USD 2.7775
EUR 3.0186
RUB 3.2174
Тбилиси
მეუფე შიო - უფალი ხარობს, როდესაც გული შეგვტკივა გლახაკთა და ღარიბთა გასაჭირის გამო
дата:  161

მოწყალება არის კეთილი ნაყოფი ადამიანის ზნეობრივი ცხოვრებისა. მოწყალება არის ნაყოფი იმ თავგანწირული სიყვარულისა, რომელიც საფუძვლად უნდა ედოს ყოველი ქრისტიანის ცხოვრებას, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) დღევანდელ ქადაგებაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არცერთი სათნოება ისე არ ფასობს, როგორც მოწყალება.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირას, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. გვიახლოვდება დიდი მარხვა და ამიტომ წმინდა ეკლესია, რომელიც გვამზადებს მარხვისთვის და მოგვიწოდებს ღვთივსათნო ცხოვრებისკენ, დღეს გვიკითხავს იგავს სახარებიდან საშინელი სამსჯავროს შესახებ. ეს სამსჯავრო იქნება საშინელი, ვინაიდან მსაჯული არის ყოვლისმცოდნე ღმერთი, რომელიც აღწევს ადამიანის სულის სიღრმემდე და მისგან არ დაიფარება ჩვენ მიერ ჩადენილი არცერთი საქმე, არცერთი წარმოთქმული სიტყვა, საიდუმლო აზრი თუ გრძნობა. ეს ყველაფერი გამოაშკარავდება საშინელ სამსჯავროზე, ცხადი გახდება ანგელოზებისა და ადამიანების წინაშე. წარმოიდგინეთ, როგორი სირცხვილი დაგვეუფლება, რა შიში და ძრწოლა შეგვიპყრობს უკანასკნელი განაჩენის მოლოდინში! მაშინ ეტყვის უფალი მის მარჯვნივ მყოფებს: „მოდით, კურთხეულნო ჩემი მამისა, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან“ (მთ. 25,34). ასევე ეტყვის მათ, ვინც მისგან მარცხნივ არის: „წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისთვის და მისი ანგელოზებისთვის“ (მთ. 25,41). და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართლები - მარადიულ სიცოცხლეში, მარადიულ ნეტარებაში. აი, ასე დასრულდება კაცობრიობის ისტორია სახარების მიხედვით. როგორც ხედავთ, ამ იგავში თითქოს დავიწყებულია ადამიანთა სხვა საქმეები და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოწყალებას. მხოლოდ ისინი ხდებიან საუკუნო ნეტარების ღირსნი, ვინც მიწიურ ცხოვრებაში იჩენდა მოწყალებას მოყვასთა მიმართ. ეს ბუნებრივი და სამართლიანია, რადგან მოწყალება არის კეთილი ნაყოფი ადამიანის ზნეობრივი ცხოვრებისა. მოწყალება არის ნაყოფი იმ თავგანწირული სიყვარულისა, რომელიც საფუძვლად უნდა ედოს ყოველი ქრისტიანის ცხოვრებას. ამიტომ არცერთი სათნოება ისე არ ფასობს, როგორც მოწყალება. უფალი ხარობს, როდესაც გული შეგვტკივა გლახაკთა და ღარიბთა გასაჭირის გამო, როდესაც ვიჩენთ თანაგრძნობას, თანალმობას სხვათა უბედურების ჟამს და მწუხარების დროს. „წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი“ (მთ. 9,13), - ეუბნება უფალი