კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოპტიმიზაციის ფარგლებში მოხდეს არსებული სახელმწიფო ფონდის ლიკვიდაცია, ის სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე გამსხვილებულ ახალ საჯარო უწყებას შეერწყმება.
„ჩვენ მზად ვართ, რომ სწორად ვუპასუხოთ ეკონომიკის ყველა დარგის გამოწვევას და ასევე ამ დარგებში ოპერირებადი მცირე და საშუალო, ისევე როგორც მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლების საჭიროებებს. „აწარმოე საქართველოში“ თავისი შინაარსით ძალიან დიდ მასშტაბს შეიძენს და რეალურად გახდება საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მინისტრის ინფორმაციით, ახალი უწყება ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორს დაფარავს, თუმცა აქცენტი გაკეთდება იმ სექტორებზე, რომლებსაც გამოკვეთილად დამატებითი ყურადღება სჭირდება, მათ შორის ფულადი სახსრების მეტად მიმართვა.
„აქედან გამომდინარე, გამოვყოფდი წარმოებას, რათა შემცირდეს იმპორტზე დამოკიდებულება, ხელი შევუწყოთ კონკრეტული სექტორების განვითარებას, მათ შორის ენერგეტიკის – ამ კუთხით გარკვეული გამოწვევები გვაქვს და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ქვეყანაში იზრდებოდეს დადგმული სიმძლავრე. ასევე, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორებს, რომლებსაც ეს გამოწვევები აქვთ, სახელმწიფო გვერდში დაუდგეს – იქნება ეს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა თუ სხვა რიგი ინსტრუმენტები“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
რაც შეეხება ახალი უწყების შექმნის ვადებს, მინისტრის ინფორმაციით, უკვე მზად არის აღნიშნული რეფორმის დადგენილება და სულ რამდენიმე დღეში მოხდება პროცესის საჯაროდ და ფორმალურად დაძვრა. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, გეგმა-გრაფიკის თანახმად, ფაქტობრივად, მიმდინარე პირველი კვარტლის ბოლოსთვის ძირითადი სამუშაოები უკვე შესრულებული იქნება, სტრუქტურა საკმაოდ მოცულობითი იქნება და, შესაბამისად, გარკვეული დრო დასჭირდება გუნდის სრულად ფორმირებას.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ომანში გამართული მოლაპარაკებების მიზანი აშშ-ის სერიოზულობის შეფასება იყო, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ განაცხადა.
ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერის განცხადებით, ომანში აშშ-ის დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ „ირანმა იგრძნო, რომ დიპლომატიური პროცესის გასაგრძელებლად შესაბამისი გაგება და კონსენსუსი არსებობს“.
„მასკატში შეხვედრა დიდხანს არ გაგრძელებულა. ჩვენი აზრით, მიზანი მეორე მხარის სერიოზულობის შეფასება იყო იმისთვის, თუ როგორ გავაგრძელოთ ამ გზაზე წინსვლა“, - განაცხადა ისმაილ ბაღაიმ.
შეგახსენებთ, აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ომანში გასულ პარასკევს გაიმართა. ომანის დედაქალაქ მასკატში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შეხვდნენ. დონალდ ტრამპმა მხარეებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „ძალიან კარგი“ იყო.