27 ნოემბერს, მცხეთაში ქართლის მოქცევის 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდება. მუსიკალურ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ნატო მეტონიძე, თეატრალურის კვარტეტი, ანსამბლი “მარგალიტი”, აჩიკო ნიჟარაძე. საღამოს გაუძღვებიან: კახა მიქიაშვილი და ნინო თარხან-მოურავი.
საიუბილეო ღონისძიება მცხეთის კულტურისა და განათლების ცენტრში ჩატარდება და მასზე დასწრება თავისუფალია. ნებისმიერ ადამიანს, ვისთვისაც ეს თარიღი მნიშვნელოვანია, შეუძლია მივიდეს და ქართული სიმღერით დატკბეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველო 2026 წელს ქართლის მოქცევის 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს. სპეციალურად საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა ინიციატივით შეიქმნა საზოგადოებრივი მოძრაობა „ის, რაც გვაერთიანებს“. მოძრაობის მიზანია საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს ჩვენი ქვეყნისათვის ამ თარიღის გამორჩეული მნიშვნელობა და განიცადოს პირადი პასუხისმგებლობა, საიუბილეო წლის ღირსეულად აღნიშვნის გამო.
ინიციატივის მთავარი გზავნილია: „გავიხსენოთ ის, რაც გვაერთიანებს - ჩვენი მდიდარი და უნიკალური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა და განვამტკიცოთ ეროვნული თვითმყოფადობა“.
სწორედ ამ მიზნით რამდენიმე შეხვედრა უკვე ჩატარდა. მას საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზებული შეხვედრები და ღონისძიებები წლის ბოლომდე გაგრძელდება საქართველოს მასშტაბით. საიუბილეო ღონისძიებები შეიძლება დაიგეგმოს, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დაწესებულებებში, თანამშრომელთა ერთობლივი სურვილის შემთხვევაში.
შეგახსენებთ, რომ მუსიკალური საღამო 27 ნოემბერს 18:00 საათზე გაიმართება. კულტურისა და განათლების ცენტრის მისამართია: მცხეთა, სამხედროს ქ.#9.