ამპარტავან ფარისევლებს. „ნეტარ არიან მოწყალენი, რამეთუ ისინი შეწყალებულნი იქნებიან“ (მთ. 5,7), - ამბობს უფალი მთაზე წარმოთქმულ ქადაგებაში. ამ იგავიდან ზოგიერთი არასწორ დასკვნას აკეთებს, ვინაიდან აქ მარტო მოწყალებაზეა განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული, ასე ფიქრობენ, რომ ქველმოქმედება და ამ იგავში ჩამოთვლილი საქმეები საკმარისია იმისთვის, რომ გავმართლდეთ საშინელ სამსჯავროზე და იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვის როგორ სწამს, რამდენად სწორად აღიარებს დოგმატებს, ეკლესიის სწავლებას და ა.შ. ამას შესანიშნავ პასუხს სცემს წმინდა იოანე ოქროპირი. ის ამბობს, რომ როგორც რწმენა მკვდარია საქმეების გარეშე, ასევე საქმეებიც მკვდარია რწმენის გარეშე. თუ შენ მართებულად აღიარებ დოგმატებს, მაგრამ არ ზრუნავ კეთილ საქმეებსა და შენს ცხოვრებაზე, ეს დოგმატები სარგებელს არ მოგიტანს; და პირიქით, თუ ზრუნავ კეთილი საქმეების კეთებაზე, მოწყალებაზე, მაგრამ მოიკოჭლებ დოგმატებში და უგულებელყოფ მათ, ესეც არავითარ სარგებელს არ მოგიტანს. ამიტომ აუცილებელია, ჩვენი სულიერი სახლი ორივე მხრივ იყოს მყარი. უფალი ამბობს: „ვინც მოისმენს ჩემს სიტყვებს და შეასრულებს, იმას ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც თავისი სახლი ააშენა კლდეზე. ეკვეთნენ მას ქარები მაგრამ, ვერაფერი უქნეს“ (მთ. 7, 24-25). ხედავთ, როგორ უნდა უფალს, რომ ჩვენი სულიერი ცხოვრება ყოველმხრივ გამართული იყოს?! სიტყვაც ვისმინოთ, შევითვისოთ და საქმეებიც აღვასრულოთ, ხოლო ვინც მხოლოდ ერთ მხარეს აქცევს ყურადღებას და მეორეს უგულებელყოფს, იმაზე რას ამბობს უფალი? „ვამსგავსო კაცსა უგუნურსა, რომელმაც თავისი სახლი ააშენა ქვიშაზე. ეკვეთა მას ქარიშხალი და მაშინვე წაიქცა“ (მთ. 7,26-27). აი, რა მნიშვნელობა აქვს ორივე მხრივ ჩვენს სულიერ ცხოვრებას, ღვთის სიტყვას და ეკლესიის სწავლებას, რომელიც ეფუძნება ღვთის სიტყვას. უფალი ამბობს: “ვინც... არ იწყნარებს ჩემს სიტყვებს, ჰყავს განმკითხველი. სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი, განიკითხავს მას უკანასკნელ დღეს” (ინ. 12, 47-48). ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, მოვემზადოთ და ვიფხიზლოთ. ვეცადოთ, რომ ღვთის სიტყვაც შევიმეცნოთ და შევითვისოთ და საქმითაც აღვასრულოთ ის. თუ ასე მოვაწყობთ ჩვენს ცხოვრებას, მაშინ ამ მიწიურ ცხოვრებასაც გავივლით უსაფრთხოდ და მარადიული ცხოვრებისთვისაც მოვიმზადებთ დიდ კადნიერებას, რისი ღირსიც გაგვხადოს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თვისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, რამეთუ მას მხოლოსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“,-აღნიშნა მეუფე შიომ.

