USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკური პროგნოზი 2021 წლისთვის - ეკონომიკური საქმიანობა საქართველოში სავარაუდოდ 4%-ით გაიზრდება
дата:  581

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების 2021 წლის იანვრის გამოცემის თანახმად, 2021 წელს მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკის 4%-ით ზრდა, იმ დაშვების საფუძველზე, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება წლის განმავლობაში. თუმცა, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, აღდგენის პროცესი სავარაუდოდ, შენელებული იქნება, თუ პოლიტიკის შემმუშავებლები არ მიიღებენ გაცილებით უფრო გადამწყვეტ ზომებს პანდემიის წინააღმდეგ და არ განახორციელებენ რეფორმებს ინვესტიციების გასაზრდელად.

მათივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ ეკონომიკაში 2020 წლის 4.3%-იანი ვარდნის შემდეგ ზრდა აღინიშნება, პანდემიის გამო უამრავი ადამიანი დაავადდა და გარდაიცვალა, მილიონობით ადამიანი სიღარიბეში აღმოჩნდა, ეკონომიკური საქმიანობა შეიზღუდა და შემოსავლები გახანგრძლივებული პერიოდით შემცირდა. როგორც მსოფლიო ბანკში აცხადებენ, ახლო მომავლისთვის დარგობრივი პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტებია COVID-19-ის გავრცელების კონტროლი და ვაქცინის ფართომასშტაბიანი სწრაფი გამოყენების უზრუნველყოფა. სახელმწიფო ორგანოებმა, ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, ასევე უნდა შეუწყონ ხელი რეინვესტირების ციკლს, რომელიც მიმართული იქნება სახელმწიფო ვალზე ნაკლებად დამოკიდებული მდგრადი ეკონომიკური ზრდისკენ.

„მაშინ როცა გლობალური ეკონომიკა როგორც ჩანს სუსტი აღდგენის ფაზაში შევიდა, პოლიტიკის შემმუშავებლები სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ვალის მართვის, საბიუჯეტო პოლიტიკის, ცენტრალური საბანკო საქმიანობის და სტრუქტურული რეფორმების მიმართულებით, რამდენადაც ისინი ცდილობენ ჯერ კიდევ მყიფე გლობალური აღდგენის პროცესის გაძლიერების და მტკიცე ეკონომიკური ზრდისთვის მყარი საფუძვლის შექმნის უზრუნველყოფას,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა.

მისივე თქმით, „პანდემიის ზემოქმედების დაძლევის და ინვესტიციების ხელისშემშლელ ფაქტორებთან გამკლავების მიზნით საჭიროა აქტიური მოქმედება ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად, შრომითი და პროდუქციის ბაზრების მოქნილობის გასაზრდელად და გამჭვირვალობის და მმართველობის გასაძლიერებლად“.

მსოფლიო ბანკის შეფასების მიხედვით, 2020 წელს გლობალური ეკონომიკური საქმიანობის ვარდნა შედარებით ნაკლებად მწვავე იყო მანამდე მომზადებულ პროგნოზებთან შედარებით, ძირითადად მოწინავე ეკონომიკის ქვეყნებში სუსტი ვარდნის და ჩინეთში ეკონომიკის მტკიცე აღდგენის გამო. საპირისპიროდ, საქმიანობის შეწყვეტამ ფორმირების პროცესში მყოფ ბაზრებზე და განვითარებადი ქვეყნების უმეტესობაში მოსალოდნელზე გაცილებით მწვავე შედეგები გამოიღო.

„რამდენადაც ბევრ ქვეყანაში შოკმა გავლენა იქონია მოწყვლად შინამეურნეობებზე და კომპანიების ფინანსურ მდგომარეობაზე, საჭიროა რეაგირება ფინანსური არასტაბილურობის მიმართ,“ - განაცხადა მსოფლიო ბანკის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა და მთავარმა ეკონომისტმა კარმენ რეინჰარტმა.

როგორც მსოფლიო ბანკის ანგარიში მიუთითებს, ახლო მომავლის პერსპექტივა გაურკვეველი რჩება და კვლავ შესაძლებელია ეკონომიკური ზრდის განსხვავებული შედეგების მიღება. ზრდის ტემპების შემცირების სცენარს, რომელშიც ინფექციები გავრცელებას აგრძელებს და ვაქცინის გამოყენება გაჭიანურებულია, 2021 წელს გლობალური ზრდის 1.6%-ით შემოფარგვლა შეუძლია, ხოლო ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, პანდემიის წარმატებული კონტროლით და ვაქცინაციის გაცილებით სწრაფი პროცესით, გლობალური ზრდა შეიძლება დაახლოებით 5 პროცენტით დაჩქარდეს.

„მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში დაწყებული ზრდა მესამე კვარტალში ინფექციის განახლების შემდეგ შეჩერდა, რაც ნელ და რთულ აღდგენაზე მიუთითებს. პროგნოზის მიხედვით, აშშ-ის მშპ 2021 წელს 3.5%-ით გაიზრდება, 2020 წელს 3.6%-ით ვარდნის შემდეგ. წელს სავარაუდოდ ევროს ზონაში წარმოებული პროდუქციის მოცულობა 3.6 პროცენტით მოიმატებს, 2020 წელს 7.4%-ით შემცირების შემდეგ, ხოლო იაპონიაში 2021 წელს ნავარაუდევია ეკონომიკის 2.5%-ით ზრდა, გასულ წელს 5.3%-ით ვარდნის შემდეგ.

აგრეგატული მშპ ფორმირების პროცესში მყოფ ბაზრებზე და განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის, ჩინეთში, 2021 წელს სავარაუდოდ 5%-ით გაიზრდება 2020 წლის 2.6%-იანი შემცირების შემდეგ. წელს მოსალოდნელია ჩინეთის ეკონომიკის ზრდა დაახლოებით 7.9%-ით გასულ წელს დაფიქსირებული 2%-იანი მატების შემდეგ. განვითარებად ქვეყნებში, ჩინეთის გარდა, 2021 წელს პროგნოზის მიხედვით ადგილი ექნება ზრდას 3.4%-ით (2020 წელს ვარდნა 5% იყო). დაბალშემოსავლიან ქვეყნებს შორის, 2021 წელს მოსალოდნელია ეკონომიკური საქმიანობის ზრდა 3.3%-ით 2020 წლის 0.9%-იანი კლების შემდეგ.

გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების ანალიტიკური თავები იკვლევს თუ როგორ გააძლიერა პანდემიამ ვალის დაგროვებასთან დაკავშირებული რისკები; როგორ შეუძლია მას ეკონომიკური ზრდის შენელება გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში რეფორმების შეთანხმებული ძალისხმევის არარსებობის პირობებში; და რა რისკები უკავშირდება აქტივების შესყიდვის პროგრამებს, როგორც ფულად-საკრედიტო ინსტრუმენტს ფორმირებად ბაზრებზე და განვითარებად ქვეყნებში“, - აღნიშნულია მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

„პანდემიამ ძლიერ გაამწვავა რისკები ფორმირების პროცესში მყოფ ბაზრებზე და განვითარებად ქვეყნებში; სუსტი პერსპექტივები სავარაუდოდ კიდევ უფრო გაზრდის ვალის ტვირთს და დაასუსტებს მსესხებლებს. გლობალურმა საზოგადოებამ სწრაფად და აქტიურად უნდა იმოქმედოს იმისათვის რომ ვალის ბოლოდროინდელი დაგროვება სავალო კრიზისით არ დასრულდეს. განვითარებადი სამყარო ვეღარ დაკარგავს კიდევ ერთ ათწლეულს,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის თანასწორი ეკონომიკური ზრდის და საფინანსო ინსტიტუტების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აიჰან კოსემ.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, როგორც წარსული კრიზისები, პანდემიაც გრძელვადიან უარყოფით გავლენას იქონიებს გლობალურ აქტივობაზე.

„სავარაუდოდ, ის მოწინავე ეკონომიკის მქონე ბევრ ქვეყანაში შეანელებს გლობალურ ეკონომიკურ ზრდას არასაკმარისი ინვესტიციების, უმუშევრობის და შრომითი რესურსების შემცირების გამო. ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, გლობალური ეკონომიკა ზრდის თვალსაზრისით იმედგაცრუებების ათწლეულისკენ მიემართება თუ ადგილი არ ექნება პოლიტიკის შემმუშავებლების მიერ ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელებას სამართლიანი და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ფუნდამენტური მამოძრავებელი ფაქტორების გასაუმჯობესებლად.

