USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
მამუკა გიორგაძე - პოლიტიკური სპექტრის წარმომადგნელები ტელე - ეთერებში არიან მგლები, სამყაროს ამომტრიალებლები, რეალურ ცხოვრებაში კი - ხელის ბიჭები
Date:  989

მამუკა გიორგაძე - ასეთი დაბალი პოლიტიკური კლასი და  პოლიტიკური აზროვნება საქართველოში არასდროს  ყოფილა

 

 „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე,  საქართველოს პარლამენტის ორგზის მოწვევის დეპუტატი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გიორგაძე იმ პოლიტიკოსთა შორისაა, ვინც ქართული პოლიტიკის ავანსცენაც კარგად იცის და მისი კულისებიც. პოლიტიკაში გატარებული თითქმის ხუთი ათეული წლის  და  დიდი გამოცდილების დამსახურებით ის  საუკეთესო შემფასებელია იმ პროცესის, რაც საქართველოს უახლეს წარსულში განვითარდა.პოლიტიკური კლასის დაბალი დონე და კადრს მიღმა დარჩენილი მოვლენები - მამუკა გიორგაძე ქართული პოლიტიკის უცნაურობებსა და იმ პროცესებზე გვიყვება, რომლითაც ბოლო წლების ქართული პოლიტიკაა გაჯერებული.      

მამუკა გიორგაძე: პოლიტიკურ პროცესში  1976 წლიდან ვარ  ჩართული და შემიძლია ვთქვა, რომ   როგორც ყველა პროცესს, ამ პროცესსაც აქვს თავისი აღმავლობის  და დაღმავლობის პერიოდები. როგორც გლობალურ პოლიტიკურ  ცხოვრებაში,  ჩვენთანაც ყველაფერი დამოკიდებულია, თუ ვინ წარმართავს პოლიტიკურ  პროცესს. თუ პროცესს წარმართავენ ადამიანები, რომელთაც სტკივათ ქვეყანა,  აქვთ  გარკვეული უნარ-ჩვევები, იყვნენ გამორჩეულნი და ეს გამორჩეულობა, უპირველეს ყოვლისა გამოიხატება პასუხისმგებლობაში ქვეყნის მიმართ, ან ისეთი განცდა აქვთ,  როგორც გურამ დოჩანაშვილი იტყოდა: სამშობლოს რომ ახსენებ, უნდა დაგბურძგლოსო, მაშინ პროცესი აღამავალია. არქივში არსებობს კადრები, როცა მერაბ კოსტავა ამბობს: თვითშეწირვის უფლება მაინც დამიტოვეთო. როცა პროცესს ასეთი, მერაბ კოსტავას მსგავსი  ადამიანები წარმართავენ, მაშინ პოლიტიკური ცხოვრება აღმავალი ხაზით მიდის. ზოგჯერ პოლიტიკური სპექტრი, შეიძლება არც თუ ისე ლამაზი ლექსიკით და ფორმით მართავდეს  დისკუსიას, ჩვენ ასეთი ბევრი  გვინახავს, მაგრამ თუ  ამ დისკუსიაში მონაწილეობს ქართული აზროვნების ელიტა პოლიტიკური სფეროდან: მერაბ კოსტავა, გია ჭანტურია, მარიამ ბაღდავაძე, თამარ ჩხეიძე,  ზვიად გამსახურდია, ირაკლი წერეთელი; ინტელექტუალური სფეროდან - კაკო ბაქრაძე, ნოდარ ნათაძე, ნოდარ წულეისკირი, შეიძლება არ მოგეწონოს დისკუსიის ფორმა, მაგრამ წარმოიდგინეთ  რა სიღრმისეული განსჯა იქნებოდა ამ ადამიანებს შორის. დღეს შეხედავ პოლიტიკურ სპექტრს და მხოლოდ და მხოლოდ პერსონალური ლანძღვა - გინებაა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ასეთი დაბალი პოლიტიკური კლასი და პოლიტიკური აზროვნება საქართველოში არასდროს  ყოფილა თვით კომუნისტების ყველაზე საშინელ პერიოდებშიც კი.

- რამ გამოიწვია პოლიტიკური კლასის დონის ასე დაბლა დაწევა?