культура
„მამის მეგარმუნე ქალი“ – ლელა თათარაიძე

თუშური სიმღერებისა და მელოდიების განუმეორებელ ავტორ-შემსრულებელთან, ლელა თათარაიძესთან ინტერვიუს ჩაწერის იდეა მის 75 წლის იუბილეს უკავშირდება.

ალბათ ინტერვიუზე დათანხმება გაგვიჭირდებოდა, რომ არა ეთერ (ეთერო) თათარაიძე – პოეტი, ფოლკლორისტი, ლელა თათარაიძის და. იგი ესწრებოდა ინტერვიუს ჩაწერის პროცესსაც. ამიტომ, ვფიქრობთ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება მისი ჩართვებისა და კომენტარების გაცნობა.

ლელა თათარაიძის საიუბილეო საღამო 24 ოქტომბერს რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება. აღსანიშნავია, რომ იუბილეს მიეძღვნა ფოლკლორის ცენტრის ფოტოპროექტიც „ლელა და ეთერო“.

– ვეცადე, თქვენთან ინტერვიუსთვის მაქსიმალურად მოვმზადებულიყავი, თუმცა თქვენი სხვა ინტერვიუ ვერსად ვიპოვე, არ იძებნება. ალბათ, შეიძლება ითქვას, ეს ექსკლუზიური ინტერვიუა, რისთვისაც, რა თქმა უნდა, დიდ მადლობას გიხდით.

– დიახ, შეიძლება ასეც ითქვას, რადგან არასოდეს არაფერზე არ ვლაპარაკობ.

– გვიამბეთ, როგორ ცხოვრობთ ახლა? როგორია თქვენი ყოველდღიურობა?

– ასაკი, ჯანმრთელობა – ყველაფერი წარმავალია, ასაკს მოაქვს ან ეს, ან – ის.

– მალე თქვენი 75 წლის იუბილეა. საინტერესოა, როგორ აფასებთ თქვენს განვლილ ცხოვრებას? წარსულზე როცა ფიქრობთ, პირველად რა გახსენდებათ? სად გაიმარჯვეთ და სად დამარცხდით?

– გამარჯვებისა და მარცხისა რა მოგახსენოთ, არაფერი მახსოვს, არც ჩავეძიები ხოლმე, როდის რა იყო, როდის რა შევქმენი და გავაკეთე. რაღაც სულ სხვანაირი განწყობა მაქვს ხოლმე. არც მილაპარაკია, არც მიყვირია, როდის რა გავაკეთე და რა ვერ გავაკეთე. რით მეტკინა გული და გამიხარდა. უფრო მდუმარება მიყვარს, ვიდრე ლაპარაკი. ფიქრი მიყვარს, ფიქრი ნისლია მთებისა...

– გაიხსენეთ, როდის იგრძენით პირველად სიმღერასთან კავშირი.

– სიმღერასთან ბავშვობიდან მქონდა შეხება, მაგრამ არასოდეს მიფიქრია, რომ პროფესიად გავიხდიდი, გავყვებოდი და გამოვჩნდებოდი. ასეთი სურვილი არასოდეს მქონია. სულ სხვა პროფესია მინდოდა, არ გამიშვეს და ამიტომ...

– რა პროფესია გინდოდათ?

– მფრინავობა, ფრენა მინდოდა და დედაჩემმა გაიგიჟა თავი, არაო. მამა ბევრს არ იტყოდა, ან ჰო, ან არა. დედამ, არაო. ვკითხე, რატომ-მეთქი? ახლა მე იქ შენ სად გისაგონოო (სად ვიფიქრო, შენ სად ხარ ცაშიო – რ.კ.), რაღაც რომ მოხდესო?! მე ვუთხარი, მიწაზე არა კვდებიან-მეთქი? არაო და გამზადებული საბუთებით დამტოვა ასე.

– პირველად როდის იმღერეთ?

– საშუალო სკოლა რომ დავამთავრე, გიორგი (ბუხუტი) დარახველიძე ჩამოვიდა ალვანში. ანსამბლი ჩამოაყალიბა. იქ წამყვანი სოლისტი ვიყავი, სხვათა შორის, ეს აზრიც ბუხუტისგან იყო, მან მითხრა, შენ ამ საქმეს უნდა გაჰყვე და ისწავლოო. რამდენიმე მეგარმონე ქალი იყო ბუხუტისთან. ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადა იმართებოდა იმ დროს (იგულისხმება 1958 წელს მოსკოვში ჩატარებული ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადა – რ.კ.). ბუხუტი ჩამოვიდა ახმეტის რაიონში, რომ სასწრაფოდ ჩამოეყალიბებინა ანსამბლი. ძალიან ნიჭიერი კაცი იყო, უნიჭიერესი ქორეოგრაფი. მოიფიქრა, რომ ფოლკლორი ყოფილიყო წინა ხაზზე, 65 გარმონიანი ქალი შეგვკრიბა, თან ვცეკვავდით. ცეკვის ნახაზი ისე იყო გაკეთებული, რომ 65 მეგარმონე ქალი ციფრ 50-ს ვწერდით. მოსკოვში, ყრილობათა სასახლის დარბაზში, ვიცეკვეთ. სამი ფერი ეცვათ შემსრულებლებს, თეთრი მარტო მე მეცვა, წამყვანი სოლისტი ვიყავი იმ ანსამბლისა.

