ეს ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილია იმ მავნებლური საქმიანობისა, რომელსაც სააკაშვილის გარემოცვა, თვითონ სააკაშვილი მიმართავს, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში შექმნან ქვეყნის რეპუტაციის დამაზიანებელი შთაბეჭდილებები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ გამოქვეყნებულ ახალ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„საბედნიეროდ არსებობს ისეთი ინსტრუმენტები, როგორიც არის „ფარა“, რადგან არაფერი რჩება ჩრდილში, მიუხედავად ცალკეული ადამიანების დიდი „მეცადინეობისა", რომლებსაც სურთ ყალბი აღქმები შექმნან, საზოგადოება, შეცდომაში შეიყვანონ. საბედნიეროდ „ფარათი“ და მსგავსი ინსტრუმენტებით დაცულია ხოლმე საზოგადოება შეცდომაში შემყვანი დეზინფორმაციული კამპანიებისგან. რაც შეეხება კონკრეტულად ამ იდენტიფიცირებულ ინფორმაციას, ეს არ არის პირველი, მაგრამ ალბათ ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილია იმ მავნებლური საქმიანობისა, რომელსაც სააკაშვილის გარემოცვა, თვითონ სააკაშვილი მიმართავს, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში, მეგობარ სახელმწიფოებში შექმნან ქვეყნის რეპუტაციის დამაზიანებელი შთაბეჭდილებები. ეს ძალიან დასანანია და ყველაზე კარგად აჩვენებს, რომ პრიორიტეტი ამ ხალხისთვის არის არა ქვეყნის ინტერესი, არამედ საკუთარი ძალიან ვიწრო მერკანტილური ინტერესები“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.
როგორც ირკვევა, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტების შედგენილია.
გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ცნობილი ხდება ის აქტივობები, რომელიც ლობისტურმა კომპანია აკერმანმა განახორციელა:
• ევროპარლამენტისთვის რეზოლუციების დაწერა და ევროპარლამენტისთვის მიწოდება (Drafting proposed resolutions for the EU Parliament);
• კომუნიკაცია ევროპარლამენტის წამების პრევენციის კომიტეტთან დახმარების მისაღებად (Communications with the European Committee for the Prevention of Torture to enlist its help);
• მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტატიების მომზადება (Strategy for and preparation of op-ed concerning Mr. Saakashvili's situation);
• მაგნიტსკის სიაში სააკაშვილის საქმის შესახებ ჩანაწერის მომზადება და მის შესახებ რელევანტურ პირებთან კომუნიკაცია (Communications concerning inclusion of Mr. Saakashvili's case in the Magnitsky List and preparation of text and materials);
• კოორდინაცია გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ პირებთან სააკაშვილის შესახებ მასალების გაზიარების მიზნით შემდეგ ადრესატებთან: სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ მაკქოლი (Coordinate with UK officials for transmission of materials to U.S.Secretary of State Antony Blinken and Chairman of the House Committee on Foreign Affairs, Michael McCaul).
• კომუნიკაცია გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ პირებთან, რათა მათ დაარწმუნონ ბლინკენი და მაკქოლი დააწესონ სანქციები საქართველოს წინააღმდეგ (Continued work including communications with UK officials concerning their effort to persuade Sec. Blinken and Rep. McCaul to pursue sanctions against the Republic of Georgia);
• სტრატეგიის შემუშავება ამერიკელი სენატორების დასარწმუნებლად, საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების მიზნით (Strategy on persuading U.S. Senators to pursue sanctions against the Republic of Georgia);
• ევროპარლამენტის წევრებთან კომუნიკაციის გაგრძელება (Continued communications with members of the EU Parliament);
• საქართველოს მოქმედ პრეზიდენტთან შეხვედრის ორგანიზების მცდელობები მისი ვიზიტი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით (Efforts to arrange meeting with current president of Georgia during his visit to New York, to seek pardon of Mr. Saakashvili).
