USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
თბილისი
მომხმარებელი და სურსათის უვნებლობა
თარიღი:  722

საქართველოში ტერმინი “სურსათის უვნებლობა” 2006 წლიდან დამკვიდრდა, მას შემდეგ, რაც გაუქმდა სურსათის სფეროში ყველა ორგანიზაცია და  ჩამოყალიბდა სურსათის სახელმწიფო კონტოლის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანო - სურსათის ეროვნული სააგენტო. მანამდე “სურსათის უვნებლობა” ძირითადად, ხარისხთან და უსაფრთხოებასთან იყო გაიგივებული.

სურსათის უვნებლობა ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების - ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა და, შესაბამისად, სურსათის მოხმარებით გამოწვეული რისკებისაგან დაცვას გულისხმობს, ხოლო სასურსათო უსაფრთხოება - ეს არის ნებისმიერი ქვეყნის ყველა ფენის მოსახლეობის ფიზიკური და ეკონომიკური ხელმისაწვდომობა აქტიური და ჯანმრთელი ცხოვრების შენარჩუნებისათვის საჭირო რაოდენობისა და კვებითი ღირებულების მქონე უვნებელ სურსათზე.

თანამედროვე განმარტების თანახმად, სურსათი არის ადამიანის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი პროდუქტი, გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი. სურსათი მოიცავს ასევე ყველა სახის სასმელს, საღეჭ რეზინს, ყოველ ნივთიერებას დაფასოებული თუ სურსათში გამოსაყენებელი წყლის ჩათვლით, რომელიც მიზანმიმართულადაა დამატებული სურსათის შემადგენლობაში მისი წარმოებისა და გადამუშავების დროს. სურსათი არ მოიცავს ცხოველის საკვებს, ფარმაცევტულ პრეპარატებს ან სამკურნალო პროდუქტებს, საერთო მოხმარების საგნებს, თამბაქოსა და თამბაქოს პროდუქტებს, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს, სხვადასხვა ნარჩენსა და დამაბინძურებელს.

სურსათის უვნებლობის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს მთავარი კანონი - სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი. კანონის მიზანია მომხმარებელთა ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და ეკონომიკური ინტერესების დაცვა მოხმარებისათვის განკუთვნილ სურსათთან მიმართებაში, შიდა ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მისი მრავალფეროვნების გათვალისწინებით. აღნიშნული კანონი სხვა ნორმატიულ დოკუმენტებტან ერთად არეგულირებს სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის, ხარისხის, ეტიკეტირების ზოგად პრინციპებსა და მოთხოვნებს, სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელთა (ბიზნეს-ოპერატორთა) და დისტრიბუტორთა ვალდებულებებს, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის და ხარისხის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებს, განსაზღვრავს სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი და უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციებს. კანონი არ ვრცელდება პირადი და ოჯახური მოხმარებისათვის განკუთვნილ სურსათზე.

ნებისმიერი სურსათი არის მომხმარებლისთვის განკუთვნილი და სურსათის მწარმოებელი ბიზნესოპერატორები ვალდებული არიან, აწარმოონ და მომხმარებელს მიაწოდონ უვნებელი სურსათი. ამას ითვალისწინებს როგორც ეროვნული, ასევე ევროკავშირის კონონდებლობა, რომელიც ჰარმონიზებულია ჩვენი ქვეყნის მოქმედ კანონმდებლობასთან.

მაგრამ რამდენად არის დაცული მომხმარებელთა ინტერესები ქვეყანაში? ან რა იციან თავად მომხმარებლებმა საკუთარი უფლებების შესახებ, როგორია მათი ქცევითი კულტურა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით, ამ საკითხის გასაგებად “თბილისი პოსტმა” მცირე კვლევა ჩაატრა. გამოკითხვა თბილისის მოსახლეობაში ჩატარდა სუპერმარკეტების სიახლოვეს, თბილისის ცენტრალური აგრარული ბაზრის მიმდებარედ და ხალხმრავალ ადგილებში - სკვერებსა და ბაღებში.

აგრარული ბაზრის 10 მომხმრებლოდან მხოლოდ 3-მა მათგანმა იცოდა სურსათის უვნებლობის ცხელი ხაზის -1501-ის შესახებ, თუმცა მათ არც ერთხელ არ მიუმართავთ საჩივრისთვის.

ლეილა ნ. 57 წლის - ”ძირითადად, დეზერტირების ბაზარში დავდივარ და ხილ-ბოსტნეულს, ხორცს და ყველს ვყიდულობ. ვცდილობ ერთი და იმავე გამყიდველისგან შევიძინო, ისინიც მცნობენ და არ მატყუებენ. თუმცა, ხშირად ყოფილა, როცა სხვა გამყიდველისთვის მიმიმართავს, ხან წონაში მომატყუეს, ხანაც სახლში მიტანის შემდეგ აღმომიჩენია, რომ უცნაური ყველი იყო, მაგრამ არც გამყიდველისთვის მიმიბრუნებია და არც ვინმეთვის მიმიმართავს. რა აზრი ჰქონდა? ბაზრის გამყიდველთან კამათი მარტივი არ არის, ისევ აქეთ დაგადანაშაულებენ და დავანებე თავი. ვცდილობ, უფრო ფრთხილად და დაკვირვებით შევარჩიო”.

გიორგი ლ. 39 წლის - “ბაზრებში იშვიათად დავდივარ, თვეში ერთხელ ოჯახისთვის გარკვეულ მარაგს ვაკეთებ. ძირითადად, ბოსტნეულს ვიძენ, ლობიოს, სეზონურ ხილს, სოფლის კვერცხს… ვფიქრობ, რომ სოფლის ნატურალური პროდუქტი აქ უფრო შეგხვდება. დღეს უამრავი სუპერმარკეტია ყველა უბანში, მაგრამ არც ერთი მათგანი ქართულ ხილ-ბოსტნეულს არ ყიდის, ან თუ ყიდის, ორჯერ ძვირია, მერე გაფუჭდება და ნაგვის ურნებში ყრიან, ფასს კი არ დაუკლებენ… არის რაღაცეები, რომელის ყიდვა მარკეტებში სჯობს, აი, ყველის შეძენა ბაზარში მირჩევნია. გასინჯავ და აარჩევ, რაც მაღაზიებში შეუძლებელია. ვერ გეტყვით, რამდენად ხარისხიანია, ან უვნებელი, ძირითადად ვიზულურად ვარჩევ”.

გიორგის, ლეილას მზგავსად, არასდროს მიუმართავს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზისთვის, მიუხედავად იმისა, რომ სმენია ამის შესახებ. მისი განწყობა სკეპტიკურია და ურჩევნია გამყიდველთან მივიდეს და მოსთხოვოს გაფუჭებული პროდუქტის დაბრუნება, ვიდრე ცხელ ხაზზე დარეკოს. მისთვის ბუნდოვანია, როგორ უნდა ხდებოდეს კონტროლი ან საერთოდ, ვინმე თუ აკონტროლებს სურსათს: “დღეს ყველა უბანში ყოველ ნაბიჯზე იმხელა არჩევანია, შეგიძლია აარჩიო ისეთი, სადაც ნაკლებად იტყუებიან. რა აზრი აქვს სადმე დარეკვას, მოვლენ და შეამოწმებენ? თუ შემოწმება უნდათ, ისედაც უნდა მოწმდებოდეს. ან როდისღა ამოწმებენ, ოჯახისთვის ძირითადად მე ვყიდულობ პროდუქტებს, არსად არასდროს შემხვედრია, ვინმე ამოწმებდეს”.

27 წლის  სალომე დ. თვლის, რომ სურსათის ყიდვისას დიდ სუპერმარკეტებში უფრო დაცულია მომხმარებელი. ბაზრები რისკის შემცველია, ამიტომ არჩევანი თავად მომხმარებელზეა, თუკი ამის მატერიალური შესაძლებლობა აქვს: “თუ გინდა, ხარისხიანი და უვნებელი პროდუქტი იყიდო, უნდა ერიდო ბაზარს, სადაც მწარმოებლის და გამყიდველის იდენტიფიცირება შეუძლებელია და ვერც ვერაფერს მოსთხოვ. არ იცი სადაური წარმოების, ან რა ხარისხის პროდუქტს ჰყიდის. მე არ შემხვედრია ბაზარში ეტიკეტირებული სურსათი. ხილი, ბოსტნეული, ნიგოზი ყველანაირი ეტიკეტის გარეშე იყიდება და მხოლოდ ფასს თუ დააწერენ, ისიც იმიტომ, რომ თვალსაჩინო იყოს და წარამარა არ იკითხოს მომხმარებელმა. თევზი და ხორცი, ფრინველის ხორცი პირდაპირ ქუჩაში იყიდება, სადაც არც ჰიგიენის ნორმებია დაცული, არც მაცივარში დევს. ქსელურ სუპერმარკეტებში ასე თუ ისე, იცი რას ყიდულობ. თუ არ აწერია, მიხვალ კონსულტანტთან და გეტყვის, ან გაჩვენებს, რაც წარმოუდგენელია ბაზარში. დაგცინებენ კიდეც, რომ მოითხოვო. ამიტომ, მირჩევნია მარკეტებზე გავაკეთო არჩევანი, სადაც საკუთარი ხელით აარჩევ და პასუხსაც მოვთხოვ”.

სალომეს მზგავსად ფიქრობს პენსიონერი ლუიზა შ, 67 წლის დიასახლისი, რომელიც მარკეტებში ყიდვას ანიჭებს უპირატესობას, რადგან შესაძლებლობა აქვს კარგად გაეცნოს სურსათის ეტიკეტს: “იშვითი გამონაკლისის გარდა, ყოველთვის ვკითხულობ ეტიკეტს, აუცილებლად ვამოწმებ ვადას და შემადგენლობას. თუ ძალიან არ მეჩქარება, სანამ დეტალურად არ გავეცნობი, არ ვყიდულობ. ხანდახან ფასდაკლებებზე ისეთი პროდუქტი იყიდება, რომელსაც მალე გასდის ვადა, არ ღირს ასეთის ყიდვა, ამიტომ, მირჩევნია, ცოტა მეტი დრო დავხარჯო და დავრწმუნდე, რას ვყიდულობ.” პენსიონერი დიასახლისი იხსენებს, ისეთ შემთხვევას, როდესაც დაფასოებული, გაყინული თევზის ფილე შეიძინა 700 გრამიან შეფუთვაში, გალღობის შემდეგ კი მხოლოდ 400 გრამი დარჩა, რაზეც თავად მაღაზიას მიმართა. მისი პრეტენზია არ გაითვალისწინა მენეჯერმა, რის გამოც დარეკა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე: “გამომკითხეს ყველაფერი, ჩემი მისამართითაც დაინტერესდნენ, პირადი ნომერი, ტელეფონი, ყველაფერი ჩავაწერინე. მე დასამალი არაფერი მქონდა, თუმცა,  ამდენი პირადი ინფორმაციის გამოკითხვა რა საჭირო იყო, ვერ მივხვდი, სიმართლე გითხრათ. არ ვიცი, იყვნენ თუ არა შემოწმებაზე, ჩემთვის არაფერი უცნობებიათ, არც დანახარჯი დაუბრუნებია ვინმეს. ამიტომ, ვცდილობ, მეტად ყურადღებით შევარჩიო პროდუქტი”.  

ასეთი მრავალი განსახვავებული მოსაზრება მოვისმინეთ მომხმარებლების გამოცდილების შესახებ. საუბრების დროს გამოიკვეთა, რომ 30 გამოკითხულიდან 5-ს დაურეკავს სურსათის ეროვნულ სააგენტოში, მათგან სამმა მათგანმა მიიღო პასუხი შემოწმების შედეგებზე. იმ სამთაგან მხოლოდ ერთმა აღნიშნა, რომ პასუხი დამაკმაყოფილებელი იყო, 2 შემთხვევაში კი აცნობეს, რომ დარღვევა ვერ დადგინდა.

30 გამოკითხულიდან დარღვევები ერთხელ მაინც დაუფიქსირებია 19 მომხმარებელს, თუმცა არ უფიქრია ცხელ ხაზზე დარეკვა, რადგან მიუთითა მაღაზიის მენეჯერს და მოსთხოვა გამოსწორება.

30 გამოკითხულიდან 9 მიიჩნევს, რომ დაღვევის შემთხვევაში თუ მაღაზიის მეპატრონე ან მენეჯერი არ დაიბრუნებს გაფუჭებულ სურსათს, უნდა გამოძახონ პატრული და მას სთხოვოს დახმარება. 5 მათგანი ფიქრობს, რომ შეუძლია სასამართლოს მიმართოს, მაგრამ იმდენად ხანგრძლივი და ხარჯიანი პროცესია, ურჩევნია თავი დაანებოს.

როგორც გამოკითხვიდან ჩანს, მომხმარებლის უმეტესობისთვის ბუნდოვანია და მხოლოდ მცირე ნაწილმა იცის, ვის უნდა მიმართოს სურსათის უვნებლობის დარღვევის შემთხვევაში. მეტწილად, მოსახლეობის, როგორც მომხმარებლის ცნობიერების დონე საკმაოდ დაბალია. არადა, ძალიან მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა იცოდეს საკუთარი უფლებები, მოითხოვოს სახელმწიფოსგან და ბიზნეოპერატორებისგან უვნებლობის დაცვა. ამით სახელმწიფო მექანიზმების გაძლიერებასაც დაეხმარება და საკუთარ ოჯახსაც გაუფრთხილდება.

რამდენად ხშირიად მიმართავს მომხმარებელი სახელმწიფოს საკუთარი უფლებების დასაცავად? როგორია მიმართვიანობის სტატისტიკა? როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს წლიურ ანგარიშში ვკითხულობთ: “2024 წელს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე შემოვიდა 1510 შეტყობინება (მოქალაქეთა სატელეფონო შეტყობინება - 1419, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან/ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან - 24, სხვა უწყებებიდან - 67), რასაც მოჰყვა შესაბამისი რეაგირება.

წლების მანძილზე მიმართვიანობის დინამიკას საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორს, ვახტანგ კობალაძე დადებითად ააფასებს:

“სეს-ის წლიური ანგარიშების თანახმად, 2022 წელს სურსათის უვნებლობის

დეპარტამენტში შევიდა მოქალაქეთა 863 სატელეფონო შეტყობინება; ხოლო 2023 წელს - 1274 შეტყობინება. 2024 წლის მონაცემებს თუ შევადარებთ, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაზრდილა, რაც მისასალმებელია. ეს სეს-ის ცნობადობის ზრდასა და მოქალაქეთა მეტად გააქტიურებაზე მიუთითებს.”

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „რეგიონები და ხალხი სურსათის უვნებლობისთვის: ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ცნობიერების ამაღლების ინიციატივა“ - სწორედ მოსახლეობის ინფორმირებას ისახავს მიზნად. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სურსათის უვნებლობის საკითხებზე დაწყებული ცნობიერების ამაღლების კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.  

თბილისში პროექტს საერთაშორისო ორგანიზაცია ააიპ გარემოს დაბინძურებისა და მართვის ინსტიტუტი EHPMI-ია, რომელიც მომხმარებლის ინფორმირების მიზნით სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს. მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი მიზანი სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზის - 1501 - პოპულარიზაციაა.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტი "რეგიონები და ხალხი სურსათის უვნებლობისთვის" ხორციელდება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ეგიდით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში სურსათის უვნებლობის საკითხებზე. ეს კამპანია ევროკავშირისა და  შვედეთის მიერ დაფინანსებული პროექტის „სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD IV“ ნაწილია. პროექტი თანადაფინანსებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ, ხოლო განმახორციელებლები არიან CzDA და FAO.

 

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.