USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
თბილისი
მსოფლიოში მაიმუნის ყვავილის ვირუსის ახალი ვარიანტი ცირკულირებს - რა არის ეს და გველის თუ არა ახალი პანდემია?
თარიღი:  1080

2024 წლის 14 აგვისტოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის გავრცელება „საერთაშორისო შეშფოთების გამომწვევ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად“ გამოაცხადა. ვირუსის ვარიანტი, რომელიც უფრო საშიშად ითვლება, აფრიკის ქვეყნებში ვრცელდება და მან გადაცემის ახალი გზები იპოვა. კერძოდ, მაიმუნის ყვავილი სექსუალური გზითაც გადამდებია. აგვისტოს შუა რიცხვებში ის  შვედეთშიც აღმოაჩინეს. რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის ახალი შტამის შესახებ და დგას თუ არა მსოფლიო ახალი პანდემიის საფრთხის წინაშე. 

 ვირუსის ახალი ვარიანტის გავრცელება რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ყველაზე რთული მდგომარეობა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშია

 2022 წელს მაიმუნის ყვავილმა მთელ მსოფლიოში გავრცელება დაიწყო. არსებობს სხვადასხვა თეორია იმის შესახებ, თუ რატომ გააქტიურდა ახლა ვირუსი, რომელიც 1950-იანი წლებიდან არის ცნობილი. შესაძლოა, საქმე ისაა, რომ 1970-1980-იანი წლებიდან ადამიანებს ყვავილის აცრა აღარ უტარდებათ და ეს ვაქცინა, ნაწილობრივ, მაიმუნის ყვავილისგანაც იცავდა. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ინფექცია აფრიკის ქვეყნებში დიდი ხნის განმავლობაში „იკრებდა ძალებს“, მას სათანადოდ არ ებრძოდნენ.

საერთო ჯამში,  ცნობილია მაიმუნის ვირუსის ორი სახეობა: პირველი და მეორე ჯგუფი. სწორედ ამ უკანასკნელს მიეკუთვნება ვირუსი, რომელიც 2022 წელს, მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ის, პირველთან შედარებით, ნაკლებად საშიშად ითვლება. თუმცა იმავე წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მას შემდეგ, ვირუსი 116 ქვეყანაში გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან დაბალი იყო, განსაკუთრებულ რისკის ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ კაცები, რომელთაც სექსულური ურთიერთობა თავისივე სქესის წარმომადგენლებთან ჰქონდათ. ასეთ შემთხვევაში, მეორე ჯგუფის მაიმუნის ყვავილი საკმაოდ აქტიურად იყო გადამდები. რაც შეეხება პირველი ჯგუფის ვირუსს, იმ დროს ის თითქმის არ ახსოვდათ, რადგან აღნიშნული შტამი კონკრეტული  ქვეყნების ფარგლებს არ გასცდენია და დაზარალდნენ ძირითადად ბავშვები, რომელთაც  დაავადებულ მღრღნელებთან ხშირი კონტაქტი ჰქონდათ.

თუმცა 2023 წლის აპრილში, ლაბორატორიულმა კვლევებმა პირველად დაადასტურა, რომ პირველი ჯგუფის ვირუსი შეიცვალა - ის სქესობრივი გზითაც გადამდები გახდა. იმავე წლის სექტემბერში, ჯანდაცვის მუშაკებმა, რომლებიც ეხმარებოდნენ მაიმუნის ყვავილით დაავადებულებს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, შენიშნეს, რომ პირველი ჯგუფის ვირუსი აქტიურად იწყებდა გავრცელებას ადამიანიდან ადამიანზე არა მხოლოდ სექსის, არამედ ყოველდღიური კონტაქტის მეშვეობითაც. უფრო მეტიც, რისკ - ჯგუფში ახლა შედიოდნენ არამხოლოდ ჰომოსექსუალი კაცები (როგორც ეს მეორე ჯგუფის შემთხვევაში იყო). ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა დაავადების საფრთხე ყველასთვის თანაბარი იყო. სიტუაციის შეფასებისა და გენეტიკური კვლევის შემდეგ, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ I ჯგუფი უნდა დაიყოს ორ ქვეჯგუფად - Ia (უკვე ცნობილი მახასიათებლებით) და Ib, რომელმაც ახალი თვისებები შეიძინა. 


რამდენად საშიშია მაიმუნის ყვავილის Ib შტამი, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ცნობილია, რომ მაიმუნის ყვავილი, რომელსაც ის იწვევს, ყველაზე მძიმედ გადააქვთ ოთხ წლამდე ასაკის ბავშვებს, განსაკუთრებით კი - ჩვილებს (დაავადებულთა 9%-ის შემთხვევა ლეტალურად სრულდება). ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, დაკავშირებულია არასრულფასოვან კვებასთან, რაც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში არც თუ იშვიათი მოვლენაა.  ზრდასრულების შემთხვევაში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2,4%-ს შეადგენს. 

შესაძლებელია თუ არა, მაიმუნის ყვავილზე აცრა?

