USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
მეუფე შიო - უფალი ხარობს, როდესაც გული შეგვტკივა გლახაკთა და ღარიბთა გასაჭირის გამო
Date:  530

მოწყალება არის კეთილი ნაყოფი ადამიანის ზნეობრივი ცხოვრებისა. მოწყალება არის ნაყოფი იმ თავგანწირული სიყვარულისა, რომელიც საფუძვლად უნდა ედოს ყოველი ქრისტიანის ცხოვრებას, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) დღევანდელ ქადაგებაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არცერთი სათნოება ისე არ ფასობს, როგორც მოწყალება.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირას, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. გვიახლოვდება დიდი მარხვა და ამიტომ წმინდა ეკლესია, რომელიც გვამზადებს მარხვისთვის და მოგვიწოდებს ღვთივსათნო ცხოვრებისკენ, დღეს გვიკითხავს იგავს სახარებიდან საშინელი სამსჯავროს შესახებ. ეს სამსჯავრო იქნება საშინელი, ვინაიდან მსაჯული არის ყოვლისმცოდნე ღმერთი, რომელიც აღწევს ადამიანის სულის სიღრმემდე და მისგან არ დაიფარება ჩვენ მიერ ჩადენილი არცერთი საქმე, არცერთი წარმოთქმული სიტყვა, საიდუმლო აზრი თუ გრძნობა. ეს ყველაფერი გამოაშკარავდება საშინელ სამსჯავროზე, ცხადი გახდება ანგელოზებისა და ადამიანების წინაშე. წარმოიდგინეთ, როგორი სირცხვილი დაგვეუფლება, რა შიში და ძრწოლა შეგვიპყრობს უკანასკნელი განაჩენის მოლოდინში! მაშინ ეტყვის უფალი მის მარჯვნივ მყოფებს: „მოდით, კურთხეულნო ჩემი მამისა, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან“ (მთ. 25,34). ასევე ეტყვის მათ, ვინც მისგან მარცხნივ არის: „წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისთვის და მისი ანგელოზებისთვის“ (მთ. 25,41). და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართლები - მარადიულ სიცოცხლეში, მარადიულ ნეტარებაში. აი, ასე დასრულდება კაცობრიობის ისტორია სახარების მიხედვით. როგორც ხედავთ, ამ იგავში თითქოს დავიწყებულია ადამიანთა სხვა საქმეები და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოწყალებას. მხოლოდ ისინი ხდებიან საუკუნო ნეტარების ღირსნი, ვინც მიწიურ ცხოვრებაში იჩენდა მოწყალებას მოყვასთა მიმართ. ეს ბუნებრივი და სამართლიანია, რადგან მოწყალება არის კეთილი ნაყოფი ადამიანის ზნეობრივი ცხოვრებისა. მოწყალება არის ნაყოფი იმ თავგანწირული სიყვარულისა, რომელიც საფუძვლად უნდა ედოს ყოველი ქრისტიანის ცხოვრებას. ამიტომ არცერთი სათნოება ისე არ ფასობს, როგორც მოწყალება. უფალი ხარობს, როდესაც გული შეგვტკივა გლახაკთა და ღარიბთა გასაჭირის გამო, როდესაც ვიჩენთ თანაგრძნობას, თანალმობას სხვათა უბედურების ჟამს და მწუხარების დროს. „წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი“ (მთ. 9,13), - ეუბნება უფალი ამპარტავან ფარისევლებს. „ნეტარ არიან მოწყალენი, რამეთუ ისინი შეწყალებულნი იქნებიან“ (მთ. 5,7), - ამბობს უფალი მთაზე წარმოთქმულ ქადაგებაში. ამ იგავიდან ზოგიერთი არასწორ დასკვნას აკეთებს, ვინაიდან აქ მარტო მოწყალებაზეა განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული, ასე ფიქრობენ, რომ ქველმოქმედება და ამ იგავში ჩამოთვლილი საქმეები საკმარისია იმისთვის, რომ გავმართლდეთ საშინელ სამსჯავროზე და იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვის როგორ სწამს, რამდენად სწორად აღიარებს დოგმატებს, ეკლესიის სწავლებას და ა.შ. ამას შესანიშნავ პასუხს სცემს წმინდა იოანე ოქროპირი. ის ამბობს, რომ როგორც რწმენა მკვდარია საქმეების გარეშე, ასევე საქმეებიც მკვდარია რწმენის გარეშე. თუ შენ მართებულად აღიარებ დოგმატებს, მაგრამ არ ზრუნავ კეთილ საქმეებსა და შენს ცხოვრებაზე, ეს დოგმატები სარგებელს არ მოგიტანს; და პირიქით, თუ ზრუნავ კეთილი საქმეების კეთებაზე, მოწყალებაზე, მაგრამ მოიკოჭლებ დოგმატებში და უგულებელყოფ მათ, ესეც არავითარ სარგებელს არ მოგიტანს. ამიტომ აუცილებელია, ჩვენი სულიერი სახლი ორივე მხრივ იყოს მყარი. უფალი ამბობს: „ვინც მოისმენს ჩემს სიტყვებს და შეასრულებს, იმას ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც თავისი სახლი ააშენა კლდეზე. ეკვეთნენ მას ქარები მაგრამ, ვერაფერი უქნეს“ (მთ. 7, 24-25). ხედავთ, როგორ უნდა უფალს, რომ ჩვენი სულიერი ცხოვრება ყოველმხრივ გამართული იყოს?! სიტყვაც ვისმინოთ, შევითვისოთ და საქმეებიც აღვასრულოთ, ხოლო ვინც მხოლოდ ერთ მხარეს აქცევს ყურადღებას და მეორეს უგულებელყოფს, იმაზე რას ამბობს უფალი? „ვამსგავსო კაცსა უგუნურსა, რომელმაც თავისი სახლი ააშენა ქვიშაზე. ეკვეთა მას ქარიშხალი და მაშინვე წაიქცა“ (მთ. 7,26-27). აი, რა მნიშვნელობა აქვს ორივე მხრივ ჩვენს სულიერ ცხოვრებას, ღვთის სიტყვას და ეკლესიის სწავლებას, რომელიც ეფუძნება ღვთის სიტყვას. უფალი ამბობს: “ვინც... არ იწყნარებს ჩემს სიტყვებს, ჰყავს განმკითხველი. სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი, განიკითხავს მას უკანასკნელ დღეს” (ინ. 12, 47-48). ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, მოვემზადოთ და ვიფხიზლოთ. ვეცადოთ, რომ ღვთის სიტყვაც შევიმეცნოთ და შევითვისოთ და საქმითაც აღვასრულოთ ის. თუ ასე მოვაწყობთ ჩვენს ცხოვრებას, მაშინ ამ მიწიურ ცხოვრებასაც გავივლით უსაფრთხოდ და მარადიული ცხოვრებისთვისაც მოვიმზადებთ დიდ კადნიერებას, რისი ღირსიც გაგვხადოს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თვისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, რამეთუ მას მხოლოსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“,-აღნიშნა მეუფე შიომ.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way