გასულ კვირას კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი 2022 წელს შემოვა. თუმცა 18-მეტრიანი ავტობუსები ქალაქში, ჯერ 2020 წლიდან, შემდეგ კი უკვე 2021 წლიდან უნდა გამოჩენილიყო.
მერიის განცხადებით 18-მეტრიან ავტობუსებს სწრაფ 10 სატრანზიტო დერეფნებში უნდა ევლოთ.
დღეს დედაქალაქში 10 სატრანზიტო დერეფანზე მუშაობა კი მიმდინარეობს, მაგრამ 18-მეტრიანი ავტობუსების არ არსებობის გამო იმ ეფექტს დღეს ვერ ვხედავთ, რაც რეალურად რეფორმას უნდა მოეტანა.
ექსპერტი სატრანსპორტო საკითხებში ელენე ხუნდაძე ამბობს, რომ პროცესების შენელებამ დედაქალაქში მგზავრების გადაყვანის კუთხით ხარვეზები შექმნა.
“საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკის შეცვლის შემდეგ დამაგვირგვინებელი არის 10 სატრანზიტო დერეფნის მოწყობა, სადაც 18-მეტრიანმა ავტობუსებმა უნდა იმოძრაოს. 200 ერთეული უნდა შეისყიდოს თბილისის მერიამ და ამ მთავარ 10 დერეფანზე უნდა მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სადაც ავტობუსები შეუფერხებლად ივლიან.
ფაქტობრივად, გვექნება ტრამვაის ტიპის ტრანსპორტი, ოღონდ ბორბლებზე. ეს პროცესი, რომ დაგვიანდა მივიღეთ ის შედეგი, რომ მთავარ ხაზებზე დადის ისევ ის ავტობუსები, რომელიც შიდა უბნებზე უნდა გადანაწილებულიყო. შესაბამისად, შიდა უბნებს დააკლდათ სიხშირეები და სიმძლავრეები. მოსახლეობა უკმაყოფილოა, რადგან უბნებში საკმარისი ავტობუსები არ არის.
არ ვიცი, რატომ შეჩერდა 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა, მაგრამ მინდა მივმართო როგორც ცენტრალურ მთავრობას, ისე მერიას, რომ ამ ავტობუსების შემოყვანა არის ისეთი რაღაც, რისი გადადებაც არ შეიძლება", - აცხადებს ექსპერტი სატრანსპორტო საკითხებში ელენე ხუნდაძე.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა პანდემიის გამო შეჩერდა.
“მიმდინარე კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე 18-მეტრიანი ავტობუსების შესაძენად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები დროებით შეჩერდა, თუმცა დონორ ორგანიზაციასთან ხელშეკრულებას წლის ბოლომდე მოეწერება ხელი და შესაბამისი შესყიდვის და ტექნიკური დოკუმენტაციის გამართვისთანავე ქალაქი მიიღებს ამ ავტობუსების პირველ ნაკადს", - აცხადებენ თბილისის მერიაში.
კითხვაზე თუ რა ეტაპზეა 10 სატრანზიტო დერეფნის მოწყობა დედაქალაქში, სადაც 18-მეტრიანმა ავტობუსებმა უნდა იმოძრაონ, თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი მონაკვეთი ვარკეთილში ცოტა ხნის წინ დასრულდა, ხოლო სამუშაოები გამზირის რეაბილიტაციის პარალელურად, ქეთევან წამებულის გამზირზეც მიმდინარეობს, სადაც ასევე მოეწყობა განცალკევებით საავტობუსე ზოლი.
“დედაქალაქში 10 სატრანზიტო საავტობუსე დერეფნის მოწყობის სამუშაოები მორიგ მონაკვეთზე უკვე დასრულდა ვარკეთილში (კუპრაძე, თაყაიშვილისა და სუხიშვილის ქუჩები). ამჟამად, მიმდინარეობს სამუშაოები ქეთევან დედოფლის გამზირზე, სადაც სხვა ინფრასტრუქტურულ ცვლილებებთან ერთად მოეწყობა განცალკევებული საავტობუსე ზოლი, ორივე მიმართულებით. საბოლოო ჯამში, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში დანერგილი ეს დერეფნები ერთმანეთთან დაკავშირდება და უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფრო კომფორტულ და დროულ ოპერირებას", - განმარტავენ თბილისის მერიაში.
ცნობისთვის, 10 სატრანზიტო დერეფნის მოწყობა, სადაც მათ შორის 18-მეტრიან ავტობუსებს უნდა ევლოთ, კახა კალაძემ ჯერ კიდევ 2018 წელს დააანონსა.
ამასთან, 2020 წელს თბილისის მერის მაშინდელი მოადგილე მაია ბითაძე აცხადებდა, რომ მნიშვნელოვანი იყო ძირითად ქუჩებზე, სადაც მოსახლეობა ყოველდღიურად გადაადგილდებოდა, 10-15 წუთში ერთხელ 18-მეტრიან ავტობუსებს ევლოთ, რომლებიც 150 მგზავრს ერთდროულად გადაიყვანდნენ.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/