თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, შემუშავებულია კანონპროექტი ე.წ. სამშენებლო ამნისტიის შესახებ. დოკუმენტი 2020 წლის აგვისტომდე დასრულებულ შენობებს გარკვეულ ხარვეზებს პატიობს და მშენებლობის დასრულების საშუალების აძლევს.
„თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ საქართველოს პარლამენტს „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც გარკვეულ დარღვევებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს, 24 თებერვალს განაცხადა.
ამავე სხდომაზე კალაძემ აღნიშნა, რომ ამნისტია მხოლოდ იმ შენობებს შეეხება, რომლებიც გაკრვეულ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ და მათი უსაფრთხოება ექსპერტულადაა დამტკიცებული. თავად მერმა კანონპროექტის შინაარსი ასე განმარტა:
„გასულ წელს ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაევალა საკმაოდ მნიშვნელოვან კანონპროექტზე მუშაობა. დარწმუნებული ვარ, მას პარლამენტში დიდი მხარდაჭერა ექნება. კანონპროექტი შეეხება სამშენებლო ამნისტიას და გარკვეულ დარღვევებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვს. ჩვენ საკანონმდებლო პაკეტი მოვამზადეთ და პარლამენტში წარვადგინეთ.
მიმდინარეობს მუშაობა. შემუშავებული და შეჯერებულია ყველა პრინციპი, რაც ამ ინიციატივაში მნიშვნელოვანია. ამნისტია შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას, პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე. თუ დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრი, ექსტერიერი ან ინტერიერი, მიჯნის ზონა, განაშენიანების რეგულირების ხაზები, განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზები, ფუნქციური ზონა, ავტოსადგომების რაოდენობა ან პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, თუმცა მათი უსაფრთხოება დადასტურებულია აკრედიტებული ექსპერტის მიერ, ყველა ზემოთჩამოთვლილი დარღვევა ჩაითვლება საპატიოდ და ჩამოიწერება დარღვევებიდან გამომდინარე დაკისრებული ჯარიმები“,
კალაძემ ასევე თქვა, რომ აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტში, ამნისტიის გარდა, გაწერილია
მთელი რიგი პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, მშენებლობის ხელმეორედ შეუჩერებლობა, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
„ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ამ შენობა-ნაგებობების მესაკუთრეებს დღეს თბილისის მოსახლეობა წარმოადგენს. რადგან მოქმედი კანონმდებლობა არ იძლეოდა სრულფასოვანი და ეფექტური ზედამხედველობისა და დარღვევებზე სათანადო რეაგირების საშუალებას, თბილისში მივიღეთ ასეულობით დასრულებული მშენებლობა, რომელიც სხვადასხვა დარღვევით განხორციელდა და დღეს, ამ ობიექტების მესაკუთრეებს სწორედ თბილისელები წარმოადგენენ. ჩვენ მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული საკანონდებლო პაკეტი არ ითვალისწინებს მხოლოდ ამნისტიას და პატიებას, არამედ აყალიბებს მთელ რიგ პრევენციულ ღონისძიებებს.
რამდენიმე წლის წინ მსგავს დარღვევებზე გავზარდეთ ჯარიმები, რამაც გარკვეული შედეგები გამოიღო, მაგრამ ფაქტია, რომ ვდგავართ სამშენებლო კომპანიების მხრიდან შეგნებული და მიზანმიმართული დარღვევებისა და მათგან გამოწვეული პრობლემების პირისპირ.
სწორედ ამიტომ, შემოგვაქვს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. კერძოდ, მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, მშენებლობის ხელმეორედ შეუჩერებლობა გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. პირველ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება ჯარიმა. გადავახდევინებთ ჯარიმას, თუ არასწორად ხორციელდება მშენებლობა და შეუსაბამოო არქიტექტურულ ნებართვასთან. თუ ხელმეორედ არ იქნება გამოსწორებული, ეს უკვე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში გადავა“, — განაცხადა თბილისის მერმა.
კალაძის თქმითვე, საკანონმდებლო პაკეტის მესამე ნაწილი ეხება შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში შესვლის საკიტხს. კერძოდ, კანონში ცვლილება ითვალისწინებს ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით მომარაგების აკრძალვას.
კალაძე ამბობს, რომ 2009 წელს შეტანილი ცვილებებით დაშვებულია შენობა-ნაგებობები ცხოვრება მის ექსპლუატაციაში მიღებამდე, რაც არასწორია.
„ექსპლუატაციაში მიღება ნიშნავს შენობა-ნაგებობის სამშენებლო ნებართვასთან და პროექტთან შესაბამისობის დადგენას. დღეს არსებული საკანონდებლო პრაქტიკიდან გამომდინარე, ადამიანები ცხოვრობენ ისეთ შენობებში, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის ექსპლუატაციაში მიღებული. ჩვენ გვახსოვს ამ ყველაფერმა რა პრობლემები შექმნა და ასეთი ნაგებობები ახლაც არსებობს, რადგან კანონი არ ზღუდავს ამ ყველაფერს. იმისთვის, რომ შეიცვალოს დამკვიდრებული პრაქტიკა და თავად სამშენებლო კომპანიებს ჰქონდეთ ინტერესი, აწარმოონ მშენებლობა სამშენებლო ნორმებისა და მშენებლობის ნებართვის შესაბამისად და შენობა შევიდეს ექსპლუატაციაში, კანონში ცვლილება ითვალისწინებს ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით მომარაგების აკრძალვას.
დღეს გვაქვს ასეთი რეალობა: სრულდება მშენებლობა ისე, რომ მშენებელი ექსპლუატაციაში მიღების გარეშეც ახერხებს რეალიზაციას და აღარავის არ აქვს ინტერესი შენობა ექსპლუატაციაში შევიდეს. არის შემთხვევები, როდესაც მშენებელი იღებს თავის შემოსავალს და მასში მცხოვრები ადამიანები დადიან აქეთ-იქით, რომ ექსპლუატაციის პრობლემა მოაგვარონ“, — თქვა კახა კალაძემ.
ამერიკული გაზეთი „ჰილი“ (The Hill) აქვეყნებს სტატიას სათაურით „მკვდრეთით აღმსდგარი: დონალდ ტრამპი როგორც ამერიკული პოლიტიკის „ლაზარე“ (ავტორი - დერეკ ჰანტერი).
„სიტყვას „ისტორიული“ პოლიტიკაში ხშირად იყენებენ ხოლმე და მას ფეხბურთის ბურთივით ათამაშებენ, ზოგჯერ კი მიზანში ვერ ურტყამენ. დონალდ ტრამპთან მიმართებით კი ამ სიტყვის გამოყენება სამართლიანია. მისი მიღწევა მართლაც ისტორიულია. მან უდიდესი რევანში აიღო პოლიტიკაში.
დონალდ ტრამპი არამხოლოდ პოლიტიკური გვამი იყო, არამედ საერთოდ, „პერსონა ნონ-გრატა“ როგორც ვაშინგტონში, ასევე მშობლიურ ნიუ-იორკშიც. და როგორც ხდება ხოლმე პოლიტიკაში, მას საპყრობლეში გაგზავნითაც ემუქრებოდნენ... და ახლა იგი თეთრ სახლში ძლევამოსილად ბრუნდება - ისეთ თამაშში გამარჯვების შემდეგ, რომელიც მანამდე არავის უთამაშია.
აშშ-ის ისტორიაში დონალდ ტრამპამდე მისნაირად მხოლოდ 22-ე და 24-ე პრეზიდენტი გროვერ კლივლენდი იქნა არჩეული ორი ვადით („შუალედური შესვენებით“ 1885-1889 და 1893-1897 წლებში). მსგავსი შემთხვევა ჰქონდა რიჩარდ ნიქსონს, რომელმაც 1960 წელს საპრეზიდენტო არჩევნებიც წააგო, გუბერნატორის არჩევნებიც (1962 წელს) და განაცხადა - „მორჩა, მეგობრებო, რიჩარდ ნიქსონს ვეღარსად ვეღარ ნახავთ - იმიტომ, რომ ეს ჩემი ბოლო პრეს-კონფერენციაა“. ჩვენ მისი ნახვა მაინც მოგვიწია 1968 წელს, თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტში. თუ რითი დაასრულა მან თავისი პრეზიდენტობა, გვახსოვს („უოტერგეიტით“), მაგრამ ფაქტია, რომ მისი დაბრუნება იმ დროისათვის ძალზე შთამბეჭდავი იყო.
დონალდ ტრამპმა კი რიჩარდ ნიქსონსაც გადააჭარბა. იგი ფაქტიურად „დამარხული“ იყო საკუთარი რესპუბლიკური პარტიის წევრების მხრიდანაც კი, სხვები კი მოთმინებით ელოდნენ, რომ იგი უბრალოდ გუდა-ნაბადს აიკრავდა და პოლიტიკიდან წავიდოდა. მაგრამ ასე არ მოხდა.
ამერიკელებმა თავისი პოზიცია გამოხატეს: მათ ცვლილებები სურდათ და კიდეც განახორციელეს. დონალდ ტრამპი ვერაფერმა ვერ შეაჩერა - ვერც ბრალდებებმა, ვერც თავდასხმებმა... ყველა მემარცხენე გაზეთი და ტელევიზია აკრიტიკებდა, ემუქრებოდა, აშინებდა, მაგრამ ისინი ყველა „ქაღალდის ვეფხვები“ აღმოჩნდნენ, დონალდ ტრამპმა ყველა „დაიკიდა“. რას იზამენ ახლა ტელეარხების MSNBC-სა და CNN-ის ხელმძღვანელები და მაყურებლები? ვინ აღმოჩნდა მარგინალი - ისინი თუ დონალდ ტრამპი? აღიარებენ თუ არა იმას, რომ არასწორად იქცეოდნენ - როცა ყველას, ვინც დონალდ ტრამპის გვერდით იდგა, გიჟებად და სულელებად თვლიდნენ?
მოკლედ, დონალდ ტრამპი „კონსტანტის“ (მუდმივის) განსახიერებაა: იგი იყო, არის და იქნება.
წყარო: https://thehill.com/opinion/campaign/4975713-donald-trump-greatest-comeback-since-lazarus/