- ეს არის შედეგი იმის, რომ  ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე, რუსეთი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს დაბალი დონის პოლიტიკური კლასის იმედზეა, რუსეთს არ აქვს საქართველოზე ზემოქმედების ამაზე ეფექტური სხვა ბერკეტი და მექანიზმი. წლების განმავლობაში რუსეთის სპეცსმსახურებმა გამოხშირვის მეთოდით სრულად შეცვალეს აღმავალი, მაღალზნეობრივი, ინტელექტუალური ეროვნული განწყობები, რომელიც გვქონდა ეროვნული მოძრაობის დროს. მე მახსოვს ძალიან მაგარი  ბიჭები, იარაღი საერთოდ რომ არ ჰქონდათ ხელში ნაჭერი, როგორ მეპარებოდნენ აფხაზეთში საომრად.  ვეუბნებოდი, მოიცადე, მომზადების კურსი გაიარე, არაო, სასტიკად უარობდნენ, ისე ეჩქარებოდათ სამშობლოსათვის ბრძოლა.დროთა განმავლობაში  ეს განწყობა ნელ-ნელა ჩაკვდა - ბევრი ღირსეული ახალგაზრდა აფხაზეთის ომში დაიღუპა, უკვე  შემდეგ პერიოდში გაჭირვებამ, დევნამ, რეპრესიებმა, პოლიტიკური ოპოზიციური აზრის მანიპულაციებმა, დამახინჯებულად წარმოდგენილმა დასავლურმა ღირებულებებმა, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლამ და ეკლესიიის სახელის დისკრედიტაციამ  მოიტანა ის,  რაც დღეს გვაქვს.  ეს იყო და არის  დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რუსეთის ყოველდღიური მცდელობა - დააგლახავოს ქართული პოლიტიკური სპექტრი, რომლიც მთელ საბჭოთა კავშირში ლიდერების ექსპორტით იყო ცნობილი, დღეს პოლიტიკური ლიდერები სხვა ქვეყნებისთვის კი არა, საკუთარისთვის აღარ  გვყავს. ამ პროცესში დიდი როლი ითამაშა იმ მტკივნეულმა მოვლენებმა, რაც ჩვენთან დატრიალდა თბილისის ომის დროს, შემდგომ  უკვე იყო 2003 წლის მოვლენები, როცა ყველამ იცოდა, რომ ადგილი ჰქონდა ხელისუფლების გადაბარებას  და მაინც ვარდების  რევოლუციად გაფორმდა ეს პროცესი. ამ ყველაფერმა მოახდინა გავლენა, რის შედეგადაც  დღეს მივიღეთ ასეთი უინიციატივო, პოლიტიკურად არაფრის მაქნისი ადამიანები, რომლებიც ცირკის კბილებჩამოცვენილ ლომებს ჰგვანან, ტელე - ეთერებში არიან მგლები, სამყაროს ამომტრიალებლები, რეალურ ცხოვრებაში კი - ხელის ბიჭები, ამიტომაცაა, რომ  ხალხს აპათია დაემართა.

- ხელისუფლებას ირჩევს ხალხი,შესაბამისად, მას აქვს თავისი განმსაღვრელი როლი ამ პროცესში. სად არის  ხალხის, საზოგადოების პასუხისმგებლობა, რომელიც თავად ირჩევს და შემდეგ  მშვენივრად ეგუება ასეთ დაბალ პოლიტიკურ კლასს?

- ხალხი ხელისუფლებას ირჩევს დემოკრატიულ ან მეტ - ნაკლებად დემოკრატიულ ქვეყნებში. ჩვენ როგორი ფორმალურად დემოკრატიული ქვეყანაც გვაქვს, ასეთივე ფორმალურია ყველაფერი. სამწუხაროდ, ჩვენთან რეალურად არ არსებობს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. დამოუკიდებლობის იდეამ ხალხის გულში გააჩინა იმედები მომავლის, კეთილდღეობის, მაგრამ შემდეგ, როდესაც რუსეთის სპეცსამსახურების და საქართველოს აგენტურის მეშვეობით ეს იმედის ყლორტები გახმა, მივიღეთ იგივე საქართველო, რაც გვქონდა იქამდე. მე არ ვარ პესიმისტი და მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, ის რომ საზოგადოებაში მაინც მიდის დისკუსია, მაინც ვერ ხერხდება პოლიტიკის 100 % ით მონოპოლიზება, ამასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საბედნიეროდ, ჩვენი ბოლომდე  „დაჩმორება“ მაინც ვერ შეძლეს, რაც მიტოვებს იმედს, რომ ყველაფერი არ არის დაკარგული.

- რამ შეიძლება მოახდინოს ამ ფრუსტრირებული საზოგადოების და სიტუაციის გადატეხვა?