პოლიტიკის შემმუშავებლებმა უნდა გააგრძელონ ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობა შემოსავლის მხარდაჭერიდან ეკონომიკური ზრდის გაძლიერების პოლიტიკაზე თანდათანობით გადასვლით. გრძელვადიან პერიოდში განვითარებად ქვეყნებში და ფორმირებად ბაზრებზე ჯანდაცვის და განათლების სერვისების, ციფრული ინფრასტრუქტურის, კლიმატური პირობების ცვალებადობის მიმართ მდგრადობის და ბიზნესის და მმართველობის პრაქტიკის გასაუმჯობესებლად შემუშავებული პოლიტიკა ხელს შეუწყობს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შერბილებას, შეამცირებს სიღარიბეს და აამაღლებს საერთო კეთილდღეობას. სუსტი ფისკალური პოზიციის და გაზრდილი ვალის კონტექსტში ინსტიტუციური რეფორმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანული ზრდის დასაჩქარებლად. წარსულში რეფორმების განხორციელების შედეგად მიღებული ეკონომიკური ზრდის დივიდენდები აღიარებული იყო ინვესტორების მიერ ზრდის გრძელვადიანი მოლოდინების და გაზრდილი საინვესტიციო ნაკადების განახლებაში.

ცენტრალური ბანკები ფორმირების პროცესში მყოფ ზოგიერთ ბაზრებზე და განვითარებად ქვეყნებში აქტივების შესყიდვის პროგრამებს ბევრ შემთხვევაში პირველად იყენებენ პანდემიით გამოწვეული ფინანსური ბაზრის ზეწოლის საპასუხოდ. ბაზრის წარუმატებლობაზე ფოკუსირებისას ეს პროგრამები ხელს უწყობს საფინანსო ბაზრების სტაბილიზაციას კრიზისის საწყის ეტაპებზე. თუმცა, ქვეყნებში, სადაც აქტივების შესყიდვის პროგრამები ფართოვდება და მიიჩნევა ფისკალური დეფიციტის დაფინანსების საშუალებად, ამ პროგრამებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას ცენტრალური ბანკის ოპერაციულ დამოუკიდებლობას, წარმოქმნას ვალუტის სისუსტის რისკი და გააძლიეროს წუხილები ვალის მდგრადობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება რეგიონული ხედვებს, მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, აღმოსავლეთ აზიის და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში 2021 წელს რეგიონში ზრდა სავარაუდოდ 7.4% იქნება. ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში პროგნოზის მიხედვით რეგიონის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წელს 3.3% იქნება.

ლათინური ამერიკის და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში 2021 წელს მოსალოდნელია რეგიონული ეკონომიკური საქმიანობის ზრდა 3.7%-ით.

ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში პროგნოზის მიხედვით ეკონომიკური საქმიანობა ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთი აფრიკის ქვეყნებში წელს 2.1%-ით გაიზრდება.

სამხრეთი აზიის ქვეყნებში ეკონომიკური საქმიანობა რეგიონში 2021 წელს სავარაუდოდ 3.3%-ით გაიზრდება. ხოლო საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებში ეკონომიკური საქმიანობა რეგიონში, 2021 წელს 2,7%–ით გაიზრდება.

რაც შეეხება საქართველოს, მსოფლიო ბანკის ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით ეკონომიკური საქმიანობა საქართველოში 2021 წელს სავარაუდოდ 4%-ით გაიზრდება

მსოფლიო ბანკი COVID-19 -ის პანდემიის მიმართ საპასუხო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციასაც აქვეყნებს და აცხადებს, რომ მსოფლიო ბანკის ჯგუფი, რომელიც დაფინანსების და ცოდნის ერთ-ერთი უდიდესი წყაროა, ფართო და სწრაფ რეაგირებას ახდენს განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად პანდემიის საპასუხო ღონისძიებების გაძლიერების მიზნით, დაავადებებზე დაკვირვების გასაზრდელად, ჯანდაცვის ინტერვენციების გასაუმჯობესებლად და კერძო სექტორის ხელშესაწყობად ოპერირებაში და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში.

„მსოფლიო ბანკი ფინანსური დახმარების სახით დაახლოებით 160 მლრდ. აშშ დოლარს გამოიყენებს 15 თვის განმავლობაში (2021 წლის ივნისის ბოლომდე), 100-ზე მეტი ქვეყნის ხელშეწყობის მიზნით, ღარიბი და მოწყვლადი ოჯახების დასაცავად, კომპანიების მხარდასაჭერად და ეკონომიკის აღდგენის გასაძლიერებლად. მასში შედის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (IDA) 50 მლრდ. აშშ დოლარი, რომელიც გრანტების ან ხელსაყრელი პირობების მქონე სესხების გასაცემად იქნება ათვისებული და 12 მლრდ აშშ დოლარი განვითარებადი ქვეყნებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შეძენის და დისტრიბუციის დასაფინანსებლად“, - აღნიშნულია მოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

https://www.worldbank.org/

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати