USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
მუშთაიდი, მილიონი ვარდი და საჰაერო ბურთი
дата:  2861

ხალხში ღრმად ფესვგადგმული ლეგენდა მოგვითხრობს, რომ წარმოშობით სპარსმა მირ-ფეთე-აღა სეიდ თავრიზელმა უდროოდ გარდაცვლილი ქართველი მეუღლის ხსოვნის უკვდავსაყოფად, ტფილისის გარეუბანში მდებარე გერმანულ დასახლებაში უზარმაზარი ბაღი გააშენა. დღეს ამ ბაღს,  ჩვენ მუშთაიდის ბაღად მოვიხსენიებთ.

თუმცა როგორც ყველა ლამაზ ლეგენდას, არც ამ ამბავს არაფერი საერთო არა აქვს რეალობასთან.

 მინი დოსიე: მუშთაიდის ბაღი  გააშენა 1830-იან წლებში ირანიდან გამოქცეულმა მირ ფეთეაღა სეიდ თავრიზმა, რომელიც აზერბაიჯანში ირანის შიიტების რელიგიური ლიდერი - მუჯთაჰიდი იყო. 1853 წლიდან ბაღი სახაზინო საკუთრება გახდა. აქ სისტემატურად ეწყობოდა სახალხო სეირნობები, გამოფენები,  სპექტაკლები. 1935 წელს ამოქმედდა მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა. ბაღის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა რელიქტური ხის, ძელქვის კორომი. 1887 წელს ბუნებისმეტყველის, ნიკოლოზ შავროვის თაოსნობით ბაღის ტერიტორიაზე დაარსდა კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგური.  სადგურის მთავარი შენობა 1892 წელს აიგო (არქ. ალექსანდრე შიმკევიჩი, ნ. შავროვის მონაწილეობით). კომპლექსის დიდი ნაწილი (გრენის დასამზადებელი, აბრეშუმის ძაფის ამოსახვევი და საგრეხი კორპუსი, ე. წ. საჭიე ბინა და სხვ.) დროთა განმავლობაში დაინგრა. მთავარი შენობა კი, სადაც დღეს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმია მოთავსებული, თავდაპირველი სახით არის მოღწეული (გ. ცაბაძის ქ. N6).  სადგურის თანამშრომელთათვის აგებული სახლი (დ. აღმაშენებლის გამზ. N184) ძველთბილისური საცხოვრებლის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუშია.

 მირ-ფეთე-აღა სეიდ მუშთაიდი

მირ-ფეთე-აღა სეიდ მუშთაიდი სპარსეთში დაიბადა 1794 წელს, ცნობილი იმამის ოჯახში. მამის კვალს გაჰყვა და სასულიერო მოღვაწის გზა აირჩია. მირ-ფეთე მრევლში უპირობო ავტორიტეტით სარგებლობდა. არაჩვეულებრივი ორატორი იყო, ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენა შეეძლო და ფიცხი ხასიათის მქონეების დამშვიდება-დაოკება კარგად გამოსდიოდა.

1827 წელს, რუსეთ-სპარსეთის ომის დროს, ამიერკავკასიის ჯარების სარდალი გენერალი პასკევიჩი მირ-ფეთე-აღა სეიდს დაკავშირებია და მისთვის რუსეთთან თანამშრომლობა შეუთავაზებია. იმასაც, როგორც ჩანს, ბევრი არ უყოყმანია.

სულიერმა მამამ შაჰი სისასტიკეში დაადანაშაულა, ხოლო ამიერკავკასიაში რუსების მართვის მეთოდებს ხოტბა შეასხა. მისმა სიტყვებმა დიდი გავლენა მოახდინა თავრიზელებზე და იმათაც უბრალოდ კი არ დაყარეს იარაღი, არამედ გულითადი დახვედრაც მოუწყეს რუსულ ჯარს.

მისი ხელშეწყობით დაეცა მაშინ თავრიზი. ხოლო როცა მუშთაიდმა გააცნობიერა, რაოდენ დიდი წვლილი შეიტანა რუსეთის სპარსეთზე გამარჯვებაში, მიხვდა, რომ მშობელ მიწაზე დარჩენა მასაც და მის ოჯახსაც ხიფათს უქადდა და პასკევიჩის დახმარებით, ოჯახთან ერთად კავკასიაში გამომგზავრებულა.