- ყველაფერი შეიცვლება, თუ მოედანზე კვლავ გამოჩნდება მცირე, მაგრამ ჯანსაღი ეროვნული ცნობიერების ადამიანთა ჯგუფი, რომელიც  იქნება საინტერესო, როგორც თავის დროზე იყო ეროვნული მოძრაობა და დამაჯერებელი.  როგორც ეროვნულმა მოძრაობამ დამოუკიდებლობის იდეის რეალიზებით დააჯერა საზოგადოება, იგივე უნდა მოხდეს ახლაც. მცირე ჯგუფს შეუძლია აიყოლიოს საზოგადოების ის ნაწილი,  რომელიც მზად არის  პროცესის მონაწილე გახდეს და საქართველოს ისტორიული  განვითარება ჯანსაღი მიმართულებით წაიყვანოს. ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ  წამს. ქართულ საზოგადოებაში ასეთი ადამიანები გვყავს, უბრალოდ გათითოკაცებულები არიან. ხელისუფლებას ეშინია ამ ადამიანების გაერთიანების, ამიტომაც იქცევა ასე - ხარჯავს ამდენ ფულს სპექტაკლების, სანახაობების მოწყობაზე, ინახავს ამდენ ტელევიზიას, ტროლ-ბოტს, რომ ის ხალხი არ შემოვიდეს მოედანზე. ხელისუფლებამ იცის, ამ ხალხის არსებობა და ეშინია, რადგან ერთ დღეს შეიძლება მოხდეს ისე როგორც  მოხდა1988 წლის ნოემბრის შიმშილობის დროს, ან 1978 წლის 14 აპრილის გამოსვლების დროს. ერთხელაც შეიძლება გამოვიდეს მოედანზე ხალხი, რომელსაც ვერც შეაშინებ, ვერც მოისყიდი, ვერც აცდუნებ. ეს რომ ხელისუფლებამ არ იცოდეს და თავს მშვიდად გრძნობდეს, ასე არ მოიქცეოდნენ - არ დაჭირდებოდათ მოედანზე ამდენი სატელიტი პოლიტიკური ძალის გამოყვანა, არ დაჭირდებოდათ ამდენი ფულის ხარჯვა ხელის ბიჭებში და პიარ მანქანის მუშაობაში, ამიტომაც გვაქვს ქვეყანაში ყოველდღე ახალი სპექტაკლი. ანთებული სანთლებით ებრძვიან ეკლესიას, ვითომ ეკლესიაზე კარგი უნდათ ქვეყნისთვის, ვითომ ევროკავშირისკენ მიდიან და ერთმანეთს თავ-პირს ალეწავენ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, ისე იქცევიან, რომ ევროკავშირმა თვითონ დაგვიკეტოს კარი. პრიორიტეტი ევროკავშირის წევრობა კი არა, ქართული სახელმწიფოს აშენება უნდა იყოს, რაზეც ესენი არ საუბრობენ. ევროკავშირის წევრობა იქნება შედეგი იმის, რომ ჩვენ ვიქნებით ქართული სახელმწიფო და არა პირიქით - ევროკავშირის წევრობა ქართულ სახელმწიფოდ ვერ გაგვხდის.

- ორი მოწვევის  პარლამენტის დეპუტატი ხართ, მაგრამ  იმდენად დიდი პოლიტიკური გამოცდილება გაქვთ, თქვენთვის რთული არ  უნდა იყოს  შეფასება უახლესი წარსულის მთავარი მოვლენების. როგორ  ფიქრობთ, რომელი მოწვევის პარლამენტი იყო გამორჩეული?

- მე გამოვყოფ 1992 წლის  მოწვევის პარლამენტს, რომელიც შეიძლება არ გამოირჩეოდა ეფექტიანობით, მაგრამ იმ პერიოდში შეასრულა ძალიან დიდი მისია - პარლამენტი გახდა სამოქალაქო საზოგადოებრივი ცხოვრების ეპიცენტრი. ამ პარლამენტში წარმოდგენილი იყო ძალიან მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრი, რაც მთავარია, იყო თვითმყოფადი, საკუთარი  ხედვების, იდეების ერთგული ადამიანების ჯგუფები, რაც ძალიან ღირებულია პოლიტიკაში.

 ჩემი აზრით, ყველაზე უფრო ეფექტიანი იყო 1995  - 1999 წლების პარლამენტი.  ამ პარლამენტში წარმოდგენილი იყვნენ მეტ - ნაკლებად პოლიტიკური ფიგურები, შესაბამისად, ერთმანეთთან შეთანხმებაც და დაპირისპირებაც პოლიტიკური კატეგორიებით ხდებოდა. ერთმანეთს ვასწრებდით პოლიტიკური ინიციატივების წამოყენებაში, ამ პარლამენტში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ახალი სახეები იყვნენ და  უნდოდათ თავის დამკვიდრება ქართულ პოლიტიკაში, შესაბამისად, ყველა იყო აქტიური და ცდილობდა, მონაწილეობა მიეღოთ პროცესებში. 1995- 97 წლები პარლამენტში  იყო დიდი კონკურენციის წლები, ამიტომაც იმ პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა - მივიღეთ სამოქალაქო კოდექსი, საარჩევნო კოდექსი, მოხდა კანონმდებლობაში საბიუჯეტო მოწესრიგება, მივიღეთ ბევრი მნიშვნელოვანი კანონი, ერთადერთი, რაზეც გული მწყდება და ხინჯად მაქვს, ვერ მივიღეთ მიწის ერთიანი კანონი, იმიტომ რომ ამაზე  დიდი წინააღმდეგობა არსებობდა ხელისუფლებისგან. ეს კოდექსები, შესაძლოა,  არ იყო მსოფლიო სიახლეები, მაგრამ საქართველოს ინსტიტუციური განვითარებისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მე მახსოვს სამთვიანი დისკუსია გვქონდა და პარლამენტის კარს ვკეტავდით, რომ ვინმე არ წასულიყო   სხდომებიდან, სადაც მიდიოდა განხილვა  ბიუჯეტის ზემოთ დიდი თანხის გადახარჯვის. გენერალური პროკურორი, ფინანსთა სამინისტრო, კონტროლის პალატა ყოველდღე პარლამენტში გვყავდა დაბარებული.  ვეძებდით არგუმენტებს, ვჩხუბობდით კიდეც  და ერთმანეთსაც  ვაგინებდით, მაგრამ ამ ჩხუბშიც არ ვკარგავდით  მოწინააღმდეგის პატივისცემას, იმიტომ რომ არც ერთ ჩვენთაგანს არ გვქონდა  პიროვნული ინტერესი  ერთმანეთის მიმართ.  საერთო, საქვეყნო  საქმეზე ვდაობდით.  თუ დავა შორს წავიდოდა და  დიდ კონფლიქტამდე მიდიოდა, მერე  მოყვებოდა ხოლმე „შერიგება ქართულად“.  მოწინააღმდეგე ბანაკებში მყოფი ადამიანები ერთმანეთს პიროვნულად პატივს სცემდნენ. საქართველო პატარაა და  ყველა ერთმანეთის ახლობელი იყო, მათ შორის ოჯახებითაც კი.  „მოქალაქეთა კავშირში“ სიის პირველი ნომერი იყო ივანე ჯავახიშვილის შვილი ლალი ჯავახიშვილი,  რომელთანაც  პიროვნულად თბილი და კარგი ურთიერთობა გვქონდა, იგივეს თქმა შემიძლია ჯანსუღ ჩარკვიანზე, მართალია ბატონი ჯანსუღი მთელ თავის ნიჭს  ოპოზიციის შაყირს ახმარდა, მაგრამ ამაზე არ ვბრაზობდით  - პირიქით,  მის იუმორს ჯანსაღად ვხვდებოდით. ჩვენ ერთმანეთის მტრები არ  ვიყავით. პარლამენტში იყო წყება ყოფილი რაიკომის მდივნების, რომლებიც მუდმივად „მოქალაქეთა კავშირს“ უჭერდნენ მხარს, მაგრამ ხომ გრძნობდნენ, რომ „მოქალაქეთა კავშირი“ არ იყო მართალი, ამას არც მალავდნენ ხოლმე, პირად საუბრებში, ჩვენ  დღემდე კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან.   

1998 წლის გალის მოვლენების შემდეგ,  როცა „მოქალაქეთა კავშირი“ მიხვდა, რომ  ჩვენთან შედარებით არაკონკურენტიანები იყვნენ, გადავიდნენ  ხელების გადაგრეხვაზე,  ვითარების მონოპოლიზებასა  და  უღირს საქციელზე, რამაც  ბევრი  მათგანიც შეიწირა და ქვეყანაშიც დაიწყო არაჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრება, მოედანზე შემოვიდნენ პოლიტიკოსი  -  ბიზნესმენები, პოლიტიკა გახდა არა პოლიტიკური დავის ასპარეზი, არამედ - პიროვნული დაპირისპირების, ყველაფრის ხელში ჩაგდების მცდელობა, რაც დღემდე წარმატებით გრძელდება. რასაც ახლა ბედავენ  პოლიტიკური სპეტრის წარმომადგენლები, ამას აფრიკაშიც კი ვეღარ ბედავენ. ჩვენი პოლიტიკური პროცესის შემყურე ცივილიზებული სამყარო, ალბათ ფიქრობს, ეს ის ერია, რომელმაც ვეფხისტყაოსანი დაწერა?!  

- რატომ ვერ ვთანხმდებით ქართველები ვერაფერზე, როცა საქმე პოლიტიკას ეხება და უფრო და უფრო რატომ მძიმდება  ქართული პოლიტიკის კულისები?

კულუარული ცხოვრება ყველა სფეროშია. თეატრში ლამაზ სპექტაკლს  ვუყურებთ, მაგრამ მის კულუარებში, რეპეტიციებზე, იმდენი რამ ხდება,  ამაზე არაფერი  ვიცით. ვინ აიყვანეს მსახიობად, „ჩატეხეს“ თუ არა ვინმე, იყო თუ არა დაპირისპირება რეჟისორთან, ამას ხომ  არ ვკითხულობთ,  ვუყურებთ ლამაზ წარმოდგენას და მივდივართ. ასეთი კულისები აქვს ყველა სფეროს.პოლიტიკაში ყოველთვის იყო კულუარული ურთიერთობები, რომელიც  დამძიმდა იმის გამო, რომ თუ  მაგალითად 1992 წლის პარლამენტში დავა იყო საქართველოს ისტორიულმასშტაბიან განვითარებაზე, ახლა დავა სხვა რამეზეა - ვინ დაიკავებს ადგილს მეფის კარზე. არ შემიძლია არ გავიხსენო, პიროვნულად ძალიან ახლოს მყოფი ხალხის  ჩემი, თამრიკო  ჩხეიძის, ნოდარ ნათაძის  მწვავე კამათები პარლამენტში, ეს იყო იდეოლოგიური კამათი. ასეთ მაგალითად გამოდგება, 1990 წელი,  როცა მთავარი  საკამათო თემა იყო, მიგვეღო თუ არა მონაწილეობა საბჭოთა არჩევნებში. ეს ადამიანები, ვინც პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობდნენ, ღიად გამოხატავდნენ თავიანთ ინტერესებს, კულისებში მიდიოდა მოლაპარაკებები, მაგრამ ეს  იყო მოლაპარაკებები და არა გარიგებები. პოლიტიკაში კომპრომისი  ნორმალური პროცესია, მაგრამ შემდეგ როცა პოლიტიკური პროცესი ჩაკვდა და წინა პლანზე პოლიტიკური კორუფცია წამოვიდა, მივიღეთ ის, რაც დღეს სახეზე გვაქვს. რაც არ უნდა მომხდარიყო, მერაბი, ზვიადი, თამრიკო, მარიამ ბაღდავაძე და სხვები ფულის გამო რომ არაფერზე წავიდოდნენ, ეს ხომ ყველასთვის ნათელი და გასაგებია. მას შემდეგ, რაც დაქვეითდა პოლიტიკოსთა დონე, ძირითადი ხაზი გადის ბიზნესზე.  პარლამენტში იმიტომ კი არ მიდიან, რომ იდეები აწვალებთ  და მათი  განხორციელების გარეშე არ შეუძლიათ, არც ხალხზე ზრუნვით ათენებენ და აღამებენ, არაფერი მსგავსი. მათთვის პოლიტიკა არის ბიზნესი, ტენდერი, მილიონები. აბა რა უნდა მილიონერ კაცს პარლამენტში, რომელიც  ხმას არ იღებს?! - კიდევ ერთი მილიონი,  ხომ ყველაფერი გასაგებია. საქართველოში პოლიტიკა გახდა კომერციალიზებული, შესაბამისად, პროცესი იდეათა ჭიდილი კი არა, პერსონალური ინტერესებია.

დღეს არის ხალხი, რომელიც დევალვაციას უკეთებს სახელმწიფო ინსტიტუციებს, რაც  ძალიან საშიშია. ისე წარმოაჩენენ, თითქოს პარლამენტი არაფერს აღარ წარმოადგენს,  თუმცა 1999 წლის შემდეგ პარლამენტში დამოუკიდებელი სიტყვა მართლაც არ თქმულა. შეხედეთ რა ხდება სამინისტროებში, ვინ საიდან მოყავთ, რა დამსახურებისთვის, არავინ იცის. პრეზიდენტს რომ სხვისი ხათრით  აირჩევ, რაზეა ლაპარაკი.  ჩვენ ვერ გამოვედით ბელადის სისტემიდან, აქ ვართ ჩარჩენილები, უკვირს მთელ ევროპას - 21 საუკუნეში კვლავ ერთი  ბელადის მეორე ბელადით  ჩანაცვლება კარგზე ხომ არ მეტყველებს. 

ხშირად დაპირისპირებები, რასაც ახლა ვუყურებთ, ბუნებრივადაც ხდება. ჩვენ დროს იმისთვის კი არ ვჩხუბობდით, რომ ვინმესთვის თავი მოგვეწონებინა, დღეს ამისთვის  ჩხუბობენ - მეფის კარზე ადგილისთვის ბრძოლა ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლაა.  ეს ადამიანები სასამართლო რეფორმისთვის კი არ უპირისპირდებიან ერთმანეთს, სასამართლო რეფორმა იყო საბაბი უფროსის კარზე ადგილის მოსაპოვებლად. თავისი ინტერესი აქვს ე.წ. ოპოზიციისაც, ემანდ ვინმე სხვა არ შემოვიდეს მოედანზე. ყოველდღე რაღაც უნდა მოხდეს, რომ ხალხის ყურადღება გადავიდეს სანახაობაზე. ილიას აქვს ასეთი ფრაზა, „ამბავი ყბად ასაღები და წყალწასაღები“, ჩვენი პოლიტიკა სავსეა ამბებით, რომელზეც ბევრს ილაპარაკებ და მერე ისე გაატან წყალს, არც კი გეხსომება. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვერ ვთანხმდებით ვერაფერზე, ეს იმიტომ  ხდება, რომ ჩვენთან ღია ფაქტების ინტერპრეტირება და ბუნებრივად იმის წარმოჩენაა, რაც არაბუნებრივი მოვლენაა.

როგორც ეკლესიურად ეშმაკი ცდილობს, ისე წაიყვანოს საქმე, რომ თვითონ არ გამოჩნდეს, ასეა  ჩვენს პოლიტიკაც -  უნდა დაიმალოს საბჭოთა  სპეც - სამსახურების როლი და ფუნქცია მთელი 30 წლის განმავლობაში და საბჭოთა დემოკრატიის ბოლშევიკური ფესვები. პროპაგანდა ისეთ დამახინჯებულ ინფორმაციას გვაწვდის, რომ ქართული საზოგადოება ცხოვრობს სტერეოტიპების და მითების ამარა. მთელმა საქართველომ იცის,  რაც მოხდა 2003 წელს, თუმცა უმეტესობა მაინც საუბრობს ამ მოვლენაზე, როგორც ვარდების რევოლუციაზე. არანაირი  ვარდების რევოლუცია, ყველაფერი შეთანხმებით მოხდა, ეს იყო  სპექტაკლი, დადგმა. საბჭოთა კავშირის, ამხელა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი თბილისსა და მოსკოვს, თბილისსა და ბათუმს შორის დარბოდა, და როგორ მოაწყობდა რევოლუციას ამერიკის საელჩო?!  ჩვენ  ასეთი მითებით ვცხოვრობთ წლებია, ამიტომაც გვაქვს ამდენი პრობლემა. ყველაფერი იმისთვის ხდება რომ არ გამოჩნდეს ბუნებრივი პროცესი - როგორ აღმოჩნდნენ ეს ადამიანები  საპარლამენტო სიაში, როგორ მოხვდა ზოგიერთი მათგანი ქართულ პოლიტიკაში, ესაა სანახაობა  რეალობის გადასაფარად,  ხალხის გასაბითურებლად, ჩვენც ისე ავიბლანდეთ ამ მითებსა და სტერეოპტიპებში, გზის გაკვლევა მარტივი აღარ  არის, თუმცა ქართველ ხალხი მაინც შეძლებს გამოვიდეს ამ ვითარებიდან - მონღოლები და სპარსელები მოვიცილეთ და გადავრჩით და ახლა რა უსაშველო დაგვემართება?!

თამარ  ნიჟარაძე  

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way