– ეს იყო თქვენი დებიუტი დიდ სცენაზე?

– ქვეყნის გარეთ პირველი გასვლა იყო, ისე რაიონულ ოლიმპიადებზე, სკოლაში სულ ვმღეროდი გარმონით.

– თქვენს ბავშვობას რომ დავუბრუნდეთ, რა გახსენდებათ ყველაზე ხშირად?

– ალვანში და, მით უმეტეს, თუშეთში სხვა რა გასართობი გვქონდა, შევიკრიბებოდით ბავშვები, ვდგამდით რაღაცა ლხინს, ცეკვას, ნოველებს; მგელსა და კრავს და რაღაცებს ვასახიერებდით დეკორაციებით. სახლში ხომ ყველა ვმღეროდით. სულ მუსიკის ხმა ისმოდა ჩვენი სახლიდან.

საუბარში ერთვება ლელას და, ეთერო თათარაიძე:

– ჩავერთვები, რა. არ მამღერებდნენ. როგორც კი ამათთან სიმღერას ვიწყებდი, წკუპ და ჩემი სამივე და-ძმა წკაპუნით გაჩერდებოდა. დედა ეკითხებოდა, რად არ ამღერებთო. სამივე ერთდროულად წამოიძახებდა: „ურევს!“

– გარმონი თქვენს ცხოვრებაში რუსეთში წასვლის შემდეგ შემოვიდა?

– არა, იქამდეც. სკოლაში სულ ჩემი გარმონი იყო. ოლიმპიადებზე, სკოლის და რაიონის ღონისძიებებზე – ყველგან გარმონით სულ მე ვიყავი. თავიდან გარმონი არ მქონდა და თუშეთში თხელ ფიქალს (სიპი ქვა) გავხვრეტდი, კლავიატურას ნახშირით დავუხატავდი, ბაწარს გავუყრიდი და ვითომ გარმონზე ვუკრავდი, მელოდიას ხმით ვასრულებდი.

კვლავ ერთვება ეთერო:

– ეს ფიქალი ხომ ჭრიდა ბაწარს, ბაწარი არის თუშური დართული საქსოვი ძაფი. დედამ, სულ ფეხები ჰქონდა დალურჯებული და გაჭრილი, ის უცებ გაუწყდებოდა და ზედ ეცემოდა სიპი ქვა, მაგრამ არ ადარდებდაო. სახლს რომ ვაშენებდით, მეორე სართულზე ფანჯრები არ გვქონდაო; ლელა გადაყოფდა ფეხებს და ეს სიპი ქვა „გარმონი“ ეჭირა, დილიდან საღამომდე რომ არ ჩამოგეყვანა, საჭმელიც კი არ ახსოვდა, მღეროდა ამვლელ-ჩამვლელისთვისო. ვინ გამოხვალო, რომ ეკითხებოდა, მამის მეგარმუნე ქალიო.

– სხვა საგნებს როგორ სწავლობდით სკოლაში?

– ტექნიკური საგნები შორს ჩემგან, უფრო ჰუმანიტარული – ქართული, ისტორია. მასწავლებლებს გარმონისთვის ვუყვარდი და მიწერდნენ ნიშნებს.

– ბავშვობის სიმღერა რომელია? ყველაზე ხშირად რომელ სიმღერას ღიღინებდით?

– მაგალითად, მამასა და ბიძებისგან გვესმოდა „შირაქში ერთმა მეცხვარემ სიზმარი ნახა ზიანი, ადგა და ბიძას უამბო...“ (მღერის).

ისევ ეთერო საუბრობს:

– ისეთი ხმა ჰქონდა, ღამე სოფელი რომ ჩუმდებოდა, ნიავს მიჰქონდა ლელას სიმღერა, წარმოუდგენელი ხმა იყო.

