USD 2.7089
EUR 3.1193
RUB 3.3402
Тбилиси
მეცნიერებმა დედოფალი კლეოპატრას გარდაცვალების საიდუმლო ამოხსნეს
дата:  3342

კლეოპატრა VII, ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი პტოლემეების დინასტიიდან, ძვ. წ. აღრ. 69 წ. დაიბადა. იმ დროისთვის, ეგვიპტე, მისი მამის პტოლემე XII მმართველობით, ფაქტიურად, რომის სატელიტი იყო. თუმცა, ის ისე წარმატებით ლავირებდა პოლიტიკურ სიტუაციებში და ისე კარგად იყენებდა რომის ძალას, რომ ქვეყნის შიგნით, მისი ხელისუფლება ხელშეუხებელი რჩებოდა.

კლეოპატრა ეგვიპტეს 21 წლის მანძილზე მართავდა. ის 2-ჯერ იყო ფორმალურ ქორწინებაში ძმებთან, რადგან პტოლემეების სახლის ტრადიციები, არ აძლევდა ქალს სახელმწიფოს დამოუკიდებლად მართვის უფლებას. მოგვიანებით, მან აქტიური მონაწილეობა მიიღო საკუთარი ძმების წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში და მათი მკვლელობის შემდეგ, ფორმალურად, ქვეყნის მმართველობას თავის ვაჟთან ინაწილებდა. სწორედ მის შვილს, უფრო სწორედ, მის დაბადების ისტორიას უკავშირდება, დედოფლის საყოველთაო აღიარება და დიდება.

საქმე იმაშა, რომ ბავშვის მამა გაიუს იულიუს ცეზარი იყო. სწორედ მისი და კლეოპატრას სიყვარულის და მოგვიანებით, კლეოპატრას და მარკუს ანტონიუსის სიყვარულის ისტორიები გახდა მწერლებისა და კინომატოგრაფისტების შთაგონების წყარო. მაგრამ, იყო კი სიყვარული? თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის დროს, კლეოპატრა გამუდმებით ერთი მიზნისთვის — საკუთარი სამეფოს დიდებისთვის იღწვოდა. სავარაუდოდ, მისი სასიყვარულო ისტორიებიც ამ მიზნის აღსრულებასთან იყო დაკავშირებული. ყოველ შემთხვევაში, ცეზარის მკვლელობა მან ძალიან უმტკივნეულოდ გადაიტანა და ეს ფაქტი იმისთვის გამოიყენა, რომ ეგვიპტეზე რომის ხელისუფლების გავლენა შეესუსტებინა.

უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად, კლეოპატრა დახმარებას უწევდა რომის ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ ადამიანთა ჯგუფს. ხოლო როდესაც მარკუს ანტონიუსის ლეგიონი ჩავიდა ეგვიპტეში, მათ უღალატა, და განაცხადა, რომ რომის ოპოზიციას დახმარებას მისი მსახურები უწევდნენ, მისი ნების საწინააღმდეგოდ. ასე, რომ, კლეოპატრამ ცეზარიც მოიშორა თავიდან და რომის მტრებიც.

 

 

ის ახალი ურთიერთობისთვის ემზადებოდა და დედოფლის «ნაზ გულში», ახალი «სიყვარულის ცეცხლი» აენთო, ახლა უკვე მარკუს ანტონიუსისადმი. და რა თქმა უნდა, მისი გრძნობა უპასუხოდ არ დარჩენილა.

საქმე იმაშია იყო, რომ მარკუს ანტონიუსს უკვე კარგა ხნის მანძილზე ჰქონდა განზრახული, საკუთარი, რომის რესპუბლიკისგან დამოუკიდებელი, იმპერიის შექმნა. და აი «ორმა გულმა» ერთმანეთი იპოვა. კლეოპატრას მარკუსთან სამი შვილი — ორი ვაჟი და ქალიშვილი შეეძინა.

ბავშვებს მფლობელობაში, გულუხვი მშობლებისგან გადაეცათ მიწები, რომლებიც არა თუ მათი მმართველობის ქვეშ (ისინი მხოლოდ ნაწილობრივ აკონტროლებდნენ) არ იყო, არამედ, ოფიციალურად, რომს ეკუთვნოდა. ეს სიტუაცია, რბილად რომ ვთქვათ, რომის რესპუბლიკას არ მოეწონა და «ბედნიერი წყვილისკენ» ლეგიონი დაიძრა ოქტავიანე ავგუსტუსის მეთაურობით.

ყველა წერილობითი წყარო, კლეოპატრას შესახებ, მისი სიკვდილის შემდგომი პერიოდით არის დათარიღებული. ბუნებრივია, გამარჯვებული მხარის ისტორიკოსები ყველანაირად ეცდებოდნენ ეგვიპტის დედოფალი ამაზრზენი თვისებების ქალად წარმოეჩინათ, ხოლო მარკუს ანტონიუსი პატიოსან მეომრად, რომელიც საძულველმა ეგვიპტელმა აცდუნა. და იმ დროინდელი წყაროების მიხედვით, ძვ. წ. აღრ. 31 წელს, აქციუმთან საზღვაო ბრძოლაში მარცხის შემდეგ, კლეოპატრამ მიატოვა ჯარი და ინდოეთში გაქცევა გადაწყვიტა, ხოლო მარკუს ანტონიუსი მას დაედევნა. მათი გემი არაბებმა დაწვეს, როდესაც სუეციის ყელში მის გადაადგილებას ცდილობდნენ.

