საქართველოში ტერმინი “სურსათის უვნებლობა” 2006 წლიდან დამკვიდრდა, მას შემდეგ, რაც გაუქმდა სურსათის სფეროში ყველა ორგანიზაცია და ჩამოყალიბდა სურსათის სახელმწიფო კონტოლის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანო - სურსათის ეროვნული სააგენტო. მანამდე “სურსათის უვნებლობა” ძირითადად, ხარისხთან და უსაფრთხოებასთან იყო გაიგივებული.
სურსათის უვნებლობა ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების - ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა და, შესაბამისად, სურსათის მოხმარებით გამოწვეული რისკებისაგან დაცვას გულისხმობს, ხოლო სასურსათო უსაფრთხოება - ეს არის ნებისმიერი ქვეყნის ყველა ფენის მოსახლეობის ფიზიკური და ეკონომიკური ხელმისაწვდომობა აქტიური და ჯანმრთელი ცხოვრების შენარჩუნებისათვის საჭირო რაოდენობისა და კვებითი ღირებულების მქონე უვნებელ სურსათზე.
თანამედროვე განმარტების თანახმად, სურსათი არის ადამიანის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი პროდუქტი, გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი. სურსათი მოიცავს ასევე ყველა სახის სასმელს, საღეჭ რეზინს, ყოველ ნივთიერებას დაფასოებული თუ სურსათში გამოსაყენებელი წყლის ჩათვლით, რომელიც მიზანმიმართულადაა დამატებული სურსათის შემადგენლობაში მისი წარმოებისა და გადამუშავების დროს. სურსათი არ მოიცავს ცხოველის საკვებს, ფარმაცევტულ პრეპარატებს ან სამკურნალო პროდუქტებს, საერთო მოხმარების საგნებს, თამბაქოსა და თამბაქოს პროდუქტებს, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს, სხვადასხვა ნარჩენსა და დამაბინძურებელს.
სურსათის უვნებლობის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს მთავარი კანონი - სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი. კანონის მიზანია მომხმარებელთა ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და ეკონომიკური ინტერესების დაცვა მოხმარებისათვის განკუთვნილ სურსათთან მიმართებაში, შიდა ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მისი მრავალფეროვნების გათვალისწინებით. აღნიშნული კანონი სხვა ნორმატიულ დოკუმენტებტან ერთად არეგულირებს სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის, ხარისხის, ეტიკეტირების ზოგად პრინციპებსა და მოთხოვნებს, სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელთა (ბიზნეს-ოპერატორთა) და დისტრიბუტორთა ვალდებულებებს, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის და ხარისხის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებს, განსაზღვრავს სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი და უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციებს. კანონი არ ვრცელდება პირადი და ოჯახური მოხმარებისათვის განკუთვნილ სურსათზე.
ნებისმიერი სურსათი არის მომხმარებლისთვის განკუთვნილი და სურსათის მწარმოებელი ბიზნესოპერატორები ვალდებული არიან, აწარმოონ და მომხმარებელს მიაწოდონ უვნებელი სურსათი. ამას ითვალისწინებს როგორც ეროვნული, ასევე ევროკავშირის კონონდებლობა, რომელიც ჰარმონიზებულია ჩვენი ქვეყნის მოქმედ კანონმდებლობასთან.
მაგრამ რამდენად არის დაცული მომხმარებელთა ინტერესები ქვეყანაში? ან რა იციან თავად მომხმარებლებმა საკუთარი უფლებების შესახებ, როგორია მათი ქცევითი კულტურა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით, ამ საკითხის გასაგებად “თბილისი პოსტმა” მცირე კვლევა ჩაატრა. გამოკითხვა თბილისის მოსახლეობაში ჩატარდა სუპერმარკეტების სიახლოვეს, თბილისის ცენტრალური აგრარული ბაზრის მიმდებარედ და ხალხმრავალ ადგილებში - სკვერებსა და ბაღებში.
