USD 2.6802
EUR 2.8555
RUB 2.8670
Tbilisi
მირიან ფოფხაძე-საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხოების საკითხების მკვლევარი აშშ-ში
Date:  868

19 წლის ვიყავი, როდესაც ამერიკაში გაცვლითი პროგრამით ჩამოვედი. შემდეგ სწავლა ქალაქ ბოსტონში, ქუინსის სახელმწიფო კოლეჯში განვაგრძე. საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხოების საკითხებში ცოდნის გაღრმავების მიზნით კი, ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩავაბარე. მაგისტრატურა პოლიტიკური მეცნიერების მიმართულებით ბოსტონში, საფოლკის უნივერსიტეტში დავამთავრე.

ბოსტონიდან ვაშინგტონში გადავედი საცხოვრებლად, სადაც აბშირე-ინომარის ლიდერთა აკადემიაში ვეზიარე დებატების და ორატორობის ხელოვნებას. პარალელულად სტაჟირება გავიარე ამერიკის სტრატეგიული და საერთაშორისო სწავლების ცენტრში (Center for strategic and international studies). აღნიშნულ think-tank-ში მუშაობით დიდი გამოცდილება მივიღე. ბევრ ცნობილ ექსპერტთან მქონდა ურთიერთობა. მათ შორის იყვნენ ჰენრი კისინჯერი და ზბიგნევ ბრეჟინსკი. ასევე ვმუშაობდი ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობაში, საიდანაც გადავედი საქართველოს გაეროს მისიაში, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენლის პოზიციაზე. ამერიკულმა განათლებამ და აქ ცხოვრების გამოცდილებამ მომცა საკუთარი თავის რწმენა და საშუალება, რომ ჩემი მცირე წვლილი შემეტანა ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავებასა და გაძლიერებაში. ორმხრივი დიპლომატიიდან მრავალმხრივ

დიპლომატიაში გადასვლა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროცესი იყო ჩემს კარიერაში. როტაციის დასრულების შემდეგ, სწავლა ჯორჯ ვაშინგტონის, ელიოტის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში(the Elliott School of International Affairs) განვაგრძე. სადაც, უსაფრთხოების და საერთაშორისო პოლიტიკის მართვაში მაგისტრის ხარისხი მივიღე.

ამჟამად, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტში (Foreign Policy Research Institute-FPRI) ვარ მკვლევარი, ვმუშაობ ამერიკულ და ქართულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ცივი ომის დასრულების შემდეგ, მსოფლიო ჰიპერ გლობალიზაციის პერიოდში შევიდა. გლობალიზაციამ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ააჩქარა და ხელი შეუწყო რევოლუციურ ცვლილებებს. რევოლუციამ კომუნიკაციებსა და ტექნოლოგიებში არნახული გავლენა მოახდინა მსოფლიოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე. მოხდა ხალხის, კაპიტალის, საქონლის, ინფორმაციის იაფი და გამარტივებული მობილურობის უზრუნველყოფა. გაჩნდა ენერგიის უფრო სწრაფი და იაფი ნაკადები, ინტერნეტიც უფრო სწრაფი და მოცულობითი გახდა. გლობალური ფინანსური ბაზრები განვითარდა და წარმოების ჯაჭვები გავრცელდა, პროცესების აპოთეოზი იყო აიფონის(iPhone-ს) შექმნა.

ამ მიღწევების ერთობლიობამ საფუძველი შეუქმნა ე.წ. 4-ე ინდუსტრიულ რევოლუციას. დაიწყო მეხუთე თაობის 5G ინფრასტრუქტურის და ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარება, მოხდა წარმოების კიდევ გაზრდა ( additive manufacturing-3D) და მობილური ენერგიის უფრო გონივრული მართვის სისტემების შექმნა. რომელი სახელმწიფოც იქნება ლიდერი ტექნოლოგებში, ის განსაზღვრავს მომავალი სამყაროს დღის წესრიგს. სახელმწიფოებს შორის იწყება კონკურენცია - პორტების, ხიდების, ტუნელების და სარკინიგზო ქსელების განვითარებასა და გაფართოებისთვის, რაც თავისთავად, გულისხმობს ბრძოლას მონაცემთა საცავების ბაზებისთვის. ვისაც მეტი მონაცემთა ბაზა აქვს და ფართო ინფრასტრუქტურა, ის 21 საუკუნის რეალობაში ბევრად წინ აღმოჩნდება. ჩვენ შევდივართ სამყაროში, რომელიც უფრო ჰგავს სამეცნიერო- ფანტასტიკის ფილმს. კომპიუტერი, რობოტიკა, ბიო ტექნოლოგია, ნანო ტექნოლოგია უფრო სწრაფი და საყოველთაო ხდება, ხოლო სამედიცინო მიღწევები უფრო ახანგრძლივებს და ამდიდრებს სიცოცხლეს. დღეს სახელმწიფოებს საშუალება ეძლევათ, უფრო ეფექტურად მოახდინონ ადამიანების კონტროლი და მონიტორინგი. ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებებს და თავისუფლებას.

ჩვენ უკვე შევედით სოციალური მედიის სამყაროში, რომელმაც ბევრი ბენეფიტი და გამოწვევა მოგვიტანა: მსოფლიო დაპატარავდა, კომუნიკაცია ადვილი და იაფი გახადა. გაძლიერდნენ ინდივიდები, ადამიანებს და მათ ხმას მეტი გავლენა აქვთ ეკონომიკის, ბიზნესის, კულტურის და სოციალური პოლიტიკის ფორმირებაზე. სოციალურმა მედიამ ასევე ხელი შეუწყო ციფრული დიპლომატიის, როგორც ახალი ფენომენის განვითარებას. სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ინტერნეტის მეშვეობით უფრო ეფექტურად, სწრაფად, იაფად და ფართოდ ახერხებენ პოზიციების, ფასეულობების და პოლიტიკური გზავნილების გავრცელებას. პოსტ-კოვიდ მსოფლიოში, კიბერ დიპლომატია უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნების, კორპორაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების ყოველდღიურ საქმიანობაში. სოციალურმა მედიამ საზოგადოებები გახლიჩა ინტერესების, ფასეულობების და შეხედულების მიხედვით. ამ პროცესებმა ხელი შეუწყო მათ რადიკალიზაციას. მოხდა ტრადიციული ინსტიტუტების, ნორმების და წესების დევალვაცია. ხალხს აღარ სჯერა სახელმწიფოსი და არ ესმით ერთმანეთის. კოვიდის პირობებში პროცესები უფრო აჩქარდა და საშიში გახდა. ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნული ტენდენციები საქართველოშიც შეინიშნება.

მსოფლიო წესრიგი იცვლება. პოსტ ცივი ომის პერიოდი, ლიბერალური მსოფლიო წესრიგი, სადაც ამერიკა დომინანტ როლს თამაშობდა, წარსულს ჩაბარდა. მსოფლიო გადადის მრავალ პოლუსიან სისტემაზე, სადაც ამერიკასთან ერთად სხვა დიდი სახელმწიფოები (მაგალითად ჩინეთი) განსაზღვრავენ საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგს. ჩვენ ვხედავთ კონტურებს ახალი ცივი ომის დასაწყისის, ჩინეთსა და აშშ-ს შორის. მრავალპოლუსიანი სისტემა თავისი ხასიათით კონფლიქტური და ომისკენ მიდრეკილია. ამ სისტემაში დემოკრატიული ძალები დომინანტი აღარ იქნებიან. მრავალ პოლუსიანი სისტემა განსაკუთრებით მკაცრია პატარა სახელმწიფოებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. ჩვენ შეიძლება დავდგეთ დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის დაკარგვის სერიოზული საფრთხის წინაშე. აუცილებლად უნდა ავაჩქაროთ სვლა დასავლეთისაკენ, ევროკავშირისა და ნატოსაკენ. დროულად უნდა დავასრულოთ ის რეფორმები, რაც გვჭირდება ევროპული ინტეგრაციისთვის. თუ არ ვიქნებით ხუთოსნები, აუცილებლად დავკარგავთ დამოუკიდებლობას და აღმოვჩნდებით ისტორიის არასწორ მხარეს.

აუცილებელია საზოგადოების კონსოლიდაცია. ინვესტიცია უნდა ჩავდოთ განათლებაში და დავიწყოთ გრძელვადიანი, მასიური განათლების პროცესი. ოცდამეერთე საუკუნის მთავარი კაპიტალი განათლებული მოქალაქე იქნება. ქართველ ახალგაზრდებს ვურჩევდი, რომ განათლება მიიღონ აშშ-სა და ევროპის წამყვან ქვეყნებში. ასევე აიძულონ ხელისუფლება, გაზარდოს ინვესტიციები განათლების სფეროში, ხელი შეუწყონ ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტების ქვეყანაში შემოსვლას. საქართველოს შეუძლია გახდეს რეგიონში განათლების ჰაბი. განათლების რეგიონალურ ცენტრად გადაქცევა ბევრ ინვესტიციას მოუტანს ქვეყანას. მე, რომ დღეს სწავლას ვიწყებდე, უფრო მეტ დროს და ენერგიას დავხარჯავდი ტექნიკურ განათლებაზე: ფიზიკის, მათემატიკის და ბიოლოგიის მიმართულებით. ჩვენი მომავალი ტექნოლოგიებშია. ის ქვეყანა და ის ადამიანი იქნება წარმატებული, ვინც ტექნიკურად და ტექნოლოგიურად უფრო განვითარებულია!

Speech • სფიჩი

culture
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way