USD 2.7421
EUR 2.8841
RUB 2.6007
Tbilisi
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო –„ოსკარი განათლებისთვის“
Date:  644

კონკურსი დაუფასებელ მასწავლებელთა პრესტიჟის ასამაღლებლად

ავტორი: თათა ბურდული, GeoWel Research-ის უფროსი მკვლევარი


საქართველოში მასწავლებლობა პოპულარულ საქმიანობათა რიგს არ მიეკუთვნება. 2011 წლიდან მოყოლებული, განათლების ფაკულტეტებზე ყოველწლიურად სტუდენტთა მხოლოდ 1-დან 3%-მდე სწავლობს, მაშინ, როდესაც სოციალურ მეცნიერებებს და ბიზნესს სტუდენტთა 37- 40% ირჩევს. ეს მონაცემი ძალზე დაბალი მაჩვენებელია განათლების სფეროსთვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მიმართულება არა მხოლოდ სკოლის მასწავლებლებს, არამედ განათლების დარგის ყველა სპეციალისტს ამზადებს. 2019 წლის კვლევის მიხედვით, 2018-2019 აკადემიურ წელს მხოლოდ 536 სტუდენტი სწავლობდა დაწყებითი კლასების მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამებზე. ამასთან, მასწავლებლის პროფესია საუკეთესო მოსწრების მქონე სტუდენტებს ვერ იზიდავს: 2014 წელს მისაღებ გამოცდებზე განათლების ფაკულტეტებზე ჩარიცხულ აბიტურიენტებს ყველა სხვა ფაკულტეტის სტუდენტებზე ნაკლები ქულები მიიღეს.

საზოგადოება რომ მასწავლებლის პროფესიას არცთუ სახარბიელოდ აღიქვამს, თავად მასწავლებლებმაც იციან. 2018 წელს ჩატარებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევის თანახმად, ქვეყნის პედაგოგთა თითქმის ორი მესამედი მიიჩნევს, რომ მათი პროფესია დაუფასებელია.

„ყველაზე ცუდი ისაა, რომ მედია თამაშობს ძალიან ცუდ როლს. ხშირად ნებისმიერი საკითხი შუქდება ისე, რომ სკოლა და მასწავლებელი გამოდის დამნაშავე და საზოგადოების მთელი ეს ნეგატივი მიემართება მასწავლებელზე; და ძალიან ხშირად უარყოფითი მაგალითები უფრო ხვდება საზოგადოების თვალსაწიერში, ვიდრე – დადებითი“, – გვითხრა მასწავლებელმა ონის მუნიციპალიტეტიდან.

თუმცა, უკანასკნელ წლებში ქართული განათლების სისტემა მრავალმხრივ გაუმჯობესდა, როგორც მოსწავლეების, ასევე – მასწავლებლებისთვისაც. დაახლოებით ბოლო ათი წელია, სახელმწიფომ მრავალი რეფორმა და პროგრამა განახორციელა მასწავლებლობის, როგორც პროფესიული არჩევანის წასახალისებლად და პედაგოგთა მორალური სულისკვეთების ასამაღლებლად. რეფორმა-პროგრამები შეეხო კარიერის დაწყებისა და წინსვლის სქემას, მასწავლებლის განსხვავებული სტატუსების შემოღებას, საპენსიო ასაკს მიღწეულ მასწავლებელთა პენსიაზე გასვლის წამახალისებელ ჯილდოს, უნარ-ჩვევების განმავითარებელ ტრენინგებს, საგრანტო კონკურსებსა და სხვ. მასწავლებლების ანაზღაურებაც ეტაპობრივად იზრდება და ამჟამად 385-2000 ლარს შორის მერყეობს. უფროსი მასწავლებლები, რომლებიც არსებულ მასწავლებელთა რაოდენობის 60%-ს შეადგენენ, დაახლოებით 900-1200 ლარს იღებენ, წამყვანი და მენტორი მასწავლებლები (მასწავლებელთა სრული რაოდენობის 15%) – 1600-1900 ლარს, ხოლო დანარჩენი 25% – 400-600 ლარს. შეიძლება ითქვას, რომ სტატუსის მქონე მასწავლებლის ხელფასი საქართველოსთვის ნორმალურია, განსაკუთრებით, სოფლად ცხოვრებისას. თუმცა, ამ ძალისხმევისდა მიუხედავად, აშშ საელჩოს დაფინანსებული „საქართველოს ადვოკატირების პროექტის“ ფარგლებში ჩატარებული ინტერვიუების მიხედვით, ნათელია, რომ მასწავლებლები თავიანთ პროფესიას კვლავაც დაუფასებლად მიიჩნევენ.

მასწავლებლის პროფესიაზე ამ შეხედულების გამოსწორებისათვის 2017 წელს, არასამთავრობო ორგანიზაცია „განათლების კოალიციამ“ (EFA) „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი წამოიწყო. ჯილდო გლობალური კამპანიის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციასა და პრესტიჟის ამაღლებას, ასევე, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისთვის მათ გაცნობას.

„იდეა წამოვიდა იქიდან, რომ ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციამ გვითხრა, [მასწავლებლის] გლობალური ჯილდოს შესახებ. რომ მივყევით, ვნახეთ, რომ მაღალ დონეზე ჰქონდათ გაკეთებული. დაჯილდოება მეთიუ მაკკონაჰის მიჰყავდა და ჯილდო – ერთი მილიონი [აშშ დოლარიც] ძალიან მაღალი იყო. [კონკურსს] „განათლების ოსკარს“ ეძახიან. მიზანი იყო, რომ მასწავლებლის პროფესია გამხდარიყო უფრო პრესტიჟული… გვინდოდა, ტიპური მასწავლებლის შესახებ აღქმა შეგვეცვალა. მივხვდით, რომ ბევრ ბავშვს „კარგი მასწავლებელი“ არც უნახავს, გვინდოდა, კარგი მასწავლებელი გამოგვეჩინა ხალხის წინაშე. ამით ვაღწევთ, რომ პროფესია იყოს პრესტიჟული, დაფასებული და რომ ამ პროფესიითაც შეიძლება წარმატებას მიაღწიო, კარიერაც გაიკეთო, განსხვავებულიც იყო, ოჯახიც გყავდეს და ა.შ.“, – თქვა განათლების კოალიციის დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ.

2017 წლიდან, ყოველწლიურად, 20 წევრისგან – განათლების ექსპერტები, ჟურნალისტები, პროფესორები და სხვა დაინტერესებული პირები – შემდგარი ჟიური დაახლოებით 100 საკონკურსო განაცხადს განიხილავს. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, პირველ რიგში, საჭიროა თავად მასწავლებელმა ან ნებისმიერმა პირმა წარმოადგინოს საკონკურსოდ მასწავლებლის კანდიდატურა. კანდიდატები ავსებენ განაცხადის ფორმას და წარადგენენ სამწუთიან ვიდეოს, რის შემდეგაც მათ აფასებენ მოსწავლეების შედეგების, სწავლების მეთოდების, ღირებულებების, სამოქალაქო აქტივიზმისა და საზოგადოებრივი აღიარების მიხედვით. ჟიური შემდეგ საგანმანათლებლო საკითხის შესახებ პრეზენტაციის მიხედვით საუკეთესო ხუთეულს გამოავლენს და მათი სოციუმის წევრებს ხვდება. საბოლოოდ, შეირჩევა გამარჯვებული, რომელიც 10,000 ლარიან პრიზს იღებს  და ეძლევა მეტი შანსი მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მოსაპოვებლად, რომლის პრიზიც ერთი მილიონი აშშ დოლარია. 2017 წლიდან ოთხი წლის განმავლობაში ჯილდოზე 6,500 მასწავლებელი იყო ნომინირებული, რომელთაგანაც სააპლიკაციო პროცესი 750-მა გაიარა, ხოლო  ეროვნული ჯილდო ოთხმა მოიპოვა.

მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ ქართული მედიის განსაკუთრებული ყურადღებაც მიიქცია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2017 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, გურიის სოფელ ჩიბათის სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა 2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს საუკეთესო ათეულში მოხვდა. დაჯილდოების ცერემონია ცნობილ მსახიობს, ჰიუ ჯეკმანს მიჰყავდა. საერთაშორისო წარმატებამ ეროვნული კონკურსის პოპულარიზაციასაც ხელი შეუწყო და თავად აფხაზავაც ქვეყანაში ცნობილი ადამიანად აქცია. მას შემდეგ, აფხაზავა აქტიურად მონაწილეობს საჯარო დისკუსიებში და სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიასაც უძღვება. აფხაზავას, ისევე როგორც, ჯილდოს კონკურსის მომდევნო ორ გამარჯვებულს, გიორგი ჭაუჭიძესა და მანანა კაპეტივაძეს ვიკიპედიასა და და საქართველოს ეროვნული საჯარო ბიბლიოთეკის ვებგვერდზე ჩანაწერებიც ეძღვნებათ.

2018 წელს ეროვნული ჯილდო ინგლისური ენის მასწავლებელმა მანანა კაპეტივაძემ აიღო. კაპეტივაძე მასწავლებლის პროფესიის ელჩიც გახდა, ერთვება კონფერენციებში, მონაწილეობას ღებულობს კვლევებში, უზიარებს გამოცდილებას სხვებს. „[გამარჯვებამ] ჯერ მარტო იმდენი მასწავლებელი გამაცნო, გამარჯვების მერე თბილისიდან ბაღდათისკენ რომ მოვდიოდი, [ფეისბუქზე] იმდენი მეგობრობის მოთხოვნა მოდიოდა, იმდენი მესიჯები, პირადში ბევრი მთხოვდა გამოცდილების გაზიარებას, რაღაც საკითხებში დახმარებას. ეს ძალიან სასიხარულოა, და დიდი პოზიტივიც, რომ შენ შეგიძლია ვინმეს დახმარება გაუწიო”, ამბობს მანანა კაპეტივაძე.

ფულად ჯილდოს (2,000 ლარი საუკეთესო ხუთეულისთვის და 1,000 ლარი საუკეთესო ათეულისთვის) ასევე იღებენ მასწავლებლები, რომლებიც საუკეთესო ათეულში ხვდებიან. მათ საუკეთესო ათეულის კლუბის წევრობაც შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ კლუბი ეხმარება „განათლების კოალიციას“ სახელმწიფო უწყებებსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, როდესაც ამ უკანასკნელთ განათლების საკითხებზე სამუშაო ჯგუფებსა თუ კვლევით ფოკუსჯგუფებში მასწავლებელთა მონაწილეობა სჭირდებათ, როდესაც სჭირდებათ ინტერვიუები მასწავლებლებთან თუ მათი შეხედულებების გაცვლა-გამოცვლა, თუნდაც განათლების პოლიტიკის რეფორმის ანალიზის მხრივ.

„ათეულის წევრები გახდნენ დასაყრდენნი სხვებისთვისაც [ამ სფეროში]“, – ამბობს გიორგი ჭანტურია და დასძენს, რომ „მნიშნელოვანია, შევკრათ ამ მასწავლებლების ბირთვი, [ვაჩვენოთ, რომ] განა ის, რომ ერთჯერადად გამოვედით, დავაჯილდოვეთ და მორჩა, არამედ ის, რომ ვაგრძელებთ თანამშრომლობას და ვაძლევთ ასპარეზს, რომ გამოცდილება გაუზიარონ სხვებს და, მეორე, რომ კიდევ უფრო მეტ ადგილას მიუწვდებოდეთ ხმა.“

საუკეთესო ათეულის კლუბის წევრობა მნიშვნელოვანი შენაძენია მასწავლებლების როგორც რეზიუმესა და თვითგანვითარების შესაძლებლობებისათვის, ასევე, მათი სკოლებისთვისაც. თინიკო ზარდიაშვილი, STEM დარგის [მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა] მასწავლებელი და საუკეთესი ათეულის წევრი 2017 წლიდან, კონკურსში მონაწილეობის შემდეგ აქტიურადაა ჩართული არაერთ პროექტში. ზარდიაშვილმა, როგორც  ათეულის წევრმა მასწავლებლებელმა 17,000 ლარიანი გრანტიც მოიპოვა, რითაც საკუთარ სკოლას  STEM ლაბორატორიის განახლებასა და ახალი კომპიუტერების შეძენაში დაეხმარა. იგი ახლა 2021 წელს დაარსებული STEM ასოციაციის თანადამფუძნებელია.

„დღესაც მიკეთია პიჯაკზე სამკერდე ნიშანი, „მომავალი განათლებაშიაო“ რომ აწერია, შავ ფონზე.  თვითშეფასება იმატებს, რა თქმა უნდა, მართლა ამ ნიშნით დავდივარ, სულ ვამბობ, რომ [ჯილდო] არის ტრამპლინივით, რომ გეხმარება წინ წასვლაში“, ამბობს ზარდიაშვილი.

ამ ოთხნახევარი წლის შემდეგ, ნათელია, რომ „მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ“ ბევრი რამ გააკეთა, როგორც ამ კონკურსში მონაწილე პედაგოგებისათვის, ასევე — მათი სოციუმის გასაძლიერებლადაც. კონკურსი წარმატებულია დარგის რეკლამირების თვალსაზრისითაც: „კოალიციის“  თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 50%-ს სმენია კონკურსის შესახებ და მიიჩნევს, რომ ის ხელს უწყობს მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას. თუმცა, ამჟამინდელი ანაზღაურების, ვაკანსიათა მაღალი რიცხვის, კარიერული წინსვლის სისტემაში არსებული ხარვეზებისა თუ დაბალი პრესტიჟის პრობლემის გათვალისწინებით, მასწავლებლის პროფესიისათვის საუკეთესოთა შორის საუკეთესოთა მოძიებას პრესტიჟულ კონკურსთან ერთად მეტი სისტემური ცვლილებები სჭირდება.

2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული 10 ივნისს გახდება ცნობილი,  გამარჯვებული კი 5 ოქტომბერს გამოვლინდება.

წინამდებარე სტატია შემუშავდა „საქართველოს განათლების ადვოკატირების პროექტის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. ავტორ(ებ)ის მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შედეგები და დასკვნები შესაძლოა, არ ასახავდეს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ან Civil.ge-ს პოზიციას.

წყარო:civil.ge

 

world
ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა მხარი დაუჭირა „ჰეზბოლასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
ებრაული მედიის, TIMES OF ISRAEL-ის თქმით, ისრაელსა და „ჰეზბოლას” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უახლოეს საათებში ოფიციალურად შევა ძალაში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰეზბოლა“ აღარ არის იგივე საბრძოლო ძალა, როგორც ადრე იყო.
შეთანხმების პირობები ამგვარია:
ისრაელმა ლიბანიდან ჯარები 60 დღის განმავლობაში სრულად უნდა გაიყვანოს.
ჰეზბოლამ ლიბანის სამხრეთიდან მდინარე ლიტანამდე ( 20-23კმ-ის მიღმა) უნდა გაიყვანოს ჯარები და სრულად გაანადგუროს ე.წ სამხედრო ინფრასტრუქტურა.
10 000 ლიბანელი ჯარისკაცი განლაგდება ისრაელ-ლიბანის საზღვრებთან- იქ, სადაც აქამდე ჰეზბოლას სამხედრო ინფრასტრუქტურა და საჯარისო ფორმირებები იყვნენ განთავსებულნი.
აშშ და სხვა მოკავშირე სახელმწიფოები გააძლიერებენ ლიბანის არმიის სამხედრო შესაძლებლობებს, რათა ისინი ძალებით მნიშვნელოვნად აღემატებოდნენ“ჰეზბოლას” სამხედრო შესაძლებლობებს.
შეთანხმების დარღვევის შეთმხვევაში ისრაელს ექნება უფლება, ხელახლა წამოიწყოს სამხედრო ოპერაცია სამხრეთ ლიბანის ტერიტორიაზე- შეერთებულ შტატებთან კონსულტაციებისა და მხარდაჭერის ფონზე.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way