– ბავშვობაში ოჯახში როგორი ურთიერთობა გქონდათ მშობლებთან?

– ბავშვობაში და შემდეგ ახალგაზრდობაშიც მშობლების ხათრი და რიდი გვქონდა ყველაფერში, დიდად არც შევეწინააღმდეგებოდით, მე ეს მინდა, ან არ მინდა. ამას ვერც გავბედავდით და ვიკადრებდით. ჩვენ სხვა მენტალიტეტით ვიზრდებოდით, მით უმეტეს, მთის ხალხი. მამა უფრო დამთმობი იყო. ჩვენს ახალგაზრდობაში არტისტი როგორ შეიძლებოდა ყოფილიყავი. სცენა, არტისტი – არ შეიძლებოდა, მით უფრო, სოფელში. არ მახსოვს, მამაჩემს ეთქვა, რომ არ წახვალ მაგ პროფესიაშიო. კონცერტები გვქონდა, ღამით გვიან ან გამთენიისას მოვიდოდი სახლში. არ მახსოვს, მამას ეთქვას, სად იყავი ამდენ ხანსო. დედა დიდად არ იტყოდა, მაგრამ იჯდა და ათენებდა ღამეს, მით უფრო, როცა ჩემი მანქანა მყავდა. დედას არასოდეს არ დაუძინია, სანამ არ მივიდოდი, თუნდაც გამთენიისას. რომ მოვიდოდი, დამშვიდდებოდა.

– ალვანის სკოლასა და ბაღში მუშაობდით მასწავლებლად და გუნდის ხელმძღვანელად. როგორც ლოტბარი და პედაგოგი, როგორი იყო თქვენი მიდგომა ბავშვებისა და სწავლების მიმართ?

– დიპლომი დავიცავი ოჟიოს სკოლაში, ახმეტის რაიონია. ერთი წელი იმ სკოლაში ვმუშაობდი, გაკვეთილებიც იქ მქონდა, გუნდიც და ყველაფერი. იმ დროს ახალგაზრდა ხარ და არ აქცევ ყურადღებას, მაგრამ წლები გადიოდა და შემხვდებოდნენ მოწაფეები ან მასწავლებლები. არც ვიცნობდი ბევრს, „ლელა მასწავლებელო!“ და „ლელა მასწავლებელო!“ – მხვდებოდნენ თბილად. დასკვნა გამოვიტანე, რომ სიყვარული დავტოვე იქ. გაკვეთილზე რომ შევდიოდი, ზარი რომ დაირეკებოდა, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ, არცერთი გარეთ არ იყო, კლასში მელოდებოდნენ. ჩვენს მასწავლებლებს უკვირდათ, ჩვენ ვერაფრით მოვიხელთეთ ეს ბავშვები, გადარეული არიან, ნახევარი გაკვეთილის მერე შემოხსნიან კარებს ან ხმაურობენ, შენ როგორ ახერხებო. რომ მეკითხებოდნენ, ამას როგორ ვაკეთებდი, არ ვიცი, ეტყობა, სულ სხვა მიდგომა მქონდა. ამ სიმღერებზე, ტრადიციებზე ველაპარაკებოდი, ინტერესს ვუღვივებდი, მარტო სიმღერას არ ვასწავლიდი.

– ბავშვების ამბავი ერთია, მეორე კი უკვე ზრდასრულებთან რომ გიწევს მუშაობა და ანსამბლის, გუნდის ხელმძღვანელობა. თქვენი აზრით, რა გამოწვევებსა და სირთულეებთან არის დაკავშირებული ანსამბლის ხელმძღვანელობა?

– ტრიო, კვარტეტები, ანსამბლები... რა ვიცი, რთულია. უბრალოდ, დაგვიანებას ვერ ვეგუები. ერთი საათით რომ დააგვიანებს და მოვა, ვითომ არაფერი, აქ კი ამდენი ადამიანი ელოდება, არ ვიცი, ეს ჩემთვის რა არის. გარმონთან ძირითადად მეხით მოძრაობა მაქვს, პირველი მე შემოვიტანე ეს მოძრაობა. ჩარჩოში არაფერი მაქვს; სიმღერაა თუ ინსტრუმენტია, რა ხასიათზეც ვარ, ორთვლიანს ზოგჯერ რვაზე გავუშვებ და პირიქით.

– 1992 წლიდან მუშაობდით მერაბ კოსტავას სახელობის ეროვნულ თეატრში, იყავით მუსიკალური გამფორმებელი და მსახიობიც. ეს ახალი სფეროა. გვიამბეთ თქვენი ცხოვრების ამ ეპიზოდზეც, რამდენად საინტერესო იყო თქვენთვის, როგორც მსახიობისა და როგორც მუსიკალური გამფორმებლისათვის, თეატრის ეს მიმართულება?

– ეგ თეატრშიც მქონდა, კინოშიც და ყველგან. გოდერძი ჩოხელის ფილმები, იურა კვაჭაძის ფილმები. ვთამაშობდი კიდეც ორივე ფილმის ეპიზოდებში. ბევრი ფილმი მაქვს მუსიკალურად გახმოვანებული. „სურამის ციხისთვის“ ზურაბის დედის ტირილი მე ჩავუწერე. ფარაჯანოვი და დოდო აბაშიძე იყვნენ მაშინ.

– კოსტავას ეროვნულ თეატრში ვთამაშობდი სპექტაკლში „ნურც რა მოგშლია, არწივო, ბუდეი“, თუშების ცხოვრებაზე იყო. ნინუა, თეატრის ხელმძღვანელი, ერთი წელი მითვლიდა, მიბარებდა, ჩვენთან უნდა მოხვიდეო. კინო არ არის იმდენი სალაპარაკო, რა მაქვს ისეთი, არაფერი. „ადამიანთა სევდა“, „ექვსი თოვლიანი დღე“, „წიგნი ფიცისა“ – ამ ფილმებში ჩემი სიმღერაა გამოყენებული. „წიგნი ფიცისა“ რომ გადაიღეს, ბიძინამ (კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე – რ.კ.) სიმღერა გააკეთა, გიგა ლორთქიფანიძე იყო რეჟისორი. მითხრეს, რომ იქ უნდა მემღერა ინგილო ქალის „ნანა“. ვუთხარი, ვიმღერებ, მაგრამ ისე, როგორი განწყობაც მოვა, მელიზმები, ჩახვევები უნდა ყოფილიყო ჩემი. მერე მითხრეს, რომ „დალაი“ – თუშური „ზარი“ გვჭირდებაო. ვუთხარი, რომ ეს კაცების „ზარი“ იყო და ამას თავისი განუყოფელი მელოდია ჰქონდა. იქვე შევასრულე, ძალიან მოეწონათ და მითხრეს, რომ ესეც მე უნდა შემესრულებინა. უარი ვუთხარი, რადგან ქალები არ ასრულებდნენ „ზარს“. მოიყვანეს ჰამლეტ გონაშვილი. ჰამლეტი სიმღერის დას მეძახდა, სახელით არ მომმართავდა. საოცარი ადამიანი იყო, ბუნების, მთების მოყვარული. ისწავლა, მაგრამ ხმის ტემბრი არ მიესადაგა, თვითონაც ასე ფიქრობდა. მოიყვანეს თემურ ქევხიშვილი და ჩაწერეს თემური.

ყველა ლექსს თავისი ისტორია აქვს, თუ ეს ისტორია არ იცი და შენს გულში არ ჯდება, შეიძლება ტკივილით, სიხარულით, იმას მე ვერ მივიღებ. მეუბნებიან, როგორ ძლიერ ლექსებს იღებ და ძლიერ ლექსებზე აკეთებო.

თუშური მელოდიები, რაც ბავშვობაში, ახალგაზრდობაში მესმოდა, რაც ჩემს მეხსიერებას შემორჩა, ყველაფერი ზეპირად ვიცი. ამ მელოდიებზე ტექსტებს მე ვადებ და მე ვარგებ, ყველაფერი ჩემი გაკეთებულია, რამდენიმეს გარდა. ლექსი არის ფშავ-ხევსურების, მით უმეტეს, ხევსურების. მელოდია-მუსიკა არის თუშების.

– თქვენი და თქვენი დის ვარსკვლავი ერთად გაიხსნა. თქვენს შემოქმედებაშიც არის ეთეროს პოეზია. საერთო ისტორია გაქვთ, ერთი ამბავი გადაგხდენიათ, ერთი გაგხარებიათ და გწყენიათ. როცა თქვენი დის ლექსს არჩევთ, მის ტექსტში თუ ხედავთ ხოლმე თქვენი ბავშვობის ემოციებს? აკავშირებთ საერთო მოგონებებს?

– ის, რაც ჩემია, ამისია... ტირილიც ერთია, სიხარულიც, ტკივილიც და ყველაფერი. ის ჩემში ისეთ ემოციებს იწვევს, რომ სხვებისგან შეიძლება ისე ვერ აღვიქვა და ვერ შევისისხლხორცო. ზოგჯერ მეუფლება განცდა, რომ არც ეს არის ლექსის ავტორი და არც მე ვარ სიმღერის ავტორი, თუშეთია ყველაფერი თავისი სილამაზით, თავისი ბრძოლებით, ემოციებით, სიხარულით, ყველაფრით, რაც ჰქონდათ და იყვნენ ჩვენი წინაპრები.

ადრე თუშეთში რომ სატვირთო მანქანებით დავდიოდით, ბარგზე ვისხედით ხოლმე მთელი ოჯახი. გამაძლიერებლები ედგათ ბიჭებს, ჩემი სიმღერები იყო ჩართული... მაშინაც კი ვფიქრობდი, რომ ის მე არ ვიყავი, მე არ ვმღეროდი. სულ სხვა სამყაროა იქ, თუშეთში.

კვლავ ეთერო ერთვება:

– ბოლო საღამოს ვიყავით დანოს (ეთეროს და ლელას სოფელი თუშეთში – რ.კ.) გორზე. ვისხედით და ხან მე მაკითხებდნენ ლექსს და ხან შენ გამღერებდნენ. ქალებმა თქვეს: „ვაიმე, არ გებრალებათა თუშეთ, ხვალ რო წახვალთად, ვეღარც თქვენ ლექსს გიგონებსად ვეღარც თქვენ ნამღერს?!“ – ეს ფრაზა ძალიან მოქმედებს ჩემზე, ეს დროც ხომ მოვა, სულ რომ წავალთ (საუბრისას თვალზე ცრემლი მოადგა).
– ბავშვობის წყენა? რა გაწყენინათ ეთერომ ბავშვობაში?

– არაფერი. დედას გაეკიდებოდა ხოლმე ხშირად, დედა თუ მიდიოდა საქმეზე, დედა მობრუნდებოდა. „ლელა!“ – დამიძახებდა და აბა, ნუ მოხვალ შინ! მობრუნდებოდა ეგრევე. სიმღერის და სიყვარულის მეტი, სხვა არაფერი გვქონია სახლში. სხვათა შორის, მამაც და დედაც მღეროდნენ, მაგრამ ვერ გამოჩნდნენ იმდროინდელი ცხოვრების გამო. მუსიკოსობა, კაცის სიმღერა სირცხვილი იყო და დამალულად მღეროდნენ ხოლმე.

– რას ურჩევდით ახალგაზრდებს?

– უყვარდეთ სამშობლო, ქართული, ეროვნული, წარსული... იფიქრონ მომავალზე და იყვნენ ისეთი ადამიანები, რომ უყვარდეს ყველას, თავის ერსა და სამშობლოს.

– რომ არა სიმღერა, რა იქნებოდა?

– რომ არა სიმღერა, იქნებოდა მფრინავობა.

ინტერვიუ დაიბეჭდა ფოლკლორის ცენტრის ელექტრონულ ჟურნალში და მიეძღვნა ლელა თათარაიძის 75 წლის იუბილეს.

ფოტო - ლაშა ღუღუნიშვილი

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати