USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
მირიან ხოსიტაშვილი: თბილისში მუდმივად არსებობდა ქალაქური ცხოვრების წესი
Date:  780

თბილისის ეთნოკულტურას მისი დაარსებიდან განსაზღვრავდა  მისი მრავალეთნიკურობა, რითიც დედაქალაქი მრავალი საუკუნის განმავლობაში იყო გამორჩეული. ეთნოკულტურული მრავალფეროვნება აისახა თბილისის არქიტექტურაზე, ხელოვნებაზე, ცხოვრების წესზე, რაც დასტურდება მკვლევართა მოსაზრებებით და არტეფაქტებით. რა სპეციფიკით ხასიათდებოდა მრავალი ეთნოსის თანაცხოვრება თბილისში ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილეს, ეთნოლოგ  მირიან ხოსიტაშვილს გავესაუბრეთ.

- რა სპეციფიკით ხასიათდებოდა თბილისის  ეთნოკულტურა, რაც ის ქალაქის ტიპის დასახლება გახდა და რა ახდენდა გავლენას მის ჩამოყალიბებაზე?

- თბილისი მისი არსებობის მრავალი საუკუნის განმავლობაში არასდროს ყოფილა მონოეთნიკური ქალაქი.ამ ხნის მანძილზე თბილისში მხოლოდ ეთნიკურ ქართველებს არ უცხოვრიათ. იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის  დედაქალაქად გახდომა განაპირობა მისმა სტრატეგიულმა ადგილმა და დანიშნულებამ, გარკვეულწილად თავდაცვის ზღუდეების სტრატეგიულმა დანიშნულებამ, მრავალი ეთნიკური უმცირესობისთვის იყო კარგი საცხოვრებელი ადგილი და გარდა ამისა, სავაჭრო-ეკონომიკური გზაჯვარედინი. თბილისი მიმზიდველი იყო მრავალი ეთნოსისთვის.  მათი უდიდესი ნაწილი თბილისში მოდიოდა საქართველოს სამეზობლო რეგიონებიდან, ესენი იყვნენ  როგორც სომხები, ასევე მახლობელ აღმოსავლეთში მცხოვრები ხალხები. ცოტა გვიან პერიოდში, როცა რამდენიმე საუკუნე თბილისს ფლობდნენ არაბები და თბილისში იჯდა არაბი ამირა, პოლიტიკური თვალსაზრისით, თბილისი წარმოადგენდა ქალაქ-სახელმწიფოს. როდესაც ქართლში ქართველი ფეოდალები ფლობდნენ თბილისის მიმდებარე ტერიტორიას, ზოგადად ქართლს და საქართველოს სხვა კუთხეებს, არაბი ამირები თბილისში იჯდნენ როგორც ცალკე  ქალაქ-სახელმწიფოში, რასაც წერტილი დაუსვა დავით აღმაშენებელმა.

არაბებთან ერთად თბილისში ცხოვრობდა მუსლიმური საზოგადოება - სპარსები, რომლებიც მრავალი საუკუნის განმავლობაში, თბილისის დაარსებიდან ცხოვრობდნენ თბილისში, ეწეოდნენ ვაჭრობას, ხელოსნობას. თბილისის დაარსებად არ უნდა ვიგულისხმოთ ვახტანგ გორგასალი და მისი ლეგენდა. არქეოლოგიური გათხრები მოწმობენ, რომ თბილისში ქრისტეშობამდე, ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით მე-7- მე-6 საუკუნიდან აღმოჩენილია საზოგადოების ცხოვრების კვალი. შემდგომ ეს პროცესი მუდმივად ვითარდება. თბილისი, როგორც სატახტო ქალაქი  და მთავარი სახელისუფლებო ცენტრი ხდება ვახტანგ გორგასალის პერიოდში, ეს პროცესი დაასრულა მისმა შვილმა, რაც უკავშირდებოდა მათ შორის სხვა ქალაქების დაარსებას, როგორიც იყო უჯარმა, არტანუჯი და სხვა. სპარსელები თბილისში შემდეგ უკვე  ქრისტეშობის შემდეგ ჩნდებიან.  ასევე  საინტერესოა, რომ გარდა სპარსელებისა, თბილისში ჩანს  ჩრდილოეთ კავკასიელი ტომების ცხოვრების კვალი. მაგალითად, დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაზე, სტეპებში ცხოვრობდნენ ხაზარები, მათ რამდენჯერმე ილაშქრეს საქართველოში, ამ ლაშქრობების  დროს მთავარი  დარტყმის ობიექტი იყო თბილისი, როგორც იმ პერიოდში ყველაზე მდიდარი ქალაქი. თბილისში საკმაოდ ბევრი მათი მომხრე და ინტერესების გამტარებელი რჩებოდა, როგორც ვაჭრობის სფეროში, ასევე სამხედრო პოლიტიკური თვალსაზრისით, რათა მათ შეენარჩუნებით  ძალაუფლება ამ ტერიტორიაზე. თბილისი, დაარსებიდან დაახლოებით 18-ჯერ იქნა დანგრეული და ხელახლა აშენებული გარე მტრების და შემოსევების შედეგად.

მოგვიანო პერიოდში, იწყება დიდი თურქობა და ქალაქი გადადის ხელიდან ხელში. შემდგომ მოდის მონღოლების ყველაზე მძიმე უღელი, რომელიც ქვეყანამ, პირველ რიგში კი თბილისმა დაიდო, რადგან პირველი დარტყმა ყოველთვის დედაქალაქზე მოდიოდა.თბილისში რჩებოდნენ მონღოლებიც. შემდეგ უკვე ქალაქისთვის გამანადგურებელი გახდა ჯალალედინის ლაშქრობა და თემურ ლენგის შემოსევები. ხშირ შემთხვევაში ნადგურდებოდა სწორედ ის ნაწილი, რაზედაც არაერთი არაბი, სპარსი თუ  სომეხი ისტორიკოსი გვაწვდის საინტერესო ცნობებს  ჩვენს ქალაქზე, მის კულტურაზე, არქიტექტურაზე, ქუჩების მოწყობაზე და ა.შ. როდესაც საქართველო სამეფო-სამთავროებად იშლება, თბილისი აღარ რჩება, როგორც ქართლის ოფიციალური ცენტრი. თბილისი ხელიდან ხელში გადადიოდა ოსმალებთან, სპარსელებთან, აქ გარკვეული პერიოდის მანძილზე მუდმივმაცხოვრებელი ქართველები წარმოადგენდნენ უმცირესობას. როდესაც აღა მაჰმად ხანი 1793 წლის 11 სექტემბერს შემოვიდა, მან პრაქტიკულად დაანგრია ერეკლეს პერიოდში აყვავებული თბილისი თავისი სასახლეებით, მუზეუმებით, სტამბით, იარაღის საწყობებით, ქარვასლებით. ერეკლეს მეფობის დროს დამყარდა მშვიდობა, რამაც შეუწყო ხელი ქალაქის კულტურულ-ეკონომიკურ განვითარებას და თბილისი გახდა საკმაოდ წარმატებული ქალაქი იმ ხანად. აქ თავს იყრიდნენ ევროპელი და მახლობელი აღმოსავლეთის ვაჭრები.  

- როგორ აისახებოდა მრავალი ეთნოსის  ცხოვრება ქალაქზე?  

- ეს პირველ რიგში აისახებოდა არქიტექტურაში, ძალიან ბევრ ნაგებობას, რომელიც გადარჩა ან აღმოჩენილია არქეოლოგიური გათხრების შემდეგ, ეტყობა აზიური კვალი, იგივე ეხება მატერიალურ კულტურულ ძეგლებსაც, ეკლესია-მონასტრებს, ეს არის კარიბჭეები, კარის გასასვლელები, რომლებიც სპარსული სტილის კამარას ქმნიან. თუ ნახავთ მე-19 საუკუნის ფოტოებს, აბანოთუბნის აბანოებს მკვეთრად დაჰკრავს სპარსული იერი. ამას გარდა თბილისში არსებობდა რამდენიმე მეჩეთი, ასევე სინაგოგა, სომხური ეკლესიები, რომლებიც აგებული იყო ამ კულტურების გავლენით.

- რატომ იყო მცირე თბილისში მუდმივმცხოვრები ქართველების რაოდენობა?

- ქართველების უდიდესი ნაწილი საუკუნეების მანძილზე დამოკიდებული იყო სოფლის მეურნეობაზე. ჩვენი განვითარების შიდა კულტურა იყო მეურნეობის განვითარება, პრაქტიკულად მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობდა ქალაქგარეთ, მამულებში. თავადაზნაურობა ცხოვრობდა  საკუთარ მამულებში, მათი ყმა-გლეხობა თან ახლდა მუდმივად. ასე ხდებოდა მე-19 საუკუნის შუა პერიოდამდე. საინტერესოა ის, რომ თბილისში ვაჭრობა, ხელოსნობა ძირითადად იყო არაქართველების - სომხების, სპარსელების, მათ შორის არაბების ხელში. ამის გარდა ხაზგასასმელია, რომ თბილისში ცხოვრობდნენ დიდი რაოდენობით ქურთებიც, რომლებიც შემოდიოდნენ სირიიდან. ასევე ცხოვრობდნენ  ასირიელები, ე. წ. აისორები, მათ ჰქონდათ დაკავებული ხელოსნობის ნიშა. მცირე გამონაკლისები იყო, როდესაც ქართველები ხელოსნობდნენ და ვაჭრობდნენ, მაგრამ ეს იყო მცირე ჯგუფები სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან შედარებით. ეს ხალხი მუდმივად ცხოვრობდა თბილისში. ძალიან საინტერესო ჩანაწერი აქვს ზაქარია ჭიჭინაძეს, ის ამბობს: დღეს რომ გადახედოთ სოლოლაკელ სომხებს მათი უწინდელი გვარები ბარათაშვილები და ორბელიანები იყოო. როგორც ჩანს, ქართველების გარკვეულმა ნაწილმა გადაიკეთა გვარები სომხურად, არა მარტო თბილისში, არამედ საგარეუბნო ზონაში, მიმდებარე სოფლებში, რადგანაც სპარსელების და ოსმელების ბატონობის დროს, შემდეგ უკვე რუსეთის იმპერიის შემოსვლის პერიოდში, სომხები იყვნენ წახალისებულები სავაჭრო მიმართულებით არა მარტო თბილისში. ირანის დედაქალაქის თეირანის ცენტრში მთლიანად სომხური კვარტალია, ასევე  არის სომხური ეკლესია და სასაფლაოც. რადგან მათი საქმე იყო  ვაჭრობა და ამ მხრივ განვითარებული ეკონომიკა, სომხები თბილისშიც ხელშეწყობით სარგებლობდნენ, გააჩნდათ გარკვეული პრივილეგიები ეთნიკური ნიშნით. ამიტომაც იყო რომ ქართველების გარკვეულმა ნაწილმა, რომელმაც გადაწყვიტა ხელი მოეკიდა ამ საქმისთვის, პრივილეგიების მოსაპოვებლად გადაიკეთა გვარი და გახდა მონოფიზიტი, მიიღო გრიგორიანობა. მე-19 საუკუნის დასაწყისიდან, წყაროების მიხედვით და ჩვენი ლიტერატურაც ამაზე მეტყველებს, ქართველ თავადაზნაურთა ბოჰემური ცხოვრების გამო, ძალიან ბევრმა დაკარგა საკუთარი ადგილები, ბევრმა ვალში წააგო მამულები. ხშირად ისინი საკუთარ მამულებში დგებოდნენ მოჯამაგირეებად. როდესაც  ქვეყანაში დაიწყო ინდუსტრიალიზაცია, შემოვიდა ეკონომიკა, გაჩნდა სათამაშო ბიზნესი, აზარტული თამაშები, რაც ბოჰემურ ცხოვრებასთან ერთად იყო თავად-აზნაურობის გატაცება. ნიკოლოზ ბარათაშვილის მამა სწორედ ასე გაღარიბდა და ქვემო ქართლის ერთ-ერთი მსხვილი თავადი გაბანკროტდა.  

462230548_8404689792899521_6335459860020058314_n  

მე-19 საუკუნის 50 იანი წლებიდან თბილისში ფეხს იკიდებს წარმოება, ჩნდება საკმაოდ დიდი საწარმოები, ქარხნები, მათ შორის გაჩნდნენ გერმანული, პოლონური კოლონიები. ქართველი გლეხები ბატონყმობის გაუქმების შემდეგ, დარჩნენ პატრონის გარეშე. მათი ცოდნის საუკუნოვანი ტრადიცია იყო ის, რომ გარკვეულწილად იცოდნენ რა უნდა ეკეთებინათ მიწაზე, როგორც თავადის ყმებს, მაგრამ როგორც კი განთავისუფლდნენ, არ იცოდნენ როგორ ერჩინათ თავი დამოუკიდებლად. ამ მდგომარეობაში მყოფმა ძალიან ბევრმა ყოფილმა ყმამ გადაწყვიტა ქალაქში წამოსვლა თავის სარჩენად და აქ ბედის ძიება. ნელ-ნელა იწყება თბილისში ე.წ. ნაძალადევის, ნახალოვკების ტერიტორიების თვითნებურად დაკავება და დასახლებების შექმნა, ასეთი დასახლებები ჩნდებოდა ძირითადად იმ ადამიანებისგან, ვინც ფაბრიკებში, ქარხნებში, ქარვასლებში იწყებდნენ მუშაობას. თბილისში არსებობდა მინის დიდი საწარმო, აგურის საწარმო ვერის ტერიტორიაზე, რომელიც მაშინ სოფელი იყო. არსებობდა გერმანელების გაკეთებული ლუდის და მაკარონის საწარმოები დღევანდელი დიდუბის ტერიტორიაზე, ასევე  საპნის და სხვადასხვა საჭირო საყოფაცხოვრებო საგნების საწარმოები. მოგვიანებით, როდესაც შემოვიდა რკინიგზა გაჩნდა ვაგონშემკეთებელი საწარმო, მართალია პრიმიტიული სახით,  მაგრამ  გაჩნდა უამრავი მუშა-ხელის საჭიროება. სწორედ ამან განაპირობა ქართველების მიგრაცია დედაქალაქში. ასევე საჭირო გახდა ფიზიკური მუშა-ხელი, ე.წ. კურტნის მუშები, რომლებიც იყვნენ გადამზიდავები, მათ ადამიანებიც კი გადაჰყავდათ. დიუმას თბილისში ყოფნის დროს, ის სწორედ კურტნის მუშამ გადაიყვანა მხრებზე შესმული ერევნის მოედანიდან  ოპერაში, რომელიც მაშინ საკრებულოს ტერიტორიაზე მდებარეობდა. დიუმა გაოცებული იყო და მოგონებებში წერდა, ასეთი ოპერის წინ ასეთი ტალახი როგორ შეიძლება იყოსო.

-საინტერესოა დღევანდელი თავისუფლების მოედნის ისტორიაც, რომელსაც მაშინ ერევნის მოედანი ერქვა. რა დანიშნულების იყო ეს მოედანი საუკუნეების განმავლობაში?    

- დღევანდელი თავისუფლების მოედანს ერევანსკის მოედანი ეწოდა არა ქალაქ ერევნის, არამედ გენერალ პასკევიჩ ერევანსკის საპატივცემულოდ, რომელმაც რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს  აიღო ერევანი. ვინაიდან საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო, იმპერიამ გადაწყვიტა ცნობილი გენერლის სახელი დაერქვა ჩვენი ქალაქის მთავარი მოედნისთვის. იქამდე მოედნებს სახელი არ ჰქონდა, მოედნის ნაწილს სალაყბოს უწოდებდნენ, სადაც ადამიანები იკრიბებოდნენ და საუბრობდნენ. ერევნის მოედანზე იყო საქონლის ბაზარი, იქვე ხდებოდა საქონლის დაკვლა, ხორცის გაყიდვა. მე-19 საუკუნის 30 იან წლებში, როდესაც მოსახლეობა სოლოლაკისკენ ავიდა საცხოვრებლად, გაზეთში გამოქვეყნდა ცნობა, რომ მოსახლეობა აპროტესტებს აქ ბაზრის არსებობას და მის გატანას ითხოვს, რადგან ზაფხულობით სუნი და ანტისანიტარიააო. მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ბაზარი გადაიტანეს ვერის ბაღში, ვერის ბაზარი ძალიან დიდხანს საბჭოთა პერიოდშიც კი არსებობდა.  

თბილისისთვის განსაკუთრებით საინტერესო პერიოდი იყო 1918–1921 წლები, როდესაც  საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა. რუსეთის იმპერიის რევოლუციის დროს თბილისში ჩამოვიდა ბევრი ხელოვანი და კულტურის მოღვაწე, მათ შორის პოლონეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ისინი თავს აფარებდნენ დამოუკიდებელ საქართველოს, კონკრეტულად  კი თბილისს. იხსნება უამრავი ლიტერატურული კაფე, რესტორანი, კინოთეატრები, იდგმება ბევრი სპექტაკლი. რეალურად თბილისი ხდება არა მხოლოდ საქართველოს, სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის კულტურული დედაქალაქიც. ამას ადასტურებს უამრავი მწერალი და პოეტი, როგორც ქართველი, ასევე არაქართველი. თბილისში იყო ძალიან საინტერესო კულტურული ცხოვრება, უფრო და უფრო მატულობს ქართველების რაოდენობა, რადგან კიდევ უფრო მეტი მუშა-ხელის რაოდენობა გახდა საჭირო. პირველი რესპუბლიკის მთავრობა ხელოვნურადაც ცდილობს, რომ თბილისში მოსახლეობა ჩამოასახლოს, რათა მუშა -ხელით შეავსოს ახალშექმნილ საწარმოები. მერე უკვე მყარდება საბჭოთა პერიოდი, როცა მოსახლეობის ჩამოსახლება ხდება საბჭოთა სტანდარტით და არსებული გეგმით.

- როგორ ყალიბდება მაშინდელი თბილისის ცხოვრების წესი?

- თბილისში მუდმივად არსებობდა ქალაქური ცხოვრების  წესი. ეს არ იყო კუთხური, ქართლის ან კახეთისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული წესი, არამედ სუფთა ქალაქური ტიპაჟის ცხოვრება. მაგალითად, ყველა რელიგიის წარმომადგენელი ულოცავდა ერთმანეთს სხვადასხვა რელიგიურ დღესასწაუულებს, აღდგომას, ახალ წელს, რომელიც მუსლიმებისთვის გაზაფხულზე დგებოდა, იყო დღესასწაულები, რომლებსაც ერთად იხდიდნენ და აღნიშნავდენენ. ძალიან ხშირი იყო დღესასწაულების  ქუჩაში აღნიშვნა, ქალაქში გამოსვლა, სხვადასხვა ჰამქრების წარმომადგენელების მიერ. ხშირად აღნიშნავენ, რომ თბილისი იყო აივნიანი ქალაქი, რეალურად თბილისი აივნიანი ქალაქი გახდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, იქამდე  ქალაქი იყო დარბაზული ტიპის, ტერასებზე შეფენილი. ერთი სახლის სახურავი, იყო მეორე სახლის ეზო. ამ მჭირდოდ დასახლებულ ქალაქში შეიქმნა უცნაური კულტურა. ყველაზე გამორჩეული პერიოდი ქალაქისთვის არის დამოუკიდებლობის პერიოდი, როდესაც თბილისი დამოუკიდებელი საქართველოს დედაქალაქია, ჰყავს ქალაქის თავი, ის  ვინც მართვდა ქალაქს, ჰყავს  საკრებულოს თავმჯდომარე, ქალაქის მოურავი. დამოუკიდებელ საქართველოში თბილისის თავი იყო ბენია ჩხკვიშვილი. მასთან შედიოდა მიმდებარე სოფლები, თბილისის მაზრის ნაწილი. ბენია ჩხიკვიშვილი იყო ძალიან საინტერესო ბიოგრაფიის ადამიანი, მან მონაწილეობა მიიღო საგანმანათლებლო რეფორმაში. ის იყო დამფუძნებელი კრების  წვერი, ასევე მას ექვემდებარებოდა ქალაქის პოლიცია, წესრიგის დამყარების, ეპიდემიასთან ბრძოლის, გარე ვაჭრობის მიმართულებით. მის სახელს თბილისში ბევრი რეფორმა უკავშირდებოდა. ბენია ჩხიკვიშვილი იყო გამორჩეული თავი ქალაქის, ისევე როგორც პირველი ქართველი ქალაქის თავი- დიმიტრი ყიფიანი, მანამდე თბილისს ყველა ეთნიკურად სომეხი ხელმძღვანელი ჰყავდა.   

იმ პერიოდში ქალაქში აზიურ სამოსთან ერთად შემოდის ევროპული სამოსიც. რუსეთის იმპერიის ცნობილი ოფიცერი, რომელმაც დაწერა კავკასიაში მოგზაურობის შესახებ, ამბობდა: თბილისში შეხვდებით როგორც აზიურად ჩაცმულ ადამიანებს, ასევე ევროპული სტილის  ფრაკიანებს,  ასე ჩაცმულმა ადამიანმა შეიძლება პარიზი მოგაგონოთო. თბილისური იერსახის ნაწილი იყო როგორც ზოგადი კავკასიური სამოსი, ასევე  ქართული  ტრადიციული კოსტუმი. აზიური სტილი კი ევროპულ სტილს იმდენად ერწყმოდა გარკვეულ ფერთა პალიტრით, რაც ძალიან საინტერესო იყო და არ ქმნიდა დოსკომფორტს თანაარსებობის  პროცესში. ადგილობრივები იჩენდნენ  მიმბაძველობას უცხოელების მიმართ  და თავადაც ემსგავსებოდნენ ქალაქში ჩამოსულ ადამიანებს ჩაცმის სტილით თუ სხვა დეტალებით.

იმ პერიოდის თბილისში სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოდიოდა სავაჭრო ქარავნები, რომლებიც შემოდიოდნენ, როგორც პროდუქტების, ნივთების სავაჭროდ, ასევე ქალაქს იყენებდნენ  სატრანზიტო  დანიშნულებით. სხვადასხვა კულტურების მუდმივი თავმოყრა აისახებოდა თბილისზე,  შემოდიოდა ახალ-ახალი ნივთები, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საგნები. შემოვიდა ბევრი ევროპული ნივთი, მათ შორის ავეჯი, ასევე ელექტრო ნივთები, რაც გაჩნდა ელექტროენერგიის შემოსვლის შემდეგ. 

რუსეთის იმპერიის გავლენით და გარკვეულწილად ქართველების მონდომებით შემოდის თბილისში პრესა. იბეჭდება ბევრი სტატია ტექნოლოგიების განვითარების, ევროპის და მსოფლიო ამბების შესახებ. თბილისური საზოგადოება ეცნობა ევროპულ საკითხებს, სიახლეებს,  შესაბამისად ჩნდება დიდი ინტერესი. მატულობს აქედან სწავლის მსურველთა ევროპაში გაგზავნა, ამ გზით საქართველო უფრო აქტიურად უკავშირდება გარე სამყაროს, ვიდრე ოდესმე. სამწლიანი დამოუკიდებლობის მქონე ქვეყანა, ამ მოკლე ხანში ინტეგრირდება ევროპულ ცივილიზაციასთან, განსაკუთრებით გათამამებული იყო გერმანიის მხარდაჭერით. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქვეყანაზე გერმანული გავლენა იყო უზარმაზარი. ქვეყანაში შემოდიოდა დიდი ცოდნა, შეიცვალა ცხოვრების წესი, თბილისს მეტად დაეტყო ევროპული ელფერი, გადმოტანილი იქნა ბევრი სიახლე, რაც აისახა როგორც არქიტექტურაში, ასევე კულტურასა და ხელოვნებაში.

თამუნა ნიჟარაძე

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way