 2024 წლის მონაცემებით, მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინა რეგისტრირებული და დამტკიცებულია სხვადასხვა ქვეყანაში. ახლა ოფიციალური პირები მსჯელობენ, რა რაოდენობის დოზა შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი წლის ბოლომდე, როგორ გადანაწილდეს ეს მარაგი და ვინ გადაიხდის მის საფასურს. ამავდროულად, როგორც ორგანიზაციაში - „ექიმები საზღვრებს გარეშე“ აცხადებენ,  მაიმუნის ყვავილით ყველაზე მეტად დაზარალებულ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შესაბამისი ვაქცინები არ არსებობს.

 არსებობს თუ არა ვირუსის სამკურნალო მედიკამენტი? 

 მას შემდეგ, რაც ჯანმო-მ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, გამოჩნდა მაიმუნის ყვავილის სამკურნალო პრეპატების კვლევის შედეგებიც (თუმცა, ჯერჯერობით, მონაცემები ხელმისაწვდომია მხოლოდ პრესრელიზის სახით და არა - სამეცნიერო სტატიის ფორმით). ეს არის ტეკოვირიმატი, რომელიც ყვავილთან (ეს ინფექციური დაავადება, ოფიციალურად, კაცობრიობამ 1980 წელს დაამარცხა) საბრძოლველად შეიქმნა. სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ აღნიშნული პრეპარატი  იმოქმედებდა მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგაც, რომელიც ყვავილის პირვანდელ ფორმასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ზემოთ ხსენებულ პრეპარატს იყენებდნენ იმ ადამიანებში, რომლებიც მაიმუნის ყვავილით მძიმედ დაავადდნენ ან გართულებების რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ.

თუმცა იმავე კვლევით დადგინდა, რომ ტეკოვირიმატი ეფექტურია მაიმუნის ყვავილის შემთხვევაში, რომელიც პირველი ჯგუფის ვირუსით არის გამოწვეული. ამჟამად მიმდინარეობს სხვა კლინიკური კვლევები აღნიშნული პრეპარატის შესასწავლად და სულ მცირე, ამ პროექტის მონაწილეები აღნიშნულ მედიკამენტს უახლოეს მომავალში მიიღებენ. არ არის გამორიცხული, რომ კვლევებმა განსხვავებული შედეგებიც აჩვენოს. 

 მაიმუნის ყვავილის თავიდან ასაცილებლად, მარტივი და ლოგიკური წესების დაცვაც საკმარისია

 თქვენ შეიძლება დაავადდეთ, როდესაც ეხებით დაზიანებულ კანს ან საგანს, რომლებზეც ვირუსი რჩება. გარდა ამისა, ვირუსი შეიძლება გადაეცეს ბავშვს დედისგან, ფეხმძიმობის პერიოდში. მაიმუნის ყვავილი გადადის ჰაერწვეთოვანი გზით, ხანგრძლივი და მჭიდრო კონტაქტის დროს. როგორც წესი,  ინფექცია ვლინდება კონტაქტიდან ერთი კვირის განმავლობაში, თუმცა პირველი სიმპტომები შეიძლება სამი კვირის შემდეგაც გამოჩნდეს. თავდაპირველად, შესაძლოა, გაჩნდეს გამონაყარი (მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის) - ბრტყელი წყლულები, რომლებიც შემდეგ ბუშტუკებად იქცევა. მას შეიძლება ახლდეს ქავილი და ტკივილი. თუ თქვენ უვლით ავადმყოფს, რომელსაც კანზე უნდა შეეხოთ, უმჯობესია, ერთჯერადი ხელთათმანები გაიკეთოთ და შემდეგ ხელები დაიბანოთ. პაციენტმაც და მისმა ახლობელმაც უნდა ატაროს ნიღაბი.

დაავადებული უნდა დარჩეს სახლში და ექიმთან ვიზიტის გარდა, არსად გავიდეს. სამედიცინო ორგანიზაციამდე მისასვლელად არ უნდა გამოიყენოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. კარგი იქნება, თუ პაციენტს სახლში გამოუყოფენ ოთახს, სადაც მას არ ექნება კონტაქტი არც ადამიანებთან და არც ცხოველებთან (ჯერ არ არის ცნობილი, შეიძლება თუ არა კატები და ძაღლები დაავადდნენ, მაგრამ ამის ალბათობა მაინც არსებობს). ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ შემთხვევას, თუ ადამიანს ახველებს ან სურდო აქვს, ან სხეულზე გამონაყარი აღენიშნება.

სიფრთხილის ამ ზომების დაცვა საჭიროა ორიდან ოთხ კვირამდე. თუმცა, საბოლოო რეკომენდაცია მაინც სამედიცინო პერსონალმა უნდა გასცეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ არ გინდათ დაავადდეთ, ხელები ხშირად დაიბანეთ და მიიღეთ სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები, თუ მაიმუნის ყვავილით ინფიცირებულ ადამიანთან გაქვთ შეხება. 

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის