 5-6-ჯერ ან მეტჯერ საკვების მცირე ულუფის მიღება ხელს უწყობს წონის კლებას, ასტიმულირებს მეტაბოლიზმს, არეგულირებს სისხლში გლუკოზისა და ინსულინის დონეს და, საზოგადოდ, ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ბოლოდროინდელმა კვლევებმა კი აჩვენა, რომ ხშირ-ხშირად და მცირე ულუფებით კვება სულაც არ ყოფილა წონის კლებისა თუ სისხლში შაქრისა და ინსულინის დონის რეგულირების უფრო ეფექტური გზა, ვიდრე დღეში ორი ან სამი ნორმალური ულუფის მიღება.

ასე რომ, როგორ რეჟიმს აირჩევთ, თქვენზე და თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. სასურველია, ის ექიმთან ერთად შეადგინოთ.

ნივთიერებათა ცვლის სტიმულირებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია საკვების დღიური კალორაჟი, მოძრაობა და საკვების ტიპი.

კვებათა შორის  ინტერვალი, სულ ცოტა, 3-4 საათი უნდა იყოს.

7. ნუ შეჭამთ გვიან

გვიან ჭამა ტვირთავს საჭმლის მომნელებელ სისტემას. ღამით მონელების პროცესი შენელებულია, საჭმელი დიდხანს რჩება კუჭში და ხელს უშლის სრულფასოვან ძილს, ძილის დარღვევა კი, თავის მხრივ ნაყროვანებისა და შიმშილის ჰორმონების დისბალანსზე აისახება.

გარდა ამისა, ღამით ორგანიზმს იმდენი ენერგია არ სჭირდება, რამდენიც დღისით, ამიტომ გვიან მიღებულ კალორიებს ვერ ხარჯავს, ცხიმად გარდაქმნის და მარაგად ინახავს.

სპეციალისტები გვირჩევენ, დაძინებამდე, სულ ცოტა, 3-4 საათით ადრე ვივახშმოთ, რათა ორგანიზმს საკმარისი დრო ჰქონდეს საკვების გადასამუშავებლად. ეს წესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს.

8. სვით საკმარისი წყალი

ჰარვარდის უნივერსიტეტის და აშშ-ის მეცნიერების, ინჟინერიისა და მედიცინის ნაციონალური აკადემიის მონაცემებით, მამაკაცებისთვის წყლის სადღეღამისო ნორმა დაახლოებით 3.7 ლიტრია, ხოლო ქალებისთვის – 2.7 ლიტრი.

თქვენი პირადი ნორმა შეგიძლიათ ასე გამოთვალოთ:

* 30 წლამდე – წონა გავამრავლოთ 40 მლ-ზე;

* 30-დან 55 წლამდე – წონა გავამრავლოთ 35 მლ-ზე;

* 55 წლიდან – წონა გავამრავლოთ 30 მლ-ზე.

ამასთან ერთად, ყურადღება მიაქციეთ შარდის ფერს და დეჰიდრატაციის ნიშნებს.

მუქი, კონცენტრირებული შარდი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ორგანიზმს მეტი წყალი სჭირდება.

დეჰიდრატაციის ნიშნებია: 

* წყურვილი;

* პირის სიმშრალე;

* თავის ტკივილი;

* დაღლილობა;

* კონცენტრაციის დაქვეითება.

კარგი იქნება, თუ წყალს ჭამამდე 20-30 წუთით ადრე დალევთ. ეს ხელს შეუწყობს მონელებას.

სასმელ წყალთან ერთად შეიძლება მინერალური წყლის, ასევე – გვირილისა და პიტნის უშაქრო ჩაის სმაც.

წყლის სმად ვერ ჩაითვლება ყავის, მწვანე ჩაისა და შავი ჩაის მიღება, რადგან ეს სასმელები კოფეინს შეიცავს და არათუ ვერ აღადგენს წყლის მარაგს, არამედ სხეულიდან მის გამოდევნასაც კი უწყობს ხელს.

წვენები და სხვა ტკბილი სასმელები უკვე ხემსია. მოერიდეთ ზედმეტ ლიმონათს, ენერგეტიკულ და ალკოჰოლის შემცველ სასმელებს, მაღაზიაში ნაყიდ ხილის წვენებს – ისინი ძირითადად არომატიზირებული შაქრიანი წყალია.

9. უპირატესობა მიანიჭეთ მთლიან მარცვლეულს

მთლიანი ანუ გაუფქცვნელი მარცვლეული უხვად აწვდის ორგანიზმს მინერალებს, ვიტამინებს, ფიტოქიმიკატებს (მცენარეულ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს) და ბოჭკოს, ამიტომ მიირთვით გარსგაუცლელი ხორბლის პური და მაკარონი, დინკელის (ხორბლის სახეობა), ჭვავის, ქერის, შვრიის ნაწარმი, ყავისფერი ბრინჯი. თუ გლუტენის აუტანლობა გაწუხებთ, მათ ნაცვლად რაციონში ჩართეთ ფეტვი, სიმინდი, წიწიბურა, კინოა, ამარანტი, ტეფი.

10. ხილ-ბოსტნეული ჯანსაღი კვების საფუძველია

დღიურ რაციონში უდიდესი წილი ხილ-ბოსტნეულს უნდა დაეთმოს, რადგან სწორედ მისგან იღებს ორგანიზმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ვიტამინებს, მინერალებს, მცენარეულ ნივთიერებებს, მათ შორის – ანტიოქსიდანტებს, და ბოჭკოს. ხილისა და ბოსტნეულის რეგულარული მიღება ამცირებს დიაბეტის ტიპი 2-ის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ინსულტის, კიბოს განვითარების რისკს.

ორგანიზმს ფასდაუდებელ სამსახურს უწევს მცენარეული ბოჭკო. ის, გარდა იმისა, რომ აუცილებელია ნაწლავთა სრულფასოვანი ფუნქციობისთვის და დაბლა სწევს სისხლში დაბალი სიმკვრივის ქოლესტეროლის დონეს, წონის მატებასაც უშლის ხელს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში კლებასაც კი იწვევს.

გერმანიის კვების ასოციაცია გვირჩევს, დღეში დაახლოებით 400 გ ბოსტნეული და 250 გ ხილი მივიღოთ. იმავდროულად, სასურველია, ხილიც და ბოსტნეულიც შეძლებისდაგვადრად კანიანად მივირთვათ. ამერიკის დიეტოლოგთა ასოციაციის თანახმად კი, რეკომენდებულია ყოველდღე 5 ულუფა ბოსტნეულისა და 2-3 ულუფა ხილის მიღება. 1 ულუფა ნახევარი თეფშის ეკვივალენტია.

11. ყოველდღე მიირთვით უმი ხილ-ბოსტნეული

თერმულად დაუმუშავებელი ხილ-ბოსტნეული ყველაზე მეტ საკვებ ნივთიერებას აწვდის ორგანიზმს, თანაც იმ ფორმით, რომელსაც ის ყველაზე უკეთესად იცნობს და ითვისებს. ასე რომ, აუცილებლად ჩართეთ ყოველდღიურ რაციონში კიტრი, პომიდორი, ტკბილი წიწაკა, სტაფილო, ბოლოკი, ბროკოლი, ავოკადო, სალათის ფურცლები, მწვანილი, ღივი.

ჭამის დროს უმჯობესია, ჯერ უმი საკვები მიირთვათ, მერე – თერმულად დამუშავებული.

თუ სუსტი საჭმლის მომნელებელი სისტემა გაქვთ, გირჩევთ, უმი ხილ-ბოსტნეული მხოლოდ საღამოს 6 საათამდე მიირთვათ და, რაც მთავარია, კარგად დაღეჭოთ.

12. ერიდეთ მავნე ცხიმებს

ცხიმები აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციობისთვის, მთავარია, ვიცოდეთ, რომელია სასარგებლო და რომელი – მავნე, თანაც ნორმას არ გადავაჭარბოთ.  ცხიმი დღიური კალორაჟის 10-30%-ს უნდა შეადგენდეს. მაგალითად, თუ დღეში სულ 2400 კილოკალორიას იღებთ, აქედან ცხიმის სახით 240-720 უნდა მიიღოთ. ცნობისათვის, 10 გ სუფთა ცხიმის (ზეთის, კარაქის) ენერგეტიკული ღირებულება 75-90 კილოკალორიაა.