გემის დაკარგვის შემდეგ, კლეოპატრა და მარკუსი ალექსანდრიაში ჩავიდნენ და თანამოაზრეებთან ერთად, თავდაცვისთვის მზადება დაიწყეს. თუმცა მოგვიანებით, მარკუსს ყველაზე ერთგული მომხრეები ჩამოშორდნენ, იმ მოტივით, რომ სიტუაცია უიმედო იყო და შექმნილ ვითარებაში, ბრძოლას აზრი არა ჰქონდა.

თითქმის 1 წლის ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, ოქტავიანე ავგუსტუსი, ჯართან ერთად, ალექსანდრიაში ჩავიდა. ამ ხნის მანძილზე, კლეოპატრა ექსპერიმენტებს ატარებდა საწამლავებზე. ის ისეთ საშუალებას ეძებდა, რომელიც სწრაფად და ტანჯვის გარეშე კლავდა ადამიანს. ზემოთ ხსენებული წყაროების ცნობით, ყოველი ახალი შხამის შექმნის შემდეგ, დედოფალი წამალს ერთ-ერთ მონას ასმევდა და შემდეგ მისი სიკვდილის პროცესს აკვირდებოდა.

ალექსანდრიასთან რომაული ლეგიონის გამოჩენის შემდეგ, მარკუსი ბრძოლისთვის მოემზადა, ხოლო კლეოპატრა, სპეციალურად ამ შემთხვევისთვის გამზადებულ, ოთახში ჩაიკეტა, სადაც მის მფლობელობაში არსებული განძი და სწრაფად აალებადი ნივთიერება იყო მოთავსებული. ოთახში შესვლის წინ, მან დაიბარა, რომ თუ კომპრომისის მიღწევა არ მოხერხდებოდა, რომაელები საგანძურს ვერ მიიღებდნენ. ხოლო ბრძოლაში დამარცხებულ და სასახლეში დაბრუნებულ ანტონიუსს, მისივე ბრძანებით, ეგვიპტის დედოფლის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს.

ეს უკანასკნელი მიხვდა, რომ მხარდაჭერის გარეშე დარჩა (ფორმალურად, მას ეგვიპტის სიმდიდრეზე არანაირი უფლება არ ჰქონდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ რომს, თავის გადასარჩენად, ვერაფერს შესთავაზებდა.) და საკუთარი ხმლით მოიკლა თავი. სასიკვდილოდ დაჭრილი მხედართმთავარი კლეოპატრასთან გადაიყვანეს და «მოსიყვარულე» გულების განშორების გულგამგმირავი სცენა სამუდამოდ დარჩა რომანტიკულ ნაწარმოებებში.

მარკუს ანტონიუსის სიკვდილის შემდეგ, კლეოპატრა დაფიქრდა, განძის აღრიცხვის სია რომაელებს გადასცა და თავშესაფარი დატოვა. განძის ოთახიდან გამოსული კლეოპატრა ისევ შეყვარებული იყო. ამჯერად მისი რჩეული — ოქტავიანე ავგუსტუსი იყო. მაგრამ, ოქტავიანემ დედოფლის გრძნობა უპასუხოდ დატოვა. მან ეგვიპტეს დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი ჩამოართვა, ხოლო კლეოპატრა მის ეტლს უკან უნდა გაჰყოლოდა, როდესაც ის რომში ტრიუმფით შევიდოდა. პტოლემეოსთა დინასტიის შთამომავალი ასეთ დამცირებას, რა თქმა უნდა, ვერ აიტანდა და კლეოპატრა განძის ოთახში დაბრუნდა, სადაც მალევე გარდაიცვალა.

 

 

დედოფლის გარდაცვალება, ისევე როგორც მისი ცხოვრება, ლეგენდებით არის გარემოცული. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, კლეოპატრამ ეგვიპტურ კობრას დააგესლინა თავი. სხვა ვერსიით, დედოფალს შხამი თმის სამაგრში ჰქონდა მოთავსებული და საჭირო დროს გამოიყენა კიდეც. სწორედ საწამლავით სიკვდილის ვერსიას ემხრობოდა გერმანელი მეცნიერი კრისტოფ შეფერი. კვლევის ჩასატარებლად, ის სხვა მეცნიერებთან ერთად, ალექსანდრიაში ჩავიდა, სადაც თავისი თეორია ძველი სამედიცინო ტექსტების შესწავლით (მეცნიერმა ყველა საარქივო დოკუმენტი შეისწავლა, რაც კი კლეოპატრას უკავშირდებოდა, განსაკუთრებით დედოფლის პირადი ექიმის ჩანაწერები) და ადგილობრივ სერპენტოლოგთან (ქვეწარმავლების და ამფიბიების მკვლევარი) კონსულტაციით გადაამოწმა.

ყოველივე ამის შემდეგ, შეფერი და მისი კოლეგები იმ დასკვნამდე მივიდნენ რომ ყველაზე ცნობილი ეგვიპტელის სიკვდილის მიზეზი გველის ნაკბენი არ უნდა ყოფილიყო. სავარაუდოდ, კლეოპატრა ოპიუმის, კონიოს და ტილჭირის სასიკვდილო კოქტეილის მიღებით გარდაიცვალა.

ასეთი მცენარეების ნაზავი, ადამიანის სიკვდილს რამდენიმე საათში იწვევს, ყოველგვარი ტანჯვის, ტკივილის და გარეგანი ცვლილებების გარეშე. დედოფალი კლეოპატრა ცნობილი იყო თავისი სილამაზით და ისეთს არაფერს გააკეთებდა, რომ მის სახეზე ტანჯვის კვალი აღბეჭდილიყო. მაგ. ისეთი, როგორსაც გველის კბენა იწვევს — ამტკიცებს კრისტოფ შეფერი. — დოკუმენტების თანახმად, კლეოპატრას სურვილი იყო, რომ სიკვდილის შემდეგაც ისეთივე ლამაზი ყოფილიყო, როგორიც სიცოცხლეში იყო.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати