USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Tbilisi
მოსახლეობის უკმაყოფილება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით და რატომ გადაიდო 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა?
Date:  1298

გასულ კვირას კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი 2022 წელს შემოვა. თუმცა 18-მეტრიანი ავტობუსები ქალაქში, ჯერ 2020 წლიდან, შემდეგ კი უკვე 2021 წლიდან უნდა გამოჩენილიყო. 

მერიის განცხადებით 18-მეტრიან ავტობუსებს სწრაფ 10 სატრანზიტო დერეფნებში უნდა ევლოთ.

დღეს  დედაქალაქში 10 სატრანზიტო დერეფანზე მუშაობა კი მიმდინარეობს, მაგრამ 18-მეტრიანი ავტობუსების არ არსებობის გამო იმ ეფექტს დღეს ვერ ვხედავთ, რაც რეალურად რეფორმას უნდა მოეტანა.

ექსპერტი სატრანსპორტო საკითხებში ელენე ხუნდაძე ამბობს, რომ პროცესების შენელებამ დედაქალაქში მგზავრების გადაყვანის კუთხით ხარვეზები შექმნა.

“საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკის შეცვლის შემდეგ დამაგვირგვინებელი არის 10 სატრანზიტო დერეფნის მოწყობა, სადაც 18-მეტრიანმა ავტობუსებმა უნდა იმოძრაოს. 200 ერთეული უნდა შეისყიდოს თბილისის მერიამ და ამ მთავარ 10 დერეფანზე უნდა მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სადაც ავტობუსები შეუფერხებლად ივლიან.

ფაქტობრივად, გვექნება ტრამვაის ტიპის ტრანსპორტი, ოღონდ ბორბლებზე. ეს პროცესი, რომ დაგვიანდა მივიღეთ ის შედეგი, რომ მთავარ ხაზებზე დადის ისევ ის ავტობუსები, რომელიც შიდა უბნებზე უნდა გადანაწილებულიყო. შესაბამისად, შიდა უბნებს დააკლდათ სიხშირეები და სიმძლავრეები. მოსახლეობა უკმაყოფილოა, რადგან უბნებში საკმარისი ავტობუსები არ არის.

 არ ვიცი, რატომ შეჩერდა 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა, მაგრამ მინდა მივმართო როგორც ცენტრალურ მთავრობას, ისე მერიას, რომ ამ ავტობუსების შემოყვანა არის ისეთი რაღაც, რისი გადადებაც არ შეიძლება", - აცხადებს ექსპერტი სატრანსპორტო საკითხებში ელენე ხუნდაძე.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა პანდემიის გამო შეჩერდა.

“მიმდინარე კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე 18-მეტრიანი ავტობუსების შესაძენად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები დროებით შეჩერდა, თუმცა დონორ ორგანიზაციასთან ხელშეკრულებას წლის ბოლომდე მოეწერება ხელი და შესაბამისი შესყიდვის და ტექნიკური დოკუმენტაციის გამართვისთანავე ქალაქი მიიღებს ამ ავტობუსების პირველ ნაკადს", - აცხადებენ თბილისის მერიაში.

კითხვაზე თუ რა ეტაპზეა 10 სატრანზიტო დერეფნის მოწყობა დედაქალაქში, სადაც 18-მეტრიანმა ავტობუსებმა უნდა იმოძრაონ, თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი მონაკვეთი ვარკეთილში ცოტა ხნის წინ დასრულდა, ხოლო სამუშაოები გამზირის რეაბილიტაციის პარალელურად, ქეთევან წამებულის გამზირზეც მიმდინარეობს, სადაც ასევე მოეწყობა განცალკევებით საავტობუსე ზოლი.

“დედაქალაქში 10 სატრანზიტო საავტობუსე დერეფნის მოწყობის სამუშაოები მორიგ მონაკვეთზე უკვე დასრულდა ვარკეთილში (კუპრაძე, თაყაიშვილისა და სუხიშვილის ქუჩები). ამჟამად, მიმდინარეობს სამუშაოები ქეთევან დედოფლის გამზირზე, სადაც სხვა ინფრასტრუქტურულ ცვლილებებთან ერთად მოეწყობა განცალკევებული საავტობუსე ზოლი, ორივე მიმართულებით. საბოლოო ჯამში, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში დანერგილი ეს დერეფნები ერთმანეთთან დაკავშირდება და უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფრო კომფორტულ და დროულ ოპერირებას", - განმარტავენ თბილისის მერიაში.

ცნობისთვის, 10 სატრანზიტო დერეფნის მოწყობა, სადაც მათ შორის 18-მეტრიან ავტობუსებს უნდა ევლოთ, კახა კალაძემ ჯერ კიდევ 2018 წელს დააანონსა.

ამასთან, 2020 წელს თბილისის მერის მაშინდელი მოადგილე მაია ბითაძე აცხადებდა, რომ მნიშვნელოვანი იყო ძირითად ქუჩებზე, სადაც მოსახლეობა ყოველდღიურად გადაადგილდებოდა, 10-15 წუთში ერთხელ 18-მეტრიან ავტობუსებს ევლოთ, რომლებიც 150 მგზავრს ერთდროულად გადაიყვანდნენ.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way