ჯანსაღ ცხიმებად უჯერი (მონოუჯერი და პოლიუჯერი) ცხიმები მიიჩნევა. მონოუჯერ ცხიმოვან მჟავებს შეიცავს ზეითუნის, ავოკადოს, რაფსის ზეთი, ნუში, ნიგოზი, თხილი...  არაერთი კვლევით დასტურდება მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავების დადებითი ზემოქმედება ორგანიზმზე, განსაკუთრებით – გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.

ორგანიზმისთვის კიდევ უფრო მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს. მათ რიცხვს მიეკუთვნება ომეგა-3 და ომეგა-6, რომლებითაც განსაკუთრებით მდიდარია ცხიმიანი თევზი, მცენარეული ზეთი და თხილეული, თუმცა უაღრესად მნიშვნელოვანია ამ ორი ცხიმოვანი მჟავას სწორი თანაფარდობით მიღება.  ყოველდღიურ რაციონში ომეგა 3-ის წილი 3-4-ჯერ მეტი უნდა იყოს. ომეგა-6-ს უმეტესად მცენარეული ზეთები შეიცავს, გარდა ქოქოსისა და პალმის ზეთებისა, ომეგა 3-ის ყველაზე სოლიდურ წყაროდ კი თევზი  მიიჩნევა: ორაგული, ქაშაყი, სკუმბრია, ანჩოუსი, სარდინი, თინუსი.

სიფრთხილით მოეკიდეთ ნაჯერი ცხიმებით მდიდარ საკვებს. ის ზრდის სისხლში ლიპიდების, განასაკუთრებით – დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL), იმავე ცუდი ქოლესტეროლის დონეს, ამ უკანასკნელის სიჭარბე კი, როგორც იცით, ათეროსკლეროზული დაავადებების, ინფარქტის, ინსულტის მთავარი რისკფაქტორია. ნაჯერ ცხიმებს შეიცავს ღორის, ცხვრის ან ფრინველის ცხიმი, ასევე – ცხიმიანი რძე, ყველი, იოგურტი.

ყველაფერთან ერთად, ცხიმი მაღალკალორიულია და როცა რაციონში ბევრი ცხიმიანი პროდუქტია, ადვილი შესაძლებელია, სადღეღამისო კალორაჟს  გადავაჭარბოთ. ეს ჭარბი წონის დაგროვებას ნიშნავს, ჭარბი წონა კი, თავის მხრივ, მეტაბოლური დარღვევების, კორონარული დაავადებების, არტერიული ჰიპერტენზიის, დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარებას უწყობს ხელს.

13. ზომიერად მიიღეთ ხორცი

ხორცი  ყველაზე მდიდარი წყაროა ცილისა, რომელიც ჩვენი ორგანიზმის საშენ მასალას წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, მისი ყოველდღე მიღება არ არის რეკომენდებული, რადგან მავნე ცხიმს შეცავს. საკმარისია, მიირთვათ კვირაში ორჯერ. კარგი იქნება, თუ დამუშავებამდე ცხოველის ხორცს ზედმეტ ქონს მოაშორებთ, ფრინველისას კი კანს მოაცლით, რადგან ცხიმი ძირითადად მის ქვეშ გროვდება. 

14. სწორად შეადგინეთ დღიური მენიუ 

დაბალანსებული კვებისთვის აუცილებელია, საკვების ყოველი ჯგუფიდან თითო პროდუქტი მაინც შეიტანოთ ყოველდღიურ რაციონში. მაგალითად:

* მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული (არასახამებლისებრი ნახშირწყლების ჯგუფიდან);

* ოსპი და ლობიო (მცენარეული ცილის წყარო);

* მთლიანი მარცვლეული, ასეთი მარცვლეულის ბურღული (რთული ნახშირწყლები);

* ხაჭო, მაწონი, კვერცხი (ცილა);

* ცხიმიანი თევზი (კვირაში 2-ჯერ მაინც) (ცილა და ომეგა-3);

* სელის თესლი (უჯერი ცხიმი და ომეგა-3);

* თხილეული (უჯერი ცხიმები, ომეგა-9);

* ხილი, კენკრა.

15. ნუ გადააჭარბებთ კალორიების დასაშვებ რაოდენობას

სადღეღამისო კალორაჟი ინდივიდუალურად, სპეციალური ფორმულით გამოითვლება, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა ფაქტორს, მათ შორის – ასაკს, სქესს, სიმაღლესა და წონას, კუნთებისა და ცხიმის თანაფარდობას, ფიზიკური დატვირთვის ინტენსივობას.

მათთვის, ვინც ნაკლებს მოძრაობს: აქვს საოფისე სამსახური, არ მისდევს სპორტს, ვერ ახერხებს აქტიურ დასვენებას, – საშუალო ენერგეტიკული მოთხოვნილება ასეთია:

* ქალები – 1500-1900 კილოკალორია;

* კაცები – 2000-2500 კილოკალორია.

ფიზიკური აქტიურობის გაზრდის შემთხვევაში ენერგიის მოთხოვნილებაც იზრდება.

16. შეზღუდეთ შაქარი

შაქარი და მისი შემცველი პროდუქტები: კანფეტები, ნამცხვრები, ტკბილი იოგურტი და სხვ., – ჯანსაღ საკვებს არ მიეკუთვნება, თუმცა ტკბილზე სრულიად უარის თქმაც არ შეიძლება. მიირთვით ჩირი, ხილი, შავი შოკოლადი, ოღონდ ზომიერებამ არ გიღალატოთ. მართალია, 75%-იან შავ შოკოლადში შაქარი ცხიმზე ნაკლებია, მაგრამ თუ მთელ ფილას შეჭამთ, ეს დიდი შეღავათი ვერ იქნება თქვენი ორგანიზმისთვის. არც ხილის უკონტროლოდ ჭამა შეიძლება. ფრუქტოზის დღიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 75 გრამს. 100 გრამზე მეტი საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას. ჩირის რეკომენდებული დღიური ულუფა კი 30 გრამია.

ჭამის შემდეგ ტკბილი დესერტი მონელების პროცესს აფერხებს, ამიტომ ეცადეთ, ტრაპეზიდან დესერტამდე ნახევარი საათი მაინც გავიდეს.

ისიც გაითვალისწინეთ, რომ მზა პროდუქტების უმრავლესობა ფარულ შაქრებს შეიცავს: გლუკოზას, ფრუქტოზას, სიმინდის სიროფს, გლუკოზის სიროფს, საქაროზას, მალტოზას... არ ენდოთ ეტიკეტზე წარწერას "უშაქრო", აუცილებლად გადაამოწმეთ შემადგენლობა.

მინიმუმამდე დაიყვანეთ რაფინირებული თეთრი შაქრის მოხმარება. ის, წონის მატებასთან ერთად, ხელს უწყობს ორგანიზმში ანთებითი პროცესების განვითარებას, აჩქარებს დაბერების პროცესს. დანამატის სახით მისი ნებადართული დღიური ოდენობა ქალებისთვის 25 გრამია, კაცებისთვის – 35 გრამი.

როცა თქვენი რაციონის ნახშირწყლოვანი შემადგენლობა სწორად არის დაბალანსებული, ტკბილეული არც მოგინდებათ.

17. ზომიერად გამოიყენეთ მარილი

მარილი აუცილებელია ორგანიზმისთვის, რადგან ნატრიუმის საუკეთესო წყაროა. საშიში ის მაშინ ხდება, როცა ზომიერება გვღალატობს. ჭარბი მარილი საფრთხეს უქმნის გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ზრდის  ოსტეოპოროზისა და თირკმლის ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკს, ამძიმებს არაერთი დაავადების მიმდინარეობას. ჯანმოს რეკომენდაციით, დღეში უნდა მივიღოთ არა უმეტეს 5 გრამისა, მზა საკვების, ძეხვეულის, ყველის, პურის შემადგენლობაში შემავალი მარილის ჩათვლით.

18. ერიდეთ მავნე საკვებს

თუ ჯანმრთელობა თქვენთვის ძვირფასია, ერიდეთ მავნე საკვებს: ტკბილ გაზიან სასმელებს, კომერციულად წარმოებულ წვენებს, ფასტფუდს, ტკბილეულს და საკონდიტრო ნაწარმს, კარტოფილის ჩიფსებს.

ჯილდა გაჩეჩილაძე

წყარო: ავერსი

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way