ტფილისში დასახლებულ მუშთაიდს რუსეთის მთავრობისგან გაწეული შრომისთვის საკმარისზე ბევრად გულუხვი ანაზღაურება მიუღია: ოქროს მედალი, პენსია, დედოფალ ანას პირველი ხარისხის ორდენი, რამდენიმე სოფელი შირვანში და ოქროს სამეფო გერბი.  და კიდევ 50 ჰექტარზე მეტი მიწა კუკიაზე - მაშინდელი გერმანული დასახლების მახლობლად.

ნაჩუქარ მიწაზე მუშთაიდს აკაციები დაურგავს და დიდებული ბაღი გაუშენებია, ხოლო ბაღის ცენტრში, ოთხი ხეივნის გადაკვეთაზე, სახლი აუგია. სწორედ ის, რომელშიც პარკის ადმინისტრაციაა განთავსებული.

მუშთაიდს ირანიდან მუშები ჩამოუყვანია და მტკვრიდან ბაღამდე სარწყავი არხი გაუყვანია. იმ დროისათვის ეს დიდი სიახლე იყო და ამიტომ დიდი შემოსავალიც მოუტანია. წყლის მოხმარებისთვის მეზობლად მცხოვრები ქალაქელები, ძირითადად, გერმანულ დასახლებაში მცხოვრებნი, დიდ გადასახადს, როგორც ამბობენ, ყოველწლიურად 500 ვერცხლის მანეთს უხდიდნენ…

1831 წელს პასკევიჩს ტფილისის დატოვება და პოლონეთში ამბოხების ჩასახშობად წასვლამ მოუწია. მუშთაიდიც თან იახლა, რომელიც უკან 1833 წელს დაბრუნებულა. პასკევიჩის შემცვლელ გრიგორი როზენს მუშთაიდი დიდად თვალში არ მოსდიოდა და მას უსაზღვრო ძალაუფლების მიღების სურვილში სდებდა ბრალს, ამიტომაც უფლებამოსილება შეუმცირა და მხოლოდ რელიგიური საკითხები დაუტოვა სამართავად.

იმავე წელს მუშთაიდს სამშობლოში, ირანში დაბრუნება უთხოვია, რაზეც უარი მიუღია. როზენის აზრით, მას იქ მხოლოდ უსიამოვნება ელოდა. მაგრამ მირ-ფეთე 1841 წელს მალულად გაპარულა ირანში და თან თავისი ორი ვაჟიც წაუყვანია. ირანში ბიჭებს შავი ჭირი შეყრიათ და დაღუპულან.

გავლენიან ირანელს ტფილისში ხუთი ცოლი და სამი ვაჟი დარჩენია, რომელთაგან არცერთს არ მოუსურვებია საქართველოდან წასვლა. სიცოცხლის ბოლომდე აქ დარჩენილან. ვაჟები ტფილისში, მუსლიმურ სასაფლაოზე არიან დაკრძალულები.

თავად მირ-ფეთე-აღა სეიდ თავრიზელი 1852 წელს გარდაცვლილა.

მილიონი ვარდი და პირველლი საჰაერო ბუშტი

მუშთაიდის ტფილისიდან გაქცევის შემდეგ ცნობილ ბაღს არაერთი მფლობელი გამოუცვლია, თუმცა მანამდე თავად მიუყიდია ის ვაჭარ მელიქ-ბეგლაროვისთის. 1853 წელს კი გაკოტრებულ ბეგლაროვს ბაღი 70 ათას რუბლად გადაუცია ქალაქის ხაზინაისთვის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად.

1860 წელს მუშთაიდის გაშენებული ბაღი სახალხო სეირნობის, გამოფენების, თეატრალური წარმოდგენების გასამართ პარკად ქცეულა. მართალია, გერმანული დასახლების ტერიტორიაზე სხვა ბაღებიც ყოფილა, მაგრამ ეს პარკი მაინც ყველაზე მეტად ჰყვარებია ხალხს. თურმე, რა აღარ იმართებოდა პარკში: საქველმოქმედო აუქციონები, თეატრალური წარმოდგენები, ლატარიები, კონცერტები, ფოიერვერკები თუ ლატარია-გათამაშებები ობოლი ბავშვებისა და გაჭირვებულების დასახმარებლად. საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობის მსურველებისთვის ალექსანდროვის ბაღიდან მუშთაიდის პარკამდე დილიჟანსი დაუნიშნავთ, რომელიც ყოველ ნახევარ საათში ერთხელ გადიოდა.

გარდა ამისა, პარკში ეწყობოდა პავილიონები, რომლებშიც მთელი კავკასიის მეწარმეების პროდუქცია იყო წარმოდგენილი, რაც თურმე ფრიად პრესტიჟული საქმედ მიიჩნეოდა.

XIX საუკუნის ბოლოს მუშთაიდის ბაღში, რომელშიც გაზის ფანარები დაუმონტაჟებიათ გასანათებლად, რესტორანი “ტრამვაი” აუშენებიათ და საზაფხულო თეატრი გაუხსნიათ. სხვათა შორის, ამ თეატრის სცენაზე გამოდიოდა თურმე ფრანგი აქტრისა მარგარიტა - სწორედ ის მარგარიტა, რომლის ტრფიალმაც ფიროსმანს თავი დააკარგვინა.

სწორედ აქედან აუშვეს ამიერკავკასიაში პირველი საჰაერო ბურთი 1882 წელს. ჟან ბედე, ფრანგი აერონავტი, სამჯერ აფრინდა მუშთაიდის ბაღიდან საჰაერო ბურთით. როგორც ამბობენ, მასთან ერთად აფრენა არავის მოუსურვებია და ამიტომ ვიღაც მემაწვნისგან ვირი იქირავა, ის ჩაისვა კალათში და ასე, ვირის ხმამაღალი ყროყინის ფონზე გადაუფრინა მეტეხის ციხესო. სანახაობა ფასიანი ყოფილა და 50 კაპიკი ღირებულა.

1900 წელს მუშთაიდის ბაღისთვის ცუდი დრო დამდგარა, როდესაც ის ექვსი წლით მიუქირავებიათ ვაჭარ ავეტის გორგიჯანოვისთვის. იმ პერიოდში თურმე მას ხან მუშთაიდის და ხანაც გორგიჯანოვის ბაღს ეძახდნენ. ათი წლის შემდეგ კი იქაურობა ვინმე მარტიროსოვს რგებია. ჰოდა, პარკიც თანდათან პარტახდებოდა, ლამპიონები აქა-იქა ბჟუტავდა, მერხებიც ალაგ-ალაგღა დარჩენილიყო და საერთოდაც, ნაგავს მიჰქონდა.

ბოლოს, 1918 წელს ბაღი ქალაქის სამმართველოს გადაეცა. ერთი წლის შემდეგ კი ის რკინიგზის სამმართველოს, აბრეშუმის სადგურსა და რაიონის სამმართველოს შორის გადაანაწილეს. საბჭოთა პერიოდში ოდესღაც მუშთაიდის ბაღად წოდებული პარკი „ორჯონიკიძის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკად” აქციეს. ძველი სახელი მას მხოლოდ 1989 წელს დაუბრუნდა.

მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა.

1935 წლის 24 ივნისს სერგო ორჯონიკიძის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში (მუშთაიდი) საზაფხულო სეზონის დაწყებასთან ერთად გაიხსნა მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა. მატარებელი შედგებოდა ორთქლმავლის და სამი (მაგარი, სააგარაკო და საერთაშორისო) ვაგონისგან. რკინიგზა ააშენეს თბილისის რკინიგზის სკოლის მოსწავლეებმა და ახალგაზრდა რკინიგზელებმა. შემდეგ ისინი თვითონვე ემსახურებოდნენ მას. ამ მოვლენამ ფართო გამოხმაურება პოვა საბჭოთა კავშირში და მის ფარგლებს გარეთ (პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, მონღოლეთი და სხვა). მის მაგალითზე სსრ კავშირის სხვა ქალაქებშიც შეიქმნა საბავშვო რკინიგზები.

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати