USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
თბილისი
მირიან ხუხუნაიშვილი-ისლანდიაში მცხოვრები დირიჟორი
თარიღი:  326
დირიჟორობის პროფესიად არჩევის გადაწყვეტილება საკმაოდ გვიან და მოკლე დროში მივიღე. ეს ძალიან მოულოდნელი და, გარკვეულწილად, მიუღებელიც აღმოჩნდა ჩემი ოჯახისთვის, რომელსაც მოლოდინი ჰქონდა, რომ მე,მშობლების მსგავსად, არქიტექტორი გავხდებოდი.
მიუხედავად იმისა, რომ მუსიკა ჩემს ოჯახში ხშირად ისმოდა - მამა მღეროდა ისეთ ანსამბლებში, როგორიცაა “რუსთავი” და “ერისიონი”, ხოლო ჩემი და საოპერო ვოკალს სწავლობდა, პროფესიონალი მუსიკოსი, არც ახლო და არც შორეულ სანათესაოში არავინ მყოლია. ალბათ ამის გავლენა იყო, რომ მუსიკოსობა პროფესიად ვერ წარმომედგინა. თუმცა, მაინც დიდ დროს ვუთმობდი სიმღერასა და ფორტეპიანოზე დაკვრას, რომლის შესწავლაც 6 წლის ასაკში დავიწყე ანსამბლ “მართვეში”.
 
11 წლის ვიყავი, როდესაც შვეიცარიაში ჩავწერეთ და ათ ქალაქში შევასრულეთ ვახტანგ კახიძის ნაწარმოებები ბიჭუნათა გუნდმა, ანსამბლ “რუსთავთან” და შვეიცარიის სამხედრო ორკესტრთან ერთად. ეს იყო ჩემი პირველი შეხება პროფესიულ მუსიკასთან და საორკესტრო დირიჟორთან. შვეიცარიელი მაესტრო ანდრეას შპორის ენთუზიაზმი და ქარიზმა იმდენად გადამდები იყო, როცა მარტო ვრჩებოდი, ვცდილობდი მისი ჟესტიკულაციების გამეორებას. ერთი წლის შემდეგ უკვე თბილისის ცენტრალურ მუსიკალურ სასწავლებელში დავიწყე საგუნდო დირიჟორობის შესწავლა ჯერ პროფესორ მენული თოფურიას კლასში, ხოლო მალევე, მისი გარდაცვალების შემდეგ, პროფესორ ლიანა ჭონიშვილთან.
 
სწორედ ქალბატონმა ლიანამ იქონია გადამწყვეტი გავლენა დირიჟორობის პროფესიად არჩევაში. მან მასწავლა, შემაყვარა და დამეხმარა იმის აღქმაში, რომ გარდა ჩემი ემოციური დამოკიდებულებისა, მე მქონდა ის უნარები, რაც დამეხმარებოდა სწრაფად განვითარებაში.
საქართველოში საგუნდო დირიჟორობის სწავლის დასრულების შემდეგ, მოვიპოვე საქართველოს პირველი ლედის, სანდრა-ელისაბედ რულოვსის სტიპენდია და დავიწყე სიმფონიური დირიჟორობის შესწავლა პოლონეთში, კრაკოვის მუსიკის აკადემიაში, პროფესორ სტანისლავ კრავჩინსკის კლასში. 8 წლის თავზე, იმავე აკადემიაში მივიღე ხელოვნების დოქტორის წოდება.
 
მიუხედავად იმისა, რომ ახლა ისლანდიაში ვცხოვრობ და ვასწავლი ისლანდიის ხელოვნების უნივერსიტეტში, ძალიან აქტიურად ვარ ჩართული ქართულ მუსიკალურ ცხოვრებაში. ვხელმძღვანელობ გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრს, რომელიც კომპოზიტორ მიკა მდინარაძესთან ერთად დავაფუძნეთ 2019 წელს, ეროვნულ სასახლეში. ამას გარდა, აქტიურად ვმართავ კონცერტებს საქართველოს ეროვნულ და თბილისის სიმფონიურ ორკესტრებთან.
 
ეს ხშირი მიმოსვლა საქართველოში მიმსუბუქებს ნოსტალგიას და მონატრების განცდას.
 
2022 წელი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა ჩემი შემოქმედებისთვის. ვუდირიჟორე ისეთ ორკესტრებს, რომელთა ცოცხლად მოსმენა, მანამდე, დიდ ნატვრად მქონდა. ჯერ ამსტერდამის როიალ კონცერტგებაუ ორკესტრთან მომეცა მუშაობის საშუალება მაესტრო ფაბიო ლუისის მასტერკლასზე, შემდეგ ბერლინის კონცერტჰაუსის ორკესტრთან მაესტრო ქრისტოფ ეშენბახის პირადი მოწვევით დაბოლოს, ციურიხის ტონჰალეს ორკესტრთან, მაესტრო პაავო იარვის მენტორობით.
 
გარდა ამისა, მქონდა არაერთი სადებიუტო კონცერტი ევროპულ ორკესტრებთან.
 
ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რომ ისე აეწყო ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში, დირიჟორის პროფესიასთან მივსულიყავი. ეს ის საქმეა, რომელიც არასდროს მღლის, პირიქით - მავსებს ენერგიითა და მოტივაციით.
 
დირიჟორის პოდიუმი არის საუკეთესო ადგილი მუსიკის მოსასმენად - დგახარ ორკესტრის ცენტრში, ისმენ და ეხმარები მუსიკოსებს საუკეთესო ხმოვანების მოძებნაში. მანამდე კი ბევრ დროს უთმობ სწავლას, ფიქრსა და ანალიზს იმ კომპოზიტორების შემოქმედების, რომელსაც ვასრულებთ.
მნიშვნელოვანია, ნოტების გარდა, “ვიქექო” ამ დიადი ხელოვანების ბიოგრაფიაში და ხშირად, პირად ცხოვრებაშიც კი, რათა უკეთ აღვიქვა მათი განცდები, რომელმაც გადააწყვეტინა და დააწერინა მუსიკა.
 
ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ამაშიც გამიმართლა - ხშირი მოგზაურობა ჩემი პროფესიისთვის დამახასიათებელია. ამასთან, დიდი სიამოვნებაა უცნობ მუსიკოსებთან შეხვედრა და აზრების გაცვლა. სულ ახალს იგებ, ახალს სწავლობ, ამ პროცესმა კი, გამორიცხულია, თავი შეგაწყინოს.
ამაშია ამ სფეროს ერთ-ერთი განსაკუთრებულობაც - ის ამოუწურავია. არ არსებობს დავალება, რომელსაც ერთხელ გადაწყვეტ, ერთხელ შეასრულებ და გვერდზე გადადებ. ყოველ ნაწარმოებთან დაბრუნებისას ახალი იდეა მოდის, რომლის დახვეწაშიც კიდევ ბევრი ახალი აზრი გიჩნდება და ასე გრძელდება დაუსრულებლად.
 
სწორედ ეს იქნება ჩემი რჩევაც ახალბედა კოლეგებისადმი - ბევრი დრო დაუთმეთ იმაზე ფიქრს, თუ რისი თქმა სურდა კომპოზიტორს ამა თუ იმ ნაწარმოებით. მსმენელამდე ამ ნააზრევის მიტანისას კი, აუცილებლად დააჩნდება თქვენი უნიკალური ხელწერა.
 
პარტიტურასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თავის ანალიზიც - ჩაწერეთ და გადაიღეთ ყველა რეპეტიცია, კონცერტი. შემდეგ უყურეთ და დააკვირდით, გადმოსცემთ თუ არა ჟესტიკულაციით იმას, რაც გონებაში გაქვთ. მანუალური ტექნიკა ხომ მთავარი საკომუნიკაციო საშუალებაა დირიჟორისთვის.
 
საკუთარი გამოცდილებით ვურჩევ იმასაც, რომ აუცილებლად გამოყონ დრო ბუნებასთან ახლო კონტაქტისთვის. იქნება ეს მოგზაურობა, ლაშქრობა, თუ სხვადასხვა ჰობი. ეს მათ შთაგონებას გაამდიდრებს და გაამრავალფეროვნებს.
მიყევი ბმულს - Speech • სფიჩი
სპორტი
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.