აგრარული ბაზრის 10 მომხმრებლოდან მხოლოდ 3-მა მათგანმა იცოდა სურსათის უვნებლობის ცხელი ხაზის -1501-ის შესახებ, თუმცა მათ არც ერთხელ არ მიუმართავთ საჩივრისთვის.
ლეილა ნ. 57 წლის - ”ძირითადად, დეზერტირების ბაზარში დავდივარ და ხილ-ბოსტნეულს, ხორცს და ყველს ვყიდულობ. ვცდილობ ერთი და იმავე გამყიდველისგან შევიძინო, ისინიც მცნობენ და არ მატყუებენ. თუმცა, ხშირად ყოფილა, როცა სხვა გამყიდველისთვის მიმიმართავს, ხან წონაში მომატყუეს, ხანაც სახლში მიტანის შემდეგ აღმომიჩენია, რომ უცნაური ყველი იყო, მაგრამ არც გამყიდველისთვის მიმიბრუნებია და არც ვინმეთვის მიმიმართავს. რა აზრი ჰქონდა? ბაზრის გამყიდველთან კამათი მარტივი არ არის, ისევ აქეთ დაგადანაშაულებენ და დავანებე თავი. ვცდილობ, უფრო ფრთხილად და დაკვირვებით შევარჩიო”.
გიორგი ლ. 39 წლის - “ბაზრებში იშვიათად დავდივარ, თვეში ერთხელ ოჯახისთვის გარკვეულ მარაგს ვაკეთებ. ძირითადად, ბოსტნეულს ვიძენ, ლობიოს, სეზონურ ხილს, სოფლის კვერცხს… ვფიქრობ, რომ სოფლის ნატურალური პროდუქტი აქ უფრო შეგხვდება. დღეს უამრავი სუპერმარკეტია ყველა უბანში, მაგრამ არც ერთი მათგანი ქართულ ხილ-ბოსტნეულს არ ყიდის, ან თუ ყიდის, ორჯერ ძვირია, მერე გაფუჭდება და ნაგვის ურნებში ყრიან, ფასს კი არ დაუკლებენ… არის რაღაცეები, რომელის ყიდვა მარკეტებში სჯობს, აი, ყველის შეძენა ბაზარში მირჩევნია. გასინჯავ და აარჩევ, რაც მაღაზიებში შეუძლებელია. ვერ გეტყვით, რამდენად ხარისხიანია, ან უვნებელი, ძირითადად ვიზულურად ვარჩევ”.
გიორგის, ლეილას მზგავსად, არასდროს მიუმართავს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზისთვის, მიუხედავად იმისა, რომ სმენია ამის შესახებ. მისი განწყობა სკეპტიკურია და ურჩევნია გამყიდველთან მივიდეს და მოსთხოვოს გაფუჭებული პროდუქტის დაბრუნება, ვიდრე ცხელ ხაზზე დარეკოს. მისთვის ბუნდოვანია, როგორ უნდა ხდებოდეს კონტროლი ან საერთოდ, ვინმე თუ აკონტროლებს სურსათს: “დღეს ყველა უბანში ყოველ ნაბიჯზე იმხელა არჩევანია, შეგიძლია აარჩიო ისეთი, სადაც ნაკლებად იტყუებიან. რა აზრი აქვს სადმე დარეკვას, მოვლენ და შეამოწმებენ? თუ შემოწმება უნდათ, ისედაც უნდა მოწმდებოდეს. ან როდისღა ამოწმებენ, ოჯახისთვის ძირითადად მე ვყიდულობ პროდუქტებს, არსად არასდროს შემხვედრია, ვინმე ამოწმებდეს”.
27 წლის სალომე დ. თვლის, რომ სურსათის ყიდვისას დიდ სუპერმარკეტებში უფრო დაცულია მომხმარებელი. ბაზრები რისკის შემცველია, ამიტომ არჩევანი თავად მომხმარებელზეა, თუკი ამის მატერიალური შესაძლებლობა აქვს: “თუ გინდა, ხარისხიანი და უვნებელი პროდუქტი იყიდო, უნდა ერიდო ბაზარს, სადაც მწარმოებლის და გამყიდველის იდენტიფიცირება შეუძლებელია და ვერც ვერაფერს მოსთხოვ. არ იცი სადაური წარმოების, ან რა ხარისხის პროდუქტს ჰყიდის. მე არ შემხვედრია ბაზარში ეტიკეტირებული სურსათი. ხილი, ბოსტნეული, ნიგოზი ყველანაირი ეტიკეტის გარეშე იყიდება და მხოლოდ ფასს თუ დააწერენ, ისიც იმიტომ, რომ თვალსაჩინო იყოს და წარამარა არ იკითხოს მომხმარებელმა. თევზი და ხორცი, ფრინველის ხორცი პირდაპირ ქუჩაში იყიდება, სადაც არც ჰიგიენის ნორმებია დაცული, არც მაცივარში დევს. ქსელურ სუპერმარკეტებში ასე თუ ისე, იცი რას ყიდულობ. თუ არ აწერია, მიხვალ კონსულტანტთან და გეტყვის, ან გაჩვენებს, რაც წარმოუდგენელია ბაზარში. დაგცინებენ კიდეც, რომ მოითხოვო. ამიტომ, მირჩევნია მარკეტებზე გავაკეთო არჩევანი, სადაც საკუთარი ხელით აარჩევ და პასუხსაც მოვთხოვ”.
სალომეს მზგავსად ფიქრობს პენსიონერი ლუიზა შ, 67 წლის დიასახლისი, რომელიც მარკეტებში ყიდვას ანიჭებს უპირატესობას, რადგან შესაძლებლობა აქვს კარგად გაეცნოს სურსათის ეტიკეტს: “იშვითი გამონაკლისის გარდა, ყოველთვის ვკითხულობ ეტიკეტს, აუცილებლად ვამოწმებ ვადას და შემადგენლობას. თუ ძალიან არ მეჩქარება, სანამ დეტალურად არ გავეცნობი, არ ვყიდულობ. ხანდახან ფასდაკლებებზე ისეთი პროდუქტი იყიდება, რომელსაც მალე გასდის ვადა, არ ღირს ასეთის ყიდვა, ამიტომ, მირჩევნია, ცოტა მეტი დრო დავხარჯო და დავრწმუნდე, რას ვყიდულობ.” პენსიონერი დიასახლისი იხსენებს, ისეთ შემთხვევას, როდესაც დაფასოებული, გაყინული თევზის ფილე შეიძინა 700 გრამიან შეფუთვაში, გალღობის შემდეგ კი მხოლოდ 400 გრამი დარჩა, რაზეც თავად მაღაზიას მიმართა. მისი პრეტენზია არ გაითვალისწინა მენეჯერმა, რის გამოც დარეკა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე: “გამომკითხეს ყველაფერი, ჩემი მისამართითაც დაინტერესდნენ, პირადი ნომერი, ტელეფონი, ყველაფერი ჩავაწერინე. მე დასამალი არაფერი მქონდა, თუმცა, ამდენი პირადი ინფორმაციის გამოკითხვა რა საჭირო იყო, ვერ მივხვდი, სიმართლე გითხრათ. არ ვიცი, იყვნენ თუ არა შემოწმებაზე, ჩემთვის არაფერი უცნობებიათ, არც დანახარჯი დაუბრუნებია ვინმეს. ამიტომ, ვცდილობ, მეტად ყურადღებით შევარჩიო პროდუქტი”.
ასეთი მრავალი განსახვავებული მოსაზრება მოვისმინეთ მომხმარებლების გამოცდილების შესახებ. საუბრების დროს გამოიკვეთა, რომ 30 გამოკითხულიდან 5-ს დაურეკავს სურსათის ეროვნულ სააგენტოში, მათგან სამმა მათგანმა მიიღო პასუხი შემოწმების შედეგებზე. იმ სამთაგან მხოლოდ ერთმა აღნიშნა, რომ პასუხი დამაკმაყოფილებელი იყო, 2 შემთხვევაში კი აცნობეს, რომ დარღვევა ვერ დადგინდა.
30 გამოკითხულიდან დარღვევები ერთხელ მაინც დაუფიქსირებია 19 მომხმარებელს, თუმცა არ უფიქრია ცხელ ხაზზე დარეკვა, რადგან მიუთითა მაღაზიის მენეჯერს და მოსთხოვა გამოსწორება.
30 გამოკითხულიდან 9 მიიჩნევს, რომ დაღვევის შემთხვევაში თუ მაღაზიის მეპატრონე ან მენეჯერი არ დაიბრუნებს გაფუჭებულ სურსათს, უნდა გამოძახონ პატრული და მას სთხოვოს დახმარება. 5 მათგანი ფიქრობს, რომ შეუძლია სასამართლოს მიმართოს, მაგრამ იმდენად ხანგრძლივი და ხარჯიანი პროცესია, ურჩევნია თავი დაანებოს.
როგორც გამოკითხვიდან ჩანს, მომხმარებლის უმეტესობისთვის ბუნდოვანია და მხოლოდ მცირე ნაწილმა იცის, ვის უნდა მიმართოს სურსათის უვნებლობის დარღვევის შემთხვევაში. მეტწილად, მოსახლეობის, როგორც მომხმარებლის ცნობიერების დონე საკმაოდ დაბალია. არადა, ძალიან მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა იცოდეს საკუთარი უფლებები, მოითხოვოს სახელმწიფოსგან და ბიზნეოპერატორებისგან უვნებლობის დაცვა. ამით სახელმწიფო მექანიზმების გაძლიერებასაც დაეხმარება და საკუთარ ოჯახსაც გაუფრთხილდება.
რამდენად ხშირიად მიმართავს მომხმარებელი სახელმწიფოს საკუთარი უფლებების დასაცავად? როგორია მიმართვიანობის სტატისტიკა? როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს წლიურ ანგარიშში ვკითხულობთ: “2024 წელს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე შემოვიდა 1510 შეტყობინება (მოქალაქეთა სატელეფონო შეტყობინება - 1419, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან/ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან - 24, სხვა უწყებებიდან - 67), რასაც მოჰყვა შესაბამისი რეაგირება.
წლების მანძილზე მიმართვიანობის დინამიკას საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორს, ვახტანგ კობალაძე დადებითად ააფასებს:
“სეს-ის წლიური ანგარიშების თანახმად, 2022 წელს სურსათის უვნებლობის
დეპარტამენტში შევიდა მოქალაქეთა 863 სატელეფონო შეტყობინება; ხოლო 2023 წელს - 1274 შეტყობინება. 2024 წლის მონაცემებს თუ შევადარებთ, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაზრდილა, რაც მისასალმებელია. ეს სეს-ის ცნობადობის ზრდასა და მოქალაქეთა მეტად გააქტიურებაზე მიუთითებს.”
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „რეგიონები და ხალხი სურსათის უვნებლობისთვის: ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ცნობიერების ამაღლების ინიციატივა“ - სწორედ მოსახლეობის ინფორმირებას ისახავს მიზნად. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სურსათის უვნებლობის საკითხებზე დაწყებული ცნობიერების ამაღლების კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
თბილისში პროექტს საერთაშორისო ორგანიზაცია ააიპ გარემოს დაბინძურებისა და მართვის ინსტიტუტი EHPMI-ია, რომელიც მომხმარებლის ინფორმირების მიზნით სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს. მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი მიზანი სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზის - 1501 - პოპულარიზაციაა.
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტი "რეგიონები და ხალხი სურსათის უვნებლობისთვის" ხორციელდება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ეგიდით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში სურსათის უვნებლობის საკითხებზე. ეს კამპანია ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული პროექტის „სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD IV“ ნაწილია. პროექტი თანადაფინანსებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ, ხოლო განმახორციელებლები არიან CzDA და FAO.