2024 წლის 14 აგვისტოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის გავრცელება „საერთაშორისო შეშფოთების გამომწვევ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად“ გამოაცხადა. ვირუსის ვარიანტი, რომელიც უფრო საშიშად ითვლება, აფრიკის ქვეყნებში ვრცელდება და მან გადაცემის ახალი გზები იპოვა. კერძოდ, მაიმუნის ყვავილი სექსუალური გზითაც გადამდებია. აგვისტოს შუა რიცხვებში ის შვედეთშიც აღმოაჩინეს. რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის ახალი შტამის შესახებ და დგას თუ არა მსოფლიო ახალი პანდემიის საფრთხის წინაშე.
ვირუსის ახალი ვარიანტის გავრცელება რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ყველაზე რთული მდგომარეობა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშია
2022 წელს მაიმუნის ყვავილმა მთელ მსოფლიოში გავრცელება დაიწყო. არსებობს სხვადასხვა თეორია იმის შესახებ, თუ რატომ გააქტიურდა ახლა ვირუსი, რომელიც 1950-იანი წლებიდან არის ცნობილი. შესაძლოა, საქმე ისაა, რომ 1970-1980-იანი წლებიდან ადამიანებს ყვავილის აცრა აღარ უტარდებათ და ეს ვაქცინა, ნაწილობრივ, მაიმუნის ყვავილისგანაც იცავდა. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ინფექცია აფრიკის ქვეყნებში დიდი ხნის განმავლობაში „იკრებდა ძალებს“, მას სათანადოდ არ ებრძოდნენ.
საერთო ჯამში, ცნობილია მაიმუნის ვირუსის ორი სახეობა: პირველი და მეორე ჯგუფი. სწორედ ამ უკანასკნელს მიეკუთვნება ვირუსი, რომელიც 2022 წელს, მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ის, პირველთან შედარებით, ნაკლებად საშიშად ითვლება. თუმცა იმავე წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მას შემდეგ, ვირუსი 116 ქვეყანაში გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან დაბალი იყო, განსაკუთრებულ რისკის ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ კაცები, რომელთაც სექსულური ურთიერთობა თავისივე სქესის წარმომადგენლებთან ჰქონდათ. ასეთ შემთხვევაში, მეორე ჯგუფის მაიმუნის ყვავილი საკმაოდ აქტიურად იყო გადამდები. რაც შეეხება პირველი ჯგუფის ვირუსს, იმ დროს ის თითქმის არ ახსოვდათ, რადგან აღნიშნული შტამი კონკრეტული ქვეყნების ფარგლებს არ გასცდენია და დაზარალდნენ ძირითადად ბავშვები, რომელთაც დაავადებულ მღრღნელებთან ხშირი კონტაქტი ჰქონდათ.
თუმცა 2023 წლის აპრილში, ლაბორატორიულმა კვლევებმა პირველად დაადასტურა, რომ პირველი ჯგუფის ვირუსი შეიცვალა - ის სქესობრივი გზითაც გადამდები გახდა. იმავე წლის სექტემბერში, ჯანდაცვის მუშაკებმა, რომლებიც ეხმარებოდნენ მაიმუნის ყვავილით დაავადებულებს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, შენიშნეს, რომ პირველი ჯგუფის ვირუსი აქტიურად იწყებდა გავრცელებას ადამიანიდან ადამიანზე არა მხოლოდ სექსის, არამედ ყოველდღიური კონტაქტის მეშვეობითაც. უფრო მეტიც, რისკ - ჯგუფში ახლა შედიოდნენ არამხოლოდ ჰომოსექსუალი კაცები (როგორც ეს მეორე ჯგუფის შემთხვევაში იყო). ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა დაავადების საფრთხე ყველასთვის თანაბარი იყო. სიტუაციის შეფასებისა და გენეტიკური კვლევის შემდეგ, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ I ჯგუფი უნდა დაიყოს ორ ქვეჯგუფად - Ia (უკვე ცნობილი მახასიათებლებით) და Ib, რომელმაც ახალი თვისებები შეიძინა.
რამდენად საშიშია მაიმუნის ყვავილის Ib შტამი, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ცნობილია, რომ მაიმუნის ყვავილი, რომელსაც ის იწვევს, ყველაზე მძიმედ გადააქვთ ოთხ წლამდე ასაკის ბავშვებს, განსაკუთრებით კი - ჩვილებს (დაავადებულთა 9%-ის შემთხვევა ლეტალურად სრულდება). ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, დაკავშირებულია არასრულფასოვან კვებასთან, რაც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში არც თუ იშვიათი მოვლენაა. ზრდასრულების შემთხვევაში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2,4%-ს შეადგენს.
შესაძლებელია თუ არა, მაიმუნის ყვავილზე აცრა?
2024 წლის მონაცემებით, მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინა რეგისტრირებული და დამტკიცებულია სხვადასხვა ქვეყანაში. ახლა ოფიციალური პირები მსჯელობენ, რა რაოდენობის დოზა შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი წლის ბოლომდე, როგორ გადანაწილდეს ეს მარაგი და ვინ გადაიხდის მის საფასურს. ამავდროულად, როგორც ორგანიზაციაში - „ექიმები საზღვრებს გარეშე“ აცხადებენ, მაიმუნის ყვავილით ყველაზე მეტად დაზარალებულ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შესაბამისი ვაქცინები არ არსებობს.
არსებობს თუ არა ვირუსის სამკურნალო მედიკამენტი?
მას შემდეგ, რაც ჯანმო-მ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, გამოჩნდა მაიმუნის ყვავილის სამკურნალო პრეპატების კვლევის შედეგებიც (თუმცა, ჯერჯერობით, მონაცემები ხელმისაწვდომია მხოლოდ პრესრელიზის სახით და არა - სამეცნიერო სტატიის ფორმით). ეს არის ტეკოვირიმატი, რომელიც ყვავილთან (ეს ინფექციური დაავადება, ოფიციალურად, კაცობრიობამ 1980 წელს დაამარცხა) საბრძოლველად შეიქმნა. სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ აღნიშნული პრეპარატი იმოქმედებდა მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგაც, რომელიც ყვავილის პირვანდელ ფორმასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ზემოთ ხსენებულ პრეპარატს იყენებდნენ იმ ადამიანებში, რომლებიც მაიმუნის ყვავილით მძიმედ დაავადდნენ ან გართულებების რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ.
თუმცა იმავე კვლევით დადგინდა, რომ ტეკოვირიმატი ეფექტურია მაიმუნის ყვავილის შემთხვევაში, რომელიც პირველი ჯგუფის ვირუსით არის გამოწვეული. ამჟამად მიმდინარეობს სხვა კლინიკური კვლევები აღნიშნული პრეპარატის შესასწავლად და სულ მცირე, ამ პროექტის მონაწილეები აღნიშნულ მედიკამენტს უახლოეს მომავალში მიიღებენ. არ არის გამორიცხული, რომ კვლევებმა განსხვავებული შედეგებიც აჩვენოს.
მაიმუნის ყვავილის თავიდან ასაცილებლად, მარტივი და ლოგიკური წესების დაცვაც საკმარისია
თქვენ შეიძლება დაავადდეთ, როდესაც ეხებით დაზიანებულ კანს ან საგანს, რომლებზეც ვირუსი რჩება. გარდა ამისა, ვირუსი შეიძლება გადაეცეს ბავშვს დედისგან, ფეხმძიმობის პერიოდში. მაიმუნის ყვავილი გადადის ჰაერწვეთოვანი გზით, ხანგრძლივი და მჭიდრო კონტაქტის დროს. როგორც წესი, ინფექცია ვლინდება კონტაქტიდან ერთი კვირის განმავლობაში, თუმცა პირველი სიმპტომები შეიძლება სამი კვირის შემდეგაც გამოჩნდეს. თავდაპირველად, შესაძლოა, გაჩნდეს გამონაყარი (მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის) - ბრტყელი წყლულები, რომლებიც შემდეგ ბუშტუკებად იქცევა. მას შეიძლება ახლდეს ქავილი და ტკივილი. თუ თქვენ უვლით ავადმყოფს, რომელსაც კანზე უნდა შეეხოთ, უმჯობესია, ერთჯერადი ხელთათმანები გაიკეთოთ და შემდეგ ხელები დაიბანოთ. პაციენტმაც და მისმა ახლობელმაც უნდა ატაროს ნიღაბი.
დაავადებული უნდა დარჩეს სახლში და ექიმთან ვიზიტის გარდა, არსად გავიდეს. სამედიცინო ორგანიზაციამდე მისასვლელად არ უნდა გამოიყენოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. კარგი იქნება, თუ პაციენტს სახლში გამოუყოფენ ოთახს, სადაც მას არ ექნება კონტაქტი არც ადამიანებთან და არც ცხოველებთან (ჯერ არ არის ცნობილი, შეიძლება თუ არა კატები და ძაღლები დაავადდნენ, მაგრამ ამის ალბათობა მაინც არსებობს). ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ შემთხვევას, თუ ადამიანს ახველებს ან სურდო აქვს, ან სხეულზე გამონაყარი აღენიშნება.
სიფრთხილის ამ ზომების დაცვა საჭიროა ორიდან ოთხ კვირამდე. თუმცა, საბოლოო რეკომენდაცია მაინც სამედიცინო პერსონალმა უნდა გასცეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ არ გინდათ დაავადდეთ, ხელები ხშირად დაიბანეთ და მიიღეთ სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები, თუ მაიმუნის ყვავილით ინფიცირებულ ადამიანთან გაქვთ შეხება.
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.