• კომუნიკაცია აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ პირთან თბილისში და პოლონეთის ოფიციალურ პირებთან, რათა პოლონელ ექიმებს სააკაშვილის მკურნალობის შესაძლებლობა მისცენ (Communications with official of U.S. embassy in Tbilisi, Georgia, andwith officials in Poland, in effort to allow Mr. Saakashvili to betreated by Polish physicians);
• სტატიების მომზადება, მათ შორის Politico-სა და The Guardian-ში გამოქვეყნების მიზნით (Continued work on op-eds, including one published in Politico onApril 7, and proposed piece for The Guardian).


თბილისის მერია გადასასვლელ ხიდთან, ცოტნე დადიანისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობას გეგმავს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი 2026 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და მასზე მომდევნო წელს 10 მილიონი ლარი დაიხარჯება, 2027 წელს კი დამატებით 87.5 მილიონი ლარი. მთლიანობაში 280-მეტრიანი ესტაკადის პროექტირება-მშენებლობის წინასწარი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტზე საგზაო მარშრუტის კვლევაზე 2025 წელს უკვე 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.
2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სარკინიგზო მაგისტრალი ქალაქის ცენტრალურ მონაკვეთს ყოფს იმგვარად, რომ მოედნის პარალელურად არსებულ ქუჩებს შორის დაკავშირებადობა მინიმალურია და აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნით ქალაქის უბნების დაკავშირებადობა გაუმჯობესდეს.
"ქალაქ თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის კორიდორი და თანმდევი ინფრასტრუქტურა ქმნის 4-კილომეტრიან მონაკვეთს აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო კავშირის გარეშე, გარდა შეზღუდული რაოდენობის საფეხმავლო კავშირებისა. ეს ისტორიული დაბრკოლება ხელს უშლის თბილისის სატრანსპორტო გეგმის პრიორიტეტებისკენ მისწრაფებას. სადგურის მოედანი მდებარეობს აღნიშნულ ამ 4-კილომეტრიან მონაკვეთში. ის წარმოადგენს დედაქალაქის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო „ჰაბს“, სადაც თავს იყრის 61 ავტობუსის მარშრუტი, მეტროს 2 ხაზი, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის სერვისები. ტერიტორია ემსახურება საათში 330 ავტობუსის სერვისს, საიდანაც მომავალში 150 გამოიყენებს ხიდს. თბილისის სატრანსპორტო გეგმის თანახმად, სადგურის მოედანი ასევე იქნება თბილისის საგარეუბნო რკინიგზის სერვისების თავმოყრის წერტილი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის მისი, როგორც სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას. ამჟამინდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთ კავშირის არარსებობა აფერხებს მაღალი ხარისხის ჰაბის განვითარებას, ხშირად 22 ავტობუსის მარშრუტის შეწყვეტა ხდება ვადაზე ადრე ან ახორციელებენ 1.5 კილომეტრიანი შემოვლითი მგზავრობას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის გადაადგილების დროს, ჰაერის დაბინძურებასა და ვიბრაციას, ისევე როგორც ამცირებს მარშრუტების ხარჯეფექტიანობას. თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევამ, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ჩატარდა, მულტიკრიტერიუმიანი ანალიზის საშუალებით, გამოავლინა თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის ხაზის ორ მხარეს (აღმოსავლეთ და დასავლეთ) შორის ახალი კავშირის შექმნის საუკეთესო ალტერნატივა - საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტის მქონე საავტომობილო ხიდი, დადიანის ქუჩასა და სადგურის მოედანს შორის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ფლობს თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევის საფუძველზე შექმნილ ანგარიშს, კონცეფციას. პროექტის მიზანი არის, ამ კონცეფციით განსაზღვრული, საავტომობილო ხიდის მშენებლობა.
აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს საავტომობილო ხიდს ქალაქ თბილისში, რომელიც დააკავშირებს სადგურის მოედანს დადიანის ქუჩასთან და იქნება 280 მეტრი სიგრძის, 8.5 მეტრი სიგანის სწორ მონაკვეთში, ხოლო 15 მეტრი სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე). ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7 მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის. საავტომობილო ხიდი ითვალისწინებს 18 მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს, მისი მაქსიმალური გრძივი ქანობი - 10.7%, ხოლო მინიმალური რადიუსი - 12 მეტრი. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში იქნება 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით", - ნათქვამია 2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.
წყარო: https://bm.ge